среда, 21 июля 2021 г.

იერუსალემში ( მოსალოცად) წამსვლელთათვის

 წმ. გრიგოლ ნოსელი (IV ს.) : 


რადგანაც წერილობითად მეკითხები, საყვარელო, ჯეროვნად ჩავთვალე ყოველივეზე თანამიმდევრობით მეპასუხა. მათ, ვისაც ცხოვრების უმაღლესი წესისთვის მიუმართავთ, გამუდმებით უნდა იკითხონ სახარება რადგან, როგორც მრუდე საგნებს ასწორებენ სწორი საზომით, ასევე უნდა შევუფარდოთ ჩვენი მოქმედება სახარებისეულ სწავლებას, როგორც ჭეშმარიტ საზომს და ჩვენი ცხოვრება ღმრთისკენ მისით წარვმართოთ.


მაშ ასე, რადგანაც დაყუდებული და ბერული ცხოვრების ამრჩევთაგან ზოგიერთი ღვთისმოსავ საქმედ მიიჩნევს იერუსალემის იმ ადგილთა მონახულებას, სადაც მაცხოვარს თავისი ამქვეყნად ყოფნის განმავლობაში უცხოვრია, კარგი იქნებოდა ჩაეხედათ ამ ჭეშმარიტი საზომისთვის, და თუ ამას მცნებათა დაცვა მოითხოვდა, ეს საქმე უფლის ნაბრძანებივით აღესრულებინათ. ხოლო, თუკიღა არ არის უფლის მცნებებში ამგვარი რამ, მაშინ არ ვიცი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ნამცნები იმის კეთება რაც გსურს და თანაც, კეთილის არჩევანში საკუთარი თავი დაყენებულიყო ჭეშმარიტების საზომად.

უფალმა თავის რჩეულებს ზეციური სასუფევლის დამკვიდრებისკენ მოუწოდა, მაგრამ იერუსალემში მოგზაურობა კეთილ საქმეთა რიგში არ დაუყენებია. მანვე გვაუწყა ნეტარებანი, მაგრამ არც მათ შორის მოუხსენებია ეს საქმე. აწ გონიერთ მართებთ განსჯა, რად უნდა ვეცადოთ იმის კეთებას, თუკი ის ვერც ნეტარების მომგვრელია და ვერც ცათა სასუფევლის მომნიჭებელი.

სასარგებლოც რომ იყოს ეს საქმე, ამ შემთხვევაშიც საქებარია როდია სრულყოფილთათვის მისთვის მოშურნება. მეტიც, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ვიხილავთ, რომ საზიანოც კი შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც მკაცრი ცხოვრება აურჩევია. აქედან, განსაკუთრებული მონდომების კი არა, უდიდესი სიფრთხილის საგანი უნდა იყოს იერუსალემში წასვლა, რათა ღვთისნიერად მცხოვრებმა არ განიცადოს რაიმე ვნება.

კი მაგრამ, რა არის საზიანო? - იკითხავს ვინმე. ღვთისმოშიში ცხოვრება ყველასთვის სავალდებულოა - მამაკაცთათვისაც და დედაკაცთათვისაც, - ღვთისმოშიში ცხოვრების განმასხვავებელი ნიშანი კი უბიწოებაა; ხოლო უბიწოება ყველაზე კარგად მშვიდი და განცალკევებული ცხოვრების წესშია დაცული, რათა ბუნება არ მშფოთვარებდეს დედაკაცთა ურთიერთობით მამაკაცებთან და მამაკაცთა ურთიერთობით დედაკაცებთან, რაკიღა ისინი საკუთარი უბიწოების დაცვისკენ ისწრაფვიან. არადა, მოგზაურობის დროს აუცილებლობით ირღვევა სიფრთხილე და სჯულიერება; განა უსაფრთხოა დედაკაცთათვის ასეთი შორ მანძილზე მოგზაურობა, თუ მას ვინმე თანამგზავრი არ ეყოლება? ფიზიკური უძლურების გამო, ის ვიღაცამ უნდა შესვას აყროლებულ პირუტყვზე და ჩამოსმის დროსაც საჭიროებს ხელის მიშველებას. ამიტომაც, რომ ასწიო და პირუტყვზე შესვა დედაკაცი, ამ სამსახურის გამწევი ან ვინმე ახლობელი უნდა გყავდეს ან კიდევ დაქირავებული მონა და ორივე შემთხვევაში თავიდან საყვედურს ვერ აიცილებს, რადგან უცნობს მიანდობს თავს თუ ნაცნობს, - მაინც ირღვევა კანონი უბიწოებისა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში, სასტუმროებსა და დუქნებში ჰყვავის გარყვნილება და ცოდვაში შთავარდნის მიზეზიც მეტია, როგორ არის შესაძლებელი კვამლით გარემოცულ ადამიანს თვალები არ აეწვას? როგორ შეიძლება გაიარო ადგილები, სადაც ირყვნება მზერა, გული და სმენა; სადაც ვნებები ბობოქრობენ და არ შეგაწუხოს ვნებამ? როგორ შეიძლება უვნებლად გაიარო ის ადგილები, სადაც ვნებათა ბობოქრობაა?

