четверг, 31 января 2019 г.

რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა .

ავტორი: ათონის წმინდა მთის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი († 2014)
თემა: რა არის გონისმიერი და გულისმიერი ლოცვა
ადამიანის მიერ ღმერთის ხსოვნა, ლოცვის მსგავსად მასთან ზიარებას წარმოადგენს. ქრისტეს წმინდა სახელის - "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი" - უწყვეტი მოხმობისათვის ბრძოლა, ადამიანში ღმერთის ხსოვნასა და მასთან ურთიერთობას მუდმივად აცხოველებს. ამიტომაც პავლე მოციქულმა თესალონიკელებს მისწერა: "განუწყვეტლად ილოცეთ" [1].
ადამიანი ღმერთის ხსოვნითა და ლოცვით თავისი ბუნების ჭეშმარიტ კეთილშობილებას ავლენს, რომელიც ხილული და უხილავი სამყაროს ზღვარზეა. იგი (ადამიანი) ბუნებრივ აუცილებლობას აღემატება, მისი მყოფობა ღმერთამდე განივრცობა და ყოველგვარი მიწიერი ტყვეობისგან თავისუფლდება.
მაგრამ ლოცვა ჭეშმარიტი რომ იყოს, იგი მთელი ადამიანის - და არა მხოლოდ ბაგეების ან გონების ან კიდევ გულის - საქმეს უნდა წარმოადგენდეს [2].
სრულყოფილი ლოცვა გონისმიერი და ამავდროულად, გულისმიერია. გონება გულიდან ლოცულობს, რომელიც [ადამიანის] არსებობის ცენტრია. ესე იგი, მთლიანი ადამიანი თავისი სიღრმიდან და ცენტრიდან ღვთის მცნების შესაბამისად ლოცულობს [3]: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი - ვითარცა თავი თჳსი" [4]. ადამიანი მთელი თავისი არსებით ღმერთს მიემართება/ ეკუთვნის.
ამისთვის "ერთსიტყვიანი" [5] ლოცვა გამოიყენება: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი", რომლის მოხმობაც [ადამიანს] გონების შემოკრებასა [6] და მის (გონების) გულში ჩაძირვაში ეხმარება.
წმინდა მღვიძარე მამებმა [7] ამ ლოცვის საშუალებასა და მეთოდზე თავიანთი გამოცდილებით დაწერეს. არსებობს თხზულებათა კრებული სახელწოდებით "მშვენიერებათმოყვარეობა"[8] და აღნიშნული სიტყვა ნიშანდობლივია: გონისმიერი და გულისმიერი ლოცვით მორწმუნე ღმერთთან ერთიანდება და მას ჭვრეტს, ყველაზე უმშვენიერესს [9] მთელს სამყაროში, უმაღლეს მშვენებას [10].
ვინაიდან გულისმიერ ლოცვასა და სხვადასხვაგვარ აზრსა თუ [ასევე] ლოცვას შორის გარკვეული აღრევის საფრთხე არსებობს (როგორც აღმოსავლურ რელიგიებში)[11], ვფიქრობ, ზოგიერთი საკითხი უნდა განვმარტო:
1) არა მხოლოდ ერთსიტყვიანი ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი", არამედ ეკლესიის ყოველი ლოცვა, როგორც, მაგ.: ღვთისგან ბოძებული უმთავრესი ლოცვა "მამაო ჩვენო", გონისმიერი და გულისმიერი უნდა იყოს, ანუ ჩვენი მყოფობის სიღრმიდან აღმოთქმული.
2) უწყვეტი გონისმიერი და გულისმიერი ლოცვის მადლის შეძენა ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის, უპირველესად არა [ლოცვის ხელოვნური] მეთოდისა და ხერხის, არამედ შემუსრვილი გულის საქმეა, ესე იგი, საკუთარი ცოდვებისათვის მონანიე, მგლოვიარე გულის, რომელიც მდაბლდება. მის გარეშე არანაირ ხერხსა და საშუალებას, როგორიცაა შესუნთქვისა და ამოსუნთქვის გამოყენება, ჭეშმარიტი ლოცვის მოტანა არ ძალუძს.
3) გულისმიერ და გონისმიერ ლოცვას ეკლესიის ცხოვრებაში, მის საიდუმლოებებში ჩვენი მონაწილეობა, ღვთის მცნებების დაცვა და სულიერი მამისადმი მორჩილება განაპირობებს. ანუ [ამ ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ადამიანთან] ღმერთის ინდივიდუალური და კერძო მიახლება არ ხდება. თავმდაბალი მორწმუნე ეკლესიაში ღვთის მადლს იღებს და იგი მასში მოქმედებს, რა თქმა უნდა [ადამიანისავე] თანამოქმედებითა და ნებით.
თემის დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე ადამიანს პირველყოვლისა ლოცვა ესაჭიროება, რათა თავისი ღმრთისსახოვნების [12], ე. ი. საღვთო წარმომავლობისა და დანიშნულების დავიწყების მიზეზით, დღევანდელი ღრმა მატერიალისტური ცხოვრების წესისგან არ იძლიოს.
აგრეთვე, რათა შინაგანი ერთიანობის, წონასწორობისა და სიმშვიდის დაჭერა შეეძლოს თანამედროვე სამყაროს ამ საშიშ განხეთქილებაში, ქაოსსა და ექსტრავერტულობაში [13]; რათა თავის ცხოვრებაში ღმერთის მყოფობასა და განგებას მუდამ შეიგრძნობდეს, არ ძრწუნდებოდეს, სასოს არ წარიკვეთდეს და სამყაროს აზრს მოკლებულად არ განიცდიდეს.
ქრისტეს უტკბილესი და წმინდა სახელის უწყვეტი მოხმობით, მას თავის გულში შეიგრძნობს, ცოდვას თავიდან ირიდებს, ღმერთისა და ადამიანების მიმართ სიყვარულს სწავლობს; თავადაც მშვიდდება და მის გარშემო მყოფ ადამიანებსაც მშვიდობას ჰფენს.
ნება მომეცით ათონის მთის სულიერი ტრადიციიდან ერთი ძმური რჩევა მოგცეთ: დღის განმავლობაში იესოს ლოცვას რაოდენ ხშირად და მონდომებითაც წარმოვთქვამთ, ღმერთთან იმდენად ახლოს ვიქნებით და იმდენად უმეტეს მადლსა და ძალას მივიღებთ ცხოვრების მრავალგვარი სირთულეებისა და განსაცდელების წინააღმდეგ.

ბერძნულუდან თარგმნა : ლევან ხატიაშვილმა .
_________________________
[1] 1 თეს. 5: 17.
[2] იგულისხმება, რომ ადამიანი ლოცვაში ერთიანად, მთელი არსებით უნდა იყოს ჩართული. სხვა შემთხვევაში ლოცვას ჭეშმარიტს ვერ ვუწოდებთ.
ამასთან დაკავშირებით იხ.: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=279715789483281&id=253536982101162
[3] ესე იგი, გულის სიღრმიდან, უშინაგანესი ადგილიდან.
წმინდა გრიგოლ პალამა თავის თხზულებაში: "წმინდა ისიხასტთა დასაცავად" მეორე სიტყვაში ახსენებს, რომ: "გული" მთელი [ადამიანური] მყოფობის მეწინამძღვრეა; იქ არის გონება და სულის მთელი აზრები/გულისსიტყვები“ (Βλ. Φιλοκαλία, τόμος Δ, ἔκδοσις Το Περιβόλι τῆς Παναγίας, 1987, σ, 281). აქ წმინდა მამა ტერმინით „გული“ (καρδιά), არა ფიზიკურ გულს, არამედ მის სიღრმეს (βαθεῖα καρδία) გულისხმობს.
[4] ლკ. 10: 27; მთ. 22: 37-39; მკ. 12: 30-31.
[5] η μονολόγιστη - იგულისხმება მოკლე, ლაკონური ლოცვა.
[6] η συγκέντρωση - კონცენტრაცია, კონცენტრირება, მოკრება, შემოკრება, შეკრება, შეგროვება ცენტრალიზაცია, თავმოყრა.
[7] სულიერი მღვიძარების მნიშვნელობისა და რაობის შესახებ იხ.: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=262958407825686&id=253536982101162
[8] Φιλοκαλία (ფილოკალია) - მშვენიერებათმოყვარეობა.
[9] ο ομορφότερος - ულამაზესი, უმშვენიერესი.
[10] το κάλλος - მშვენიერება, მშვენება, სილამაზე, სიკეთე.
[11] აქ ავტორი ლოცვის არასწორად წარმართვის საფრთხეებზე საუბრობს. შესაძლოა გვეგონოს, რომ ლოცვაში მართებულად და ღვთის სათნოდ ვმოღვაწეობთ, მაგრამ სინამდვილეში სიცრუის მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. ერთი სიტყვით, ყალბი ლოცვა შესაძლოა ჭეშმარიტად მივიჩნიოთ და საცდურში, ე. წ. ხიბლში აღმოვჩნდეთ.
[12] θεοείδεια - ღმრთისსახოვანი, ღმერთის მსგავსი.
[13] η εξωτρέφεια - გარეგანისკენ, გარეგნულისკენ მიმართვა; გარემიმართულება, გარეგანზე ორიენტირება.
ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ლევან ხატიაშვილმა.
წყარო: http://www.pemptousia.gr/…/ti-ine-i-noera-ke-kardiaki-pros…/