вторник, 7 октября 2025 г.

მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის მოგონება დედა გალაქტიაზე.

 


2021 წლის 20 მაისს, ღვთივ განისვენა ნეტარმა (დედა)გალაქტიამ, რომელიც კუნძულ კრეტაზე, სოფელ პომპია-მოირესში ცხოვრობდა. მისმა გარდაცვალებამ ღრმად დამამწუხრა, რადგან მე მას, მამა ანტონიოს ფრაგაკისის მხრიდან ვიცნობდი, რომელიც ბოლო 10 წელია, რაც გორტინას მიტროპოლიის მქადაგებელია. მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს.

ღვთის განსაკუთრებულ კურთხევად მიმაჩნია დედა გალაქტიასთან შეხვედრა, ძირითადად იმიტომ, რომ მან, როგორც თავისი შვილი, ისე მიმიღო და, რა თქმა უნდა, მეც, როგორც დედა, ისე მივიღე იგი. აქამდე ამაზე არავისთან მისაუბრია, გარდა რამდენიმე ადამიანის, მაგრამ ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ამის შესახებ საჯაროდ მოვყვე.

პირველად ჰერაკლიონში (კრეტაზე) შევხვდით, როცა ის ჩემთან შესახვედრად მოვიდა 2013 წლის აპრილში, და მეორედ მე თავად ვეწვიე მას სახლში, რომელიც სამონასტრო კელიის მსგავსად იყო მოწყობილი. შემდეგ ჩვენ გავისეირნეთ კუდუმას მონასტრისკენ და გზაში მრავალი საღვთისმეტყველო და სულიერი საკითხი განვიხილეთ.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონზე სხვადასხვა სულიერ საკითხებზე. ძალიან ხშირად ჩემი ცხოვრების სხვადასხვა გარემოებებს ხედავდა მისი სულიერი თვალით, რომელსაცგული,როგორცსულიერ ტელევიზორუწოდებდა ხუმრობით. ის ყველაფერს  აბსოლუტური სიზუსტით ხედავდა.

ღმერთმა მას მჭვრეტელობისა და წინასწარხედვის დიდი ნიჭი უბოძა, რომელიც (თავის მხრივ მ.მ) ემპირიული გამოცდილების ნაყოფი იყო.

მას წმინდა პორფირიოსივით აღიქვამდნენ, რის გამოც ვიღაცამ მასბერი პორფირიოსი“-ც კი უწოდა.

ის ძალიან მდაბლად ხსნიდა, რომ ღმერთმა დაინახა, როგორ იყო იგი ჩაკეტილი საკუთარ სახლში, და მისცა მას კურთხევა, რათა სხვადასხვა მოვლენა დაენახა და ამით ნუგეში მიეღო.

იგი ხშირად ეუბნებოდა მამა ანტონს, თუ როგორ მხედავდა მე მიტროპოლიის კაბინეტში მჯდომს, მხედავდა, როგორ ვწირავდი, რა ფერის შესამოსელი მეცვა მსახურებისას. მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როცა ეს მოვისმინე, რამდენადაც ყველა დეტალი სწორი იყო და შესაბამისობაში სინამდვილესთან.

მე ძალიან მიყვარდა და დიდ პატივს ვცემდი მას, ის კი საკუთარ შვილად მთვლიდა და ჩემდამი სულიერი დედობის გრძნობით იყო განმსჭვალული, რადგან მრავალი გზით ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ტელეფონით ვსაუბრობდით ღმერთზე და გონისმიერ (იესოს) ლოცვაზე. ჩვეულებრივ, მე ვურჩევდი ამ საკითხებში გარკვევასა და ჩაღრმავებას, ვესაუბრებოდი გონისმიერ/გულისმიერ ლოცვაზე, ხოლო ის თავს არიდებდა ამ თემებზე საუბარს და უმეტესად ამბობდა: „ჰო, შვილო, ასეა ზუსტად.“ ჩვენი სატელეფონო საუბრისგან მიღებული სიხარული მამა ანტონიოსთვის გაუზიარებია, როცა ის მას სახლში ესტუმრა.

იმის გამო, რომ გერონისა (დედა) გალაქტია მამა ანტონიოსს უყვებოდა სხვადასხვა სულიერ მდგომარეობებზე, მან (. ანტონიმ) მოუწოდა მას, რომ მოეწერა ჩემთვის ამ მდგომარეობების შესახებ, რომ მე შემძლებოდა თეოლოგიური განმარტებების მიცემა ამ ყოველივეზე. ამრიგად, 2014 წლის 22 თებერვალიდან და 2015 წლის 11 სექტემბერამდე მან 9 წერილი მომწერა, რომლებსაც შესაბამისად ვუპასუხე. მისი წერილები გულწრფელი და გულახდილი იყო. ის თავის ზოგიერთ გამოცდილებას მწერდა იმისათვის, რომ ჩემი აზრი გაეგო, მაგრამ რეალურად პასუხები არ სჭირდებოდა.

ეს საღვთისმეტყველო შინაარსის წერილებია, რომელიც 25 გვერდს მოიცავს, რისთვისაც ვმადლობ ღმერთს, რომელმაც ღირს მყო მეუღირსიდედა გალაქტიასთან ამგვარი ურთიერთობისა. დედა გალაქტიამ თავისი ხელით დაწერა ეს წერილები დიდი სიმდაბლით, ღრმა სიყვარულითა და წმინდა გულით.

შესაფერის ჟამს ეს წერილები იხილავენ დღის სინათლეს, რათა განდიდდეს უფალი დიდებისა და ნათლისა.

უკანასკნელი წერილის შემდეგ (2015 წლის 9 ნოემბერი), მას აღარ ჰყოფნიდა ძალა, რომ მიმოწერა გაეგრძელებინა. მოგვიანებით გადაიტანა რამდენიმე ინსულტი და ავადმყოფობის ამ ბოლო ეტაპზე მისი გონება სრულყოფილად ვეღარ ფუნქციონირებდა. თუმცა, ამ მდგომარეობის მიუხედავად, მისი სულიერი — [ნოეტიკური] — ენერგია სიფხიზლეს არ კარგავდა: ამ გონით [გონისმიერით] ის ნათლად ხედავდა ყოველივეს და მათ, ვინც მასთან მიდიოდა, უშუალოდ უმხელდა მათსავე გულში დაფარულს.

ცხოვრების განმავლობაში მას ღრმად ჰქონდა გაცნობიერებული წმინდა მამების მიერ ხაზგასმული განსხვავება გონებასა [ინტელექტს] და გონს [ნუსიბერძნ.] შორის. და როცა ფიზიკურად ტვინი ვეღარ მოქმედებდა კარგად, მიღებული ინსულტების შედეგად, მისი გონი [ნუსი], როგორც სულის თვალი, იყო წმინდა და გამჭრიახი, რომლითაც ის ყოველივეს ნათლად ჭვრეტდა.

ავადმყოფობის ჟამს მან ასევე მიიღო დიდი ანგელოზური სქემა, აღიკვეცა მონაზვნად გალაქტიას სახელით და გახდა კალივიანას დედათა მონასტრის  წევრი.

 

1.     დედა გალაქტიასთან შეხვედრა:

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნის განმავლობაში ვიცოდი მის შესახებ, ჩვენი პირველი შეხვედრა 2013 წლის 14 აპრილს შედგაჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული პერიოდის დროს, როცა საჯაროდ მაბრალებდნენ მონაზვნობისადმი ანტაგონისტურ განწყობებს. ეს ამბავი ჰერაკლიონის შემოგარენში არსებულ ერთ-ერთ ეკლესიაში ხდებოდა, ხოლო თავად დედა გალაქტია სოფელ პომპიადან იყო მოსული, რომელიც კრეტის სამხრეთში მდებარეობს.

შეხვედრამდე ნანახი მქონდა მისი ფოტოები და ტელეფონითაც არაერთხელ მისაუბრია მასთან, შემდეგ კი დავინახე მოხუცი ქალისათნო და კეთილშობილი მანერებით, მცირე ტანისა და გამხდარი, 32 კილოგრამი, როგორც თავად მითხრა. საუბრიდან და ზოგადად, ჩვენი ურთიერთობიდან მივხვდი, რომ წმინდა პორფირიოსს ჰგავდა.

ვგრძნობდი, რომ ერთგვარისულიერი ტელევიზორიჰქონდარასაც სურდა, ხედავდა, მაგრამ ამავდროულად, მისი ბაგეები სიტკბოებას გამოსცემდნენ. ტელეფონზე საუბრისას არაერთხელ მითხრა, რომ მხედავს კაბინეტშიროგორ ვკითხულობ ამა თუ იმ წიგნს, როგორ ვფურცლავ, შემდეგ ვჩერდები, სკამის სახელურს ვეყრდნობი და ვისვენებ, როგორ ვიძნებ და როგორ წარმოვთქვამ ლოცვას... ყოველი ეს დეტალი ზედმიწევნით აღმიწერა.

ეს საუბარი ვიდეოზე აქვს გადაღებული მამა კალინიკე გეორგატოსს, რომელიც თან ახლდა მას და რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ აღნიშნული ჩანაწერიდან. შესავალი სიტყვები აბსოლუტურად მას (დედა გალაქტიას) ეკუთვნის.