და რა კეთილდღეობას მიეწევა ის, ვინც მოინახულებს იმ ადგილებს, სადაც თითქოსდა უფალი სხეულებრივად მყოფობს, ჩვენგან კი განშორებულია? ან როგორც ზოგიერთ სჯერა, სულიწმიდის მადლი თითქოსდა უხვად იფრქვევა იერუსალიმელთა შორის, ჩვენთან კი ვერა? პირიქით, ღმრთის მყოფობაზე იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ვხედავთ, მაშინ ის უფრო უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი კაპადოკიელებს შორის უფროა, ვიდრე სხვა ადგილას, რადგან მარტო უფლის სადიდებელი საკურთხევლები რამდენი აქვთ! მთელს მსოფლიოში არ იქნება იმდენი საკურთხეველი, რამდენიც აქაა.

შემდეგ, იერუსალემში რომ მეტი მადლი იყოს, ვიდრე სხვაგან, ცოდვა როდი დაისადგურებთა იქ მცხოვრებთა შორის. არადა, არ არსებობს სიბილწის სახეობა, რომელსაც არ მისცემოდნენ იქ მცხოვრებნი; მათ შორის ფართოდ არის გავრცელებული მზაკვრობაც, მრუშობაც, ქურდობაც, კერპთმსახურებაც, მწამვლელობაც, შურიც და მკვლელობაც; ბოროტების ამ უკანასკნელ სახეობას იმენად გაუდგამს ფესვები მათ შორის, რომ არსად ისე ადვილად არ კლავენ ადამიანს, როგორც აქ; თანატომელნი, ბილწი შურითა და სიხარბით გამხეცებულნი ერთმანეთის სისხლს ეშურვიან.

ამრიგად, რითი დამიმტკიცებ, რომ იქ, სადაც ეს ყოველივე ხდება, მადლი უფრო მეტადაა ვიდრე სხვა ადგილას? მაგრამ ვიცი, რომ ზოგიერთი მაინც შემეკამათება. ერთნი ამბობენ: სხვას რომ შეაგონებ, საკუთარ თავს რად არ შეაგონებ და იერუსალემში რად დადიხარ? მაშ, მოისმინონ მათ ჩემი გამართლება. თქვენი ცხოვრების განმგებელის მიერ ბოძებული იმ მოვალეობის გამო, რომელშიაც დაწესებული ვარ და ვცხოვრობ, წმიდა საეკლესიო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც არაბეთის ეკლესიის კეთილმოწყობისთვის მოიწვიეს, იმ ადგილებში ყოფნამ მომიწია. ხოლო, რაკიღა არაბეთი იერუსალიმის მოსაზღვრე ქვეყანაა, იერუსალიმის წმიდა ეკლესიათა წინამძღვრებს შევპირდი მათთან მისვლას, რადგან იქ საკმაოდ არეული იყო საქმეები და შუამავალი სჭირდებოდათ. თანაც, კეთილმორწმუნე იმპერატორმა მიბოძა თავისი ეტლი, რითაც მგზავრობა გამიადვილა, ამიტომაც დაცული ვიყავი იმ განსაცდელებისგან სხვები რომ განიცდიან იერუსალიმში მოგზაურობისას. თანაც ეტლი ჩვენთვის იყო ეკლესიასავით და მონასტერივით, სადაც მთელი გზის განმავლობაში ერთად აღვუვლენდით ლოცვას უფალს და ვმარხულობდით.

