суббота, 17 марта 2018 г.

,,არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ ანუ ვინ ვართ ეკლესია ?!

  ძველ აღთქმაში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი  ადგილი ოსია წინასწარმეტყველის წიგნში , სადაც საუბარია იმაზე , თუ ერთის მხრივ რა მდგომარეობაში იყო  კაცობრიობა და მეორეს მხრივ იმაზე თუ როგორ სწყურია მოწყალე ღმერთს ამ კაცობრიობის გამოხსნა, თვით თავის უკიდურესი დამცრობისა და წარმოცალიერების ( კენოზისის) გზით , ვინაიდან უმიზეზი და დაუსაბამო სიყვარულს არ ძალუძს გულგრილად უჭვრეტდეს მისი საყვარელი ქმნილების დაღუპვას და გადაგვარებას . ამ წინასწარგანზრახული ღვაწლის ერთ ერთ მთავარ წინასახედ  ძველ აღთქმაში წინასწარმტყველ ოსიასადმი მიმართული ღვთის ბრძანება შეგვიძლია მივიჩნიოთ , სადაც ნათქვამია  : ,, როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს.(ოსია 1 ; 2) ამ ადგილს წმ. ირინეოს ლიონელი ამგვარად განმარტავს : ,,  წინასწარმეტყველი ოსია არა მხოლოდ სიტყვებით  იუწყება მომავალზე , არამედ მას მოქმედებით გადმოგვცემს , ამიტომ წინასწარმეტყველ ოსიას ცოლად მეძავი მოჰყავს , რითიც წინასწარმეტვლებს იმაზე , რომ მიწაზე მცხოვრებნი განუდგებიან ღმერთს და მრუშობას მიეცემიან მის (ღვთის) წინააღმდეგ  , და სწორედ ამ ხალხიდან კეთილინებებს ღმერთი შექმნას თავისი ეკლესია, რომელიც განწმენდილი იქნება მის ღვთაებრივ ძესთან თანაზიარებით ისე , როგორც მეძავი იქნა განწმედილი წინასწარმეტყველთან შეუღლების გზით „  (- „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (მათე 9 , 12-13  მ.მ ) სწორედ ამ წინასწარმეტყველების აღსრულებაში მოყვანაა . იგივეს ბრძანებს   წმ. იოანე ოქროპირიც , როდესაც პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლის ამ ნაწილს განმარტავს : ,,  25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის , 26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით , 27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.“ (ეფს.5)
/- თქვა რა : ,, თავი გასწირა მისთვის „ მოციქულმა თან დაურთო  ,, 26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით „  . სიტყვით ,,განწმინდა „ მან იმაზე მიანიშნა , რომ მანამდე იგი ( ეკლესია) იყო უწმინდური და შებილწული , და არა უბრალოდ შებილწული , არამედ სრულიან შერყვნილი . რადგან იგი შეიბილწა ცეცხლითა და წუნწუბით , ჩირქითა და სისხლით  და სხვა მრავალი მსგავსი სიბინძურით . თუმცა მან ( ღმერთმა) არა გარემიიქცია პირი თვისი ამ უმსგავსობისაგან , არამედ შესცვალა მისი სახე , გამოასწროა მისი ყოფა , მიუტევა მისი ცოდვები . და მან ამით არა მხოლოდ განწმინდა მისი ბიწიერება , არამედ მისი სიმჭკნარე და სიბერეც განაახლა და ცოდვისაგან შემდგარი ძველი კაცი შემუსრა . ,, და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო „.  ქრისტემ ეკლესია არა მხოლოდ შვნეიერად გარდაქმნა , არამედ გააახალგაზრდავა კიდეც და არა მხოლოდ სხეულებრივი თვისობრიობით , არამედ ნების სიმტკიცითა და კეთილმიდრეკილებით . და არა მხოლოდ ის არის გასაკვირი , რომ მან შეიუღლა უსახური , ულამაზო , მოხუცი და მჭკნარი და არ იბრუნა პირი მისი შეუხედავობისაგან , არამედ ის , რომ მან თავიც კი გასწირა მისთვის (ეკლესიისთვის) და ამგვარად გამოუთქმელი სილამაზე შესძინა მას . და ის რომ ქრისტე  ხშირად ხედავს მას კვლავაც შებილწულს და უწმინდურობით გათხვრილს იგი არ ტოვებს მას თავისი ღვთაებრივი მზრუნველობის გარეშე ,  არამედ მარადის კურნავს და აღადგინებს  ‘’

მრავალი ამგარი განმარტება შეიძლება მოიძებნოს ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებაზე , თუმცა ვფიქრობ აქ გაჟღერებული სწავლებანი საკმარისი იქნება იმის დასანახად , თუ რა მდგომარეობაში ვიყავით და რა მოიმოქმედა ( და მარადის მოქმედებს) სიყვარულის ღმერთმა ჩვენს გამოსახსნელად . სამწუხარო კი ის არის , რომ ეკლესიას გარდა ამ ღვთის მიერ განახლებებული და განათლებული მხარისა, მუდამ თან დაყვება , როგორც სერგეი ფუდელი იტყოდა ,,ბნელი ორეული’’ , რომელიც პირქუშია , გარეგნულად იღებს იმ პატივს და ნათელს რაც ეკლესიას ეკუთვნის, თავად კი სბნელესა და წყვდიადშია . ამ ე.წ ,, ბნელი ორეულის „ ეკლესიის წევრები ვერ იღებენ თავის თავში ღვთიურ სიყვარულს , სიკეთესა და სინათლეს რადგან არ იციან საკუთარი თავი , ვერ შეიცნეს ღვთის სიყვარული და მოწყალება საკუთარ დაცემულობაში . ამიტომ  სავსე არიან შურით , ბოღმით , უსიყვარულობით , განმკითხველობით , მუდამ მტრის ძიებით ,  და ამ შინაგან მდგომარეობას გაურბიან გარეგანი წესების და კანონების ზედმიწევნითი დაცვით , რასაც თვითკმარ სათნოებად მიიჩნევენ . მათში სჭარბობს ცრუ თავდაბლობა და თავხედური კადნიერება , ფანატიზმი და უგონო რადიკალიზმი . სწორედ ეს ჯოჯოხეთური ეკლესია იკავებს ხშირად იმ ნათელი ეკლესიის ადგილს , რომელზეც ზემოთ არის საუბარი . ამიტომ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ის , თუ რამდენად ვიცხოვრთ ქრისტეს მცნებებით , რამდენად იბრწყინებს ჩვენში საღვთო ნათელი , რამდენად გვექნება  რწმენის მიერ კეთილი საქმეები , რათა არათუ იგმობოდეს ,,ეკლესიის ბნელი ორეულის“  გამო მისი წმინდა სახელი - ,, 24. ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.“(რომ.2) -  ,, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება.“(პეტრე -1) , , არამედ იდიდებოდეს ჩვენი,  ნათლის ეკლესიის კეთილმსახური , სიხარულიათა  და სიყვარულით სავსე ცხოვრებით , როგოც ნათქვამია წმ. მახარებელი მათეს მიერ : ,, "ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა". (მთ. 5;16) .

Комментариев нет:

Отправить комментарий