ადრე თუ გვიან, თითქმის ყოველი ქრისტიანი აწყდება მის ცხოვრებაში, ერთი შეხედვით, გაუგებარ მოვლენას: ღვთის მადლი, რომელიც მას ხელში აყვანილს ატარებდა, მოულოდნელად იმალება და ადამიანი შინაგანად საშინელ სიცარიელეს გრძნობს. თავიდან ეს აღიქმება როგორც განსაცდელი; გგონია, რომ გაივლის ერთი-ორი დღე და კვლავ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე: ლოცვაც თავისთავად „წავა“, ლიტურგიაზეც „ზეციური მადლი“ მოგიცავს, ყველას სიყვარულიც გაგიადვილდება და ყველას წინაშე დამდაბლებაც — სიხარული იქნება... თავიდან ასეც იქნება. თუმცა, მოგვიანებით ეს პირქუში მდგომარეობა კვლავ განმეორდება. შემდეგ კი — კვლავ და კვლავ. ბოლოს კი, შესაძლოა, საერთოდ მუდმივ ხასიათად იქცეს. გავა დღეები, კვირები, თვეები, მაგრამ შვება არ მოვა. პირიქით — სიმძიმე მოიმატებს.
არქიმანდრიტი,
წმ.სოფრონი (სახაროვი), ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მოსაგრე, თავის ცნობილ წიგნში, რომელიც ბერ სილუანს მიუძღვნა, ასე წერს ამის შესახებ:
„ღმერთი ტოვებს ადამიანს?.. განა ეს შესაძლებელია?.. და მაინც, სულში ღვთის სიახლოვის განცდილ გრძნობას მეორე ენაცვლება — რომ ის უსასრულოდ, მიუწვდომელად შორსაა, ვარსკვლავურ გალაქტიკებზე შორს, და მისი ყოველი მოხმობა სივრცეში უმწეოდ იკარგება. სული შინაგანად აძლიერებს მისდამი ღაღადს, მაგრამ ვერც შეწევნას ხედავს და ვერც ყურადღებას. მაშინ ყველაფერი მძიმეა. ყველაფერი შეუსაბამოდ დიდი, ზეადამიანური შრომით მიიღწევა. ცხოვრება სატანჯველად იქცევა და ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მის
სულს
წყევლა და ღვთის რისხვა დაუძვრელ ტვირთად ადევს. მაგრამ როდესაც ეს განსაცდელები გაივლის, მაშინ დაინახავს ადამიანი, რომ ღვთის მიუწვდომლად საკვირველი განგებულება დიდი მზრუნველობით იცავდა მას ყოველ გზაზე“.
ამ ნაშრომში ჩვენ შევეცდებით გაგაცნოთ, თუ როგორ ესმის ღვთისმიერ მიტოვებულობა არქიმანდრიტ სოფრონს (სახაროვი). წმინდა სოფრონთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ მივიღოთ, როგორ ვიცხოვროთ — ან როგორ გადავიტანოთ — სულიერი ცხოვრების ეს რთული პერიოდი; პერიოდი, რომელიც მოელის ყველას, ვინც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვარცმულ გზას შეუდგა.
1. მომხმობელი მადლი
ქრისტიანული ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანი, ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვით, წმინდა სულის მოხვეჭაში მდგომარეობს. ქრისტიანული მოწოდების საზომი უზომოდ დიდია: ჩვენ მოწოდებულნი ვართ, საკუთარ ცხოვრებაში გავიმეოროთ ქრისტეს ღვაწლი, თუმცა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მოკრძალებული მასშტაბით. „ქრისტიანის ცხოვრება თავისი შინაგანი არსით, — წერს მამა სოფრონი, — არის ქრისტეს მიდევნება: შენ მე მომდევდი (შდრ. ინ. 21:22). ამის გამო, თითოეული მორწმუნე ამა თუ იმ ზომით გაიმეორებს უფლის გზას, მაგრამ იგი საკუთარი ძალით როდი აიღებს მხრებზე ჯვარს, რათა წავიდეს გეთსიმანიაში და შემდგომ — გოლგოთაზე: ...რამეთუ მის გარეშე არ ძალგვიძს არაფრის ქმნა (შდრ. ინ. 15:5)“.
ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ განსაცდელი, რომელსაც იგი ითმენს, მის თვალში ყველაზე მძიმე და გამორჩეული ჩანს. თუმცა, თუ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით ნებისმიერი ქრისტიანის ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ჩვენ ყველანი სულიერი ცხოვრების დაახლოებით ერთსა და იმავე ეტაპებს გავდივართ. მსგავსად იმისა, როგორც თავის ფიზიკურ არსებობაში ადამიანი ჯერ იბადება, გადის ჩვილობის ასაკს, შემდეგ — ბავშვობას, ყმაწვილობას, ახალგაზრდობას და ასე შემდეგ... რაღაც მსგავსი ხდება ქრისტიანულ სულშიც. ამის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე — სად, რომელ ეტაპზე იმყოფები და ამ ცოდნის შესაბამისად გადაჭრა შენი სულიერი პრობლემები.
არქიმანდრიტი სოფრონი (ღირს სილუანის კვალდაკვალ) თავის წიგნებში არაერთხელ წერდა ქრისტიანის სულიერი ცხოვრების სამი პერიოდის შესახებ. მართალია, მამა სოფრონს არ შეუქმნია რაიმე დასრულებული და ერთიანი საღვთისმეტყველო მოძღვრება (სისტემა მ.მ), იგი მაინც შესაძლებლად მიიჩნევდა ზოგადი ხასიათის ანალოგიების გამოყენებას, „რათა უფრო ნათლად დაეხატა ჩვენი ქრისტიანული გზის სურათი“. ასე მაგალითად, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის
მკვიდრებთან ერთ-ერთი
საუბრისას მან თქვა:
„...სულიერ
ცხოვრებაში სამი პერიოდია:
საწყისი — პირველი მადლი;
მეორე — მკაფიოდ განცდადი
მადლის განშორება და
ადამიანისთვის საკუთარი ნების
გამოვლენის შესაძლებლობის მიცემა;
მესამე — მადლის დაბრუნება
უკვე უფრო სრულყოფილი სახით,
როგორც განუქარვებელად მომადლებულისა“.
წმინდა მამათა ლიტერატურაში არაერთხელ ვხვდებით ქრისტიანის სულიერი აღორძინების ეტაპობრივი ხასიათის აღწერას. ზოგიერთი მამა სულიერი ცხოვრების ისეთ სტადიებზე საუბრობს, როგორიცაა განწმენდა, განათლება და განღმრთობა. „ეს სქემა უფრო მეტად ფილოსოფიურია და ადამიანის სულიერი გზის სტრუქტურის გაგებაში გვეხმარება. თუმცა, არსებითად, ღვთის მადლი ერთდროულად განმწმენდელიცაა, განმანათლებელიც და განმღრთობელიც. ბერი [სოფრონი] მიჰყვება სულიერი ცხოვრების ბიბლიურ სქემას, რომელიც ისრაელი ხალხის ისტორიაში განხორციელდა. იგი სამ სტადიას მოიცავდა: მოხმობას, გამოცდას უდაბნოში და აღთქმულ ქვეყანაში შესვლას“.
ამრიგად, ქრისტიანული ცხოვრების პირველი პერიოდისთვის დამახათებებელია ადამიანისადმი ეგრეთ წოდებული მომხმობელი მადლის გამოვლენა. „ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარულის პირველი ქმედება მაშინ ხორციელდება, როდესაც ღმერთი ხედავს ადამიანის კეთილგანწყობას მადლის მისაღებად“. ალბათ, ყოველი ქრისტიანი, რომელიც სრულწლოვან ასაკში მოიქცა რწმენისკენ, განიცდიდა მადლით განახლების ამ საკვირველ შინაგან მდგომარეობას, რომელსაც თავდაპირველად უფალი გვანიჭებს. ადამიანს მოულოდნელად ეხსნება ყოფიერების ნამდვილი აზრი — როგორც საკუთარი, ისე მთელი სამყაროს არსებობისა; გარემომცველი სამყარო ფერს იცვლის; სულს აღავსებს სააღდგომო სიხარული და განსაკუთრებული სახის შთაგონება, რომლის შესახებაც ხშირად წერს მამა სოფრონი: „და როცა დადგება ჟამი და ჩვენ შევიცნობთ მას, მაშინ ჩვენი სული შეიყვარებს მას; ამ შემეცნებიდან მიღებული შთაგონება ნეტარებამდე აღგვავსებს. და ამგვარად შეცნობილი შთაგონება უკვე აღარასოდეს დაგვტოვებს“.