ასე, რომ ნურავინ ცდუნდება ჩვენს გამო, არამედ უფრო უნდა დაიჯეროს ჩვენი ნათქვამი, რადგან ვაფრთხილებთ იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით გვიხილავს. ის, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია ჩვენ იერუსალიმში ყოფნამდეც გვიღიარებია და ეს რწმენა მთელს დედამიწაზე სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა; ქალწულისგან უფლის განკაცება უფრო ადრე ვუწყოდით, ვიდრე მივიდოდით ბეთლემს და მიცვალებულთა აღდგომაც იმაზე ადრე ვირწმუნეთ, ვიდრე ვიხილეთ საფლავი უფლისა; ის, რომ ჭეშმარიტად იყო ქრისტეს ამაღლება, ზეითუნის მთის ხილვამდეც ვიცოდით. იერუსალემში მოგზაურობამ კი მხოლოდ ის სარგებლობა მოგვიტანა, რომ აღმოვაჩინეთ რა უფრო გვაქვს წმიდა სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ამიტომაც, უფლის მოშიშებო, აქებდით მას იმ ადგილებში, სადაც იმყოფებით. რადგან ადგილის შეცვლა როდი მიგვაახლებს უფალს. სადაც უნდა იყოთ, უფალი დამკვიდრდება თქვენთან თუკი სამკვიდრებელი თქვენი სულისა იმდენად წმიდა იქნება, რომ უფალს შეეძლება თქვენში დავანება, რათა თქვას: "და ვიქცეოდი მე თქუენ შორის, და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად" (ლევ. 26:12).

ხოლო თუ შინაგანი კაცი აღსავსეა მზაკვარებით, გოლგოთაზე ან ზეითუნის მთაზეც რომ ავიდეს, ან დადგეს უფლის საფლავთან - შორსაა ქრისტესგან მათ მსგავსად, ვისაც ჯერ ქრისტეს სარწმუნოებაც კი არ მიუღია. ასე, რომ საყვარელო, ურჩიე ძმებს კაპადოკიიდან პალესტინაში კი არ იმოგზაურონ უფალთან შესახვედრად, არამედ სხეულიდან იმოგზაურონ უფლისკენ.

ხოლო თუკი ვინმე ჩემი დარიგების სანაცვლოდ წინ დაგიდებს სიტყვებს უფლისა, რომელმაც ამცნო მოწაფეებს არ განშორებოდნენ იერუსალემს, გულისხმაყონ ნათქვამის აზრი. რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი და მისი ნიჭები ჯერ კიდევ არ აღთქმოდათ მოციქულებს, უფალმა მანამ უბრძანა მათ იერუსალემში დარჩენა, სანამ არ შეიმოსებოდნენ ზეგარდმო ძალით ღმრთისა.

მოციქულთათვის მაშინ ნათქვამს დღემდე რომ ძალა ჰქონდეს და დღემდე რომ იყოს საჭირო მისი აღსრულება, მაშინ სულიწმიდა თავის მადლს ცეცხლის სახით დაურიგებდა ყველას და ყოველი კაცისთვისაც სავალდებულო იქნებოდა იმ ადგილას ყოფნა, სადაც ასეთი ნიჭი მოიცემა. ხოლო თუკი სული სუნთქავს იქ, სადაც სურს, მაშინ ნებისმიერი მორწმუნე, ძალისაებრ მისი სარწმუნოებისა, ხდება მიმღები სულიწმიდის ნიჭებისა და არა იერუსალემში ყოფნის გამო.

вторник, 9 марта 2021 г.

ვინ იყვნენ ბუმბერაზები ანუ ,, ნეფილიმები"

 ,, როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" ( დაბ. 6: 1- 2) .

