суббота, 27 июля 2024 г.

ვისაც ცოდვის ეშინია, ის არ განიცდის შიშს ეშმაკის მიმართ.

ვისაც ცოდვის ეშინია, ის არ განიცდის შიშს ეშმაკის მიმართ.

 




საუბარი ღმრთისადმი მინდობაზე, რომელიც ჭეშმარიტების ცოდნიდან და ჭეშმარიტი რწმენიდან იბადება. და სულის კეთილი გულმოდგინების შესახებ. და  იმის შესახებ, რომ თუ სული ბუნებრივად წარმართავს თავის მოშურნეობას, ადამიანში აღარ რჩება არანაირი სხეულებრივი აღძვრა .

 

1.      ვისაც ეშინია ცოდვის, მას არ ეშინია სატანის. და ყველას, ვისაც სწყურია ნიჭები, არ ეშინია ცდუნებების. და ვისაც მტკიცედ სწამს, რომ ღვთის ხელი(განგება მ.მ) მართავს სრულიად მის ქმნილებას, არაფრით არ ძრწუნდება და არ ეძლევა დარდს.

2.     რამეთუ ჭეშმარიტების შეცნობა გულს სიმშვიდით ავსებს და აძლიერებს ადამიანს რწმენასა და სიხარულში . მისი (ღვთის სულის) რჩევები დიდებული და მშვენიერია : ისინი ჭეშმარიტია და თვალთა განმანათლებელი ( საუბარია უპირველესად სულიერ თვალზე, რომელიც განწმენდილ გულში აღიხილება მ.მ).

3.     « ადამიანს ეუბნებიან: „ნუ ღელავ, რადგან ქმნილება ბედის ანაბარა არ არის მიტოვებული და არც თავისი ნებით არ მოძრაობს; მას ჰყავს მეგზური, რომელსაც არც სძინავს და არც თვლემს; და არ ივიწყებს არც ერთ მის ქმნილებას »

4.     ამაო გულისთქმები და უმეცრება ადამიანს ცხოველს ამსგავსებს, ართმევს რა მას რწმენას და უმღვრევს რა გონებას, მას, გაფანტული გულისთქმებით ავსებს. რადგან,  რწმენისაგან განძარცვა ადამიანს ართმევს  ჭეშმარიტ ცოდნას ღმერთზე და  იმგვარ მინდობას მისდამი, რომელიც მას ყოველ წამს უნდა ჰქონდეს.

5.     ამ განსაცდელების ჟამს, როდესაც ადამიანი ასე დაბნელებულია, ლოცვით უნდა დაეცეს პირქვე და არ ადგეს მანამ, სანამ ზეციდან ძალა და სინათლე არ მოიწევა, რაც გულს  განამტკიცებს ურყევ რწმენაში მისდამი, ვინც სიცოცხლეს  მოძრაობას მისცა და სულს სუნთქვა. მისი ძალა არც ისე მცირეა, რომ ადამიანმა ვერ იგრძნოს და ვერ დატკბეს მისით . დაე თაყვანისცემული იყოს ის,  რომელიც თავის მოქმედებათა მონაცვლეობით აღგვძრავს მის შესაცნობად, ისე რომ განვიბრძნობოდეთ მისით, როგორც კეთილდღეობაში, ისე განსაცდელების დროს.