იგი საუბრისას ცდილობდა, რომ დაემალა მისი ტალანტები, არ ეჩვენებინა, თუ რა ხდებოდა მის შინაგან სამყაროში, თუმცა ეს არ გამოუვიდამისდაუნებურად თავის ნიჭებს ავლენდა. სრულიად აშკარა გახდა ჩემთვის, რომ მას ჰქონდა ღრმა თვითშემეცნება. იგი თვლიდა, რომ ყველაზე ცოდვილი იყოისეთი, რომ თვით ნიუ-იორკის კანალიზაციიდან ბინძური წყლის დალევის ღირსიც არ იყო. მითხრა: „მე ყველაზე ცოდვილი ვარ ამქვეყნად, რადგან ცოდვები ჩავიდინე, მაგრამ ერთ დროს ჩემს თავს ვუთხარი: ‘არ გრცხვენია? წადი და სამების ხატის წინაშე ითხოვე შენდობა, რათა ცოტათი მაინც შეიცვალო.’ სინანულიეს არის სიყვარული და პატივისცემა ღვთის მცნებებისადმი, ეს არის გონების რადიკალური ცვლილება. უფალს ვეუბნებოდი: ‘მე მხოლოდ სინანული და ჩემი ცოდვებისთვის მოტევება მსურს, სხვა არაფერი.’“

ღამით ის ყველასთვის ლოცულობდაპირველ რიგში სასულიერო პირებისთვის, შემდეგ წყვილებისთვის, თავისი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის. ამავდროულად მითხრა, რომ ნავპაკტოში მხედავს ხოლმე არა სხეულის (ფიზიკური) თვალებით, (რადგან ასეთ რამეს დიდებულ საჩუქრად მიიჩნევს ი.ვ), არამედ სულის თვალებით და თან არ ესმოდა ის, რომ ეს უკანასკნელი პირველზე აღმატებულია.

მან რადიოთი მომისმინა, როდესაც 2012 წლის 12 დეკემბერს ვსაუბრობდი პირეოსის წმინდა სპირიდონის ეკლესიაში. მაგრამ ამავდროულად, მან სულის თვალებით დამინახაისიც კი იცოდა, თუ როგორი შესამოსელი მეცვა, და მითხრა: „გხედავდი იქ, მშვენიერ კარიბჭესთან მდგარს.“ ასევე თქვა: „სულის თვალებს დიდებული უნარი აქვს, მას დიდი ძალა აქვს.“

შესაძლოა, ღმერთმა მისცა მას ეს მადლი, რომ ენახა ის, რაც სურდა, რადგან თვითონ სახლში იყო ჩაკეტილი და ვერ გადიოდა გარეთ.

ამ შეხვედრაზე მან უბრალოდ ეკლესიის თეოლოგია გამოხატა. ის გულზე საუბრობდა. მან თქვა, რომ ღვთის ნათელი გულიდან მოდის და მთელი სხეული ამ ნათლით იფარება. მან თქვა:
გული არის ადამიანის და ღვთის მადლის შეხვედრის ცენტრი“ (მან ცისკენ მიუთითა). „მას არ აქვს საზღვარი, არ აქვს დასასრული, არ აქვს... არაფერი.“
                                        ******************

დიახ, გულს აქვს თვალები. ეს თვალები“ (მან თავის ფიზიკურ თვალებზე მიუთითა) „მწარეა. მაგრამ, არაგულის თვალები.“
გული ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანში, რომელითაც ის ღმერთს უახლოვდება (შეიცნობს).“
არსებობს გონებაც, მაგრამ ჯერგულია. ის ყველაფერს გამსჭვალავს.“
ღამით გული საუბრობს, დილით კი ავიწყდება ეს სიტყვებიმხოლოდ სიხარულიღა რჩება.“

ამ ნათელს თეთრი ფერი აქვს, მაგრამ გარკვეული შეფერილობა დასდევს ღია ლურჯისა და ღია იასამნისფერისა. „თვით ფრჩხილებიც კი ამ ნათლით ხდება მოცული“. ეს ნათელი უსაზღვროა, უსასრულო... როგორ ვთქვა... ის არა ცასავით დიდია, არამედ უფრო დიდიც კი... საზღვარს ვერ იპოვი, ვერ მოიხელთებ... ამ ნათელს არა ხორციელი თვალებით, არამედ გულით ვჭვრეტ.“

მან დაინახა დემონები, რომლებსაც საშინელი სუნი ასდიოდათ, უბრალოდ ყარდნენ... თუმცა, როგორც კი მოუხმო მთავარანგელოზ მიქაელის სახელს, რომლის ხატიც საწოლთან ედო, ისინი მაშინათვე გაუჩინარდნენ.
თქვა: „როდესაც დემონები მოდიან, შენში გაურკვეველი შფოთი იბადება და გულისრევის სურვილი გიჩნდება მათ სუნზეისინი ურჩხულები არიან. მე ველაპარაკები მთავარანგელოზს, ვეფერები მის ხატს და ვეუბნები: ‘რას დგახარ ასე?’ და ის იღებს მახვილს და განდევნის მათ.“

როდესაც მას ვკითხეთ, თუ როგორი იყო მთავარანგელოზი მიქაელი, მან გვიპასუხა, რომ ის იყოგასაოცრად ლამაზი“, ძალიან მაღალი და ომ, ის მას მუდამ ძლიერ იცავდა. იგი  განსაკუთრებულ ურთიერთობაში იყო მთავარანგელოზ მიქაელთან 1960 წლიდან.

აგრეთვე დასძინა და მითხრა: „ჩემს შვილად გხედავ და თავს დედაშენად ვთვლი.“ ვუთხარი, რომ მეც იგივეს ვგრძნობდი მის მიმართ.

ერთხელ მან გაიგონა, როგორ დაფრინავდა მის სოფლის თავზე თვითმფრინავი, რომლის ძრავიც საშინელ ხმაურს გამოსცემდა. მაშინ შეხედა მთავარანგელოზ მიქაელის ხატს და შესჩივლა: „აქ რატომ ზიხარ ჩემს დასაცავად? იქ წადი, მფრინავთან, რომელიც განსაცდელშია და შენს შეწევნას საჭიროებს.“ მან მყისიერად იგრძნო, როგორ გამოვიდა ძალა ხატიდან, გაისმა ძლიერი ხმა და იმ წამსვე შეწყდა თვითმფრინავის ძრავის ხმაური. მეორე დღეს გაზეთებში წერდნენ, რომ თვითმფრინავის ძრავი პირდაპირ ფრენის პროცესში შეკეთდა და ამუშავდა, რის გამოც ჩამოვარდნას გადაურჩაო.

კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავუსვით ღმერთის შესახებ, მან თქვა, სხვა საკითხებთან ერთად, რომ ადამიანი ქრისტეს ნათელში ჭვრეტს, მაგრამ ამავდროულად ის ვერ ხედავს მამას, რადგან მისი ნათელი ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველია. მამა და ძე არ სხედან ტახტზე, როგორც ეს ხატებზეა გამოსახული, რადგან ისინი ღვთაებრივ ნათელში მყოფობენ. სულიწმინდა კი მოტყინარე და მოელვარე ჰაერივით არის, რომელიც მუდამ მიმოდაქრის და ქუხს.

ქრისტე ხილულია და მას სისხლიც აქვს, რადგან ქვეყნიერებამ იგი მატყუარად და ჯადოქრად აღიქვა. მაგრამ იგი არც მატყუარა იყო და არც ჯადოქარიარამედ ძე  ღმერთისა არს.“
სულიწმინდა სრულიად უხილავია, მაგრამ ის მოძრაობს სამყაროს გარშემო, ჩვენი თავების გარშემო ხმაურით, მაგრამ არავის ესმის მისი.“
მაგრამ ჩვენ, უნდა ვუსმინოთ სულიწმიდას, რათა მართალნი გავხდეთ. სწორედ ამიტომ მიმოქრის ის მთელს სამყაროში.“

დიდი ღმერთი უხილავია. „ის ძალიან კეთილია. სიყვარულია. მას უყვარს ცოდვილები და სწუხს მათ გამო. და ის ტოვებს მათ... ტოვებს, რათა სინანულში ჩავარდნენ. და როდესაც ჩავარდებიან სინანულში, მაშინ მას კიდევ უფრო ძლიერ უყვარს ისინი. ყველაზე მეტად, მონანული ცოდვილები უყვარს ღმერთს.“

მან აღწერა წმინდანთა სხეულების ზომებიროგორებიც არიან წმინდა სტეფანე, წმინდა დიდმოწამე ევფემია, წმინდა დიმიტრი, წმინდა გიორგი, წმინდა მარინა და სხვანი.

ასევე აღწერა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახე. ჩვენ ვგალობდით: „ნათელო მხიარულოდა ექსაპოსტილარიონს:
ნათელია მამა, ნათელია სიტყვა, ნათელია სულია წმიდა.“

ეპისკოპოსთა მოღვაწეობის შესახებ საუბრისას მან თქვა:
თქვენ ხართ მწყემსნი, რომლებიც წინ უძღვით სამწყსოს; თქვენ აძლევთ მაგალითს, ისინი გისმენენ და მიეახლებიან სინანულს. არ მსურს ჭორაობა და განკითხვა. მე თვითონ მჭირდება სინანული, ხოლო ლოცვარათა უფალმა სხვებსაც მიანიჭოს სინანულის მადლი და არა განკითხვა.“

ხოლო მათ შესახებ, რომლებიც სხვა რელიგიას მიეკუთვნებიან, ასეთი რამ თქვა მან: „ისინი, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვა რელიგიებს, გადარჩებიან არა რწმენით, არამედ საქმეებით.“

ტელეფონზე საუბრისას, თორმეტი დღის შემდეგ, ანუ 2013 წლის 25 აპრილს, მან მითხრა:
თვით დაბადებიდანაც კი, რომ ყოფილიყავი ჩემს გვერდში, შენ ვერ შეძლებდი იმაზე მეტად შემოგეღწია ჩემს გულში, როგორც ახლა შემოაღწიე. დაე, ზეციური ძალები იყოს შენი მფარველი. თავიდან მე შემეშინდა, სად შეგხვდებოდიშენ ხომ ეპისკოპოსი ხარ. მაგრამ მერე გულისხმავყავ, რომ შენ უბრალო ხარ, ვიდრე მე... მუხლებზე მდგარი ვემთხვევი შენს ხელებს.“

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იმავე დღეს ორ წმინდა მოღვაწეს შევხვდი, რომლებიც დღეს აღარ არიან ჩვენთან. პირველიეს იყო მეუდაბნოე მამა თეოდორე ნილასი და მამა ანასტასი კუდუმუდან. როგორც კი ნავპაკტოში დავბრუნდი, იმ წამსვე დავწერე ტექსტი სათაურითმნიშვნელოვანი შეხვედრა სამ ნეტარ ადამიანთან კრეტაზე“, რომელიც დღევანდელ დღემდე არ გამომიქვეყნებია.