დაბადების ეს მუხლი,  ძალიან დიდ გაუგებრობას იწვევს არამხოლოდ მკითხველებში , არამედ განმმარტებლებშიც , რის გამოც არ არსებობს ერთი საერთო აზრი ამასთან დაკავშირებით.

მე შევეცდები მოკლედ და შეკუმშულად შემოგთავაზოთ ის აზრები, შეხედულებები და განმარტებები, რაც გამოთქმულა წმ.მამათა ,  იუდეველ რაბინთა ,  ქრისტიან თეოლოგთა და მისიონერთა მიერ.



ვინ არიან ეს  ,,ძენი ღმრთისანი“ , რომლებიც ქორწინდებოდნენ  ,,ადამიანთა ასულებზე „  და რომელთაგანაც იბადებოდნენ ბუმბერაზები ( ებრ : ‏נפילים‏‎ «დაცემულნი - ნეფილიმ») .ღვთისმეტყველთა და მეცნიერთა შეხედულებები ამ საკითხზე გაყოფილია .


ე რ თ ნ ი  - ემხრობიან იმ აზრს , რომ ,, ღვთის შვილები“ არიან ე.წ უცხოპლანეტელები , რომლებიც სხვა პლანეტიდან მოფრინდნენ და დაიწყეს ჩვენი პლანეტის ქალებზე დაქორწინება (ვერსია №1).

მ ე ო რ ე ნ ი  - კი , იზიარებენ თეოლოგ ხ.ს. ლეოპოლდის შეხედულებას ,  რომელიც ფიქრობდა ,  რომ ,,ღვთის შვილები“ სეითის შთამომავლები იყვნენ (დაბადება 4:25-5:32), რომლებიც ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
ლეოპოლდი წერდა : „ვინ არიან ‘’ღვთის შვილები“ ? ეჭვგარეშეა ,  რომ ისინი სეითის შთამომავლები არიან,  რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში , შორს ცხოვრობდნენ კაენის მოდგმისგან , მაგრამ მოგვიანებით მათ დაიწყეს ,,ადამიანთა ასულებზე“ დაქორწინება, რადგან ისინი შესახედავად ლამაზები იყვნენ.  ხოლო ე. წ. „ნეფილიმები“ ანუ ბუმბერაზები, ამგვარი ქორწინებისგან იყვნენ წარმომდგარნი.
როგორც ცნობილია, ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის მმართველნი, ხშირად უწოდებდნენ საკუთარ თავს ,,ღვთის ძეებს“ , რათა ხაზი გაესვათ თავიანთი ძალაუფლებისა და ზეაღმატებულებისთვის ქვეშევრდომთა წინაშე. ისინი იყვნენ  დიდი ადამიანები, დესპოტი მბრძანებლები, რომლებსაც მრავალი ცოლი ჰყავდათ. მათ შესახებ შემორჩა ცნობა ,  როგორც ,, ძველ, ძლიერ და დიდებულ ადამიანებზე“ (ვერსია№2) .

მ ე ს ა მ ე ნ ი - ჰენრი მორისის (მორწმუნე მეცნიერი) აზრს იზიარებენ და ამბობენ შემდეგს : ,, ეს გიგანტები (ბუმბერაზები) არიან დემონური ძალით შეპყრობილი კაცების და ქალების შვილები . სწორედ ამგვარი ქორწინებების შედეგად გაირყვნა მიწის მოსახლეობა იმ მასშტაბებამდე, რომ ბიბლიის თანახმად ,,უფალმა შეინანა, რომ შექმნა ადამიანი’’ (შესაქმე,  6:6).
ებრაული სიტყვა ,, נפילים- ნეფილიმ ‘’ ბუმბერაზთან ერთად ,,დაცემულსაც“ ნიშნავს , რაც ზუსტად აღწერს მათი სულიერი ,,მშობლების“ - დაცემული ანგელოზების ბუნებას’’ .  (Morris, The Defender's Bible) –( ვერსია  №3.)

