რამდენჯერ გამისეირნია ესექსის მონასტრის ეზოში, და ერთხელაც ვერ შემძლებია თავი ამერიდებინა ბერი სოფრონის ძმური ჩახუტებისთვის — ჩემდა პატივისცემის ნიშნად.
მგრძნობიარე ადამიანი იყო, ჭეშმარიტად წმინდანი, რომელიც მონასტერში მოსულ ნებისმიერ ადამიანს თავის მამობრივ გულს უხსნიდა.
ნეტარი ბერი მუდამ ამბობდა: იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი (მათ. 5,48). თავად სწორედ ასეთ სრულყოფილებაში და ღრმა ლოცვაში ცხოვრობდა.
გარდაიცვალა გამოცდილი ბერი, ათონელი მოღვაწე, სულიერი მამა — მარადმწვანე ყლორტი, რომელიც ნეტარი და წმინდა სილუან ათონელის მიერ იყო დანერგილი.
საოცარი სულიერი ინტუიციით გადმოსცა გერონდა (დიდბერმა) სოფრონიმ თავისი მოძღვრის — ღირსი სილუან ათონელის ბიოგრაფია, რომელმაც ის (წმ. სოფრონი) შემდეგი სიტყვებით მოიხმო: «შენი გონება ჯოჯოხეთში გქონდეს, და სასოს ნუ წარიკვეთ».
ახლა კი ბერი სოფრონის მიერ დაწერილი და გადმოცემული წმინდა სილუანის ცხოვრება ჩვენი ეკლესიის საგანძურშია დაცული.
ჩვენს ეპოქაში, რომელიც მოითხოვს ასკეტიზმს და მამების მისტიკურ გამოცდილებას, ბერი სოფრონისა და წმინდა სილუანის ავთენტურ სიტყვებს დიდი ღირებულება აქვს.
დიახ, მოხუც სილუანს კარგად ესმოდა, რომ უვნებლობა სულიერი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია, რომელიც თეოლოგიური დოგმების ცოდნითა და ყოველდღიური ლოცვითაა შეძენილი.
მისმა მოწაფემ, მოხუცმა სოფრონიმ, რომელიც წმინდა მამების მსგავსად ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად ცხოვრობდა ღვთაებრივ ნათელში, ამ გამოცდილებას უკანასკნელ დღემდე ინახავდა გულში.
კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც სილუან ათონელის პატიოსანი სახელით იქნენ წოდებულნი, და ისინიც, რომელნიც მიიღებენ ამ სახელს, რამეთუ უფლის წყალობა და წმინდანთა კურთხევა აღავსებენ ქვეყანას; განწმედილთ აღამაღლებენ სიკვდილზე მძლეველი ქრისტეს მსგავსად, რომელიც ყველა მასთან მყოფს აღდგომას ანიჭებს.
კურთხეულნი არიან ისინი, ვისაც სახელად პატიოსანი მთაწმინდელი მონაზვნის — სილუანის — სახელი ეწოდა. ასევე ისინი, ვინც მის სახელს მომავალში მიიღებენ, რამეთუ მისი წყალობა და წმინდანთა კურთხევა მთელ დედამიწას აღავსებენ.
მიცვალებულებს აღადგენენ სიკვდილზე გამარჯვებული ქრისტეს მსგავსად, რომელიც მასთან მიმსვლელთ მკვდრეთით აღადგენდა.
ნუთუ არ გვინახავს, რამდენი ცოცხალი სასწაული აღასრულა სულიწმინდამ წმინდა სილუანის ცხოვრებაში?
და ის ცხოვრობდა ძველი წმინდანების მსგავსად — იყო შრომისმოყვარე, უბრალო და მამაცი სულით.
ჩვენ ვიხილეთ იგი და გავიხარეთ სულით.
თვალი მიაპყარით ჩვენს მამას — ბერ სოფრონის.
ჩვენ მთელი გულით გვიყვარდა იგი — მისი სიტყვებისა და რწმენით აღსავსე საქმეების გამო.
ელვა, ჭექა-ქუხილი, ღრუბლები, სხვადასხვა სირთულეები და განსაკუთრებით — მისმა თანაზიარებამ ღირსი სილუანის ცხოვრებასთან მამა სოფრონისთვის გახსნა ის კარიბჭე, საიდანაც ღმერთი შემოდის ადამიანის ცხოვრებაში.
ის ტიროდა და გლოვობდა.
მისი გული და მკერდი გამოფიტული იყო საიდუმლო (ჩვენთვის მიუწვდომელი) ტანჯვით.
მისი ცხოვრება იყო მწუხარების ბილიკზე სიარული — ტანჯვითა და მოთმინებით.
როგორ? მას შეეწეოდა წმ. სილუანის ძალა და ღვთის მადლი.
ამ ყოველივეს ძალით მან «საღვთო მადლის გამოცდილება მოიპოვა» და დიდი სიყვარულით გადმოგვცა ეს ცოდნა და გამოცდილება — ღვთის ხელთუქმნელი ნათლის გამოცხადების სიდიადისა.