ო, ეს ღვთისა და ადამიანის საკვირველი შეხვედრა!.. არ არსებობს სიტყვები, რათა გადმოიცეს სიტკბოება იმ სიყვარულის ცეცხლისა, რომელიც ადამიანის სულს აღავსებს. შეუძლებელია მღელვარების გარეშე იკითხო ღირსი სილუან ათონელის ეს საოცარი სტრიქონები: „როდესაც მადლი ჩვენში
ივანებს, მაშინ სული იწვის და უფლისკენ ისწრაფვის დღე და ღამე, რამეთუ მადლი ,,აიძულებს“ სულს ღვთის სიყვარულს; მან შეიყვარა იგი და აღარ სურს მასთან დაშორება, რამეთუ ვერ ძღება წმინდა სულის სიტკბოებით. და არ აქვს დასასრული ღვთის სიყვარულს... უფალს ძლიერ უყვარს მომნანიებელი ცოდვილი და მოწყალედ იკრავს მას გულში: „სად იყავი, შვილო ჩემო? დიდი ხანია გელი“. უფალი ყველას თავისთან უხმობს სახარებისეული ხმით და მისი ხმა ისმის მთელ სამყაროში: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი. მოვედით, შეიცანით, რომ მე მიყვარხართ... არ შემიძლია დავუშვა თუნდაც ერთი ჩემი ცხოვრის დაღუპვა... მოვედით ჩემთან, ცხოვარნო ჩემნო. მე შეგქმენით თქვენ და მიყვარხართ. ჩემმა თქვენდამი სიყვარულმა ჩამომიყვანა დედამიწაზე, მე ყოველივე დავითმინე თქვენი გადარჩენისათვის და მსურს, რომ შეიცნოთ ჩემი სიყვარული და თქვათ მოციქულთა მსგავსად თაბორზე: უფალო, კეთილ არს ჩვენდა შენთანა ყოფნა“ (შდრ. მკ. 9:5; ლკ. 9:33)“.
მამა სოფრონი (ისევე როგორც მისი მასწავლებელი, ღირსი სილუანი) ბევრს წერს ადამიანისადმი ღვთის სიყვარულზე. ნეტარი ბერის მთელ იერსახეს ამ სიყვარულის ბეჭედი აზის, ისე, რომ იგი ხშირად გადმოედინებოდა კიდეც და გარშემომყოფთა გულებს კრძალვითა
და წმინდა
თრთოლვით აღავსებდა. „მხოლოდ თავად მომმადლებელმა ღმერთმა უწყის დანამდვილებით, რა ზომით მანიჭებდა იგი მისი სიყვარულის შეცნობის სიხარულს“, — აღიარა ერთხელ მამა სოფრონმა. „ღვთისადმი ლტოლვა ღვაწლის დასაწყისში იმდენად ინტენსიურია, რომ ადამიანის სული უზენაესისკენ თავის დაძაბულ სწრაფვაში მხოლოდ მისკენ, ერთადერთისკენ ილტვის“. მომხმობელი მადლის პერიოდში სულიერი ღვაწლი — იქნება ეს მარხვა, მღვიძარება, ლოცვა თუ სხვა — ადამიანს თითქოს თავისთავად, იოლად ეძლევა. ამის მიზეზი ისაა, რომ თავად უფალი ატარებს ახალბედა ქრისტიანის სულს ხელში აყვანილს და არ უშვებს, რომ იგი სადმე სერიოზულად დაეცეს ან
რაიმე
დაიშავოს. უფალი მორჩილად ელის ჩვენს სინანულს და შემდეგ თავადვე პირველი ისწრაფვის მომნანიებელი ადამიანის თავის მამობრივ მკლავებში მისაღებად; იგი ისე თავს დასტრიალებს ადამიანის სულს, როგორც მოსიყვარულე დედა — ახალშობილ ჩვილს.
„ღვთის განმაცხოველებელი სული მაშინ მოგვიხილავს, როცა მის
წინაშე
მორჩილად
,გულგახსნილობის მდგომარეობაში ვიმყოფებით. იგი არ ძალადობს ჩვენს თავისუფლებაზე; იგი თავისი ნაზი სითბოთი გვმოსავს; იგი ისე ჩუმად მოგვიახლოვდება, რომ შესაძლოა მაშინვე ვერც შევამჩნიოთ. არ უნდა ველოდოთ, რომ ღმერთი ჩვენში ძალისმიერად, ჩვენი თანხმობის გარეშე შემოიჭრება. ო, არა; იგი პატივს სცემს ადამიანს, მის წინაშე მდაბლდება; მისი სიყვარული მორჩილია; ის ჩვენ არა უბრალოდ ზემოდან დაგვყურებს, არამედ ისე ვუყვარვართ, როგორც დედას — თავისი სნეული ჩვილი. როდესაც მისთვის გულს განვახვამთ, დაუძლევლად ძლიერია განცდა იმისა, რომ იგი ჩვენი „თვისტომია“ და სული მის წინაშე ლმობიერი სიყვარულით ქედს იხრის“.
სხვადასხვანაირად მოდის სულში წმინდა სულის მადლი, „რამეთუ განსხვავებულია მისი ქმედებანი თითოეულ ადამიანში, მისი სულიერი განწყობისა და გონებრივი აღნაგობის შესაბამისად. ზოგში იგი მძაფრად ვლინდება, ზოგში კი, პირიქით — მეტად ნაზად და ფაქიზად; ზოგში თანდათანობით იზრდება მცირედიდან დიდისკენ, ზოგში კი მაშინვე დიდი ძალით გამოცხადდება, შემდეგ კი თითქოს ტოვებს მას“. თავად მამა სოფრონი უხვად იყო დაჯილდოებული პირველი მადლის ქმედებით: „ჩემმა სულმა შეიცნო ღმერთი, რომ იგი არის სიყვარული (შდრ. 1 ინ. 4:8), და სიყვარული გამოუთქმელი, უთქმელი, აუხსნელი, დაუცხრომელი, განუზომელი, უწმინდესი, სრულყოფილებით მიუწვდომელი, უტკბილესი, მტკიცე, მარადიული... და კიდევ რა ვთქვა? — ღმერთი არის ნათელი, რომელშიც არ არის არავითარი ბნელი (შდრ. 1 ინ. 1:5) (ან ლაქა, ან ნაკლი). როდესაც ღვთის მოწყალების ნიჭით სული ღირს იქმნება ღვთის სიწმინდისა და სიყვარულის ჭვრეტისა... მაშინ იგი უნებურად, რაღაც გამოუთქმელი გაოცებითა და განცვიფრებით ამბობს: „ო, როგორი უფალი გვყავს“. და უკვე ამის შემდეგ სული თავის ყოველგვარ განსჯასა და მსჯელობაში გამოდის იმ შემეცნებიდან, რომლის
შეცნობის
ღირსიც გახდა, — ანუ იმისგან, რომ ღმერთი სიყვარული არს (1 ინ. 4:8)“.
მამა სოფრონი მოწმობს, რომ „მადლი, რომელიც თავდაპირველად მოხმობისა და სწავლებისათვის მოგვეცემა, ზოგჯერ არანაკლებია სრულყოფილთა მადლზე; თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უკვე შეითვისა ამ საკვირველი კურთხევის მიმღებმა. ღვთიური ნიჭების შეთვისება ხანგრძლივ გამოცდასა და გაძლიერებულ ღვაწლს მოითხოვს“.