მ ე ო თ ხ ე ნ ი - თვლიან , რომ  ,,ღვთის ძეებად “ იწოდებოდნენ მხოლოდ დაცემული ანგელოზები . იობის წიგნში ანგელოზებს ,, ღვთის ძეები“ ეწოდებათ  : ,,4 შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, 5 ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? 6 რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, 7 როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ?“ (იობი 38:4-7) - ვერსია №4.

ყველა ამ შეხედულების კარგად გაცნობისას , შეიძლება შემდეგი დასკვნების გაკეთება :  რამდენადაც ბიბლიის არც ერთ ადგილას არ არის თქმული იმის შესახებ ,  რომ ღმერთმა შექმნა უცხოპლანეტელები , ჩვენ ვალდებულნი ვართ , რომ (ობიექტურობისთვის) ვერსია  №1 ( ანუ ის, რომ თითქოს ,,ღვთის ძეები“ უცხოპლანეტელები იყვნენ) გამოვრიცხოთ.
ვერსია  №2-ც ასევე ვერ უძლებს კრიტიკას , რადგანაც, მიუხედავად იმისა , რომ სეითის მოდგმა ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ , ისინიც, როგორც სხვა ყველანი , ადამის მემკვიდრე ცოდვილი ადამიანები იყვნენ და ამიტომაც ,, ღვთის ძეთა“ ტიტულზე პრეტენზია ნაკლებად შეეძლოთ ჰქონოდათ. თუმცა კი ,  თუ ვივარაუდებთ ,  რომ ისინი იყვნენ იმდენად ღვთისმოშიშნი და კეთილკრძალულნი ,  რომ ფაქტობრივად არ სცოდავდნენ , მაშინ როგორ ავხსნათ მათი შთამომავლობის ამგვარი მორალური ხრწნა და დეგრადაცია ? ნუთუ მათ არ გადასცეს საკუთარ შთამომავლებს ცოდნა ღმერთის შესახებ და მისი სიყვარული ,  რომელსაც თავად ფლობდნენ ? შემდეგ ისიც უნდა აღინიშნოს , რომ, როგორც კაენის, ასევე სეითის შთამომავლებს ერთი საერთო პირველმშობელი მამა ჰყავდათ - ადამი . არსობრივად, ისინი ერთმანეთს ბიძაშვილებად ეკუთვნოდნენ . ხოლო რამდენადაც ცნობილია , ახლო ნათესავებს შორის ქორწინებებიდან, გიგანტები (ბუმბერაზები) არ იბადებიან . მუტაციებს შესაძლოა ჰქონდეთ ადგილი, მაგრამ მხოლოდ უარყოფითად და არავითარ შემთხვევაში, დადებითი სახით . და ბოლოს , ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის მმართველების შედარება ,  რომელიც თეოლოგმა ხ. ს. ლეოპოლდმა გააკეთა , ყოველგვარ განსჯას მოკლებულია . ერთია , თუ რას უწოდებდნენ ხსენებული მეფეები და ფარაონები თავის თავს და სრულიად სხვაა - განსაკუთრებული შთამომავლების ყოლის საკითხი . არ არსებობს არც ერთი მოწმობა და მტკიცებულება იმისა, რომ ეგვიპტელ ფარაონებს, რომლებიც ქორწინდებოდნენ თავიანთ ქვეშევრდომებზე , გიგანტები უჩნდებოდათ .