6.     როდესაც ღმერთის იდუმალი და ყოვლადძლიერი მარჯვენა ადამიანში რწმენის იმ წმინდა მოქმედებას აღძრავს, რომელიც უეცრად აენთება მასში ისეთ დროს, როდესაც ადამიანი ხიფათში იმყოფება და ისეთი განცდა ეუფლება ამ დროს მას, რომ თითქოს ათასობით შეიარაღებული ადამიანი შემორტყმია  გარს და იცავს; რადგან, უამრავი რწმუნებულება აღიძვრება ამ დროს მასში, რომლებიც კეთილი და ღვთივსათნო ზრახვების ნაშობია : ისინი მოწმობენ ღმრთისმიერ შეწევნაზე ადამიანისადმი და იმაზეც, თუ რამდენად ახლო კავშირშია მასთან დღე და ღამე ( ღვთის სული ადამიანთან), ამიტომ აღარ არის მისთვის საჭიროება ეშინოდეს ადამიანების, დემონების, ველური მხეცებისა თუ ქვეწარმავლების. რამეთუ, როდესაც შევუერთდებით ღმერთს ძლიერი სიყვარულით, მაშინ ყველა ზემორეთაგანი ჩვენი სარგებლის მსახურნი ხდებიან და შეუძლებელია, რომ გვავნონ, პირიქით, ისინი როგორც ღვთის ნების მსახურნი ჩვენთან ყოფნისას, სრულ უშფოთველობასა და სიმშვიდეს ეძლევიან.

7.     და ისევ, როდესაც რომელიმე დაუდევრობის შედეგად ბნელდება ადამიანის გონება და იწრიტება მასში წმინდა ნათელი, იმავ წამს განეშორებიან მისგან ეს სიკეთეები. და ასეთი ადამიანი, კვლავაც უგონო და განსჯას მოკლებული ხდება თავის ზრახვებში.  და სრულდება მასზე ნათქვამი : და თვალთა ჩემთა სინათლე - აღარც ის არის ჩემთან. (ფსალ.37); და : ჩემი ცხოვრება დილეგში დაღუპეს და ქვა მესროლეს.(იერ.გოდება 3:52).

8.     და, შესაძლოა, რომ ეს წმინდა მოქმედება განგენგებულებითი სახით აკეთებდეს ამას, რათა არ გაამაყდეს ადამიანი და მასში არსებული ძალა და სიმშვიდე, თავის საკუთრებად არ ჩათვალოს. თუმცა კი, დრო და დრო მას ტოვებს ეს განცდა და ის სუსტი და უძლურდი ხდება, მაგრამ მერე კვლავაც ბრუნდება ადამიანთან (სულიწმინდის მადლი) და კვლავ განაძლიერებს მას და შეეწევა. ის არ უნდა ვიფიქროთ, რომ სულიწმინდა მართლაც განეშორება ასეთ დროს ადამიანს, როდესაც მასში ეს ცვლილება ხდება, არამედ სრულიად არ განეშორება რა მას, თითქოს ფარავს თავის თავს შეწევნისა და ნუგეშის არ მიცემით და ადამიანის სულიც, მეყვსეულად სუსტდება და იტანჯება. მაგრამ , მერე ის კვლავ იდუმალი სახით უცხადებს თავს ადამიანის სულს და ანიჭებს ძალას, ანუგეშებს, აძლიერებს და ამხიარულებს.

9.     ღვთის განგენბულებითი ცვლილებების შედეგად, ამგვარად განისწავლება ნეტარი სული.

10.   ეს ცვლილებები, იმიტომ ხდება ადამიანში,რომ ის მუდმივად სიმდაბლეში იმყოფებოდეს ( საკუთარი უძლურებების გაცნობიერებით მ.მ).