2.    ნაწყვეტები მისი წერილებიდან:


როგორც უკვე ვახსენე, დედა გალაქტიამ ხელით ნაწერი ცხრა წერილი გამომიგზავნა და რა თქმა უნდა, მეც გულწრფელად ვუპასუხე თითოეულ მათგანს. ეს, ღრმად თეოლოგიური მიმოწერაა, რომელიც 35 დიდ გვერდს მოიცავს და ერთ დღეს აუცილებლად იხილავს დღის სინათლეს, ვინაიდან იგი სრულიად თვალსაჩინოდ წარმოგვიდგენს მის შინაგან სულიერ მდგომარეობასრომ იგი ცხოვრობდა ღრმა ისიქასტური ცხოვრებით და ჰქონდა საღვთო გამოცხადებათა სარწმუნო გამოცდილება.

ქვემოთ, რამოდენიმე ნაწყვეტს მოვიყვან მისი წერილებიდან, კერძოდ პირველს და ბოლოს.
მისი პირველი ხელნაწერი წერილი 2014 წლის 22 თებერვალს იქნა გამოგზავნილი, სულების შაბათს, სადაც ნათქვამია შემდეგი:
სულების შაბათი 2014 წლის 22 თებერვალი
სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩემო წმიდა მოძღვარო, ჩემო პატივცემულო და დიდებულო, მამაო იეროთეოს.
შენს კურთხევას გამოვითხოვ, ჩემო შვილო. მუხლებზე მდგარი, თავანს ვცემ შენს სიმინდეს და ვემთხვევი შენს პატარა ხელებს. მომიტევე, რომ ჩემს შვილს გიწოდებ. შენ მიტროპოლიტი ხარ, სულიწმინდით აღსავსე, მაშინ როდესაც მე მოხუცი ქალი ვარ, სავსე ცოდვებით, რომელსაც ღმერთმა აჩუქა ჟამი სინანულისთვის. რამდენადაც უსაზღვრო დედობრივი სიყვარული მაქვს შენდამი, მივეცი ჩემს გულს თავისუფლება, რომ გამოვხატო ჩემი თავი. დიდი მადლობა შენი სტუმრობისთვის, კურთხევისთვის და სწავლებისთვის.


ილოცე ჩემთვის, ჩემო შვილო, რათა უფალმა მომადლოს სიმდაბლე და სინანული. სწორედ, ამიტომ გამიხანგრძლივა ღმერთმა ცხოვრების დღენი. ისე, რა საოცარი ღმერთი გყავს?! ნიუ იორკის კანალიზაციის მილებიდან მეკუთვნის წყლის სმა და არა ჩემი სოფლის წმინდა წყაროდან. და მაინც, ის (ღმერთი) ზრუნავს ჩემზე და ყოველდღიურად ვხედავ და განვიცდი მის შეწევნას, დაცვას და სიყვარულს.
თითქოს ის, პატარა ბავშვია, რომელსაც ჩემს სათხოვარს ვუზიარებ და მის ასრულებას ვევედრები. საკმარისია, მხოლოდ ვთხოვო და ის, მეყვსეულად მომიბოძებს თხოვნის შესაბამისად. ხანდახან აგვიანებს, მაგრამ ამაზე არ ვღელავ, რადგან ვიცი: აუცილებლად მომმადლებს. ილოცე, რომ მოიპოვო წმინდა სინანული და ღვთისადმი ღრმა მადლიერება.

ხანდახან ღამით ვჯდები და ვფიქრობ: ნუთუ შესაძლებელია, რომ ღმერთი ტახტრევნებზე და სკამებზე იჯდეს? მაგრამ როცა ჩემს ცოდვათა გამო ტკივილს ვგრძნობ, ვამბობ: ზეციერი მამაო, მომიტევე; უფალო ჩემო იესო ქრისტე, შემიწყალე; სულო წმიდაო, განმანათლე მე. და მაშინ პასუხი მოდის სხვა ადგილიდანარა თავიდან, სადაც სიგიჟე, არეულობა და ფანტაზიებია, არამედ გულიდან, რომელიც ღვთით არის ნაწინამძვრები და სავსეა საღმრთო გზავნილებით. მთელი სამყარო პატარა ბურთიც კი არ არის მის წმინდა ხელში. გონება ვერ მოიხელთებს და ენა ვერ გამოხატავს ამას. არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. მისი დიდების მოლურჯო-თეთრი შუქ უსაზღვროა.(საუბარია საღვთო ხელთუქმნელ .. თაბორისეულ ნათელზე .). ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვთქვათ: ჭეშმარიტი ღმერთი - სამებაა! და ის აღავსებს ადამიანებს მისი სიყვარული ნათლით თავიდან ფრჩხილებამდე და ამ დროს არ იცი (ვერ აცნობიერებ) საიდან ხედავ ამას. ამის შემდეგ კი, თავს ვგრძნობ მატლად და ჭიად და ვტირი ჩემი ცოდვების გამო.
მიყვარს მთელი სამყარო, მაგრამ მძულს საკუთარი თავი. მხოლოდ წმინდანების ხორციელი თვალები ხედავენ ყველაფერს ჭეშმარიტად, ხოლო ისეთი ცოდვილისათვის, როგორიც მე ვარ, გულიდან ხდება ამის ხილვა (ღვთის ნათლის), რათა დავტკბე და სინანულში მოვიდე. მე ამ აღსარებას ვამბობ შენს წინაშე იმის გამო, რომ არ შეგექმნას ჩემზე სხვა შთაბეჭდილება. როგორი კეთილი და მოწყალეა ღმერთი, რომ თავის უსუსურ ქმნილებას, როგორიც მე ვარ, სინანულს ანიჭებს.
ვლოცულობ თქვენო უწმინდესობავ, რომ ღვთის ეს ნათელი მარადიულად მკვიდრობდეს თქვენში, რათა წინ გაუძღვეთ შორს და ახლო მყოფთ, ჩემის ჩათვლით, ღვთის დიდების საუფლოსკენ.
ვემთხვევი თქვენს ხელებს და გამოვითხოვ კურთხევას.
ღრმა პატივისცემითა და სიყვარულით, დედა გალაქტია.

მრავალი გვერდი დასჭირდება ამ შესანიშნავი წერილის ანალიზს, რომელშიც ისგულის მექანიზმისმიერ მოხვეჭილ სინანულსა და ღვთის გამოცხადებას ავლენს. ამ დროს თითქოს ყველა გრძნობა ერწყმის ერთმანეთს და მადლი ღვთისა აღავსებს მთელს სხეულსდა სწორედ მაშინ, ადამიანი ხდება ჭეშმარიტი ნაწილი(ასო) მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სხეულისა.
სხვა წერილები კი, შემდეგი სიტყვებით დაასრულა მან:

უსასრულო პატივისცემით და დედობრივი სიყვარულით”.
მისი ბოლო წერილი, რომელიც ასევე ხელნაწერია, გამომიგზავნა 2015 წლის 11 სექტემბერს და სხვათა შორის წერს:
სახელით მამისა და ძისა და სულიწმიდისა.
9/11/2015
ეკლესიის წმიდა მოძღვარო, მამა იეროთეოსი.
გამოვითხოვ შენს კურთხევას.