ვერსია  №3. არის რაღაც საინტერესო ამ ვერსიაში , მაგრამ ჰენრი მორისის მიხედვით ,  <<ნეფილიმები>>  იყვნენ დემონით შეპყრობილი ადამიანების შერწყმის შედეგად შობილნი . თუმცა ბიბლია კაცებს , ასეთ ქორწინებებში ,, ღვთის ძეებად“ მოიხსენებს ,  ხოლო ქალებს ,,ადამიანთა ასულებად ’’. ასეთი ლოგიკით შესაძლებელი იქნებოდა დაგვეშვა, რომ ქალები არ იყვნენ შეპყრობილნი იმ კაცების მსგავსად , რომლებიც მათზე ქორწინდებოდნენ . ეს პირველი შენიშვნა . მეორე - უფრო სერიოზული - მდგომარეობს იმაში , რომ სხეული სხეულია და მშობელთა სულიერ შეპყრობილობას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს შვილების ფიზიკურ ბუნებაზე . ეს იგივეა , რომ ვთქვათ :  ,, პეტრეს მამა ქურდი იყო , ამიტომ პეტრე გაიზარდა ორი მეტრის სიმაღლის და შეუძლია ასწიოს მძიმე გირებიო“. ხომ სასაცილოდ ჟღერს ამგვარი ლოგიკა? თუმცა, თუ ჩვენ ვიტყვით , რომ : ,, პეტრეს მამა ქურდი ჰყავდა და პეტრეც მამის კვალს გაჰყვა ‘’ , მაშინ ასეთი განცხადება არავისში გამოიწვევს გაკვირვებასა და დაცინვას . ზუსტად ამგვარადვე ,  მშობელთა შეპყრობილობა შეუძლებელია ასახულიყო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და შესაძლებლობებზე პირველი თაობის ბავშვებში . ასეთი რამ  სულიერ და მორალურ დონეზე სრულიად შესაძლებელი იყო , მაგრამ არა ფიზიკურზე .
ვერსია №4.
იობის წიგნის ბმულიდან ფრაგმენტი , სადაც ანგელოზები იწოდებიან ,,ღვთის ძეებად’’ და მნიშვნელობა სიტყვისა ,,ნეფილიმ“ - დაცემული - ემხრობა ვერსია №4 -ს . ერთადერთი წინააღმდეგობრივი რაც არის, ესაა იესო ქრისტეს სიტყვა მათეს სახარების 22:30 დან : ,, აღდგომისას არც განქორწინდებიან და არც ქორწინდებიან , არამედ როგორც ანგელოზები იმყოფებიან ზეცაში“ . ქრისტეს ამ სიტყვიდან შეგვიძლია დავასკვნათ ,  რომ ანგელოზებს არ შეუძლიათ  ქორწინება და სქესობრივი ურთიერთობა . თუმცა ამ ბიბლიური მუხლის მიკროსკოპულად განხილივსას ,შეგვიძლია შემდეგი დაკვირვება შემოგთავაზოთ :
1. იესო საუბრობდა ღვთის ანგელოზებზე და არა დაცემულ ანგელოზებზე (დემონებზე ) .
2. სიტყვა ეხებოდა ზეცაში( მომავალ) ცხოვრებას .
3. საუბარი  არ ეხებოდა ქორწინებას ანგელოზთა მსგავს არსებებსა და ადამიანთა შორის .
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ ,  რომ  შესაძლოა , დაცემული ანგელოზები , რომლებიც გამოძევებულნი იქნენ ზეციდან მიწაზე , ფლობდნენ უნიკალურ შესაძლებლობას  , რისი მეშვეობითაც შეეძლოთ მათ მიწიერ ქალებთან ქორწინებაში შესვლა იმ მიზანდასახულობით, რომ მოეხდინათ მიწიერი ცივილიზაციის საბოლოო მორალური გახრწნა და დეგრადაცია ( რაც მათ გამოუვიდათ კიდეც , დაბადება : 6:5 -ს მიხედვით ,, და დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა’’.)