11.   ამგვარად, მოღვაწეობრივი(ასკეტირი, საკუთარი თავის დამორჩილება ქრისტეს მცნებებისადმი) ცხოვრების ყველა დროსა და საფეხურზე ღვთის შეწევნა და საკუთარი სისუსტეების განცდა მონაცვლეობით მყოფობენ ადამიანში. ხდება ისე, რომ მასში, ქალწულების, სიწმინდის, კეთილი ზრახვების წინააღმდეგ გაიმართება დიდი ბრძოლა და კვეთება; ისიც ხდება, რომ სიხარულისა და მწუხარების მდგომარეობები ენაცვლებიან ერთმანეთს. ჟამითი ჟამად ადამიანს ნათელშემოსილი და სიხარულევანი მდგომარეობა მოიცავს, მერე უცებ რუხი ღრუბელი და სიბნელე შემოეჭრება. ხან , რაღაც საიდუმლოებრივი გაეხსნება ხოლმე ღვთაებრივი ჭეშმარიტებებიდან და განგებულებიდან. ასეთ ცვალებადობებს განიცდის ადამიანი, რომელიც ღვთის მსახურებაში იმყოფება. ზოგჯერ გრძნობს შეწევნას ღვთაებრივი ძალის მიერ, რომელიც მოულოდნელად წარმოიშვება გონებაში; ზოგჯერ კი ამის საპირისპირო მდგომარეობას განიცდის, რომლის მიზანდასახულობაც იმაშია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს მისი ბუნების უძლურება და ავადობა, თუ რამდენად სუსტია ის,რამდენად  ჩვილებრი და უმწეოა, თუმცა ამასთან ერთად, როგორ ელვისებურად შეუძლია მას წარემატოს შემეცნებაში, დიდებული და საკვირველ საიდუმლოებათა ჭვრეტის საქმეში.

12.   ასეთია ღვთის საქმეები და ასეთია მისი  განგებულებისმიერი შეწევნითობა რომელსაც მისი ნება წარმართავს ადამიანთან მიმართებით. მაგრამ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ როდესაც მივეჯაჭვებით რომელიმე ცოდვას საქმეში თუ ზრახვაში, მაშინ უფალი უბრძანებს რომელიმე ამ განმცდელთაგან ერთ-ერთერთს ( პედაგოგიური ტკივილის მომყენებელთან), რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი : ისინი, რომლებიც, სანამ ჩვენ სწორი და სარწმუნო გზით წარვემართებოდით და სანამ ჩვენი ნება მთლიანად სათნოებისაკენ იყო მიმართული იდგნენ ჩვენს სამსახურში, სწორედ მათ მიერვე ვიქნებით ტკივილმოყენებულნი (პედაგოგიურად), რათა ამა თუ იმ სახით, არ განვეშოროთ უფალს .

13.   ახლა კი, ღვთის მადლისმიერი შეწევნით, დავასრულებთ თხრობას ამის შესახებ და მივუახლოვდებით მისი ბუნების სიმდიდრეს, მისი შემოქმედების ოკეანეს და მისი მყოფობის და დიდებულების ტალღებს, ამინ !


წმ. ისააკ ასური.



თარგმანი : მ. მთაწმინდელი.

пятница, 5 июля 2024 г.

სიტყვა 7-ე. მარხვის შესახებ.

  წმ. მარკოზ მოღვაწე - მარხვის შესახებ 7-ე სიტყვა.





    ის, ვინც თავისი კეთილი ნებით შეუდგა მოღვაწეობას ( სათნოების შემოსვის ღვაწლს),მან საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ახალგაზრდებსა და მოხუცებს, რომლებსაც  ჯანსაღი სხეული აქვთ და არ ეშინიათ არც შრომისა და არც ბოროტად გაღიზიანებისა ( რაც ხშირად ახლავს მოღვაწეობას, თუ მოღვაწე მზად არაა საამისოდ მ.მ) , უფრო სასარგებლო და მტკიცეა, რომ მთელი გულმოდგინებით  უყვარდეს მუდმივი მარხვა: ზომიერად იხმიოს პური და ჟამითი ჟამად იხმიოს წყალი ( საზომისამებრ); რათა ისე დაასრულოს ვახშამი, რომ გარკვეულწილად შიმშლს და წყურვილს განიცდიდეს, რომ საჭმლითა და სასმლით მიღებული სიამოვნება არ გაუხდეს წინაღობად ღვთისმსახურების გზაზე. რადგანაც, თუ ჩვენ , რომელიმე საკვების მიღებისას მოვისურვებთ მისით დანაყრებას, მაშინ მალევე , მივეცემით მოწყინებას და კიდევ სხვა რამეს მოვისურვებთ ; და როდესაც ამასაც მივიღებთ და მისით დავნაყრდებით პირველის მსგავსად, მაშინ კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოს მოვინდომებთ ; და თუ იმასაც მივიღებთ და დავეწაფებით, მაშინ ამასაც არ დავჯერდებით წინამორბედთა მსგავსად და კიდევ სხვას დავუწყებთ ძებნას, რამდენადაც კვლავაც მოპოვებულს არ დავჯერდებით . ( საუბარია ხორციელი სიამეების ძიებაზე და მასში კმაყოფილების პონის სურვილზე მ.მ). და შეუძლებელია ისიც, რომ ნუგეშისა და კმაყოფილების მოპოვება უფრო მეტად გემრიელი საჭმლით შევძლოთ, ვიდრე მარხვით, რადგან ჭეშმარიტი დანაყრება ამ უკანასკნელშია. რომელი საკვები იყო მანანაზე ძვირფასი? მაგრამ როცა ისრაელიანებმა შეჭამეს და დანაყრდნენ და უკეთესს თითქოს და ვერაფერს მოისურვებდნენ, მაშინ ყველაზე უარესი - ნიორი,პრასი და ხახვი მოისურვეს (რიცხვ. 11:5). აქედან ცხადი ხდება ის, რომ დანაყრებაში სხვა რაღაცის მოხვეჭის სურვილი მდგომარეობს. მაშ ასე, თუ ჩვენ დავნაყრდებით რა პურით  და ამ დროს, მაინც სხვა რამეს მოვისურვებთ , მაშინ იმის მიღებითაც  ვერ მოვიპოვებთ კმაყოფილებას ( დანაყრებას)  , რათა მუდამ (ნებსით) შიმშილის განმცდელნი მხოლოდ პურით დანაყრებას ვლამობდეთ და ასე  მოვერიდოთ იმ ზიანს, რომელიც წარმოსგდება დანაყრების (კმაყოფილების მოხვეჭის ) სურვილიდან და ამის ნაცვლად ღვთის სიმართლე მოვიხვეჭოთ. მაგრამ შესაძლოა ვინმე მათგანმა, ვინც უფრო ზარმაცად არის მიდრეკილი მარხვისკენ, თქვას : « განა ცოდვაა ადამიანისათვის, რომ საჭმელი იხმიოს?» მაგრამ , ჩვენ მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ არა იმიტომ, რომ საკუთრივ ეს არის ცოდვა ( ჭამა),არამედ როგორც ცოდვის შედეგის მქონეს; რამეთუ ებრაელებმა იმით კი არ სცოდეს, რომ ისურვეს, არამედ იმით, რომ სურვილის შედეგად გმობდნენ ღმერთს და ჩავარდნენ რა უღირსებაში, ამბობდნენ: «და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?»