2. ღვთისაგან მიტოვებულობის პერიოდი
როგორც წესი, პირველი (მომხმობელი) მადლის ხანმოკლე მოქმედების შემდეგ, ქრისტიანი თავისი სულიერი ცხოვრების ახალ ეპოქაში შედის. „როდესაც ღმერთი ხედავს, რომ მთელ სამყაროში უკვე ვეღარაფერი შეძლებს სულის განშორებას მისი სიყვარულისგან (შდრ. რომ. 8:35-39), მაშინ დგება გამოცდის პერიოდი“. ამაზე ფიქრიც კი ზარდამცემია — არა თუ წერა; თუმცა, ქრისტიანის ცხოვრებაში ადრე თუ გვიან მაინც დგება ეს ჟამი. რატომ? და... რისთვის? მამა სოფრონი ცდილობს, გასცეს პასუხი ამ რთულ კითხვას: „უფალი ყოველი ჩვენთაგანისთვის იტანჯა. მისი ვნებანი ჭეშმარიტად კურნავს ჩვენს ყველა ისტორიულ სენს, რაც კი, ადამის დაცემის შემდგომ დაგვიგროვდა. რათა ჯეროვნად შევიცნოთ ქრისტე, აუცილებელია, ჩვენ თავადაც თანაზიარნი გავხდეთ მისი ვნებებისა და, თუკი შესაძლებელია, ყოველივე ისე განვიცადოთ, როგორც თავად მან. მხოლოდ ასე, და მხოლოდ ამგვარად შეიცნობა ქრისტე-ჭეშმარიტება; ანუ არსობრივად და არა განყენებულად; არა ფსიქოლოგიური თუ გონებრივი რწმენით, რომელიც ცხოვრებისეულ ღვაწლად არ ქცეულა".
პირველი მომხმობელი მადლის ნიჭი ადამიანს ერთმევა, როგორც „ცრუ სიმდიდრე“, რომელიც მას არ ეკუთვნის და მისი ცოდვილი ბუნებისთვის უცხოა. მამა სოფრონი წერს: „ამ [ღვთიური] სიყვარულის მოხვეჭა ქრისტიანული ღვაწლის საბოლოო მიზანია. ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებულია ხანგრძლივ და რთულ გზასთან. თუმცა, ღვთის მიერ დიდი ძალით მოხილვის განცდა შესაძლებელია ზეგარდამო ნიჭით გარკვეულ მომენტებში, როდესაც სული, ცოდვათა განცდის სინანულისმიერ აღმაფრენაში, ხდება მიმღები მასზე გარდამომავალი ღვთიური ნათლისა. მიუხედავად ამისა, ეს პირველი მოხილვები ჯერ კიდევ არ არის ცხონებულთა სამარადჟამოდ მოხვეჭილი მდგომარეობა. ეს ჯერ მხოლოდ „ცრუ სიმდიდრეა“, რომელიც შეიძლება ერთგულების ნაკლებობის გამო წაგვერთვას. ამ მადლის შენარჩუნება და ყოველივე იმისადმი ერთგულება, რაც მან გვასწავლა, შეუძლებელია წლების განმავლობაში ღრმა გლოვის (სინანული — მეტანოია) გარეშე (შდრ. ლკ. 16:9-12)“.
თავის წიგნში „ღირსი სილუან ათონელი“, მამა სოფრონიმ მთელი თავი მიუძღვნა მეორე პერიოდს — ღვთისაგან მიტოვებულობის ჟამს — და მას „სულიერი გამოცდები“ უწოდა. ამ თავის გაცნობისას დავინახავთ, რომ მამა სოფრონის სწავლება სულის ღვთისკენ მიმავალი სამეტაპიანი გზის შესახებ არ არის ორიგინალური — არსებითად, ეს თავად ბერი სილუანის სწავლებაა. თუმცა, თავად მამა სოფრონი მთელი ცხოვრება უბრალოდ და თავმდაბლად იმეორებდა: „ჩემთვის მიუწვდომელია ღვთის განგება, რომელმაც დამაკისრა ამოცანა, ვმსახურებოდი დიდ მოღვაწეს, ღირს სილუან ათონელს. მის ფერხთით მჯდომს, მომეცა შესაძლებლობა, მესმინა ღვთის ამ რჩეულის კაცის სულიერი სიტყვები“.
„ადამიანისთვის ღმერთთან ყოფნა ყოველთვის იოლი არ არის...“ — ასე იწყებს მამა სოფრონი ზემოხსენებულ თავს „სულიერი გამოცდები“. ამ თავის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, თავს უფლებას მივცემთ, მისგან საკმაოდ ვრცელი ციტატები მოვიყვანოთ. „ქრისტიანის გზა, ზოგადი კონტურებით, ასეთია: თავდაპირველად ადამიანი ღვთისკენ მადლის ნიჭით მიიზიდება; ხოლო როდესაც იგი უკვე მოქცეულია, მაშინ იწყება გამოცდის ხანგრძლივი პერიოდი. გამოიცდება ადამიანის თავისუფლება და მისი ნდობა ღვთისადმი, და გამოიცდება ზოგჯერ „სასტიკადაც“. ღვთისადმი მოქცევის დასაწყისში მცირე თუ დიდი, ძლივს წარმოთქმული თხოვნაც კი, როგორც წესი, სწრაფად და სასწაულებრივად სრულდება ღვთის მიერ; მაგრამ როდესაც დგება გამოცდის პერიოდი, მაშინ ყოველივე იცვლება: ზეცა თითქოს იხშობა და ყრუ ხდება ყოველი ვედრების მიმართ. მოშურნე ქრისტიანისთვის ცხოვრებაში ყველაფერი რთულდება. ადამიანთა დამოკიდებულება მისდამი უარესდება; მას აღარ სცემენ პატივს; რაც სხვებს ეპატიებათ, მას არ პატიობენ; მისი შრომა თითქმის ყოველთვის ნორმაზე ნაკლებად ანაზღაურდება; სხეული ადვილად ხდება სნეულებათა მიმღები; ბუნება, გარემოებანი, ადამიანები — ყოველივე მის წინააღმდეგ აღსდგება. მიუხედავად ბუნებრივი ნიჭისა, რომელიც სხვებზე ნაკლები როდი აქვს
მას, იგი მათ გამოყენებას ვერ პოულობს. ამასთანავე, ითმენს დემონურ ძალთა მრავალგვარ თავდასხმას. და ბოლოს, ყველაზე მძიმე და აუტანელი ტანჯვა
შემოდის
— ღმერთი ტოვებს მას. მაშინ ტანჯვა აღწევს თავის სისრულეს, რამეთუ მისით მოწყლულია მთელი ადამიანი თავისი მყოფობის (არსებობის მ.მ) ყველა ასპექტში“.
„იმისათვის, რათა შევიცნოთ ღვთისაგან გამომავალი ნიჭები, იგი, მოხილვის შემდეგ, დროებით გვტოვებს. უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენს ღვთისაგან მიტოვებულობა. სიყმაწვილეში მხატვარი ვიყავი... ეს ბუნებრივი ნიჭი ჩემს შინაგანში იყო ჩადებული. შეიძლებოდა დავღლილიყავი, მუშაობის ძალა გამომცლოდა, შთაგონება დამკარგვოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ნიჭი ჩემი ბუნებისა იყო. როდესაც ღმერთი გვტოვებს, მაშინ თავად ყოფიერებაში იგრძნობა ერთგვარი უფსკრული; და არ იცის სულმა — დაბრუნდება თუ არა ოდესმე განშორებული უფალი. იგი თვისი ბუნებით სხვაა; იგი მიეფარა და მე დავრჩი ცარიელი; ამ საშინელ სიცარიელეს კი განვიცდი, როგორც სიკვდილს. მისი მოსვლით მე მეუწყა რაღაც მშვენიერი, გულისთვის სათუთი, რაც ჩემს ყველაზე გაბედულ წარმოდგენასაც კი აღემატებოდა. და აი, კვლავ იმ მდგომარეობაში ვარ, რომელიც ადრე ნორმალურად და დამაკმაყოფილებლად მეჩვენებოდა, ახლა კი მზარავს; მეტისმეტად ცხოველურ, პირუტყვის მსგავს მდგომარეობად მესახება... მე შეყვანილი ვიყავი დიდებული მეფის სახლში; ვიცოდი, რომ მისი თვისტომი ვიყავი, ახლა კი კვლავ სხვა არაფერი ვარ, თუ არა უსახლკარო მწირი“.
„ადამიანისთვის ღმერთთან ყოფნა ყოველთვის იოლი არ არის. მადლის განშორების პერიოდში, რომელიც, როგორც წესი, მეტად ხანგრძლივია, ღმერთი სულს ზოგჯერ შეიძლება წარმოუდგეს როგორც უწყალო მტანჯველი. რამდენადაც ვერ აღწევს
და ვერ განიცდის ხელშესახებად ღვთის მოწყალებას — მიუხედავად მისთვის შესაძლებელი უკიდურესი ღვაწლისა და შრომისა — ადამიანი იმდენად მძიმედ იტანჯება, რომ, შესაძლებელი რომ იყოს, საერთოდ იტყოდა უარს ყოველგვარ ყოფიერებაზე. რაში მდგომარეობს მისი ტანჯვა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი ამოცანა როდია“.