  
ამის გარდა , ვერსია  №4 ყველაზე უკეთ გვიხსნის გიგანტების წარმოშობის პრობლემას . დიდი ალბათობით ,  მსგავსი ქორწინება - ,,შეჯვარებები ‘’ ორი ასეთი ურთიერთგვანსხვავებული ფიზიკური შემადგენლობის ორგანიზმის მქონე  არსებებს შორის , ხდებოდა მიზეზი დაბადებულიყვნენ არაჩვეულებრივი ბავშვები - ბუმბერაზები ,  რომლებიც ბიბლიაში ,, იმთავითვე დიდებულ ადამიანებად ‘’ იწოდებიან .
აღნიშნულ სტატიაში განხილული და შემოთავაზებულია ოთხი პირობითი თეორია . 
რომელ მათგანს მიემხრობით , არის თქვენი გადასაწყვეტი . ის თუ   როგორ იყო სინამდვილეში ეს ამბავი, გვეცოვ ჩვენს უფალს  იესო ქრისტეს . მანამ კი, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ და ვიმსჯელოთ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში.

ქვემოთ კი შემოგთავაზებთ ქრისტიანი წმ.მამების ცალკეულ გამონათქვამებს ამ კონკრეტულ პასაჟზე, ასევე იუდეველი რაბინებისა და სხვა ქრისტიანი თეოლოგების აზრებს.

წმ.კლიმენტი ალექსანდრიელი :
,, ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთმა ანგელოზთაგანმა დაკარგა კონტროლი საკუთარ სხეულებრივ გულისთქმაზე, რამაც განაპირობა მათი დაცემა მიწაზე" .

ორიგენე : ,, ღვთის ძეები"  არიან ადამიანთა სულები, რომლებიც არსებობდნენ ხორციელ დაბადებამდე, ხოლო ვინაიდან მათ ინებეს  ხორცში ჩასახლება, ისინი იქცნენ ,, ადამიანთა ასულებად".
როგორც ლ. უიკჰემი შენიშნავს  , ამგვარ განმარტებას ეთანხმებოდა დიდიმე ბრმაც ( ალექსანდრიელი).

„ღმერთმა ადამიანებზე და ცის ქვეშეთზე ზრუნვა ანგელოზებს დაავალა, რომელნიც მათთვის (ადამიანთათვის) გაამწესა.  თუმცა ანგელოზები, დაარღვიეს რა მათ ეს წესრიგი, ქალებთან აღრევით იძლიენ და შვეს შვილები (παίδας ετέκνωσαν), რომლებიც არიან, ეგრედ წოდებული, დემონები“.

[იუსტინე მარტვილი, II აპოლოგია, 5. ასევე, იხ.: ირინეოსი, სამოციქულო ქადაგების დამოწმება, 18].

„გიგანტთა სულები (Αι των γιγάντων ψυχαι), რომლებიც ქვეყნიერების (დედამიწის) სიახლოვეს დაძრწიან, არიან დემონები“.

[ათენაგორა, იგივე, 25.]


,, კითხვა 48. თუ ანგელოზები უსხეულონი არიან, მაშინ როგორ შეეძლოთ მათ ქალებთან სხეულებრივი კავშირის დამყარება,რის შედეგადაც თითქოს გიგანტები ( გოლიათები) გაჩნდნენ? და როგორ არიან ისინი წმინდანნი ადამიანთა მსგავსად, მაშინ როდესაც მათ ხორცი არ აქვთ შემოსილი? რამეთუ ღვთაებრივი წერილი ამბობს : ,, ღვთის შვილები შედიოდმემ ადამიანთა ასულებთან" ( შექმნ.6,4) და ამ კავშირია შედაგად , გარკველი სახით იშვნენ გოლიათები.  პასუხი : ანგრლოზები უსხეულონი არიამ ჩვენ სხეულთან შედარებით. ვინაიდან  მათი სხეული ( ანგელოზების) არის  როგორც ქარი ,  ცეცხლი ,  კვამლი  ჰაერი: მათი სხეული ჰაეროვანი და უხრწნელია და არ გააშნიათ სიმკვრივე .
არსებობს ზეციური და მიწიერი სხეული ( 1.კორ. 15, 40) -  ბრძანა მოციქულმა. შეცდომა და დიდი სისულელეა იმის ფიქრი, რომ ანგელოზებს შეუძლიათ ქალებთან შეერთება, როგორც ფიქრობენ, რომ თითქოს ეშმაკები ქალებთან ეცემიან მრუშობის ცოდვით : მათ ( დემონებმა) დაკარგეს არა ბუნება, არამედ მდგომარეობა, მათ დაკარგეს არა დიდებულება, არამედ კადნიერება ღვთის წინაშე, იყვნემ რა( დაცემის შედეგად მ.მ)  განშორებულნი და განგდებულნი ნერატი მდგომარეობიდან.
ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს ანგელოზები არიან, მაგრამ არ არის ასე.. აქ ანგელოზებზე არ საუბრობს ღვთაებრივი წერილი. ნათქვამია : ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანთა ასულებთან, ხოლო ანგელოზები არსად არ იწოდებიან ღვთის შვილებად * , მაგრამ ხსენებულ ,, ადამიანთა ასულებთან" ცოდვით ეცემოდნენ და იბილწებიდნენ სეითისა და ენოსის შვილები, რადგანაც იმ დრკს სეთი და ენოსი იწოდებოდნენ ღმერთებად, იმიტომ რომ მაშინ დაიწყეს ღვთის სახელის მოხმმობა , - ამბონს წერილი ( შესაქმ. 4, 26) . და მოსესაც უთხრა ღმერთმა : ,, მე შენ ფარაონის ღმერთად დაგაყენე ( გამოს.7,1)  და ღვთაებრივ მსაჯულებზეც თქვა : 《 ნუ ეტყვი ბოროტს ნურც ღმერთებს , ნურც შენი ერის მმართველებს 》( გამოსვ.22 , 28) და ამგვარად, სეითისა და ენოსის ძენი ღმერთებად იწოდებიან.