შენთან საუბარი მსურდა, მინდოდა გულის გახსნა შენს წინაშე. ვგრძნობ, რომ შენ გესმის ჩემი და არ განაწყენდები. სხვა დანარჩენზე დავდუმდები, რათა არ შევქმნა ცრუ შთაბეჭდილება. მიუხედავად ჩემი ღრმა მოხუცებულობისა, უფალი ჯერ კიდევ მტოვებს ცოცხალთა შორის. ათასი მადლობა და დიდება მის წმინდა სახელს. ის, ჩემს სინანულს ელის.
არ მინდა იმის თქმა, რომ მე ყველაზე დიდი ცოდვილი ვარ, რადგან ბევრნი ამბობენ ამ სიტყვებს და მის ქვეშ ღრმა ეგოიზმს და ამპარტავნებას მალავენ. მე, ვგრძნობ ამას, ჩემო შვილო. ღვთის დიდების წინაშე, რომელსაც გონება ვერ მისწვდება და ენას არ ძალუძს გამოთქმა, ჩემს თავს სკორეზე უარესად მივიჩნევ. მგონია, რომ ყველა ცოდვა ჩავიდინე და თავს მთელი სამყაროს ცოდვასთან ვაიგივებ. ვტირი და ვითხოვ წყალობას, მაგრამ ყოვლადმოწყალე ღმერთი მინდობს და მწყალობს და გულს ისეთ ნუგეშს ანიჭებს, რომ არც ერთ გონებას არ ძალუძს მას ჩაწვდეს. როგორი კეთილი ღმერთი გვყავს. ძალიან ძლიერი ტკივილები მაქვს, მაგრამ ის მაძლევს ძალას და მე შემიძლია მისი დათმენა.
ახლა ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ უბედურებები და განსაცდელები გვიახლოვდება. მაგრამ მე მათზე არ ვლაპარაკობ. მე მხოლოდ სინანულზე და ღმერთთან დაბრუნებაზე ვლაპარაკობ. მგონია, რომ თვით ცხოველები განსგვჯიან ჩვენი სიბინძურის გამო. ასევე, რამდენია აბორტი და მკრეხელობა (ღვთისმგმობელობა). სასულიერო იერარქთაგან, ძალიან ცოტა ისმის ამაზე ქადაგება, მაგრამ არ მსურს ვინმეს განკითხვა. დიდი რყევების მერე, მშვიდობა მოდის. დიდია მართლმადიდებლობის დიდება.
ილოცეთ, რომ კეთილი აღსასრული და კარგი შეწევნა მქონდეს. ჩემი მახსოვრობა დასნეულებულია, მაგრამ დაე, ჩემი გული მარად ჯანმრთელი იყოს. ქონდეს უფსკერო ჭის სიღრმე ღვთის ცოდნაში.
დედობრივად და ბებიასავით ვემთხვევი თქვენს მაკურთხებელ ხელებს,
სიყვარულით და პატივისცემით,
დედა გალაქტია.

მის ამ წერილში, ის დიდად კიცხავს და განიკითხავს თავს, ხოლო სადაც საკუთარი თავის განკითხვა და განქიქება, იქ შეუძლებელია იყოს ხიბლი და დემონური ენერგია. დედა გალაქტია მკაფიოდ გვიჩვენებს განსხვავებას გონისმიერ (გონების) მახსოვრობასა და გულისმიერ მახსოვრობას შორის, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი ეკლესიის ფილოკალიურ (სათნოებათმოყვარეობა) ტრადიციაში.
დედა გალაქტიას მართლმადიდებლური გული ჰქონდა და ყველა უყვარდა, რადგან იღებდა ბევრ შთაგონებას როგორც ღმერთისგან, ისე ადამიანებისგან. რამდენადაც სურდა დაფარულად ყოფნა, ღმერთმა თავად გაამჟღავნა იგი.
მისი ერთი საუბარი გონისმიერ (ნოეტიკურ) ლოცვაზე ძალიან შთამბეჭდავია. მან ასე უპასუხა ერთ-ერთ სტუმარს, რომელმაც ჰკითხა:
დედაო, ჩვენ ზოგჯერ გვესმის, როგორ ქადაგებს ჩვენი მოძღვარი გონისმიერ (იესოს) ლოცვაზე. რა არის ეს?
დედა გალაქტია: ''ეს ცეცხლის ალია, შვილო, ცეცხლის ალი გულის შიგთავსში. მას არასოდეს სძინავს. ის წრეზე ბრუნავს და ქრისტეს სახელს იმეორებს... ის არანაირ უკეთურებას არ აძლევს უფლებას მოხვდეს შიგნით (გულში), რადგან ფერფლად აქცევს მას... ეს ნათელი გვიცხადებს, ერთის მხრივ, სამოთხის სიტკბოებას, მეორეს მხრივ,  თუ როგორი ცოდვილია ის, ვინც ამ ყოველივეს ხედავს და განიცდის... ის გვიჩვენებს, რომ ღმერთი ყველაფერია და ჩვენ არაფერნი! აი, ამიტომ გაქვს შენ ერთდროულად სიხარულიც და მწუხარებაც. სიხარულიქრისტეს დიდებული გამარჯვების გამო, ხოლო მწუხარებაცოდვათა აუტანელი განცდის შედეგად. შენ გაქვს იმედი, რადგანაც ხედავ იმას, თუ ვინ არის ქრისტე... ის, ვინც განიცდის ამას და თან თავს იქებს, არარაობაა... ასეთნი, როგორც პატარა ბურთები არიან ბოროტი დემონების ფეხქვეშ... მამა ანტონს ვეუბნები ხოლმე, რომ არ გესაუბროს შენ ამ საგნებზე, არამედ გესაუბროს ცოდვაზე, სინანულზე და იესოს ლოცვის მშვიდად, მყუდროდ წარმოთქმაზე — 'უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე'. „აქ, შვილო, ადამიანები თხრილში ცხოვრობენ... მიწის ზედაპირზეც კი არა... მათთან ღორებიც კი არ მიდიან. მაშ, როგორ უნდა გაიგონ ასეთიმარგალიტები“?

ეს არის გონისმიერი (იესოს) ლოცვის ემპირიული განსაზღვრება, ისე, როგორც მან ეს გამოცდილებით განიცადა და შეიცნო.
დედა გალაქტიას საუბრებიდან არ მიმიქცევია ყურადღება იმაზე, რაც ეხებოდა მომავალში მოსახდენ სხვადასხვა მოვლენებს და ამბებს, მაგრამ რითიც ძალიან მოვიხიბლე, ეს იყო მისი ღრმა სინანულის მდგომარეობა, თვითგაკიცხვა, მისი სიმდაბლე, გონისმიერი (ნოეტიკური) ლოცვა გულში და მისი გარჩევის უნარით გონებასა და ინტელექტს (ლოგიკას) შორის.
ასევე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თუ როგორ განასხვავებდა ქმნილს უქმნელისგან, ეს ნიშნავს, რომ მას ჰქონდაგარჩევისუნარიქმნილისა უქმნელისაგან, ღვთაებრივი მოქმედების, დემონური მოქმედებისაგან გარჩევისარაც არსია მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების (პატრისტიკული გამოცდილების .).

ერთ-ერთ წერილში მან მომწერა:
ილოცე, ჩემო შვილო. მრავალჯერ დავეცი. ვგრძნობ, რომ ცოტა დრო დამრჩა ამქვეყნიური ცხოვრებისა. მაგრამ სამერთოვანი ღმერთი, რომელიც თავისკენ გვიხმობს, მარადიულია. ზოგჯერ მავიწყდება რაღაცები, მაგრამგულის თავსარაფერი ავიწყდება. და არც შენ მავიწყდები, ქრისტეს ეპისკოპოსი, შენც ნუ დამივიწყებ, ჩემო შვილო, ნურც ახლა და ნურც ჩემი გარდაცვალების შემდეგ.“

გასაოცარია მისი საუბარიგულის თავზე“, რომელიც საჩინოს ხდის იმ პიროვნებას, რომელმაც იცის, როგორ მუშაობს ესგულის მექანიზმი“, რომლის მეშვეობითაც გონება (ნუსი) აღწევს ღვთაებრივ ჭვრეტას.

სხვა წერილში ასეთ რამ თქვა:
მიბოძე შენი კურთხევა, რომ მქონდეს კეთილი აღსასრული, ქრისტეს დაუოკებელი სიყვარული, სიყვარული მისი ქმნილებისა და მოძულება საკუთარი ცოდვილი თავისა. რომ ვიპოვო პატარა სორო მის საუფლოში და ვიხილო მისი სახით ნათელი, რომ გავიხარო.
კვლავაც ვემთხვევი შენს ხელებს და გამოვითხოვ კურთხევას.
პატივისცემით და დედობრივი სიყვარულით,
გალაქტია.“

დედა გალაქტიას, როგორიც ის მე გავიცანი, ჰქონდაქრისტეს დაურწყულებელი სიყვარული“, შერწყმული ღრმა სინანულთან და საკუთარი ცოდვების განცდასთან, რაც წარმოაჩენს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ აზროვნებას, რის გამოც უფალი აძლევდა მას, რაც სურდა – „ომ იხილოს მისი სახის ნათელი და განიხაროს“.

როდესაც შემატყობინეს მისი გარდაცვალების შესახებ, მამა ანტონის მივწერე:
დედა გალაქტიამ გაახილა თვალი მარადისობისთვის და აღარასოდეს დახუჭავს მას. კურთხეულია წმინდანთა დამკვიდრება წმინდათაწმინდაში, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“
და იყოს ჩვენთან მისი წმინდა კურთხევა.

 

თარგმნა : მ. მთაწმინდელმა


წყარო : https://www.johnsanidopoulos.com/2021/06/eldress-galaktia-in-world-known-as.html?m=1

суббота, 21 июня 2025 г.

არქიმანდრიტი ემილიან სიმონაპეტრელი ( ვაფიდისი) - სიტყვა წმ. სოფრონ სახაროვის შესახებ.

 



რამდენჯერ გამისეირნია ესექსის მონასტრის ეზოში, და ერთხელაც ვერ შემძლებია თავი ამერიდებინა ბერი სოფრონის ძმური ჩახუტებისთვის — ჩემდა პატივისცემის ნიშნად.

მგრძნობიარე ადამიანი იყო, ჭეშმარიტად წმინდანი, რომელიც მონასტერში მოსულ ნებისმიერ ადამიანს თავის მამობრივ გულს უხსნიდა.
ნეტარი ბერი მუდამ ამბობდა: იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი (მათ. 5,48). თავად სწორედ ასეთ სრულყოფილებაში და ღრმა ლოცვაში ცხოვრობდა.