- და ამის შემდეგ, როდესაც ღმერთმა გაუმართა მათ ტაბლა, ღვთის რისხვამ დასცა მათ შორის ძლიერნი ( ფსალ.77:19,21,22,23). რათა ცოცხლად დარჩენილთ და კიდევ სხვა საჭმლის მსურველთ კვლავაც არ ედრტვინათ ღმერთზე და არ დაღუპულიყვნენ სხვათა მსგავსად. არ არის ადვილი გაუმაძღარ მუცელს ლაგამი ამოსდო , რადგან ის არის ღმერთი მისით ძლეულთათვის და შეუძლებელია უდანაშაულო იყოს ის, ვინც მას ემორჩილება. და არა მხოლოდ ნაყროვანებისგან, არამედ საჭმლის მიუღებლობისაგანაც ვხედავ უბედურებას, რადგან როდესაც რამოდენიმე დღის განმავლობაში არ ვიღებთ საკვებს, მაშინ მოწყინება ადვილად იპოვის ჩვენში ადგილს, დაგვეუფლება და ჩვენს ღამისთევას შეაფერხებს ძილისაკენ მიდრეკით, ხოლო დღის ლოცვებს- ხორციელ გულისთქმებს მოგვრის, ასე რომ ჩვენ ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებთ ძილის მიზეზით და ასევე დიდ ზიანს ვიღებთ ხორციელი გულისთქმებისგან, რადგან, როგორც სხვებზე მეტად და დიდხანს მმარხველნი ,ვიწყებთ ცხვირის აწევას, თავმომწონეობას , ამპარტავნებას და სხვათა დამცირებას( განკითხვას, ვინს ასე არ მარხულობს მ.მ)ეს კი( აზრი საკუთარ თავზე და მოყვასზე) ყოველგვარ ცოდვაზე მძიმეა. როგორც უგუნური გლეხი, თუ ის დიდი დანახარჯების ფასად დაამუშავებს მიწას და მასში თესლს არ ჩათესავს, თავისი თავს ზარალს მოუტანს ამგვარი უაზრო და განუსჯელი შრომით, ასევე ჩვენც, თუკი დიდი შრომის ფასად დავიმორჩილებთ სხეულს, მაგრამ არ ჩავთესავთ მასში ლოცვის თესლს, გამოვა, რომ საკუთარი თავის საზიანოდ ვიშრომეთ. მაგრამ, შესაძლოა ვინმემ თქვას : « თუ ლოცვაში მდგომარეობს სიმართლის მთავარი საკეთებელი, მაშინ მარხვის რაღა საჭიროებაა?» ყოვლითურთ დიდია საჭიროება, რადგან როგორც ღარიბი მიწათმოქმედი, თუკი დათესავს ისეთ ყანაში, სადაც სარეველაა ამოზრდილი და უპირველესად არ დაამუშავებს მას, მაშინ ის ხორბლის ნაცვლად სარეველას მოიმკის, ასევე ჩვენც, თუკი დავთესავთ ლოცვის თესლს ისე, რომ ჯერ  არ მოვაუძლურებთ (დავიმორჩილებთ) სხეულს მარხვით , მაშინ სიმართლის ნაცვლად, ცოდვის ნაყოფს მოვიმკით. რადგან ეს სხეული, იგივე მიწისგან არის, და თუ არ იქნება დამუშავებული ასეთივე გულმოდგინებით, როგორც მიწა, არასოდეს ამოიზრდება მისგან სიმართლის ნაყოფი. ის, რაც ადრე ვთქვით, არ იყო ნათქვამი მარხვისგან სარგებლობის მიღების მსურველთა დასაბრკოლებლად, არამედ გაფრთხილების მიზნით მათდამი , ვისაც არ სურს არასწორი მარხვით (მიდგომით) საკუთარ თავს ზიანი მიაყენოს, რადგან როგორც გონივრულად მმარხველთათვის არის მარხვა სასარგებლო, ასევე უსარგებლო და საზიანოა მათთვის, ვინს მას განუსჯელად და არაგონივრულად იწყებს. ამიტომ, ვინც მარხვისაგან სარგებლობის მიღებაზე ზრუნავს, ის ასევე უნდა უფრთხოდეს მისგან ზიანის მიღებას, ანუ ამპარტავნებას, და პურს, რომელსაც ვიხმევთ ჩვენს მიერ განსაზღვრული მარხვის ბოლოსკენ, უნდა გავანაწილოთ დღიური პორციის მიხედვით, რათა, ყოველდღე შევჭამთ რა ცოტ-ცოტას, შევძლოთ ჩვენი ხორცის სათანადოდ დათრგუნვა და გულის შემოსვა სასარგებლო ლოცვით, და ამგვარად ღვთის ძალით დაცულნი ვიყოთ თავის მზვაობრობისგან, სიამაყისგან და მხოლოდ ერთი საზრუნავი გვქონდეს-ვიმყოფებოდეთ ღვთაებრივ სიმდაბლეში, რომლის გარეშეც ვერავის ძალუძს სათნოეყოს ღმერთს. ჩვენ, რომ სიმდაბლეში ყოფნაზე გვეზრუნა, მაშინ აღარ იქნებოდა საჭიროება ჩვენი სასჯელის ქვეშ ყოფნისა, რამეთუ ყველა ბოროტება და სატანჯველი, რომელიც ჩვენ შეგვემთხვევა , ჩვენი სიამაყის გამოა. თუკი თავად მოციქულზეც კი, რათა არ გაამაყებულიყო «თავს რომ არ გამსვლოდა გამოცხადების უჩვეულობით, ჩემდა საწამებლად მომეცა ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი, რათა დაეთრგუნა ჩემი ზვაობა." (2კორ.12:7) სატანის ანგელოზი დაეშვა, მითუმეტეს ჩვენზე, როდესაც ზესთამჩენობაში (ამპარტავნება და სიამაყე) ვართ, თავად სატანის ანგელოზი დაიშვება, რათა დაგვთრგუნოს, სანამ არ დავმდაბლდებით. ( არსებობს სიმდაბლე, როგორც მდგომარეობა და დამდაბლება, როგორც არჩევანი. პირველი, მეორის შედეგია, სიმდაბლის საქმეს ირჩევს ნებით ადამიანი, ხოლო მდგომარეობას მადლი ანიჭებს მ.მ). ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ სახლები, ჰქონდათ სიმდიდრე, ჰყავდათ ცოლები, ზრუნავდნენ შვილებზე და ამავდროულად, მათი უკიდურესი თავმდაბლობის გამო ღმერთს ესაუბრებოდნენ, მაგრამ ჩვენ განვეშორეთ ამ სოფელს , ზურგი ვაქციეთ სიმდიდრეს, დავუტევეთ ჩვენი სახლები, და გვგონია ღმერთში მყოფობთ, თუმცა ხშირად ვართ დათრგუნულნი და შეგინებული ეშაკთა მიერ ჩვენი სიამაყისა და მზვაობრობის გამო. ის, ვინც თავს იმაღლებს, სინამდვილეში არ იცნობს საკუთარ თავს, რამეთუ თუ ის იხილავდა თავის უგუნურებას და უძლურებას, არ დაიწყებდა მზვაობრობას.. ხოლო , ის ვინც საკუთარ თავს არ იცნობს, როგორ შეძლებს ღვთის შემეცნებას? თუ ადამიანი საკუთარ გონებაწარხდილობას, უძლურებას ვერ სცნობს, რომელშიც იმყოფება, მაშ, როგორღა შეძლებს ღვთის სიბრძნის შეცნობას, რომლისგანაც ის უცხო და შორს მდგომია? ღვთის მცნობელი მის დიდებას ჭვრეტს და კიცხავს რა საკუთარ თავს, ნეტარი იობის ,მსგავსად ხმობს: «ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.  ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.» (იო.42:5,6). ასე, რომ  ვინც იობს ბაძავს, იცნობს მას. ამიტომ, თუ ჩვენ იობის მსგავსად გვსურს ღვთის ხილვა, გავკიცხოთ ჩვენი თავი, დავამდაბლოთ ის( არ იგულისხმება თვითგვემა, პიროვნების ღირსებისაგან განძარცვა,არამედ საკუთარი ბუნების შემეცნება, საკუთარი დაცემულობის ცოდნა და საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა მ.მ) , რათა ჩვენ არა მხოლოდ ვიხილოთ იგი ჩვენს წინაშე, არამედ რათა ჩვენში ჰგიებდეს , როგორც განსასვენებველში და ვნეტარებდეთ მასში ყოფნით; რადგან მხოლოდ ამგვარად შეიმოსავს ჩვენი სისულელე მის სიბრძნეს და ჩვენი უძლურება , ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძლიერებით აღიბეჭდება. ვითხოვოთ უფლისგან, რომ ზეჭარბად მოგვანიჭოს ეს ნიჭები, რათა თავად უფალიც განდიდდეს ჩვენში და შემუსროს ჩვენი მტერი-ეშმაკი, რამეთუ მისია დიდება, თანა მამით და სულიწმინდით, უკუნისამდე, ამინ!