„აღაღე პირი შენი, და აღვავსო ეგე“ (ფსალ. 80:11) — ბერი ხშირად იმეორებდა ფსალმუნის ამ სიტყვებს.
და სწორედ ეს აღსრულდა — ის იქცა წმ. სილუანის ბაგეებად.
ბერი სოფრონი არ ზრუნავდა თავის სუსტ ჯანმრთელობაზე და მუდამ წარმოიცლებდა თავს, გასცემდა რა „სისხლს“, რათა მოეღო „სული“.
ამგვარად, ის იმედოვნებდა, რომ გადასცემდა ღვთაებრივი ნათლის ნაპერწკალს იმ მრავალრიცხოვან მორწმუნეებს, რომლებიც მასთან მოდიოდნენ შეწევნის მისაღებად.
თითოეული მათგანი ცდილობდა ჩუმად, სიმყუდროვეში ამოეხაპა ბერი სოფრონისგან მომდინარე მადლის ნაკადულებიდან.
„ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“
ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ“ (იოანე 7,39).
ბერი სოფრონი — ცოცხალი ღმერთის შეცნობით, რაც, მისი სიტყვებით, „შეუდარებელი ნიჭია“, განასხეულებდა თავის თავში ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების ხატს და შეეძლო ღვთის სიყვარული ასობით, ან თუნდაც ათასობით ადამიანში ჩაენერგა.
ისინი იცნობდნენ ბერს, ისინი მის მიერ სიცოცხლეში იყვნენ დაბრუნებულნი, რომელსაც „სულიწმინდით აღსავსე კაცს“ უწოდებდნენ.
* * *
ეს არის ცხოვრება, რომელიც ღირსმა ბერმა წმინდა მთიდან — ესექსში, მის მიერ დაარსებულ მონასტერში განვლო.
მე არ ვიცი ისეთი ადამიანი, რომელიც იქ ნამყოფი ყოფილიყო და არ განეცადა დიდი სიხარული,
კურთხევა წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელისა, პაისი ველიჩკოვსკისა, სერაფიმ საროველისა, სილუან ათონელისა და წმინდა, კეთილი და მშვიდი მამის — სოფრონ სახაროვისა, რომელიც ესექსის მონაზვნური ცხოვრების სული იყო.
მონაზონთა ყოველდღიური ცხოვრება მართლმადიდებლური სხივმფენობის ელვარებაში იყო ჩაფლული.
ესექსში ცხოვრება — ეს ღვთაებრივი და დაუსრულებელი სიხარულია, ზეციური მოქალაქეობა, ანგელოზებთან თანამოდასეობა, ღმერთში მყოფობაა.
ბუნებრივია, არსებობს სირთულეებიც, თუმცა კრებული ცხოვრობს და იზრდება მასში მცხოვრები მამის — სოფრონის მადლით (იგულისხმება მასში დამკვიდრებული საღვთო მადლის მოქმედება) და ძალით.
მონაზვნების ამ მრავალეროვნულ საძმოში შენ განიცდი ეკლესიის სინამდვილესა და კრებულობას, როგორც მოციქულთა დღეებში იყო.
აქ არ არის ამქვეყნიური გათვლები, ინტერესები — ერთადერთი ამოცანა, რაც დგას, ეს არის: დახმარება იმ სულებისადმი, რომლებიც ამ „მცირე ცაში“ მოდიან, რათა მარადისობა დაიმკვიდრონ.
ცნობილია, რომ ეკლესიაში ღვთის ერს უყვარს მონასტრული მსახურება და მონაზვნებთან ურთიერთობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მორწმუნეთა სულიერ აღორძინებას.
ესექსში კვირაობით და დღესასწაულებზე ბევრ მორწმუნეს სტუმართმოყვარეობით იღებენ — იღებენ როგორც მომლოცველებს, და არა როგორც ტურისტებს.
მიღება ყოველთვის გულითადი, უბრალო, თბილი და კეთილია.
ბერები, სიყვარულით, რომელიც ყველას გულს ეხება, თავს სწირავენ მონასტერში მოსული ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის, ვინც ლოცვასა და დუმილს ცდილობს, ეს საკმაოდ დამღლელი საქმეა.
მონაზვნური ნათელი და სუფთა გულები მომლოცველებს სულიერ სითბოს გადასცემენ.
მონასტერში მოსული ადამიანები, თავის მხრივ, აფასებენ და ესმით, თუ როგორ მსხვერპლზე მიდიან მონაზვნები მათ გამო — ეხმარებიან მათ, როგორც შეუძლიათ.
სინამდვილეში საოცარია ბერებისა და ერისკაცების ურთიერთმხარდაჭერა, რომელშიც ნათლად ჩანს მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალფეროვნება და ერთიანობა.
ერთი აღსარებას იღებს, მეორე ქადაგებს, მესამე ასწავლის უფროსებს, მეოთხე ბავშვებთან მუშაობს, სხვა საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს და პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ყველა სიტყვითა და საქმით აშენებს იმ სულიერი გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მათმა პატივცემულმა და ღირსმა ბერმა დაუტოვა.
ძმების სიყვარულით აღძრული, არაერთხელ სტუმრობდა მათ პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე.
ის გულუხვად უზიარებდა მათ თავისი საღვთისმეტყველო ცოდნის საგანძურს — სერიოზულობითა და კეთილშობილებით.
მისი ვიზიტები ყოველთვის საზეიმო და სიხარულით სავსე იყო.
* * *
რაღა გვეთქმის ბერის შრომებზე და თხზულებებზე, რომლისგანაც გამომავალი ნათელი სცდება ყოველგვარ ხილულ საზღვრებს?
ეს თხზულებები შესწავლილი იქნება მომავალში, როგორც სულში ღრმად დაფარული საგანძური.
აღარ არის უკვე საჭირო მოვძიოთ ძველი მამების სულიერი მემკვიდრეობა და მათ მიერ განმარტებული ტექსტები —
მე ვფიქრობ, რომ წმინდა ბერის სოფრონის შრომები ახალ „ფილოკალიად“ იქცა.
დიახ, მისი აზრი მთელი სისწორით არის გადმოცემული და როგორც სარწმუნო კომპასი, გამოცდილი მეგზური მიგვიძღვის ღმერთთან შეხვედრის გზაზე.
ცოდნისა და შემეცნების ეს საუნჯე მადლის სიტკბოებით გვავსებს და გვანიჭებს იმედს, რომელიც ჩვენს გულებს მარადისობისკენ აღამაღლებს.
ამ წმინდა წიგნების გამო, რომელთა წყალობითაც მთელმა ქვეყანამ შეძლო ღმერთთან მიახლოება,
ჩვენ ღრმად პატივს ვცემთ მამა სოფრონს, როგორც წმინდანს — ანგელოზს, რომელიც ახლა ღვთის დიდების ტახტის წინაშე დგას.
ძალიან მსურს, რომ ეკლესიამ კიდევ არაერთი მსგავსი „ღმერთის ცოცხალი გამოვლინება“ ადამიანში მოუვლინოს სამყაროს,
რისი წყალობითაც ჩვენ მადლიერებით ვხარობთ უფალში, რომელიც „არის, იყო და მოდის“ (გამოცხ. 1:8), და რომელიც იდიდება მის წმინდანთა შორის.
მას ეძებენ დასავლეთში და პოულობენ მამა სოფრონის ღვთაებრივ საძმოში, რომელიც კურთხეულია მასში მოქმედი ღვთის მადლით — და ჩვენც გვაკურთხებს.
მართლმადიდებლობა ყოველთვის იმარჯვებდა შინაგანი ცხოვრების გამოცდილების წყალობით და სულიწმინდის ძალით მოწმობდა საკუთარ თავზე,
ამოწმებდა სახარებისეულ ჭეშმარიტებას: „ჩემი ძალა სისუსტეში სრულდება“ (2 კორ. 12:9).
ამაზე მოწმობს ესექსის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ყოველდღიური ცხოვრება.
აი, გამოცდილება ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებისა, რომელიც არა იორდანიის უდაბნოში, არამედ ევროპული სამყაროს ცენტრში აღესრულება,
რომელიც მარადიულად განაცხოველებს იქაურობას ღვთივბოძებული მამობრივი გამოცდილებით (იგულისხმება წმ. სოფრონის მოღვაწეობა და მადლმოსილება).
დიახ, დიახ, დიახ! ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა.
დაე, ჩვენი საყრდენი იყოს იმ მთაწმინდელი მამების მიერ დადებული საფუძველი, რომელიც მართლმადიდებლობას დიდად განამდიდრებს ევროპაში.
ეს განძია მთელი სამყაროსთვის — ჭეშმარიტი შესაძლებლობა ღვთის ჭვრეტისა.
მხოლოდ საუბარიც კი ბერ სოფრონზე სიცოცხლის მომნიჭებელია.
ის არ მომკვდარა, არამედ აღდგა და ცოცხალი სულით მყოფობს ღვთის საყდრის წინაშე.
და ეს ჩვენ ზუსტად ვიცით, რადგან ვიხილეთ — ამიტომ ვაკურთხეთ და განვადიდეთ უფალი, ყოვლადწმინდა სამება მის წმინდა მოწამეებთან ერთად,
რომლებიც გაბრწყინდნენ მადლის ნათლით მოსილნი.
ჩვენი წმინდანი — ანგელოზია- „ვარსკვლავი ტკბილი“, ღვთის ნათელში დამკვიდრებული, მჭვრეტელი მამის სახისა ზეცაში,
სადაც დაუსრულებელია დიდება და ნეტარება მისი.
თარგმანის ავტორი : მ. მთაწმინდელი.