გარდაიცვალა გამოცდილი ბერი, ათონელი მოღვაწე, სულიერი მამა — მარადმწვანე ყლორტი, რომელიც ნეტარი და წმინდა სილუან ათონელის მიერ იყო დანერგილი.
საოცარი სულიერი ინტუიციით გადმოსცა გერონდა (დიდბერმა) სოფრონიმ თავისი მოძღვრის — ღირსი სილუან ათონელის ბიოგრაფია, რომელმაც ის (წმ. სოფრონი) შემდეგი სიტყვებით მოიხმო: «შენი გონება ჯოჯოხეთში გქონდეს, და სასოს ნუ წარიკვეთ».
ახლა კი ბერი სოფრონის მიერ დაწერილი და გადმოცემული წმინდა სილუანის ცხოვრება ჩვენი ეკლესიის საგანძურშია დაცული.

ჩვენს ეპოქაში, რომელიც მოითხოვს ასკეტიზმს და მამების მისტიკურ გამოცდილებას, ბერი სოფრონისა და წმინდა სილუანის ავთენტურ სიტყვებს დიდი ღირებულება აქვს.
დიახ, მოხუც სილუანს კარგად ესმოდა, რომ უვნებლობა სულიერი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია, რომელიც თეოლოგიური დოგმების ცოდნითა და ყოველდღიური ლოცვითაა შეძენილი.
მისმა მოწაფემ, მოხუცმა სოფრონიმ, რომელიც წმინდა მამების მსგავსად ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად ცხოვრობდა ღვთაებრივ ნათელში, ამ გამოცდილებას უკანასკნელ დღემდე ინახავდა გულში.

კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც სილუან ათონელის პატიოსანი სახელით იქნენ წოდებულნი, და ისინიც, რომელნიც მიიღებენ ამ სახელს, რამეთუ უფლის წყალობა და წმინდანთა კურთხევა აღავსებენ ქვეყანას; განწმედილთ აღამაღლებენ სიკვდილზე მძლეველი ქრისტეს მსგავსად, რომელიც ყველა მასთან მყოფს აღდგომას ანიჭებს.
კურთხეულნი არიან ისინი, ვისაც სახელად პატიოსანი მთაწმინდელი მონაზვნის — სილუანის — სახელი ეწოდა. ასევე ისინი, ვინც მის სახელს მომავალში მიიღებენ, რამეთუ მისი წყალობა და წმინდანთა კურთხევა მთელ დედამიწას აღავსებენ.
მიცვალებულებს აღადგენენ სიკვდილზე გამარჯვებული ქრისტეს მსგავსად, რომელიც მასთან მიმსვლელთ მკვდრეთით აღადგენდა.

ნუთუ არ გვინახავს, რამდენი ცოცხალი სასწაული აღასრულა სულიწმინდამ წმინდა სილუანის ცხოვრებაში?
და ის ცხოვრობდა ძველი წმინდანების მსგავსად — იყო შრომისმოყვარე, უბრალო და მამაცი სულით.
ჩვენ ვიხილეთ იგი და გავიხარეთ სულით.

თვალი მიაპყარით ჩვენს მამას — ბერ სოფრონის.
ჩვენ მთელი გულით გვიყვარდა იგი — მისი სიტყვებისა და რწმენით აღსავსე საქმეების გამო.

ელვა, ჭექა-ქუხილი, ღრუბლები, სხვადასხვა სირთულეები და განსაკუთრებით — მისმა თანაზიარებამ ღირსი სილუანის ცხოვრებასთან მამა სოფრონისთვის გახსნა ის კარიბჭე, საიდანაც ღმერთი შემოდის ადამიანის ცხოვრებაში.
ის ტიროდა და გლოვობდა.
მისი გული და მკერდი გამოფიტული იყო საიდუმლო (ჩვენთვის მიუწვდომელი) ტანჯვით.
მისი ცხოვრება იყო მწუხარების ბილიკზე სიარული — ტანჯვითა და მოთმინებით.
როგორ? მას შეეწეოდა წმ. სილუანის ძალა და ღვთის მადლი.
ამ ყოველივეს ძალით მან «საღვთო მადლის გამოცდილება მოიპოვა» და დიდი სიყვარულით გადმოგვცა ეს ცოდნა და გამოცდილება — ღვთის ხელთუქმნელი ნათლის გამოცხადების სიდიადისა.

„აღაღე პირი შენი, და აღვავსო ეგე“ (ფსალ. 80:11) — ბერი ხშირად იმეორებდა ფსალმუნის ამ სიტყვებს.
და სწორედ ეს აღსრულდა — ის იქცა წმ. სილუანის ბაგეებად.

ბერი სოფრონი არ ზრუნავდა თავის სუსტ ჯანმრთელობაზე და მუდამ წარმოიცლებდა თავს, გასცემდა რა „სისხლს“, რათა მოეღო „სული“.
ამგვარად, ის იმედოვნებდა, რომ გადასცემდა ღვთაებრივი ნათლის ნაპერწკალს იმ მრავალრიცხოვან მორწმუნეებს, რომლებიც მასთან მოდიოდნენ შეწევნის მისაღებად.
თითოეული მათგანი ცდილობდა ჩუმად, სიმყუდროვეში ამოეხაპა ბერი სოფრონისგან მომდინარე მადლის ნაკადულებიდან.

„ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“
ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ“ (იოანე 7,39).

ბერი სოფრონი — ცოცხალი ღმერთის შეცნობით, რაც, მისი სიტყვებით, „შეუდარებელი ნიჭია“, განასხეულებდა თავის თავში ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების ხატს და შეეძლო ღვთის სიყვარული ასობით, ან თუნდაც ათასობით ადამიანში ჩაენერგა.
ისინი იცნობდნენ ბერს, ისინი მის მიერ სიცოცხლეში იყვნენ დაბრუნებულნი, რომელსაც „სულიწმინდით აღსავსე კაცს“ უწოდებდნენ.


                                                          *   *   *

ეს არის ცხოვრება, რომელიც ღირსმა ბერმა წმინდა მთიდან — ესექსში, მის მიერ დაარსებულ მონასტერში განვლო.
მე არ ვიცი ისეთი ადამიანი, რომელიც იქ ნამყოფი ყოფილიყო და არ განეცადა დიდი სიხარული,
კურთხევა წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელისა, პაისი ველიჩკოვსკისა, სერაფიმ საროველისა, სილუან ათონელისა და წმინდა, კეთილი და მშვიდი მამის — სოფრონ სახაროვისა, რომელიც ესექსის მონაზვნური ცხოვრების სული იყო.
მონაზონთა ყოველდღიური ცხოვრება მართლმადიდებლური სხივმფენობის ელვარებაში იყო ჩაფლული.

ესექსში ცხოვრება — ეს ღვთაებრივი და დაუსრულებელი სიხარულია, ზეციური მოქალაქეობა, ანგელოზებთან თანამოდასეობა, ღმერთში მყოფობაა.
ბუნებრივია, არსებობს სირთულეებიც, თუმცა კრებული ცხოვრობს და იზრდება მასში მცხოვრები მამის — სოფრონის მადლით (იგულისხმება მასში დამკვიდრებული საღვთო მადლის მოქმედება) და ძალით.
მონაზვნების ამ მრავალეროვნულ საძმოში შენ განიცდი ეკლესიის სინამდვილესა და კრებულობას, როგორც მოციქულთა დღეებში იყო.

აქ არ არის ამქვეყნიური გათვლები, ინტერესები — ერთადერთი ამოცანა, რაც დგას, ეს არის: დახმარება იმ სულებისადმი, რომლებიც ამ „მცირე ცაში“ მოდიან, რათა მარადისობა დაიმკვიდრონ.

ცნობილია, რომ ეკლესიაში ღვთის ერს უყვარს მონასტრული მსახურება და მონაზვნებთან ურთიერთობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მორწმუნეთა სულიერ აღორძინებას.
ესექსში კვირაობით და დღესასწაულებზე ბევრ მორწმუნეს სტუმართმოყვარეობით იღებენ — იღებენ როგორც მომლოცველებს, და არა როგორც ტურისტებს.
მიღება ყოველთვის გულითადი, უბრალო, თბილი და კეთილია.
ბერები, სიყვარულით, რომელიც ყველას გულს ეხება, თავს სწირავენ მონასტერში მოსული ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის, ვინც ლოცვასა და დუმილს ცდილობს, ეს საკმაოდ დამღლელი საქმეა.

მონაზვნური ნათელი და სუფთა გულები მომლოცველებს სულიერ სითბოს გადასცემენ.
მონასტერში მოსული ადამიანები, თავის მხრივ, აფასებენ და ესმით, თუ როგორ მსხვერპლზე მიდიან მონაზვნები მათ გამო — ეხმარებიან მათ, როგორც შეუძლიათ.

სინამდვილეში საოცარია ბერებისა და ერისკაცების ურთიერთმხარდაჭერა, რომელშიც ნათლად ჩანს მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალფეროვნება და ერთიანობა.
ერთი აღსარებას იღებს, მეორე ქადაგებს, მესამე ასწავლის უფროსებს, მეოთხე ბავშვებთან მუშაობს, სხვა საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს და პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ყველა სიტყვითა და საქმით აშენებს იმ სულიერი გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მათმა პატივცემულმა და ღირსმა ბერმა დაუტოვა.

ძმების სიყვარულით აღძრული, არაერთხელ სტუმრობდა მათ პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე.
ის გულუხვად უზიარებდა მათ თავისი საღვთისმეტყველო ცოდნის საგანძურს — სერიოზულობითა და კეთილშობილებით.
მისი ვიზიტები ყოველთვის საზეიმო და სიხარულით სავსე იყო.

                                                         

                                                              *   *   *


რაღა გვეთქმის ბერის შრომებზე და თხზულებებზე, რომლისგანაც გამომავალი ნათელი სცდება ყოველგვარ ხილულ საზღვრებს?
ეს თხზულებები შესწავლილი იქნება მომავალში, როგორც სულში ღრმად დაფარული საგანძური.
აღარ არის უკვე საჭირო მოვძიოთ ძველი მამების სულიერი მემკვიდრეობა და მათ მიერ განმარტებული ტექსტები —
მე ვფიქრობ, რომ წმინდა ბერის სოფრონის შრომები ახალ „ფილოკალიად“ იქცა.

დიახ, მისი აზრი მთელი სისწორით არის გადმოცემული და როგორც სარწმუნო კომპასი, გამოცდილი მეგზური მიგვიძღვის ღმერთთან შეხვედრის გზაზე.
ცოდნისა და შემეცნების ეს საუნჯე მადლის სიტკბოებით გვავსებს და გვანიჭებს იმედს, რომელიც ჩვენს გულებს მარადისობისკენ აღამაღლებს.

ამ წმინდა წიგნების გამო, რომელთა წყალობითაც მთელმა ქვეყანამ შეძლო ღმერთთან მიახლოება,
ჩვენ ღრმად პატივს ვცემთ მამა სოფრონს, როგორც წმინდანს — ანგელოზს, რომელიც ახლა ღვთის დიდების ტახტის წინაშე დგას.

ძალიან მსურს, რომ ეკლესიამ კიდევ არაერთი მსგავსი „ღმერთის ცოცხალი გამოვლინება“ ადამიანში მოუვლინოს სამყაროს,
რისი წყალობითაც ჩვენ მადლიერებით ვხარობთ უფალში, რომელიც „არის, იყო და მოდის“ (გამოცხ. 1:8), და რომელიც იდიდება მის წმინდანთა შორის.

მას ეძებენ დასავლეთში და პოულობენ მამა სოფრონის ღვთაებრივ საძმოში, რომელიც კურთხეულია მასში მოქმედი ღვთის მადლით — და ჩვენც გვაკურთხებს.

მართლმადიდებლობა ყოველთვის იმარჯვებდა შინაგანი ცხოვრების გამოცდილების წყალობით და სულიწმინდის ძალით მოწმობდა საკუთარ თავზე,
ამოწმებდა სახარებისეულ ჭეშმარიტებას: „ჩემი ძალა სისუსტეში სრულდება“ (2 კორ. 12:9).

ამაზე მოწმობს ესექსის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ყოველდღიური ცხოვრება.
აი, გამოცდილება ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებისა, რომელიც არა იორდანიის უდაბნოში, არამედ ევროპული სამყაროს ცენტრში აღესრულება,
რომელიც მარადიულად განაცხოველებს იქაურობას ღვთივბოძებული მამობრივი გამოცდილებით (იგულისხმება წმ. სოფრონის მოღვაწეობა და მადლმოსილება).

დიახ, დიახ, დიახ! ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა.
დაე, ჩვენი საყრდენი იყოს იმ მთაწმინდელი მამების მიერ დადებული საფუძველი, რომელიც მართლმადიდებლობას დიდად განამდიდრებს ევროპაში.
ეს განძია მთელი სამყაროსთვის — ჭეშმარიტი შესაძლებლობა ღვთის ჭვრეტისა.

მხოლოდ საუბარიც კი ბერ სოფრონზე სიცოცხლის მომნიჭებელია.
ის არ მომკვდარა, არამედ აღდგა და ცოცხალი სულით მყოფობს ღვთის საყდრის წინაშე.
და ეს ჩვენ ზუსტად ვიცით, რადგან ვიხილეთ — ამიტომ ვაკურთხეთ და განვადიდეთ უფალი, ყოვლადწმინდა სამება მის წმინდა მოწამეებთან ერთად,
რომლებიც გაბრწყინდნენ მადლის ნათლით მოსილნი.

ჩვენი წმინდანი — ანგელოზია- „ვარსკვლავი ტკბილი“, ღვთის ნათელში დამკვიდრებული, მჭვრეტელი მამის სახისა ზეცაში,
სადაც დაუსრულებელია დიდება და ნეტარება მისი.


თარგმანის ავტორი : მ. მთაწმინდელი.






суббота, 4 января 2025 г.

უფალთან შერწყმული წმინდანის ცხოვრება

 ნეტარი  ბერის თეოკლიტე დიონისელის მონათხრობი









იშვიათად არის შესაძლებელი ვინმემ იპოვოს უმაღლესი იდეების ისეთი მასწავლებლები, რომელთაც ეს იდეები ცხოვრებაში უკვე აქვთ გამოცდილი. ჩვეულებრივ, ადამიანები იმ თეორიებს ასწავლიან, რომელიც მათ თავად არა აქვთ გამოვლილი, ამიტომაც ისინი ხალხის სარკაზმის ობიექტები ხდებიან ხოლმე. სახარების სწავლებაზე უფრო უმაღლესი სწავლება არ არსებობს. და სწორედ აქ, სახარების მასწავლებელთათვის თავს იჩენს დილემა. თუ რომელ მათგანს შესწევს ძალა, რომ უფლის სწავლება თავის ცხოვრებაში განახორციელოს? და განა შესაბრალისი ქმნილება არ არის ის, ვინც თვითონ არ განიცდის და ისე გვაუწყებს უფლის ჭეშმარიტებას, რომელიც, ბუნებრივია, სწორედ იმის გამო ისწავლება, რომ სიცოცხლეში იქნას განხორციელებული?

მხოლოდ უფლის წმინდანებს შესწევთ ძალა, რომ თეორია და საქმე სრულად შეუფარდონ ერთმანეთს. ისინი თავიანთი ქმედებებითა და სრულყოფილი საქმეების მეშვეობით ასწავლიან. და ის, რასაც ამბობენ, მათი გულის სრულყოფილი ცხოვრებიდან არის გამოსული. და მსგავსად თავიანთი უფლისა, როგორც წმინდა ლუკა წერს: „რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად“, ამგვარად მათაც: „აღიღეს ჯვარი თვისი და შეუდგნენ ქრისტესა და ქმნეს სწავლანი…“.

სული წმინდის „ნაყოფით“ უხვად დაჯილდოებულმა წმინდა ნექტარიოსმაც თავისი ცხოვრება განსაკუთრებულ მოღვაწეობაში განვლო. იგი სიყვარულით ასწავლიდა, როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე წერით. ჩვენ არ გაგვაჩნია მისი ზეპირსიტყვიერი, ქადაგებებითი სწავლება. თუმცა, გვაქვს მისი წერილობითი სწავლებანი. ჩვენი ღმრთიური მამის ტექსტები ცოდნის მშრალ გადმოცემას კი არ წარმოადგენენ, არამედ – მისი მთლიანობის შიგნიდან გადმოდინებულ ცოდნაა. მკითხველი გრძნობს, რომ როდესაც წმინდანი სათნოების ძალასა და თვისებებს აღწერს, იგი არაფერს გადმოსცემს და აღწერს თავისი პირადი გამოცდილების  გარდა. იგი წარმოაჩენს ცხოვრების იმ ნირს, რომლითაც თავად ცხოვრობს.

ტექსტები, რომელიც წმინდა ნექტარიოსმა შეადგინა, არ მოიცავს თეორიული სწავლების კრებულს, არამედ მისი გულის ძგერას, საკუთარ თავს ხატავს  თვითჩაღრმავებისა და თვითშემეცნების შემდეგ, როგორიც წარმოდგება  სულიერი რყევების ხმის მოსმენის შემდეგ, რაც ღმრთაებრივი სინათლის სახებით აიხსნება და რომელმაც მისი სული  წარმოდგენილი აზრითი თვალით გაანათა.

არ უნდა გამოგვრჩეს, რომ  თავისი წმინდა სულიერი ცნობიერებისა და ღრმა თავმდაბლობის მეშვეობით, რომელიც მთელ მის ფსიქო-სულიერ სამყაროს მოიცავდა, წმინდანის ცდუნება ვერ მოახერხა ვერც მისმა სულიერმა ღირებულებამ  რწმენითი სასწაულების მიმართ, ვერც იმ ეპოქისათვის მისმა უმნიშვნელოვანესმა ცოდნამ, ვერც მისმა ქმნილებებმა ან კიდევ ადამიანთა პატივისცემამ და მღვდელმთავრის წოდებამ.

ჰქონდა რა შეუცდომელი და სულიერი კრიტერიუმები, იბრძოდა, რომ სათნოებითა და სულიწმინდის მადლით მიმსგავსებოდა ღმერთს, რადგან მან თავისი სულიერი გამოცდილების მეშვეობით უწყოდა, რომ რწმენის თეოლოგიური სათნოებების, იმედისა და უმთავრესად კი სიყვარულის გარეშე, სული ჩამორჩება და უძლურდება იმისათვის, რომ ეზიაროს სიყვარულის ღმერთს. თუმცა, მხოლოდ სათნოება არ კმარა იმისათვის, რომ იყო უფლის მატარებელი პიროვნება. იგი აგრძელებდა ღმერთთან ერთობას სუფთა და მოუწყვეტელი ლოცვის საშუალებით, რაც მას ენით აღუწერელი სიხარულით ავსებდა.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ ეკლესიაზე, მივყვეთ წმინდა მოციქული პავლეს სწავლების საერთო აღიარებას: „ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი იხრინ, გინა წინწილანი, რომელი ხმობედ. და მაქუნდეს ღათუ წინაისწარმეტყუელებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე . . . და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა“ (1 კორინთელთა მიმართ, 13, 1-8). და ღმრთიური მამა არასოდეს შეცდომილა (ჩავარდნილა ხიბლში): არც თავისი მეცნიერებითა და ენების ცოდნით – ის კარგად ფლობდა ფრანგულსა და ლათინურს – არც თავისი თანდაყოლილი თუ შეძენილი ნიჭით, რომელიც მრავალზე ახდენდა შთაბეჭდილებას და არც თავისი სასწაულთმოქმედებებით, რომელიც  აღტაცებას იწვევს…. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ღმრთის დარი მასწავლებლის ენა სწორედ იმ სტილისაა, რომლითაც წერდა და საუბრობდა იმ ეპოქის განათლებული საზოგადოება და რომელსაც ბერძენი ბავშვები  სკოლებში სწავლობდნენ. მაგრამ, ბუნებრივია, რომ დღეს თეოლოგიური (საღვთისმეტყველო) პირობები არ არის გამოყენებული, და არც – ფსიქოლოგიური. თუმცა, ამის გამო არ შემცირევბულა ეკლესიის ანთროპოლოგიური, დოგმატური და სულიერი სწავლების ზუსტი, პატერიკული და გამომსახველობითი პირობები. დასასრულ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ მისი ქმნილების „შეიცან თავი შენი“ ტექსტებიც კი ხსნიან სამყაროს უდიდესი პრობლემის კვანძს: ადამიანის პრობლემას, რომელიც იტანჯება ამ დიალექტიკური სამყაროს წიაღში და რომელიც თავისი თავის გარეთ ეძებს მისი პრობლემებისაგან გათავისუფლებას, მაშინ, როდესაც პრობლემა თავად მასშია (ადამიანში),  ის ერთი და იგივეა (პიროვნება).

სატანამ მოახერხა, რომ ადამიანის ყურადღება გაეტეხა, მისი პიროვნული ზრუნვა სულიერის გასაძლიერებლად მის ფსიქიურ სნეულებებზე გადაეტანა. მოახერხა ასევე მისი ცდუნება და მისი გზის წინდაუხედავ ექსტრავერტულ მოხეტიალედ გარდაქმნა, მისი გადაქცევა გონებრივ და ემოციურ მაწანწალად, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ადამიანმა არ იცის „ვინაი მოვალს და ვიდრე ვალს“, მიათრევს თავის დაღლილსა და მერყევ ნაბიჯებს აქა და იქ, ჩრდილებზე ტრაგიკული მონადირე, „უძღები შვილი“, შორს თავისი მამისეული სახლიდან, რომელიც თავად ადამიანშივეა და რომელიც ქრისტესთანაა გაერთიანებული.

რატომაა, რომ როდესაც ქრისტე სულს რწმენის, იმედის, სიხარულის, სიყვარულის ძალით ავსებს, რომელიც ათრობს ადამიანს და მას „ყველა მშვენიერზე უფრო მშვენიერად, ყველა მდიდარზე უფრო მდიდრად და ყველა იმპერატორზე უფრო ძლევამოსილად“ აქცევს, შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანი გაებას დაუსრულებელი მეტოქეობის, პრეტენზიებისა და უფლებების სივრცეში, მომხვეჭელობის სახეობის მახეში, იმ დროს, როდესაც იგი, როგორც  ჭეშმარიტი შვილი უფლისა, იკვებება ზესიკეთით, რომელიც ჩვენ ყოვლად ტკბილმა უფალმა გვიბოძა.

რა თქმა უნდა, წმინდა ნექტარიოსი ჩვენს ეპოქაში ახალს არაფერს გვაუწყებს. აი, უკვე ოცი საუკუნეა, რაც  ძღვენი, სიკეთე (წყალობა), სიმართლე აქ განკაცებულმა სიტყვამ, ლოგოსმა, მოგვიტანა. მაგრამ მაშინ რატომ ვართ ესოდენ მადლიერნი  ჩვენი ყოვლად ტკბილი მამის მიმართ? იმიტომ, რომ ისეთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ, როგორც ქრისტიანები, საფრთხეში ვიმყოფებით, რათა  ორიენტაციასთან ერთად ჩვენი რწმენაც არ დავკარგოთ, რადგან რწმენით არ ვცხოვრობთ, იგი მოდის, როგორც „წვიმა მატყლსა ზედა“ თავმდაბლობის უტყვი გამოხატულებით, რათა კვლავ სიხარულით გვაუწყოს თავისი გამოცდილების ქმედებისა და სულიწმინდის მადლით განათებული მოსაზრებების მეშვეობით ჩვენი ყოვლად წმინდა რწმენის სიდიადეზე. და ეს იმიტომ, რომ იგი იყო „ხორციელად მოსრული“. თუმცა „ხვედრის შემდეგ“, მის ჩვენს მნათობად მდუმარედ გარდასახვის (გარდაცვალების) შემდეგ, იგი მთელი სამყაროს მაშტაბით თავისი სასწაულებით გამაყრუებლად ხმაურობს და ღმერთამდე  მაღლდება, თავისი დანაპირების თანახმად – „რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი – ამაღლდეს“.

წყარო: წმინდა ნექტარიოს სასწაულთმოქმედი, იპაკოის გამომცემლობა.




суббота, 28 декабря 2024 г.

სულის შვიდი სიმხურვალის შესახებ



  ადამიანის უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ის მუდამ ჩქარობს, მაგრამ ჩქარობს ამაოდ, უნაყოფოდ. ადამიანი მთებს აყირავებს თავისი ძალით, ძალიან მოკლე დროში შეუძლია დაანგრიოს და თავიდან ააშენოს ქალაქები.

   ჩვენ თუ დავაკვირდებით მის ენერგიას და შედეგებს გავიაზრებთ, აღმოვაჩენთ, რომ სამყაროში ამით არ მრავლდება სიკეთე (ანუ ვერ უწყობს მის ზრდას ხელს). და ის, რაც არ ამრავლებს სიკეთეს, უნაყოფოა.

თვით ბოროტების განადგურებაც კი უნაყოფოა, თუ იგი სიკეთის გამოხატულება არ არის და არ მოაქვს მისი (სიკეთის, როგორც პირველმიზეზის) ნაყოფები.

   ადამიანთა ცხოვრება სამყაროში ძალიან აჩქარებული გახდა და კიდევ უფრო ჩქარდება. ყველანი გარბიან, შიშობენ, რომ ვერ მოასწრებენ, დააგვიანებენ, რაღაცას გაუშვებენ ხელიდან, რამეს ვერ გააკეთებენ თუ არ იჩქარეს. ჰაერში, მიწაზე, წყალზე, ხომალდები და მანქანები მიმოქანდებიან, მაგრამ კაცობრიობისთვის ამ მოძრაობას არ მოაქვს ბედნიერება და პირიქითაც კი, თუ კი რამ სიკეთე და კეთილდღეობაა, იმასაც კი ანგრევს და აცამტვერებს (ეს სიტყვები დაახლოებით 50 წლის წინ ითქვა).

   სამყაროში, დემონური მოჩქარეობა და სულსწრაფობა შემოიჭრა. ამ სიჩქარისა და მოსწრაფეობის საიდუმლოს, ღვთის სიტყვა გამოცხადების წიგნის მე-12-ე თავში გვიხსნის: ,,მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე. მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი"(მუხლი: 10-12).

   შენ გესმა: მიწაზე და ზღვაზე, ეშმაკი, დიდი მრისხანებით დაეშვა, იცის რა, რომ ცოტაღა დარჩა დრო. აი, საიდან ეს შეუკავებელი, ყოვლის დამაჩქარებელი წრებრუნვა არა მხოლოდ დროისა, არამედ თვით საგნებისა, ცნებებისა, ტექნიკისა და ცხოვრებისა. უფრო და უფრო შეუკავებელი და თავქუდმოგლეჯილი ხდება ეს უნაყოფო, დამანგრეველი მოჩქარეობა ადამიანებში, ერებში.

   ეშმაკის სამეფოს აღსასრული მალე დადგება. და, აი მიზეზი სიხარულისა ზეცაში და მიწაზე იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ზეციურით ცხოვრობენ (ქრისტეს მცნებებით, ლოცვით, მარხვით, სინანულით. ზიარებით, მარადისობისათვის მზადებით). სასიკვდილოდ განწირული ბოროტება, გრძნობს რა საკუთარ აღსასრულს, მთელის გამალებით ისწრაფვის აამღვრიოს კაცობრიობა, გაყოს, დააპირისპიროს, დათესოს შუღლი, გაუგებრობა, მტრობა. ცდილობს, რომ ადამიანებმა დაივიწყონ ზეცა, თავისი შემოქმედი ღმერთი, არ აღიბეჭდონ შუბლი და გული ჯვრის ნიშით. შეუკავებლად, მთელი სისწრაფვით მიიჩქარის ყოველივე სადღაც წინ და ცდილობს უფრო და უფრო მოუმატოს სისწრაფეს.

   ბოროტმა უწყის (თავისი გამოცდილებით და ადამიანებზე დაკვირვებით მ.მ), რომ ამგვარ ქაოსში, ამაო მოჩქარეობაში კაცობრიობის ჩართვით შეძლებს, რომ ის ნაწილიც ჩაითრიოს, რომელიც ჯერ კიდევ მოწყვლადი იყო. ასეთი ამაოების დინების სისწრაფეში ადამიანებს არ შეუძლიათ გაჩერდნენ, ჩაფიქრდნენ, გაიაზრონ დიდებული და მარადიული ჭეშმარიტებები, რომელზე ფიქრსაც და რეფლექსიას ჭირდება სიმშვიდე, თუნდაც წუთი ღვთაებრივი მდუმარებისა, თუნდაც წამისყოფა წმინდა მყუდროებისა.

   უკვე დიდი ხანია, რაც ტექნიკა ხელს უწყობს დიდი სისწრაფით გადაადგილებას და მიწიერ (მატერიალურ) ღირებულებათა მოპოვებას. თითქოს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უფრო მეტი დრო უნდა რჩებოდეთ ადამიანებს სულიერი ცხოვრებისთვის. თუმცაღა, არა. სულმა უფრო მძიმედ და რთულად დაიწყო ცხოვრება. ამსოფლიური ნივთიერება (მატერიალიზმი) მორევივით ტრიალებს და თან ითრევს ადამიანთა ცხოვრებას, ნებას, ცნობიერებას. და იღუპება სული, რამდენადაც მას აღარ აქვს დრო რაიმე ამაღლებულისთვის, აღმატებულისთვის, რადგან დაჩქარებულია მოვლენათა ცვალებადობა; ეს სისწრაფე კიდევ უფრო იმატებს და ითრევს ადამიანებს, ერებს, თავისი მორევის ძალაუფლებაში.

   ეს სოფელი, სულიერისკენ სწრაფვის ნაცვლად, სრულიად შთანთქმული და შეპყრობილია ხორციელი მოსწრაფეობის ფსიხოზით, ხორციელი წარმატების სტიქიური ჟინით. იქმნება მოსაქმეობის მირაჟი, თითქოს საქმეებისთვის არის მოწოდებული ადამიანი და არ შეუძლია იყოს მშვიდად მათ გარეშე. მაგრამ ხორციელი საქმეები არ აკმაყოფილებს ადამიანს, რამდენადაც არა ადამიანი ფლობს მათ, არამედ ისინი ადამიანს. ადამიანი - მონა ხდება ხორციელი საქმეების (ამსოფლიურ საზრუნავთა მრავალფეროვნების მ.მ). აშენებს ქვიშაზე, ხოლო ქვიშაზე აშენებული აუცილებლად იმუსრება. ადამიანის მიწიერი სახლიდან მტვრის გროვა რჩება. ნაცვლად მრავალი საამაყო შენობიდან _ ქვიშის სიმრავლე. და ამ ქვიშიდან, კვლავაც მიწიერი სამოთხის აშენებას ცდილობს ადამიანი. ქვიშა იფანტება, კაცი კი შრომობს მათ კვლავაც მოსაგროვებლად... საწყალი ადამიანი. ყველა შებოჭილია მცირე, არაფრის მომცემი საქმეებით, რომელთა გაკეთებაც სწრაფად უნდა მოესწროს, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ახალი, მსგავსი ამაო საქმეების დაწყება.

   სად შეიძლება სიკეთისათვის დროის პოვნა? თვით ამაზე ფიქრის დროც კი არ არის. სიკეთე დგას, როგორც მოხეტიალე მწირი, რომელსაც არ აქვს ადგილი სამსახურეობრივ ოთახში, არც ქარხანაში, არც ქუჩაში, არც ადამიანთა სახლებში, მითუმეტეს - არც გასართობ ცენტრებში. სიკეთეს ,,არ აქვს ადგილი, სადა თავი მიიდრიკოს". როგორ უნდა იჩქარო მისი აღსრულება, როდესაც წამითაც არ ხდება მისი მოპატიჟება, არა მხოლოდ ოთახში, არამედ ფიქრებშიც კი, გრძნობებში და სურვილებში. არასოდეს! და როგორ არ ესმის ეს სიკეთეს და მაინც, როგორ ცდილობს სინდისზე მტკივნეულად შეხებას? საქმეები, საქმეები, საზრუნავები, ვალდებულებები, აუცილებლობები, გადაუდებლობები და ამ ყველაფრის კეთების მნიშვნელობის გაცნობიერება.. ოჰ, საბრალო ადამიანი!

  სად არის შენი სიკეთე, სად არის შენი სახე? სად ხარ შენ თავად? რად იმალები ცხოვრების ხრახნებისა და ბორბლების ბრუნვების მიღმა? მაგრამ, მაინც გეტყვი: იჩქარე სიკეთე აღასრულო, სანამ სხეულში ცხოვრობ. იარე ნათელში, სანამ ხორცში ხარ. იარე ნათლის შუქზე, სანამ ნათელი ჯერ კიდევ ნათობს (შედრ.: იოანეს სახარება 12:35). მოვა ღამე, როდესაც ვეღარ შეძლებ სიკეთის ჩადენას, თუნდაც რომ ძალიან გსურდეს.

  მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ შენ, დედამიწაზე, სამოთხისა და ჯოჯოხეთის ამ ზღურბლზე, არ გინდოდა სიკეთის კეთება და სიკეთეზე ფიქრიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთება მოგინდეს, როცა აღმოჩნდები შუაღამისას გარესკნელში, ამ ყოფიერების კარს მიღმა გაგდებული და მიწიერი ცხოვრების ამაოებიდან გამოძევებული, რამეთუ ამაოება, რომელიც შენ შეიყვარე, შენს სულს არარაობის ცივ და ბნელ ღამეში გახიზვნას უმზადებდა. ამიტომ, იჩქარეთ სიკეთის კეთება! ჯერ დაიწყეთ ამის გაკეთებაზე ფიქრი; შემდეგ კი იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს და შემდეგ დაიწყეთ ამის გაკეთება.

  იჩქარე ამაზე ფიქრი, იჩქარე ამის გაკეთება. დრო მუხთალი და ხანმოკლეა. მარადიული დროებითშია ხელმისაწვდომი. წარმართე ეს საქმე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შენს ცხოვრებაში. გააკეთე ეს, სანამ გვიანი არ არის. როგორი საშინელი იქნება დააგვიანო სიკეთის კეთებაში. ცარიელი ხელებით და ცივი გულით გახვიდე ამ ცხოვრებიდან და წარდგე ღვთის წინაშე.

   ვინც არ ჩქარობს სიკეთის კეთებას, ის მას არც (შემთხვებით)გააკეთებს. სიკეთე ითხოვს გულის სიმხურვალეს. ნელთბილებს ეშმაკი არ დაანებებს სიკეთის გაკეთებას. ის მათ ხელ-ფეხს შეუკრავს მანამ, სანამ ისინი სიკეთის ქმნას მოიფიქრებენ. სიკეთის კეთება, მხოლოდ გულმხურვალეებს შეუძლიათ, მათ, რომელთა გულიც ცხელია. იყო კეთილი ჩვენს დროში - შეუძლია მხოლოდ სიკეთით მოელვარე ადამიანს. და რაც უფრო წინ მიდის სიცოცხლე, მით მეტი ელვისებური სიჩქარე სჭირდება ადამიანს სიკეთისთვის. ელვის სისწრაფე სულიერი  სიძლიერის გამოხატულებაა, ეს არის წმინდა რწმენის სიმამაცე, ეს არის სიკეთის მოქმედება, ეს არის ჭეშმარიტი ადამიანობა!

ამაოების მოჩქარეობასა და ბოროტებას, მოდით, გუმხურვალებისა და სიკეთის განხორციელების სისწრაფე დავუპირისპიროთ. უფალო, დაგვლოცე და შეგვეწიე!

🔹 ნებისმიერი ცოდვის შემდეგ მონანიების სისწრაფე - აი, პირველი მხურვალება, რომელსაც ღმერთს მივართმევთ.

🔹 ჩვენი ცოდვილი ძმის მიმართ სწრაფად შენდობის მიცემა - მეორე სიმხურვალეა, რომელსაც ღმეთს შევწირავთ.

🔹 ნებისმიერ თხოვნაზე სწრაფად გამოხმაურება, რომლის აღსრულებაც შეიძლება ჩვენთვისაც სასარგებლო იყოს და მთხოვნელისთვისაც, - აი, მესამე სიმხურვალე, რომელსაც ღვთის წინაშე აღვასრულებთ.

🔹 მოყვასისადმი ისეთი დახმარების სიჩქარე, რაც მას უშველის თავი დააღწიოს უბედურებას,- აი, მეოთხე მხურვალება ღვთის წინაშე.

🔹მეხუთე მხურვალება: უნარი სწრაფად შეამჩნიო ის, თუ ვის რა სჭირდება, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად; და შემძლეობა, ცოტათი მაინც ემსახურო თითოეულ ადამიანს. უნარი ყველა ადამიანისათვის ილოცო.

🔹მეექვსე მხურვალება - ეს არის უნარი და მზაობა იმისა, რომ ბოროტების ყოველგვარ გამოხატულებას სიკეთით, ყოველ სიბნელეს ქრისტეს სინათლით, ხოლო ყოველ სიცრუეს სიმართლით დაუპირისპირდე.

🔹 და მეშვიდე სიმხურვალე ჩვენი რწმენისა, სიყვარულისა და იმედისა, ეს არის - უნარი, მეყვსეულად აღამაღლო გული და მთელი შენი შინაგანი არსი ღვთისადმი, მიეცე მის სიყვარულს, მადლიერებითა და ქებისმეტყველებით ყოველსა ზედა, ყოვლისათვის, ამინ!

სან-ფრანცისკოს არქიეპისკოპოსი - იოანე შახოვსკი.


ავტორი:  მიქაელ მთაწმინდელი.