„გამოსცდის რა ღმერთს და შეიცნობს რა ცხოვრებას ღვთის პირიდან მოფენილ ნათელში, — სული ამქვეყნად ვეღარაფერში პოულობს სიმშვიდესა და კმაყოფილებას; იგი ვეღარაფერზე ჩერდება, თუმცა, ამავდროულად, ყოველივე — გარდა ღვთისა — გარს აკრავს მას. ყოველივე ის, რაც მან შეიცნო როგორც ბოროტება და ბნელი, ყოველივე დემონური ქმედება თავს ატყდება მას და ვნებათა ტანჯვა დროდადრო უკიდურეს დაძაბულობას აღწევს; ღმერთი კი თითქოს ზურგშექცეულია ადამიანისგან და არ სურს შეისმინოს მისი მოუკლებელი თხოვნა-ვედრების. როგორც ყველაზე უმწეო არსება, იგი ჰკიდია საშინელი უფსკრულის თავზე და ღმერთს შველას სთხოვს, მაგრამ ყოველი ღაღადისი უპასუხოდ რჩება. ღვთისთვის თითქოს სულერთია მისი ყოველი ტანჯვა. სულმა უწყის საკუთარი განდგომილების შესახებ ღვთიური სიყვარულისგან და იტანჯება თავისი სიცრუისა და ღვთისადმი ღალატის შეგნებით, თუმცა მაინც ღაღადებს მისდამი წყალობისათვის და ვერ პოულობს მას. ღმერთი სულს მხოლოდ მისი უსჯულოების მამხილებლად წარმოუდგება და სული ამ მხილებათაგან ილევა. იგი აცნობიერებს ღვთის სამსჯავროს სიმართლეს, მაგრამ მისი ტანჯვა ამით არ მცირდება. არა წარმოსახვით, არამედ სინამდვილეში — სიკვდილის ჩრდილში დანთქმული და ღვთის გარეშე დარჩენილი, რომელსაც დღე და ღამე უხმობს — სული გაუსაძლისად იტანჯება. იბადება კითხვა: რისთვისაა ყოველივე ეს?“
„უშუალოდ გამოცდის დროს სულს არ ძალუძს აღიქვას იგი, როგორც ღვთის მოწყალების გამოვლინება ან ღვთის ნდობა მისდამი; როგორც სურვილი იმისა, რომ ღმერთმა ადამიანი თავის სიწმინდესა და ყოფიერების სისრულეს აზიაროს. სულმა მხოლოდ ერთი რამ იცის: ღმერთმა მიატოვა იგი მას შემდეგ, რაც თვისი ნათელი აჩვენა, და ამით უზომოდ განამრავლა მისი ტანჯვა. და როდესაც სავსებით დაუძლურებული სული ვერ ხედავს მისკენ მოწყალებით გადმოხრილ ღმერთს, მაშინ მოდის ისეთი ფიქრები და გრძნობები, რომელთა შესახებაც დუმილს ინახავენ. სული ჩადის ჯოჯოხეთში, მაგრამ არა ისე, როგორც ჩადიან ისინი, ვისაც ღმერთი არ შეუცნია და ვისაც არ გააჩნია ჭეშმარიტი ღვთისშემეცნების ნათელი და, ამდენად, უსინათლონი არიან; არა, იგი იქ ჩადის იმის უნარით, რომ გააცნობიეროს მის მიერ ხილული წყვდიადი. ასე ემართებათ მხოლოდ მათ, ვინც შეიცნო საღვთო მადლი და შემდეგ დაკარგა იგი“.
მამა სოფრონი ხაზს უსვამდა, რომ „მათ, ვისაც ღმერთი არ სწამთ, არ იციან, რა არის ღვთისაგანმიტოვებულობა. ამ მწუხარებას მხოლოდ ისინი განიცდიან, ვინც უკვე იგემა ღვთის სიკეთე და მთელი ძალისხმევით ისწრაფვის მასში და მასთან მყოფობისაკენ. რაც უფრო მეტად იგემა ადამიანმა ღმერთთან ერთობის სიხარული, მით უფრო ღრმად იტანჯება მასთან განშორებისას. უკანასკნელი ზღვარი, რომელიც სახარებიდან ვიცით, თავად უფალია: გეთსიმანიის ბაღში სისხლიანი ოფლით ლოცვის შემდეგ, რომელშიც მან ყოველივე მამას მიანდო, ჯვარზე მყოფმა „ხმამაღლა დაიყვირა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რისთვის მიმატოვე მე?.. და კვლავ დაიყვირა... და განუტევა სული“ (შდრ. მათე 27:46-50)“.
«ქრისტე იესო კაცის (1 ტიმ. 2:5) ამგვარი სრული დაცარიელება (კენოზისი) — გარდაიქმნა მის მიერ განკაცებისას მიღებული ჩვენი ბუნების სრულყოფილ განღმრთობად. და მას, უკვე როგორც „კაცს“, მიეცა სახელი, რომელიც აღემატება... ყოველგვარ სახელს, არა მხოლოდ ამ სოფელში, არამედ მომავალშიც (შდრ. ფილიპ. 2:9; ეფეს. 1:21). ამგვარად, ღვთისაგან მიტოვებულობის გამოცდილება თავად უფალმა იესო ქრისტემ გაიარა, რისი დასტურიც იყო მისი უკანასკნელი წუთები ჯვარზე».
„თავის საუბრებში მამა სოფრონი ხშირად უბრუნდებოდა „გოლგოთაზე მიმავალი იესო ქრისტეს სახეს“. ყოველი ქრისტიანი უნდა გაჰყვეს ქრისტეს და მიჰბაძოს მის წარმოცარიელების (კენოზისის) ღვაწლს, თუმცა, რა თქმა უნდა, „ამ სოფელში მიწიერთაგან ვერავინ აღწევს ქრისტეს სისრულეს. ქრისტე ჩვენთვის განმაცვიფრებელი სასწაულია: ყოვლისშემძლე ღმერთი თავს იმცრობს განკაცებით და ყოველი შემდგომი ტანჯვით — ვიდრე ჯვარცმამდე და ჯოჯოხეთში ჩასვლამდე. სასწაული კი იმაშია, რომ ჩვენს მონურ ყოფიერებაში (შდრ. ფილიპ. 2:7-8) მან ღვთიური სიყვარულის თვითდამცრობის სრულყოფილება გამოავლინა: „აღსრულდა“ (ინ. 19:30; 17:4). მას ვერავინ შეედრება, მაგრამ ანალოგია მაინც უნდა მიეცეს ზოგიერთს, რათა შეიცნოს ღმერთი სულიწმიდით“.
ასეთ შემეცნებას მამა სოფრონი „ზეგარდამო შთაგონებას“ უწოდებდა — სწორედ ამ შთაგონებას ასწავლიდა იგი თავის ბერებს. უფალი ჩვენგან მოელის „დედამიწაზე მისი ცხოვრების გამეორებას“; მთელი მისი მიწიერი ცხოვრება იყო წარმოცარიელება (კენოზისი), რომელიც ჯვარზე დასრულდა“. რა არის ღვთისაგან მიტოვებულობის მთავარი აზრი? ადამიანმა ღვთისაგან მიტოვებულობის ჯოჯოხეთი უპირველესად იმიტომ უნდა გაიაროს, რომ დამდაბლდეს. „როდესაც ჩვენგან „გრძნობადი“ საღვთო მადლი მიდის, იწყება სასტიკი ბრძოლა ვნებებთან. ქრისტიანმა — სახარებიდან, წმინდა მამათა გადმოცემიდან და საკუთარი სინანულის გამოცდილებიდან — უკვე იცის, რა არის ცოდვა; და სწორედ ამ ცოდნის გამო (იხ. რომ. 7:7-12) იტანჯება მასში მყოფი ცოდვის ტირანიით (იხ. რომ. 7:13-24). „მცნებები პირისპირ გვაყენებს აბსოლუტური არსების სახესთან. ჩვენი ყოველი მცდელობა, დავიცვათ ისინი(მცნებები), გარდაუვალი მარცხით სრულდება. ჩვენ აღმოვაჩენთ სრულ უძლურებას საამისოდ. საკუთარ თავში ვხედავთ გონების ისეთ კლაკნილებსა და გულის ისეთ ვნებებს, რომლებიც გვკლავს. შიში იმ ღმერთისგან განშორებისა, რომელიც ვიწამეთ, დიდია. ჩვენ, უთუოდ შევაწყდებით საკუთარი თავიდან მომდინარე ტკივილს. ყოველივეს, რითაც წარსულში თავს მდიდრად მივიჩნევდით, უკუვაგდებთ და ყველაფრისგან შიშველნი ვხდებით: ჩვენი მიწიერი მიჯაჭვულობებისგან, ცოდნისგან და საკუთარი ნებისგანაც კი: ასე ვხდებით სულით გლახაკნი, ასე „წარმოვცარიელდებით“ (განვიძარცვებით)“.
პირველი მადლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანი უკვე სრული დარწმუნებით ცხოვრობდა თავის „ღვთისშვილობაში“; იგი თავს მრავალწილად თავისუფლად მიიჩნევდა ცოდვისგან (ყოველ შემთხვევაში, თავისი ცოდვიანი წარსულისგან მაინც). და აი, იგი ხედავს, რომ თურმე მასში არაფერი შეცვლილა: ცოდვა ისეთივე ძალით ფლობს მას, როგორც ადრე, თუმცა ქრისტიანის ტანჯვა ამ „ცოდვის სჯულის“ გამო (იხ. რომ. 7:23) მნიშვნელოვნად ძლიერდება, რადგან გონებაშიც და გულშიც ცოცხლობს პირველი მადლის მოგონება.
განსაკუთრებული დაძაბულობით, ზოგჯერ კი ნამდვილი შინაგანი ტრაგედიით განიცდიან ღმერთთან განშორებას დიდი წმინდანები. საღვთო
გამოცხადებითმა მინიშნებამ ღირსი სილუანისადმი: „გეჭიროს გონება შენი ჯოჯოხეთში და ნუ წარიკვეთ სასოს“, განუხვნა მას ღვთისაგან მიტოვებულობის საიდუმლო: მან სულით შეაღწია ღირსი სერაფიმე საროველის ბრძოლის საიდუმლოში, რომელიც მას შემდეგ, რაც უფალი გამოეცხადა ტაძარში ლიტურგიის დროს, განიცდიდა მადლის დაკარგვასა და ღვთისაგან მიტოვებულობას. ათასი დღე და ღამე იდგა იგი უდაბნოში ქვაზე და ღაღადებდა: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას“. მისთვის ცხადი გახდა ნამდვილი აზრი და ძალა ღირსი პიმენ დიდის პასუხისა თავისი მოწაფეებისადმი: „მერწმუნეთ, შვილნო! სადაც სატანაა, იქ ვიქნები მეც“. მისთვის ნათელი გახდა, რომ ღირსი ანტონი დიდი ღმერთმა ალექსანდრიელ მეწაღესთან სწორედ ამ ღვაწლის სასწავლად გაგზავნა; მეწაღისგან ისწავლა მან ასეთი ზრახვა: „ყველანი ცხონდებიან, მხოლოდ მე ერთი წარვწყმდები“. მისთვის ნათელი გახდა, რომ ღირსი სისოი დიდი სწორედ ამ ზრახვას, ანუ — „ყველანი ცხონდებიან, მხოლოდ მე ერთი წარვწყმდები“ — გულისხმობდა, როდესაც მოწაფეებს ეუბნებოდა: „ვის ძალუძს ანტონის ზრახვის ტვირთვა? თუმცა, ვიცნობ კაცს, რომელსაც შეუძლია ამ ზრახვის ტვირთვა“ (ეს კაცი თავად სისოი იყო). მან დაინახა და ახლა უკვე იცოდა, რას გულისხმობდა ღირსი მაკარი ეგვიპტელი, როცა ამბობდა: „ჩადი გულში და იქ ებრძოლე სატანას“. მან შეიცნო, რა ამოცანა იდგა ქრისტეს გამო
სულელთა (სალოსთა) წინაშე და, ზოგადად, ის გზა, რომელსაც დიდი მამა-ასკეტები გადიოდნენ: ბისარიონი, გერასიმე იორდანელი, არსენი დიდი და სხვანი. ამ საღვთო დარიგების წყალობით, ღირსმა სილუანმა შეძლო საკუთარ თავში მთავარი მტრის — ამპარტავნების — დაძლევა და ეკლესიის ზემოხსენებულ დიდ მამათა საზომს მიაღწია.
რაში მდგომარეობს მამა სილუანისადმი საღვთო (პედაგოგიური) გამოცხადების არსი? იმაში, რომ ამიერიდან მისმა სულმა არა გონებით, არამედ მთელი თავისი არსებით შეიცნო: ყოველი ცოდვის ფესვი და სიკვდილის თესლი ამპარტავნებაა; თავად ღმერთი კი — სიმდაბლეა, და ამიტომ, ვისაც ღვთის მოხვეჭა სურს, მან სიმდაბლე უნდა შეიძინოს. პირველი მადლი, როგორც „უცხო სიმდიდრე“, ადამიანს ერთმევა, რის შემდეგაც მან თავად უნდა ეძიოს ეს ნიჭი — გახდეს საღვთო მადლის თანაზიარი იმ დაუცხრომელი ღვაწლით, რომელიც ადამიანთა
ძალებისათის შესაძლებელია. «საერთოდ, ღმერთს ნებავს, რომ ჩვენ ლოცვით გამოვითხოვდეთ მისგან მადლისმიერ საბოძვარს (ნიჭებს): რწმენას, სიმდაბლეს, მოთმინებას და სხვა, — წერს მამა სოფრონი. — ყოველივე ეს თავიდან სულს უსასყიდლოდ ეძლევა დასაგემოვნებლად, მაგრამ შემდეგ მადლი განეშორება (უმთავრესად მზვაობრობისა და ამპარტავნების გამო), და მაშინ ადამიანმა საკუთარი შრომით უნდა ეძიოს იგი, რათა ხელახლა მოიპოვოს — ამჯერად უფრო მყარად, მისდამი შეგნებული ლტოლვითა და გონივრული მოქმედებით».
მაგრამ ნუთუ მართლაც აუცილებელია საღვთო მადლის განშორება? ნუთუ ასე გარდაუვალია ეს ტანჯვით აღსავსე გამოცდილება? ბერი სილუანის მაგალითზე მამა სოფრონი განმარტავს: «ახლა გამოაშკარავდა და გააზრებულ იქნა დანაკარგის მიზეზი: სულს არ ჰქონდა არც გონიერება და არც ძალა ამ ნიჭის სატვირთველად». თუმცა, ღვთისაგან მიტოვებულობის იმ შემზარავმა გამოცდილებამ, რომელიც ბერმა სილუანმა საღვთო მითითების მიღებამდე გადაიტანა, იგი ცოცხალი იესო ქრისტეს ხილვისთვის მოამზადა: «ამიერიდან კი სილუანს მიეცა „გონიერების ნათელი“, იგი იწყებს „წერილის გულისხმისყოფას“, მის გონებრივ მზერას ნათლად წარმოუდგა (განეცხადა) ცხონების გზა...»
ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ მამა სოფრონი არაერთხელ აფრთხილებდა თავის მონაზვნებს ღვთისადმი იმ საოცარი — ჭეშმარიტად ძველ წმინდა მამათა მსგავსი — სიყვარულის საზომზე, რომელიც ღირს სილუანს მიეცა. «დიახ, მე ვღელავ, — თქვა ერთხელ მამა სოფრონმა საძმოსთან საუბრისას, — რადგან როდესაც ვფიქრობთ ჩვენზე უკვე მოვლენილ საღვთო კეთილმოწლეობაზე, შესაძლოა საკუთარ თავში აღვძრათ უსარგებლო, მცდარი, ყალბი და დამღუპველი სურვილი — მივაღწიოთ ისეთსავე ნიჭებს, როგორიც ბერ სილუანს ჰქონდა. გაიგეთ ჩემი სიფრთხილე... ჩვენ წარმოუდგენლად დიდი მამა გვყავს — ღირსი სილუანი. ის, რაც მას შეემთხვა, უიშვიათესი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. და თუ გამოვეკიდებით იმავე ნიჭებს, რაც მას ჰქონდა, ეს შეცდომა იქნება. არასოდეს შეადაროთ საკუთარი თავი ვინმე სხვას (შდრ. 2 კორ. 10:12-14). რაც
არ
უნდა მცირე ან დიდი იყოს ყოველი ჩვენგანი ღვთის წინაშე, ღმერთი თითოეულ ადამიანს გულისმიერი ურთიერთობისას პირისპირ „განსწავლის“. ის არ არის ჩვეულებრივი, რომელსაც ღირს სილუანთან ვხედავთ. მან, ისევე როგორც ღირსმა სერაფიმე საროველმა, სრულიად დასაწყისშივე განიცადა ქრისტეს გამოცხადება. ჩვენ კი სხვა განწყობა უნდა გვქონდეს: ქრისტიანი, ჩვეულებრივ, იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორ მოკვდეს სინანულით განწმენდილი. და მაშინ ქრისტე გამოეცხადება ადამიანს მარადიულობაში...»
«წარმოცარიელების სისრულე წინ უძღვის სრულყოფილების სისავსეს», — მამა სოფრონის ეს სიტყვები სრული ზომით მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს კენოზისს (წარმოცარიელებას) მიესადაგება. თუმცა, დიდ წმინდანთა გამოცდილებაც კი ჩვენთვის მიუწვდომელია. ამიტომ, ჩვეულებრივ, ღვთისაგან მიტოვებულობის პერიოდში ყველაფერი ასე უიმედოდ როდია: ქრისტიანის მიერ მადლის დაკარგვა არ იღებს აბსოლუტური უნუგეშობის ხასიათს, როგორც ეს, მაგალითად, ღირს სილუანთან იყო. დროდადრო უფალი ნუგეშინისცემს ტანჯულ სულს: «მადლი ხანდახან მოახლოვდება და ამით იმედს იძლევა, განაახლებს შთაგონებას და კვლავ განეშორება». ამრიგად, მამა სოფრონის სიტყვით, ღვთისაგან მიტოვებულობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ «გვიჩვენოს — ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მზად; გზა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გავლილი; ჩვენ წინ გველის უფრო სრული წარმოცარიელების ღვაწლი; უნდა შევსვათ სასმისი, რომელიც მან შესვა (მთ. 20:22)».
კვლავ გავიმეოროთ: იმისთვის, რომ ხელახლა შევიწყნაროთ საღვთო მადლის ნიჭი, აუცილებელია საკუთარი სული ამ ნიჭის მისაღებად განვამზადოთ — აუცილებელია დამდაბლება. პირველი მადლის განშორებით უფალი ქრისტიანს აძლევს შესაძლებლობას, შეიწყნაროს სხვაგვარი ნიჭი — სინანული, რომელიც გვაძლევს ძალას, შევიყვაროთ ღმერთი „საკუთარი თავის სიძულვილამდე“ (იხ. გამოცხ. 12:11). «ამპარტავნების ყოველგვარი მომსპობელი ვნება, — წერს მამა სოფრონი, — მხოლოდ ტოტალური სინანულით დაიძლევა, რომლის მეშვეობითაც ადამიანზე გადმოდის ქრისტესმიერი სიმდაბლის კურთხევა, რაც ზეციერი მამის შვილებად გვაქცევს». მაგრამ რას ნიშნავს ეს — «ტოტალური სინანული»?
«როცა ადამიანი ქრისტე-ღმერთის უსაზღვრო სიწმინდეს ხედავს, იგი საკუთარ თავში მოქმედ ცოდვას ისე მძაფრად განიცდის, რომ მთელი არსებით იკუმშება: ღვთისადმი უდიდესი სწრაფვითა და საკუთარი ბოროტებისადმი ზიზღით — სინანულისმიერ ტირილში იძირება. სულის სურვილი, დაემსგავსოს ღმერთს მის სიმდაბლეში, მაშინ სასიკვდილო წყურვილად იქცევა. საკუთარი სულიერი არარაობის გამო აღძრული განსაკუთრებული მწუხარება მაშინ სულს მწარედ სტანჯავს. მაგრამ ამ მტანჯველ წუხილში სიწმინდის გამო, უკვე დევს თავად სიწმინდის დასაბამი; სწორედ ამიტომ მამები მას „წმინდა მწუხარებას“ უწოდებენ და, სიწმინდის გამო შეყვარებულნი, მას უფრთხილდებიან და ინახავენ... როდესაც ადამიანი მთელი თავისი არსებით ტირის საკუთარი უსამართლობისა და დანაშაულის განცდის გამო; როცა გრძნობს ღრმა სირცხვილს საკუთარი თავის გამო და მძაფრად აცნობიერებს, რომ მოკლებულია იმ ნათელსა და ცხოვრებას, რომელიც ერთხელ უკვე იხილა — მაშინ ამ განუმეორებელი მწუხარებისგან იბადება ღვთისკენ სწრაფვის ისეთი ძალა (ენერგია), რომელიც თავად ამ მწუხარებისა და ტანჯვის სიმძლავრის შესატყვისია. ამ ტანჯვამ შეიძლება ისეთ საზომს მიაღწიოს, რომ მართლაც მოწყვიტოს ადამიანი ამ სამყაროს — ისე, რომ ჭეშმარიტად დაივიწყოს მან მთელი სოფელი და იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ აღარ იცოდეს: ხორცში იყო იგი, თუ ხორცს გარეთ».
საკუთარი ცოდვების გამო მონანული სულის წუხილი სხვადასხვა ხარისხისაა. ხანდახან მან შეიძლება ისეთ უდიდეს დაძაბულობას მიაღწიოს, რომ ზოგიერთმა მამამ მას „სინანულის ჯოჯოხეთი“ უწოდა. და ვისაც არ გაუვლია სინანულის ეს ჯოჯოხეთი, იგი ნაკლებად „უნარიანია“ ცათა სასუფევლისათვის. ასეთი სინანული ჭეშმარიტად ღვთის ნიჭია; მცდელობა იმისა, რომ ადამიანმა იგი საკუთარ თავში ხელოვნური გზით გამოიწვიოს, ღრმად უცხოა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, მეტიც — ეს ძალიან სახიფათოა. ამაზე მიუთითებდა მამა სოფრონი ბალფურს, ყოფილ კათოლიკე მონაზონს: „თქვენს მეტისმეტად დაძაბულ სწრაფვასთან დაკავშირებით ტირილისა და შემუსვრილებისაკენ: ღმერთთან, რომელიც არის „ცეცხლი მომსვრელი“ (შდრ. ებრ. 12:29), საჭიროა მიახლოება რაც შეიძლება ჩუმად, მშვიდად, კრძალვით... ყოველნაირად უნდა დავიცვათ თავი ხელოვნური ნერვული და მგრძნობელობითი აღგზნებისა და მეოცნებეობისაგან. მაპატიეთ; ამას გაფრთხილებისათვის გეუბნებით, თქვენდამი ჩემი სიყვარულის გამო. კათოლიკეები, როგორც მსმენია, სწორედ ამ ნაკლოვანებებით იტანჯებიან... მეორე მხრივ, ზოგიერთები ერთმანეთში ურევენ სულიერსა და მშვინვიერს, ან სულაც, რადგან არ ესმით პირველი — ანუ სულიერი გლოვა, მას, როგორც მშვინვიერს, განიკითხავენ“.
«გარდაუვალია ერთ-ერთი ამ ორთაგან, — ამბობს მამა სოფრონი, — ან ფსიქოფიზიკური ტკბობისა და კომფორტის დევნაში განვეშოროთ ღმერთს და, შესაბამისად, სულიერად მოვკვდეთ; ან ზებუნებრივი ყოფიერებისაკენ სწრაფვაში — მოვკვდეთ ამ სოფლისათვის. ამ „სიკვდილშია“ ჩვენი ჯვარი, ჩვენი ჯვარცმა...». პირველი მადლის ხსოვნა გამორიცხავს ამქვეყნიურ ცხოვრების წესთან დაბრუნების შესაძლებლობას, ამიტომ ქრისტიანისათვის მხოლოდ ერთი გზა რჩება: წინ სვლა. ამაზე საუბრისას მამა სოფრონი მძაფრ სახეს იყენებდა: «წინა დიდ ომში [იგულისხმება პირველი მსოფლიო ომი], ხშირად, ჯარისკაცების შეტევაზე გაგზავნისას, სარდლობა შემტევთა ზურგს უკან ტყვიამფრქვევებს აყენებდა, ან ოფიცერი მიდიოდა ორივე ხელში რევოლვერით, რათა ყოველი მხდალი და უკანდახევისთვის მზადმყოფი დაეხვრიტა. ამგვარად, შემტევთათვის გამოდიოდა, რომ ხსნა და სიცოცხლე მხოლოდ წინ იყო, თუკი მტერს დაამარცხებდი. ჩვენთან, მონაზვნებთანაც, მსგავსი მდგომარეობაა. ჩვენი ხსნა ყოველგვარი გაგებით მხოლოდ წინ არის».
და კიდევ: «რამდენჯერმე ჩემი სული, როგორც პატარა, უმწეო არსება, უფსკრულის თავზე დაკიდებულა უდიდეს შიშში... ჩემი თავზარი იმაში მდგომარეობდა, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთი გამომეცხადა, დავინახვე, თუ რაოდენი წყლულებით ვიყავი მთლიანად დაფარული. გავაცნობიერე, რომ სრულიად უნარმოკლებული ვიყავი წმინდა ღვთის სასუფევლისათვის. არ ძალმიძს აღვწერო ის მწუხარება, რომელიც ხანგრძლივ, ღრმა ტირილში მძირავდა... ხშირად გაუსაძლისად მიმძიმდებოდა და არაერთხელ მიცდია მისი წმინდა ხელებიდან თავის დახსნა (შდრ. ინ. 10:28), მაგრამ ყოველი მცდელობა წარუმატებელი
იყო, რადგან წასასვლელი არსად მქონდა: ამ სოფელში არაფერი მიზიდავდა, არაფერს შეეძლო ჩემი სულის დაკმაყოფილება».
«ამ სოფლად არაფერს ძალუძს ღვთის ჩანაცვლება (იხ. ინ. 6:66-68), ამიტომაც ტანჯულ სულს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ... კვლავაც იტანჯოს. ბალფურისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში მამა სოფრონი საშინელ სიტყვებს წერს: „ქრისტიანი ვერასოდეს მიაღწევს ვერც ღვთის სიყვარულს და ვერც ადამიანისადმი ჭეშმარიტ სიყვარულს, თუკი არ გადაიტანს ფრიად მრავალსა და მძიმე მწუხარებას. მადლი მხოლოდ იმ სულში მკვიდრდება, რომელიც ბოლომდე გაიტანჯა...“». «„რა მძიმე სიტყვებია! ვის შეუძლია ამის მოსმენა?“ (ინ. 6:60) — შესაძლოა, ვინმემ ასეც თქვას; თუმცა შემდგომ (იმავე წერილში) მამა სოფრონი კიდევ უფრო გულახდილად ამბობს: „ჩემი ღრმა რწმენით, — თუკი თქვენ (ეს ეხება ყოველ ადამიანს) არ გადაიტანთ იმ მწუხარებას, სიღატაკეს, დამცირებას, შესაძლოა, შიმშილსაც, ყველასაგან სრულ მიტოვებულობას — ადამიანთაგან და თვით ღვთისგანაც კი: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო... რაისათვის დამიტევე მე (ფსალმ. 21:2; შდრ. მკ. 15:34), — მაშინ ვერასოდეს შეიცნობთ საღვთო სიყვარულს. გული, რომელიც არ შემუსვრილა მწუხარებათა დარტყმებისგან და ბოლომდე არ დამდაბლებულა ყოველგვარი სიღატაკისგან (როგორც სულიერის, ისე ხორციელის), უნარმოკლებულია მიიღოს ღვთის მადლი. ეს უკანასკნელი მეტად ძვირ ფასად იყიდება“. „ღმერთისაკენ მსწრაფი ადამიანი გამოიცდება ხან მკაცრად, ხან კი „სასტიკადაც“ კი; მაგრამ ყველა როდი გამოიცდება ასე, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ღმერთმა „წინასწარ შეიცნო“ (რომ. 8:29), როგორც ერთგულნი და მამაცნი. ერთგული სულის მოსახილველად ღმერთი აყოვნებს. ეს დაყოვნება ერთგულსა და მტკიცე სულში აღრმავებს სინანულს, ზრდის ზიზღს ყოველგვარი ცოდვისადმი და უფრო მხურვალესა და დაძაბულს ხდის ღვთისადმი მიქცევას“».
ყოველივე ამ ზემოთქმულს — სულმა კიდევ შეიძლება როგორღაც გაუგოს და დაეთანხმოს... „თეორიულად“; თუმცა, როგორც კი სულიერი გამოცდები შენს პირად ცხოვრებაში დაიწყება, „თეორიული სიმამაცე“ კვამლივით იფანტება და ქრისტიანი პირისპირ რჩება საკუთარ ჯალათთან — ცოდვასთან. მამა სოფრონი, რომელსაც ეს კარგად ესმოდა, ყოველნაირად ცდილობდა გაემხნევებინა თავისი მონაზვნები და შთაეგონებინა მათთვის ხსნის „ვიწრო გზის“ უდიდესი ღირსება: „თუკი ჩვენ ხატად და მსგავსად ვართ შექმნილნი, ესე იგი, ჩვენთვის განმზადებულია დაუსრულებელი სასუფეველი. და დიდ ტანჯვაში ასრულებს ქრისტიანი თავის გზას... ქრისტიანობა, რომლითაც ჩვენ, მართლმადიდებლები, ვცხოვრობთ, ჭეშმარიტად არის განუწყვეტელი ტანჯვა. მაგრამ ამ ტანჯვაში, სადღაც მოულოდნელად, გზას პოულობს უნაზესი ინტუიციის ოქროს ძაფი — ჩვენი ნათესაობისა დაუსაბამო ღმერთთან“.
ღვთის მცნებების შესრულების დაძაბულ მცდელობასა და ტანჯვაში ქრისტიანი თანდათანობით ადის უფლის, იესო ქრისტეს ეგზისტენციალურ შემეცნებამდე. „იმისათვის, რომ ქრისტე ჯეროვნად შევიცნოთ, ჩვენც აუცილებლად უნდა ჩავერთოთ მის ვნებებში და განვიცადოთ ყველაფერი, თუკი შესაძლებელია, ისე, როგორც თავად მან. ასე და მხოლოდ ასე შეიცნობა ქრისტე ჭეშმარიტება; ანუ ყოფითად და არა განყენებულად. არა ფსიქოლოგიური ან გონებრივი (მენტალურ-ინტელექტუალური) რწმენით, რომელიც ცხოვრებისეულ აქტად არ ქცეულა“.
3. მადლის დაბრუნება.
მადლის ხანგრძლივი განშორების შემდეგ (რაც, სხვათა შორის, ერთგული ქრისტიანის ცხოვრებაში შეიძლება თითქმის მთელ სიცოცხლეს გაგრძელდეს) დგება მესამე პერიოდი: მადლის დაბრუნება უკვე სხვა ხარისხითა და თვისებრიობით გამოცდილი სულისათვის. თუ როდის დაბრუნდება მადლი, ადამიანისათვის წინასწარ განჭვრეტა თითქმის შეუძლებელია, რადგან ეს საღვთო საიდუმლოა. თუმცა, მამა სოფრონი ამბობდა, რომ მადლი მოდის მაშინ, როდესაც ჩვენ სრულად მივენდობით ღვთის ნებას, როდესაც ვცხოვრობთ მორჩილებაში და როდესაც ვიცავთ ღვთის მცნებებს. მიუხედავად ამისა, ამ „როდესაც“-თა საზომი ადამიანისათვის ფაქტობრივად ამოუწურავია...
„მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, ხოლო მცირედში უსამართლო ბევრშიც უსამართლოა. მაშ, თუ უსამართლო სიმდიდრეში არ იყავით ერთგულნი, ჭეშმარიტს ვინ განდობთ? და თუ სხვისაში არ იყავით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ?“ (ლკ. 16:10-12). ვინც პირველ პერიოდში თავად მადლის ქმედებით იყო დამოძღვრილი ლოცვასა და ყოველგვარ სხვა სიკეთეში, და ხანგრძლივი ღვთისაგანმიტოვებულობის დროსაც ისე ცხოვრობს, თითქოს მადლი მასში მკვიდრობდეს, იგი, მისი ერთგულების ხანგრძლივი გამოცდის შემდეგ, მიიღებს „ჭეშმარიტ“ სიმდიდრეს უკვე წაურთმეველ, მარადიულ მფლობელობაში; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მადლი შეეზრდება ქმნილ ბუნებას და ორივე — მადლიც და ქმნილი ბუნებაც — ერთიანდება. ეს დასკვნითი ნიჭი არის ადამიანის განღმრთობა; მისთვის ღვთიური, დაუსაბამო და წმინდა ყოფიერების წესის მინიჭება; მთელი ადამიანის ფერიცვალება, რომლის მეშვეობითაც იგი ქრისტესმსგავსი და სრულყოფილი ხდება.
„მადლი შეიყვარებს ადამიანს და მას აღარ განეშორება“
— ეს არის მადლის მოხვეჭის ღვაწლის დასასრული. ეს არის მესამე, ფინალური ეტაპი. თავისი სრულყოფილებით იგი ვერ იქნება ხანგრძლივი, პირველი ეტაპის მსგავსად, რადგან მადლით განღმრთობის მდგომარეობას მიწიერი სხეული ვერ უძლებს: მას აუცილებლად მოჰყვება „სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლა“. თავად ადამიანსაც აღარ სურს კვლავ „დაბრუნდეს“ მდგომარეობათა იმავე დამთრგუნველ ცვალებადობაში; თუმცა, თუკი უფალი ინებებს ამ სოფელში მოღვაწის დარჩენის გახანგრძლივებას, მას მადლის იმ საზომზე აჩერებს, რომლის დროსაც შენარჩუნებულია მოქმედების უნარი, და მაშასადამე, შესაძლებლობა იმისა, რომ „გადასცეს ერთგულ ადამიანებს, რომლებიც სხვების სწავლებასაც შეძლებდნენ“ (შდრ. 2 ტიმ. 2:2) ყოველივე იმას, რაც თავად იმემკვიდრევა (მიიქუა) მამათაგან და უშუალოდ ღვთისაგან.
ტანჯვის გამოცდილებით გამდიდრებული და „ცეცხლოვანი გამოცდის“ (1 პეტ. 4:12) ღვაწლში საღვთო სიყვარულის მომხვეჭელი ქრისტიანი, თავად „გამოცდილი... განსაცდელში მყოფთაც შეეწევა“ (ებრ. 2:18). ამგვარად, იგი თავად უფლის, იესო ქრისტეს გზას ადგება, ითვისებს რა მის სიყვარულს ადამიანისადმი და მის „განცდებს“ — სწორედ ამაში მდგომარეობს ქრისტესა და მისი გზის ჭეშმარიტი ონტოლოგიური შემეცნება, რომელსაც ჩვენ, ქრისტიანები, უნდა შევუდგეთ.
„ქრისტეს „იცნობენ“ მხოლოდ ისინი, ვისაც გააჩნია მისი მიწიერი ცხოვრების მსგავსი შინაგანი ცხოვრება. მოციქულის სიტყვით, ჩვენშიც ისეთივე განცდები და ისეთივე აზროვნება უნდა იყოს, როგორიც ქრისტე იესოში ვიხილეთ, რომელმაც, არსით ღმერთმა, თავი დაიმცრო, მიიღო რა ჩვენი მონური ხატი და დაიმდაბლა თავი თვით ჯვარცმით სიკვდილამდე (იხ. ფილ. 2:5-8)... მხოლოდ მაშინ, როდესაც მის მიერ დედამიწაზე მოვლენილი ცეცხლი ადამიანის გულს შეეხება, იგი პოულობს ძალას, რათა შეუდგეს მას გეთსიმანიასა და გოლგოთაზე. შეუდგეს, რა თქმა უნდა, სულით, ჩვენი მთელი არსების ღრმა ტანჯვაში. უფლის ამგვარი შემეცნება, რომელიც „ზეცით გარდამოხდა“ დედამიწაზე და შემდგომ — ჯოჯოხეთში, აღდგომის ნაწილობრივ წინასწარ განცდამდე მიგვიყვანს“.
„ანუ ჩვენ ყველამ სიღრმისეულად უნდა ვატაროთ საკუთარ თავში ის ცნობიერება, რომელსაც ქრისტეში ვხედავთ, — მიიჩნევს მამა სოფრონი პავლე მოციქულის ამ სიტყვების (ფილ. 2:5-8) კომენტირებისას, — და განვიცადოთ სამყარო, როგორც ერთი ადამი, და ვილოცოთ მთელი ადამისათვის. აი, ნამდვილი მართლმადიდებლური ქრისტიანობა!“
აშკარაა, რომ თავად ბერმა სოფრონიმ სულიერი ცხოვრების სამივე ეტაპი განვლო, ამიტომაც შეეძლო ასე თავისუფლად და გაბედულად დაემოძღვრა თავისი მონაზვნები და საერთოდ ყველა, ვისაც სურდა სულიერი სიტყვის მოსმენა ხსნის გზების შესახებ. როდესაც ქრისტიანი სულიერი განსაცდელების პერიოდში შედის — რაც გარდაუვალია ყველასთვის, ვინც „კანონიერად იღვწის“ (შდრ. 2 ტიმ. 2:5) — ნუ შეძრწუნდება სული მისი. პეტრე მოციქული მოგვიწოდებს, ნუ გვეუცხოება „ცეცხლოვანი განსაცდელი, თქვენს გამოსაცდელად მოვლენილი, თითქოს რაღაც უჩვეულო რამ შეგმთხვეოდეთ“ (შდრ. 1 პეტ. 4:12) — ეს ჩვენი ეკლესიის ყველა წმინდანის გზაა. მამა სოფრონის მაგალითი მხოლოდ ერთ-ერთი გამოცდილებაა ქრისტეს კვალდაკვალ „ვიწრო გზით“ სვლისა, „საითაც უნდა წავიდეს იგი“ (გამოცხ. 14:4). მწუხარების ჟამს არ უნდა მივეცეთ მოწყინებას, სულიერად არ უნდა დავეცეთ და, მით უმეტეს — სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ.
„უმეცრება იქნებოდა იმის ფიქრი, რომ უფალს ტანჯვა სიამოვნებს. მან თავად გამოავლინა ისეთი სიყვარული, რომელიც განგვაცვიფრებს საუკუნეთა მანძილზე და მარადისობაში. და როდესაც იგი მოდის, ჩვენ ვეუბნებით მას: „უფალო, სად იყავი გუშინ ან ერთი საათის წინ?“ მაგრამ საკვირველია, იგი მოდის, გვანუგეშებს თავისი მყოფობის დამოწმებით და ჩვენ აღარაფერი გვაქვს ღვთისთვის საკითხავი. ასე განვიცდით ჩვენი ქმნილი ბუნების უძლურებას: მუდმივ მერყეობას, ტკივილისა და ტანჯვის, ბნელისა და ნათლის მუდმივ მატებასა თუ კლებას. თუმცა, ვიცით რა ეს გზა, ვეცდებით შევღაღადოთ ღვთისმშობელსაც, ყველა წმინდანსაც და თავად ღმერთსაც, რათა მოგვცეს მოთმინება და ძალა ამ მოთმინებისათვის“.
თავის მონაზვნებთან „გამოსამშვიდობებელ საუბარში“ მამა სოფრონიმ თქვა: „აი, დღევანდელ ჩემს საუბარს თქვენთან სამი სიტყვით დავასრულებ: გავწიროთ ჩვენი სიცოცხლე, რათა სხვებმა იცოცხლონ; ვანუგეშოთ ყველა მომსვლელი, გლახაკნი, რომელთაც ამ სოფელში სხვა ნუგეშისმცემელი არ გააჩნიათ; და ასე, ვემსახურებით რა ღმერთს მის ტანჯულ ძმებსა და ჩვენს დებში, ამ სიყვარულში თავად ქრისტესთან შევერთდებით საუკუნოდ“73.
ასე, თითოეული ჩვენგანი, თავად განსაცდელგამოვლილი, შეძლებს შეეწიოს განსაცდელში მყოფთ. მღვდელი, მონაზონი თუ ერისკაცი, რომლებმაც განვლეს ღვთისაგა მიტოვებულობის „ვიწრო გზა“, ტანჯვისა და მწუხარების გზა, ავიდნენ გოლგოთაზე და სულით აღდგნენ უფალში, საკუთარ გულში მოიპოვებენ ჭეშმარიტ სიყვარულს ღვთისა და მოყვასისადმი; ამით ისინი აღასრულებენ ღვთის უმთავრეს მცნებას, რომელზედაც „დამოკიდებულია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მთ. 22:37-40).
მთარგმნელი: მ. მთაწმინდელი