ისინი თავშეუკავებლობით ცდუნდნენ, შევიდნენ რა კაენის ასულებთან და მათი ბილწი შეჯვარების შედეგად დაიბადნენ - გიგანტები,რომლებიც იყვნენ ძალიან ძლიერნი იმის გამო, რომ მათი ნაწილობრივი საწყისი  კეთილიიყო , ხოლო ნაწილობრივ მანკიერი( კაენის გამო) .
ან როგორ შეეძლოთ ასულებს ანგელოზებთან ხორციელ კავშირში შესვლა მაშინ, როდესაც თვით დიდი მოღვაწე მამებიც კი ვერ უძლებდნენ მათი საშინელი სახეების ხილვას? წინასწარმეტყველი დანიელმა ვერ გაუძლო მთავარანგელოზ გაბრიელის სახის ხილვას და იმავ წამს დაეცა მიწაზე და იტანჯებოდა , სურდა რა შიშისაგან მომკვდარიყო.( დანიელი. 8, 17- 18) . და ზაქარიამაც იხილა რა საკურთხეველში გაბრიელ მთ.ანგელოზი შიშისაგან ხმა ჩაუვარდა და იოანე წინამორბედის შობამდე ვერ საუბრობდა, არამედ მხოლოდ მიᲜიშნებებით საუბრობდა ( ლუკ.1, 20- 22) . და როდესაც მენელსაცხებლე დედები მიიჩქროდნენ მაცხოვრის საფლავისკენ მათ იქ ანგელოზები იხილეს და შიშით ავსებულნი, ვერ მოუთხრეს მოციქულებს ის, რაც მათ ქონდათ ნაბრძანები ( ანგელოზებისგან) რადგან ისინი მოცულნი იყვნენ შიშისაგან და მათ ვერავის ვერაფერი უთხრეს ..( მარკ.16,8) . და თუ ანგელოზთა გამოცხადებას ვერ უძლებდნენ დიდი ადამიანები, მაშ როგორ შეძლებდნენ სუსტი ასულები მათი ხილვისა და შეხების გაძლებას? ხის ტოტი ვერანაირად ვერ გაძლებს  ცეცხლში დაუწველად ყოფნას."
წმ.პაპ სილვესტრის კითხვა - მიგებანი წმ.ანტონი დიდთან.

პ.ს წმ.მამები , რომლებიც ზოგიერთი იუდეველი რაბინებისა და ქრისტიანი ეთიოპელი თეოლოგების თანახმად ფიქრობდნენ, რომ ,, ღვთის ძეებში"  მოიაზრებოდნენ ანგელოზები , იყვნენ:
წმ.იუსტინე ფილოსოფოსი, ირინეოს ლიონელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ათენაგორა ათენელი, ამბროსი მედიოლანელი, ტერტულიანე და სხვანი.

ხოლო , მომხრენი იმ აზრისა, რომ ,, ღვთის ძეებად" იწოდებიან სეითის ( შეთის) შთამომავლები, არიან :
წმ.იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური, თეოდორიტე კვირელი, კირილე იერუსალიმელი, იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვ).