воскресенье, 29 марта 2026 г.

დედობა, როგორც ღირსება ქალისა

 



გასული საუკუნეების განმავლობაში, ქალის ადგილი განსაკუთრებით რთული იყო, და ახლაც, ჩვენს თანამედროვეობაშიც, იგი არაა სრულად განსაზღვრული. ცხოვრების ყოველ საფეხურზე ეს პრობლემა ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი, როგორც სახელმწიფო კანონმდებლობისა და საზოგადოების წყობის დონეზე, ისე შრომის განაწილების, აღზრდა-განათლებისა და, საეკლესიო ცხოვრების დონეზეც. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მრავალი რამ შეიცვალა. მრავალი მოსაზრების თანახმად, ქალმა წინანდელ წლებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი ადგილი მოიპოვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ჯერ კიდევ არ უპოვია თავისი ადგილი საზოგადოებაში. სინამდვილეში, ჯერჯერობით მაინც არ ხდება ქალის სწორად შეფასება. წინა საუკუნეების განმავლობაში მამაკაცი იყო კანონმდებელი და ბატონი. ხოლო ქალი, ხშირად, ზედმეტად იყო დამცირებული. ამგვარად, სიმართლისა და სამართლიანობის მოთხოვნისას ყველას, ვისაც კი სურდა ქალის მდგომარეობის გაუმჯობესება, ასეთი აზრი ჰქონდა: ქალის უფლებები ყველა დონეზე უნდა გათანაბრებოდა მამაკაცის უფლებებს. ამ გზამ მშვენიერი ნაყოფი გამოიღო. მრავალმა ქალმა დიდი განათლება მიიღო, მრავალი მათგანი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დაინიშნა, ხოლო მთავრობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების გზით, ქალებმა ისტორიული როლის შესრულებაც დაიწყეს. ქალის მდგომარეობა მის სასარგებლოდ შეიცვალა ოჯახშიც.

მაგრამ ჩნდება კითხვა, შეგვიძლია თუ არა პრობლემები მოგვარებულად ჩავთვალოთ   არა მხოლოდ ქალის სამსახურის შესახებ, არამედ მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებაც? ისტორიის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კაცობრიობის უზარმაზარი სხეული უჯრედებისაგან შედგება, და სწორედ ოჯახია ერთ-ერთი ამგვარი უჯრედი. ბუნებრივია, თუკი უჯრედი ჯანმრთელია, სხეულიც ჯანსაღი იქნება.

მაშასადამე,  კაცობრიობის უზარმაზარი სხეულის ჯანმრთელობა დამოკიდებულია ამ სხეულის  უჯრედის ანუ ოჯახის, სიჯანსაღეზე. საინტერესოა, შეგვიძლია თუ არა ქალის თანამედროვე მდგომარეობა ბედნიერად ჩავთვალოთ? სწორედ იმის გამო, რომ ქალი ეკონომიკურად სრულიად დამოუკიდებელია და იგი ისე მუშაობს, როგორც ნებისმიერი მამაკაცი, გახშირდა ოჯახების რღვევა ანუ ცოლ-ქმრის გაყრა. და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ადგილი არა აქვს ოჯახურ რღვევას, ვინაიდან ქალი იძულებულია სახლის გარეთ იმუშაოს, ოჯახს მაინც ადგება ზიანი, რადგან ბავშვები სახლში ვერ ხედავენ ახლა უკვე არსებითად ვერც დედას და ვერც მამას. ისინი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში რჩებიან მარტონი ან კიდევ ნათესავებისა და უცხო ადამიანების ხელით იზრდებიან. ხშირად, სკოლებს ევალება მათი აღზრდა. საბოლოო ჯამში კი, ბავშვები დედობრივ სითბოს (სიყვარულს) მოკლებულნი რჩებიან. თუკი, ქალი ისევე მუშაობს, როგორც მამაკაცი, მაშინ სამართლიანობა მაინც დარღვეულია, რადგან ქალს ოჯახში, სამსახურის პარალელურად, სხვა ჯაფაც ადგება, მას დამატებითი საზრუნავი აქვს, რადგან სწორედ ის არის ბავშვების დედა. ვიღაც იფიქრებს, რომ, რადგან ქალი უფრო მეტი პასუხისმგებლობითაა დატვირთული და ძალიან რთულ როლს ასრულებს, მას უნდა ჰქონდეს ასევე ოჯახის მართვის პრივილეგია. რა თქმა უნდა, ოჯახი, ყოველი ადამიანური დაწესებულების მსგავსად, ვინმემ უნდა მართოს. ამგვარად, მრავალ ოჯახში თავს იჩენს ხოლმე ძალაუფლებისათვის ბრძოლა, რასაც ძალიან ხშირად ოჯახისთვის კატასტროფული შედეგები მოაქვს. მაშ ასე, საითკენაც არ უნდა მივაპყროთ ჩვენი ყურადღება, ყველგან ძალიან რთულ პრობლემებს ვხედავთ, რომელთა გადაჭრას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ.

მხოლოდ ეს მცირე შედარებები მოვიტანე, იმისათვის, რომ ისე დამენახა მოვლენები, როგორც მათ ადამიანთა უმრავლესობა ხედავს. ვფიქრობ, ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვხედავთ იმასაც, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. მიგვაჩნია, რომ ზოგადად ყოველი ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა შემდეგი კითხვები: რა არის ადამიანი? რა არის მისი მისია (დანიშნულება)? რატომ და რა მიზეზით გაჩნდა იგი ამქვეყნად? რა მიზანი არსებობს მის წინ? რა არის მისი არსებობის აზრი? თუ ამ კითხვებს არ ვუპასუხებთ, მაშინ ვერასდროს შევძლებთ გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებსაც პირისპირ შევხვდებით. ერთ დონეზეც კი ვერა. მაგალითად, შეუძლებელია მივაღწიოთ საზოგადოების ჭეშმარიტ სამართლიან წყობილებას, მისი შეცნობის გარეშე. ვერ შევძლებთ გადავჭრათ სახელმწიფო ორგანიზაციის პრობლემა, თუკი არ გაგვაჩნია პასუხი ამ მთავარ კითხვაზე. კაცობრიობის მთელი ისტორია დაწერილია ფუჭ ბრუნვაზე, უგუნურ ომებზე, ძლიერის მიერ სუსტზე განხორციელებულ უსამართლო ჩაგვრაზე, როგორც ეს ცხოველთა სამყაროში ხდება. მაშასადამე, რა არის ადამიანი? ამ კითხვაზე პასუხს წმინდა წერილიდან მოვიტანთ: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბ. 1, 27). და ოდნავ უფრო ქვევით ვკითხულობთ: „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (დაბ. 2, 7).

მაშ, თუკი ღმერთმა მამაკაცი და ქალი შექმნა, როგორც მთლიანი კაცობრიობა, მაშინ ბუნებრივია, რომ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის საკითხი იყო და ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ცხოვრებისეულ საკითხებს შორის. თუკი, ჩვენს ყურადღებას ქალის ბუნებრივ უნარებს მივაპყრობთ და მათ შევადარებთ მამაკაცის ანალოგიურ უნარებთან, ხანგრძლივ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვნახავთ, რომ ეს უნარები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგჯერ, ისინი ერთმანეთს ემთხვევა, ხოლო ზოგჯერ ერთი ავსებს მეორეს.  ჩვენთვის, როგორც ისტორიიდან, ისე წმიდა წერილიდან, ცნობილია, რომ აღმოსავლეთში, სადაც წარმოიშვა ყველა უდიდესი  რელიგია, მამაკაცის ძლაუფლება ქალზე უფრო ძლიერი იყო. ქალი, აღმოსავლური ცნობიერების თანახმად, მამაკაცზე რამდენადმე უფრო დამცრობილი ქმნილება იყო. სახარებაშიც კი ვხვდებით მსგავს პასაჟებს, როგორც მაგალითად: „ხოლო იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თვინიერ ყრმებისა და დედებისა“ (მათე, 14, 21). მხედველობაში ჰყავდათ მხოლოდ მამაკაცები, ხოლო ქალებს სათვალავშიც კი არა თვლიდნენ. ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ აღმოსავლეთში არ გვხვდება.

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, შემთხვევით წასაკითხად ხელში ჩამივარდა ცივილიზაციის ისტორიაში, როგორც ქალის, ისე მამაკაცის როლზე დამუშავებული სტატისტიკური მონაცემები, რომელიც გერმანელი სწავლულების მიერ იყო მომზადებული. ამ მრავლისმცოდნე გერმანელებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცის მიღწევები უაღრესად მნიშვნელოვანია (ისინი მაღალ მთებთანაა გათანაბრებული), ქალის მიღწევებიდან კი მათ მხოლოდ რამდენიმე აღნიშნეს, რომელიც ასე თუ ისე ჩაიწერა ცივილიზაციის ისტორიაში.

მეჩვენება, რომ ეს გაუგებრობა წარმოიშვა იმ ცნობიერების დაკარგვის შედეგად, რომელსაც წმიდა წერილი შეიცავს: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბ. 1, 27). სწორედ ამას ივიწყებენ არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ თავად ქალებიც. მაშ ასე, იმისათვის, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება მის ყოველ დონეზე, დავიწყოთ ოჯახით, ქალებს სულით ამაღლება მართებთ, მათ უნდა აჩვენონ სამყაროს ქალის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და მისი დიადი როლი. ქრისტიანული ეკლესიისათვის საკითხი, რომელიც ქალის როლს შეეხება, ყოველწლიურად უფრო და უფრო მწვავდება.

ვხედავთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ათეისტურმა კომუნიზმმა ყველანაირი ზეწოლის გამოყენებით, ღია ბრძოლა გააჩაღა ეკლესიის წინააღმდეგ, ეკლესიას სწორედ ქალების მამაცობა, მათი თვითშეწირვა და ყოველგვარი უბედურების დროს, მათი მზადყოფნა გადაარჩენს. ყველგან ვამჩნევთ, რომ ეკლესიაში ქალები მნიშვნელოვან რაოდენობას შეადგენენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკლესიებში, საღმრთო მსახურებებისას, ქალები უმრავლესობას წარმოადგენენ, ზოგჯერ – სამ მეოთხედს, ზოგჯერ კი – უფრო მეტსაც. თუკი ახლა, ყველა ქალი ჩამოშორდება ეკლესიას, მაშინ ის საერთოდ ვერ შეძლებს არსებობას, რადგან მამაკაცები, რომელნიც მაღალ მოძღვრულ წოდებებს ატარებენ და  უმაღლეს იერარქიულ ადგილებს იკავებენ, უმცირესობა შეიქმნებოდა. უბრალო სიტყვებით, რომ ვთქვათ, მათთვის მატერიალური თვალსაზრისითაც  შეუძლებელი იქნებოდა ეკლესიის შენახვა.

მაშ ასე, დიდია ეკლესიაში ქალის როლი და ყოველ ჩვენგანს მართებს ამ ფენომენზე დაფიქრება. როდესაც ჩვენ ქრისტიანულ სწავლებაში ადამიანზე თეოლოგიური თვალსაზრისით ვმსჯელობთ, ქალი, როგორც ადამიანი, წარმოდგენილია ზუსტად იმავე საზომით, როგორითაც – მამაკაცი. განუსაზღვრელია მისი ღირსების შესაძლებლობები ისტორიის წიაღში. თავისთავად ის მოვლენა, რომ ღმერთი, ლოგოსი, განკაცდა ქალის მეშვეობით, გვიჩვენებს, რომ ქალი სრულებითაც არ არის დამცირებული ღმრთის წინაშე.

თუმცა, აქ მინდა ხაზი გავუსვა ჩემი საუბრის ძირითად მნიშვნელობას. ყოველივე, რაც კი აქამდე ვთქვი, მხოლოდ შესავალს წარმოადგენდა, რათა ყველა ჩვენგანი აზრთა ნათელ დინებაზე დავმდგარიყო. თუკი ვსაუბრობთ ქალის დიდ მნიშვნელობაზე, მაშინ თავად ქალებიც ვალდებულნი არიან გაამართლონ მათი ეს დიდი მნიშვნელობა, რათა შეძლონ საკუთარი თავის გამართლება კაცობრიობის ცხოვრების ყველა დონეზე. თუმცა, ქალის ყველაზე არსებითი მოვალეობა, მისი ყველაზე  მნიშვნელოვანი თანამდებობა, არის დედობა: „უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა“ (დაბ. 3, 20). იმისათვის, რომ ზე აღმართონ კაცობრიობა, ქალებმა სამყაროს უნდა მოუვლინონ ბავშვები იმ გზით, რომელსაც ჩვენ ღმრთის სიტყვა გვასწავლის. თუმცა, არსებობს დაბადების ორი სახე, ერთი ხორციელი, ხოლო მეორე სულიერი. ქრისტემ უთხრა ნიკოდიმოსს: „შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკვირნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაი“ (იოვანეს სახარება, 3, 6-7). სწორედ იმ მიზეზით, რომ ჩვენი ეპოქის ქალებმა დაკარგეს ეს უმაღლესი შეგნება, დაიწყეს, უპირველეს ყოვლისა, შვილების ხორციელად შობა, ჩვენი ბავშვები რწმენისათვის უუნარონი გახდნენ. ისინი ხშირად უძლურნი არიან იმ რწმენისათვისაც კი, რომ საუკუნოვანი ღმერთის ხატად არიან შექმნილნი. ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ცოდვას სწორედ ის წარმოადგენს, რომ ადამიანები სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილნი და უკვე აღარ სწამთ აღდგომის. ადამიანის გარდაცვალება მათ მიერ აღიქმება, როგორც საბოლოო სიკვდილი, როგორც განადგურება, მაშინ როდესაც იგი მიჩნეული უნდა იყოს ჩვენი ყოფიერების ფორმის შეცვლის ჟამად, ზე სიცოცხლეში დაბადების დღედ, რომელიც ახლა უკვე სიცოცხლის მთელი სისავსითაა წარმოდგენილი და ეკუთვნის ღმერთს.  ჭეშმარიტებას სახარება ამბობს: „რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაი, არამედ რისხვაი ღმრთისაი დადგრომილ არს მის ზედა“ (იოვანე, 3, 36). „ამენ, ამენ გეტყვი თქუენ, რამეთუ რომელმან . . . ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად“ (იოვანე, 5, 24). „ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ ვინმე სიტყუაი ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე“ (იოვანე, 8, 51). მსგავსი ფრაზების მოტანა უხვად შეგვიძლია.

ხშირად გვესმის ადამიანებისგან: როგორ და რატომ ხდება ყოველივე ეს? რატომ დაუკარგავს ადამიანთა უმრავლესობას რწმენის უნარი? იქნებ, ეს ახალი ურწმუნოება ფართო განათლების შედეგია, რადგან ის, რასაც წმიდა წერილი გვამცნობს, მითად და აუხდენელ ოცნებადაა აღქმული?

რწმენა,  უნარი იმისა, რომ გვწამდეს, უპირველეს ყოვლისა, არ არის დამოკიდებული ადამიანის განათლების დონეზე. რეალურად ვხედავთ, რომ ჩვენს ეპოქაში, რომლის დროსაც განათლება ფართოდ ვრცელდება, რწმენა კლებულობს, მაშინ როდესაც, სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს. მაშასადამე, რაც უფრო მეტად ფართოვდება ადამიანის ცოდნა, მით უფრო მეტი ხელსაყრელი შემთხვევა აქვს მას, რათა შეიცნოს სამყაროს შექმნის დიდი სიბრძნე. მაშ რაში მდგომარეობს ურწმუნოების ფესვი?

უპირველეს ყოვლისა, გვმართებს აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი, პირველ რიგში, მშობლების, მამებისა და დედების მოვალეობაა. თუკი, მშობლები ახალი ადამიანის დაბადების მოვლენას მთელი სერიოზულობით უდგებიან, იმ შეგნებით, რომ ახლად დაბადებული ჩვილი შეიძლება იყოს ჭეშმარიტად „ძე კაცისა“ კაცის ძის ანუ ქრისტეს ხატად შექმნილი, მაშინ, წინასწარ მოემზადებიან ამ მოვლენისთვის და არა ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. აი, ერთი მშვენიერი მაგალითი. ზაქარია და ელისაბედი მრავალი ჟამის განმავლობაში ლოცულობდნენ, რათა ღმერთს მათთვის შვილი ებოძებინა. . . და მაშ, რა ხდება? „და ეჩუენა მას (ზაქარიას) ანგელოზი უფლისაი, მდგომარე მარჯუენით საკურთხეველისა მის საკუმეველთაისა. და შეძრწუნდა ზაქარია, იხილა რაი იგი, და შიში დაეცა მას ზედა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე. და იყოს შენდა სიხარულ და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ. რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა . . . და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაელისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა “ (ლუკას სახარება, 1, 11-16).

მართლაც, ამის შემდგომ, ვხედავთ, რომ იოანემ, ჯერ კიდევ დედის მუცლად ყოფნისას, შეიცნო ქრისტეს დედის სტუმრობა, სიხარულისგან  შეხტა და მისი სიხარული მის დედასაც გადაეცა. მაშინ, ეს უკანასკნელი წინასწარმეტყველური სულით აღივსო (იხ., ლუკას სახარება, 1, 40-41). სხვა მაგალითია წინასწარმეტყველი ანა (იხ., ლუკას სახარება, 2, 36).

ამგვარადაა ახლაც. თუკი მამები და დედები ბავშვების შობისას მთელი სიგრძე-სიგანით შეიგრძნობენ ამ მოვლენის მნიშვნელობას, მაშინ მათი შვილებიც დედის მუცლიდან სული წმიდის მადლით აღივსებიან და ღმრთისადმი, როგორც ყოველივეს შემოქმედისა და მათი მამის, რწმენა მათთვის ბუნებრივი გახდება. ამ რწმენის შერყევას ვერანაირი მეცნიერება ვერ მოახერხებს, რადგან „შობილი იგი სულისაგან სული არს“.  მაშ ასე, ღმერთის არსებობა და ჩვენთან მისი სიახლოვე არის მოვლენა, რომლის გაცხადება მხოლოდ სულის მიერ ხდება. მრავალსწავლულთა თუ უსწავლელთა ურწმუნოებაც ღმრთის ამგვარი შვილების თვალში მხოლოდ და მხოლოდ დასტური იქნება იმისა, რომ ამ ადამიანებს ჯერ არ განუცდიათ „მეორედ შობაი“ და სწორედ ამ მოვლენის გამო, მათ არ სწამთ ღმერთის, რადგანაც ისინი მთლიან ხორცს წარმოადგენენ, ხორცთაგან არიან შობილნი.

თუმცა, რაც ეკლესიისათვის რეალურ პრობლემასა და მის მისიას წარმოადგენს, არის ის, თუ როგორ დაარწმუნოს ადამიანები, რომ ისინი მარადიული მამის ჭეშმარიტი ვაჟები და ასულები არიან. თუ როგორ აჩვენოს ქვეყანას სხვა ცხოვრების შესაძლებლობა, რომელიც იგივეა, რაც თავად ქრისტეს ცხოვრება ან კიდევ წინასწარმეტყველთა და წმინდანთა ცხოვრება. ეკლესია ვალდებულია სამყაროს არა მხოლოდ აღდგომის რწმენა მოუტანოს, არამედ მის შესახებ ჭეშმარიტება მოჰგვაროს. სწორედ მაშინ მოთხოვნა სხვა რაიმე მორალური სწავლების შესახებ, ფუჭი აღმოჩნდება.

(არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) „ქრისტიანული ცხოვრების საიდუმლო“, გვ. 180-189. იოანე ნათლისმცემლის წმიდა მონასტერი ესექსი, ინგლისი).

 

წყარო: პემპტუსია.

 

ავტორი: მ. მთაწმინდელი.

 

пятница, 27 марта 2026 г.

ადამიანისა და ანგელოზის უკვდავების მიზეზთა შესახებ.

 


ეს მსჯელობა ეძღვნება თეოლოგიურ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ანგელოზისა და ადამიანის უკვდავების მიზეზთა განმარტებასთან. ისეთი ავტორიტეტული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები, როგორებიც არიან ღირსი იოანე დამასკელი და წმინდა გრიგოლ პალამა, სხვადასხვანაირად აშუქებდნენ ამ თემას. ერთი ამბობდა, რომ ანგელოზები მადლისმიერად არიან უკვდავნი, მეორე კი მიიჩნევდა, რომ ანგელოზი და ადამიანის სული ბუნებითაა უკვდავი.

სტატიაში, ღირსი აბბა დოროთეს შეხედულებების მოშველიებით სულის ხატებისა და მსგავსების შესახებ, ისახება ამ საკითხის გადაჭრის შესაძლო მესამე გზა: ანგელოზი და ადამიანი უკვდავნი არიან არა ბუნებით და არა მადლით, არამედ იპოსტასის მიხედვითბუნების არსებობის იმ წესით, რომელიც წარმოადგენს უკვდავ საღვთო ხატებას.

წმინდა გრიგოლი გვთავაზობს ღვთისმეტყველებაში სავარჯიშო სფეროს, სადაც შეცდომების უარყოფითი შედეგები მინიმალურია: „იფილოსოფოსე სამყაროსა თუ სამყაროთა შესახებ“, — მოგვიწოდებს ნაზიანზელი, — „ნივთიერებაზე, სულზე, გონიერკეთილსა თუ ბოროტ ბუნებათა შესახებ; აღდგომაზე, სამსჯავროზე, მისაგებელზე, ქრისტეს ვნებებზე. ამ საკითხებში კვლევისას წარმატების მიღწევა სასარგებლოა, ხოლო წარუმატებლობაარაა სახიფათო“ (სიტყვა - XXIV) [1, 391].

ღვთისმეტყველი მღვდელმთავრის ბრძნული რჩევის კვალდაკვალ, ჩვენ შეგვიძლია შევუდგეთ ანგელოზებრივი ბუნების თვისებებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას; ერთი მხრივმწვალებლობაში ჩავარდნის შიშის გარეშე, ხოლო მეორე მხრივიმ იმედით, რომ მივიღებთ გარკვეულ სულიერ ან, სულ მცირე, ინტელექტუალურ სარგებელს.

ცნობილია აზრთა სხვადასხვაობა წმ. თეოფანე დაყუდებულსა და წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვს შორის ანგელოზთა ბუნების საკითხზე. ერთ-ერთი მღვდელმთავარი მიიჩნევდა, რომ ანგელოზები წმინდა სულიერი ბუნების მქონე არსებები არიან, მეორე კი თვლიდა, რომ მათ გააჩნიათ ნატიფი (უნაზესი და უმსუბუქესი) მატერიალური სხეული. ეს თემა არ არის დოგმატიზებული, რადგან მას არ აქვს პირდაპირი კავშირი ჩვენს ცხოვნებასთან და ორივე პოზიცია საღვთისმეტყველო აზრის (თეოლოღუმენის) სტატუსით არსებობს.

მსგავს სიტუაციას ვხედავთ ანგელოზთა უკვდავების მიზეზების საკითხშიც. დეკანოზი ოლეგ დავიდენკო თავის დოგმატიკის სახელმძღვანელოში აღნიშნავს, რომწმინდა მამებთან ანგელოზთა უკვდავების მიზეზთა განმარტების ორი ვარიანტი არსებობს“. კერძოდ, ღირსი იოანე დამასკელი თვლიდა, რომ ანგელოზები უკვდავნი არიან არა ბუნებით, არამედ მადლით [6, 83]. ამავდროულად, წმინდა გრიგოლ პალამა წერდა, რომ ანგელოზები უკვდავნი არიან არა მადლით, არამედ ბუნებით. მამა ოლეგი წმინდა გრიგოლის აზრებს ამ თემაზე შემდეგნაირად აჯამებს: „იგი მიიჩნევდა, რომ თუ უარვყოფთ ანგელოზთა ბუნებით უკვდავებას, მაშინ შეუძლებელი იქნება საუკუნო ტანჯვის ახსნა. სრული განდგომილობის მდგომარეობაში დაცემული ანგელოზები აღარ იქნებიან საღვთო მადლის თანაზიარნი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი არ შეწყვეტენ არსებობას. მაშასადამე, ისინი უკვდავნი არიან არა მადლით, არამედ საკუთარი ბუნებით[4, 246].

წმინდა გრიგოლ პალამა ანგელოზთა ბუნებას ადამიანის სულის ბუნებასთან ერთად განიხილავს და ამტკიცებს, რომ ანგელოზიცა და ადამიანიც ღვთის ხატად არიან შექმნილნი, თუმცა, ამავდროულად, ადამიანი უფრო მეტად არის ღვთის ხატი, ვიდრე ანგელოზები: „მხოლოდ სულის გონიერი და მოაზროვნე ბუნება ფლობს გონებასაც, სიტყვასაც და ცხოველმყოფელ სულსაც; მხოლოდ იგი, უხორცო ანგელოზებზე მეტად, იქნა შექმნილი ღვთის მიერ მისი ხატებისებრ [2, 39]. ხატების ეს ფლობა უცვლელია, თუმცა ამ ბუნებამ შეიძლება ვერ გააცნობიეროს საკუთარი ღირსება და იაზროვნოს ან იცხოვროს ისე, რომ მისი ხატად შემქმნელის უღირსი შეიქმნას“.

ეს განზოგადება საშუალებას გვაძლევს, განვაგრძოთ მსჯელობა ანგელოზთა უკვდავების შესახებ და დავუკავშიროთ იგი მთლიანი ადამიანის უკვდავების საკითხს, მისი ბუნების სრულ სისავსეში (და არა მხოლოდ მისი სულისას).

მოცემული დილემის გადაჭრაში ფასდაუდებელი დახმარება შეუძლია გაგვიწიოს კიდევ ერთმა წმინდა მამამ, რომლის ნაშრომებიც, როგორც წესი, არ გამოიყენება საღვთისმეტყველო კვლევებში; ეს გახლავთ ღირსი აბბა დოროთე, რომელიც შემდეგნაირად მსჯელობდა ადამიანის ღვთის ხატად და მსგავსად შექმნის შესახებ: „ნათქვამია: ხატებისებრ, ვინაიდან ღმერთმა სული უკვდავად და თვითუფლებრივად შექმნა, ხოლო მსგავსებისებრსათნოებას განეკუთვნება[5, 158].

ანუ, ღირსი დოროთეს მიხედვით, ღვთის ხატება ადამიანში არის გარკვეული მოცემულობა, რომელიც მოიცავს უკვდავებას, ხოლო მსგავსება არის ის, რაც შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს ან სულაც გაქრეს. ხატებამოცემულობაა, მსგავსებადავალება. ხატების წართმევა შეუძლებელია, მსგავსებას კი მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც ღვთისკენ ისწრაფვის.

საქმე ისაა, რომ თანამედროვე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ადამიანის შექმნა ღვთის ხატად, უპირველეს ყოვლისა, გააზრებულია, როგორც პიროვნული არსების შექმნა, რომელსაც გაცნობიერებული არჩევანის უნარი შესწევს. ვლადიმერ ლოსკი ამის შესახებ წერდა: „ამრიგად, ის, რაც ჩვენში ღვთის ხატებას შეესაბამება, არის არა ჩვენი ბუნების ნაწილი, არამედ ჩვენი პიროვნება, რომელიც თავის თავში მოიცავს ბუნებას... როგორც ღვთის ხატი, ადამიანი არის პიროვნული არსება, რომელიც ღვთის წინაშე დგას. ღმერთი მას მიმართავს, როგორც პიროვნებას, და ადამიანიც პასუხობს მას[7, 184, 185].

პიროვნება არ ამოწურავს ადამიანში ღვთის ხატებას, თუმცა იგი არის მისი კვინტესენცია, საკვანძო თავისებურება და, თუ შეიძლება ასე ითქვას, „შემკრები წერტილი“. პიროვნული ყოფიერება, როგორც ადამიანში, ისე ანგელოზში ღვთის ხატების გამოვლინებაა და იგი წარუვალს წარმოადგენს. ღმერთისთვის სიკვდილი შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანიცა და ანგელოზიც, ღვთის ხატად შექმნილნი, ვერ კვდებიან, რადგან პიროვნული არსების სიკვდილი ღვთის ხატის სიკვდილის ექვივალენტური იქნებოდა. მაგრამ ღმერთი არ კვდება, ამიტომაც ღვთის ხატებაც უკვდავია. ხოლო ღვთის ხატების (ონტოლოგიური) საფუძველი სწორედ პიროვნული ყოფიერებაა.

არარაობიდან შექმნა გამორიცხავს ყოველი ქმნილი არსების ბუნებით უკვდავების შესაძლებლობას (ღირსი იოანე დამასკელის არგუმენტი). ასევე, ანგელოზთა და ადამიანთა ღვთისგან განდგომა მათ ართმევს მადლით უკვდავების შესაძლებლობას (წმინდა გრიგოლ პალამას არგუმენტი). თუმცა, პიროვნული ყოფიერება მათ, აბბა დოროთეს განსაზღვრებით, უკვდავად და თვითუფლებრივად აქცევს. ანუ, ანგელოზი და ადამიანი უკვდავნი არიან არა ბუნებით და არა მადლით, არამედ იპოსტასურადბუნების არსებობის წესით, რომელიც წარმოადგენს უკვდავ საღვთო ხატებას.

რა თქმა უნდა, ადამიანთან მიმართებით შეიძლება შემოგვედავონ, რომ მისი სხეული კვდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი, სულის მსგავსად, ჰიპოსტასირებულია (ანუ შეგვამოვნებულია). ამაზე პასუხად შეიძლება ითქვას, რომ, ჯერ ერთი, თვითშეგნება სულის თვისებაა და მასშივე რჩება, და მეორეცსხეული სულს მხოლოდ გარკვეულ დრომდე განეშორება და თავის დროზე აღდგება, რისი დასტურიც (წინდი) ასევე ადამიანის ფიზიკური შემადგენლობის თავდაპირველ ჰიპოსტასირებულობაში (ანუ შეგვამოვნებულობაში) შეიძლება დავინახოთ.

ჩემს მიერ შემოთავაზებული მსჯელობა იძლევა შესაძლებლობას, გარკვეულწილად შეჯერდეს წმინდა გრიგოლ პალამასა და წმინდა იოანე დამასკელის იდეები, ვინაიდან ანგელოზთა და ადამიანთა ბუნების პიროვნული ყოფიერება, ერთი მხრივ, მას უკვდავების თვისებებს ანიჭებს, ხოლო მეორე მხრივუდავოდ წარმოადგენს შემოქმედის კეთილ საბოძვარს, ანუ მადლს ამ ტერმინის ფართო გაგებით.

თუკი შევეცდებით ამ თემის გაგრძელებას ბუნებისა და იპოსტასის ტერმინოლოგიის ფარგლებში, შეგვიძლია მივიდეთ დასკვნებამდე, რომლებიც ახალ გზებს ხსნის ზოგიერთი აქტუალური საღვთისმეტყველო საკითხის გასაშუქებლად, მაგალითად, როგორიცაა ჯოჯოხეთის სატანჯველის მარადიულობის საკითხი.

ამგვარად, თუ ადამიანი უკვდავია იპოსტასურადმისთვის შექმნისას ბოძებული პიროვნული ყოფიერების უკვდავი და წარუვალი ხატების გამომაშინ ბუნებას, თავისი არარაობიდან წარმოშობის გამო, უკვდავების თვისება არ გააჩნია. ეს ეხება როგორც სხეულს, ისე სულს. ბუნებით უკვდავი მხოლოდ ღმერთია: „რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა[ინ. 5:26]. ადამიანს კი მხოლოდ ღმერთთან თანაზიარების გზით შეუძლია ჰქონდეს ცხოვრება თავის თავში: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა თქუენთა[ინ. 6:53]. უკვდავი საღვთო ხატი ადამიანში უერთდება არარაობიდან შექმნილ ბუნებას.

ამ შეერთების მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ წმინდა ფილარეტის (დროზდოვი) ცნობილი გამონათქვამი: „ღვთიური უსასრულობის უფსკრულის ქვეშ, საკუთარი არარაობის უფსკრულის ზემოთ[9, 436]. ანუუკვდავი საღვთო ხატების უფსკრულის ქვეშ და საკუთარი თავდაპირველი არყოფნის უფსკრულის ზემოთ, რომელიც ადამიანურ ბუნებაში კვლავ არყოფნაში დაბრუნების საფრთხეს წარმოშობს.

აქ კი ვხვდებით ადამიანში არსებული საშინელი და გადაულახავი განხეთქილების შესაძლებლობას. იპოსტასურად მას არ შეუძლია სიკვდილი, ვინაიდან უკვდავება თავად იპოსტასის (პიროვნების) განუყოფელი თვისებაა. თუმცა ბუნებით, ღვთისგან განდგომის ან, მით უმეტეს, მასთან ბრძოლის შემთხვევაში, ადამიანი საკუთარ თავს სიკვდილისთვის სწირავს, რადგან, არ გააჩნია რა სიცოცხლე თავის თავში, იგი განეშორება სიცოცხლის წყაროს.

ამ შემთხვევაში იქმნება პარადოქსული ვითარება: ადამიანი (ან ანგელოზი), რომელიც უკვდავია იპოსტასურად, კვდება ბუნებით; თუმცა არა ბუნების გაქრობის აზრით (რისი მოხდენის საშუალებასაც უკვდავი იპოსტასი არ იძლევა), არამედ სიკვდილის (ან, შესაძლოა, ამ შემთხვევაში უფრო მართებული იყოს ვთქვათკვდომის) მდგომარეობაში დაუსრულებელი ყოფნის აზრით. ამგვარად, იგი ერთგვარ ოქსიმორონად იქცევამარადიულად მომაკვდავ უკვდავად ან მასზედ, ვინც სიკვდილის მდგომარეობაში ცოცხლობს.

აბბა დოროთეს აზრით: „მსგავსებასათნოებას განეკუთვნება“. ამიტომ, ქრისტიანის მიერ სათნოების მოხვეჭა მას ბუნებითად აზიარებს სიცოცხლის წყაროსთან და რთავს საღვთო ენერგიების ნაკადში, რომლებიც განაახლებენ და აცოცხლებენ ადამიანს. იპოსტასურად მას აქვს უკვდავება(უკვდავად არსებიობა), ბუნებით კისიცოცხლე. მაშინ როდესაც ის, ვინც განეშორება ღმერთს, იპოსტასურად ასევე ფლობს უკვდავებას (უკვდავ არსებობას), მაგრამ ბუნებითსიკვდილს.

ამრიგად, ანგელოზთა და ადამიანთა უკვდავების მიზეზთა რაობის ჩვენს მიერ განხილულ მოდელს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ესქატოლოგიისა და აპოლოგეტიკის საკითხების განმარტებისთვისმაგალითად, იეღოველებთან პოლემიკაში და, ზოგადად, ჰუმანისტური აზროვნების ადამიანებთან მსჯელობისას.

ასე მაგალითად, ზოგიერთები სვამენ კითხვას: „რატომ არ გაანადგურებს ღმერთი იმ ადამიანებსა და ანგელოზებს, რომლებმაც მასთან ერთობაში ცხოვრება არ ისურვეს?“ სექტაიეჰოვას მოწმეებისმიმდევრებს მიაჩნიათ, რომ მარადისობაში მხოლოდ ისინი დარჩებიან, ხოლო ყველა, ვინც მათ საზოგადოებაში არ გაერთიანდააღიგვება: ვინც გარდაიცვალა, აღარ აღდგება, ხოლო ვინც ქრისტეს მეორედ მოსვლას ცოცხალი შეხვდებაგაქრება, ანუ განიცდის ანიჰილაციას. სხვათა შორის, ეს სწავლება ეფუძნება მათ რწმენას სულის მოკვდავობის შესახებ: „იეჰოველებს არ სჯერათ სულის უკვდავების, რომელიც, მათი (არა)ბიბლიური სწავლებით, სხეულთან ერთად კვდება. არც ჯოჯოხეთის სწამთ. ისინი ამბობენ, რომ ღმერთი ვერ დაუქვემდებარებს ადამიანებს მარადიულ სატანჯველს, რადგან იგი მოწყალეა; ხოლო მოწყალე პატრონი ცოფიან ძაღლს კი არ აწამებს, არამედ უბრალოდ აიღებს და მოკლავს მას. არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღდგებიან (უფრო ზუსტად, თავიდან შეიქმნება მათი სხეულიცა და სულიც) და გადარჩებიან, დანარჩენები კი სამუდამოდ განადგურდებიან[4, 163].

ზემოაღნიშნული დასკვნების საფუძველზე, დასმულ კითხვაზე შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ ადამიანები და ანგელოზები ღვთის ხატად არიან შექმნილნი. ღვთის ხატება კი უკვდავია. ამიტომ, უკვდავება პიროვნულ არსებათა ის თვისებაა, რომელიც ვერ გაქრება ვერც სამოთხეში და ვერც ჯოჯოხეთში. ადამიანს შეუძლია უარი თქვას სათნოებით ღვთისადმი მიმსგავსების გზაზე, მაგრამ მას არ ძალუძს გაქრეს ან განიცადოს ანიჰილაცია, ვინაიდან პიროვნული ყოფიერება დაფუძნებულია (დამკვიდრებულია) უკვდავ საღვთო ხატებაში.

მეორე კითხვა ინდუიზმისა და ბუდიზმის სფეროდანაა: „შეიძლება თუ არა ადამიანის სული ცხოველის სხეულში ან, მაგალითად, ხეში ჩასახლდეს (გადასახლდეს)?“ პასუხი: არა, არ შეიძლება, რადგან ხე და ცხოველი არ წარმოადგენენ პიროვნებებს (იპოსტასებს), მათ არ გააჩნიათ თავისუფალი ნება და არ შეუძლიათ შეცოდება. ცხოველის სული სისხლშია (ლევ. 17:11, 14) და სხეულის სიკვდილთან ერთად კვდება, ხოლო ადამიანის სული უკვდავ იპოსტასში (პიროვნებაში) იმყოფება და სიკვდილი არ შეუძლია. ადამიანის სულის გადასახლება, ვთქვათ, ძაღლის სხეულში, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, იქნებოდა არა რეინკარნაცია (გარდასახვა), არამედ რაღაც მსგავსი ადამიანის სულის მიერ ძაღლის შეპყრობილობისა, რაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, არამედ ყველა აღმოსავლურ მოძღვრებასაც.

როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, დოგმატური ღვთისმეტყველების ისეთი, ერთი შეხედვით, არაცენტრალური თემაც კი, როგორიცაა ანგელოზთა ბუნების თვისებები, თავისი განვითარების პროცესში შეიძლება მივიდეს დასკვნებამდე, რომელთაც (ჩემის აზრით) პირდაპირი კავშირი აქვთ ჩვენი გადარჩენის საკითხთან. რა თქმა უნდა, ამ მსჯელობით მე არ მაქვს პრეტენზია საკითხის გადაჭრაზე, მაგრამ მაქვს სურვილი, სწორად წამოიჭრას იგი და წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის თანახმადმასზე მსჯელობით სარგებელი ვპოვოთ“.


1. ბუნებითი უკვდავება (უკვდავება თავისთავად)

ბუნებით უკვდავი არის ის, ვისაც არ შეუძლია არ არსებობდეს. ასეთი მხოლოდ ღმერთია.

·        ღმერთს არავისგან მიუღია სიცოცხლე; ის თავად არის სიცოცხლის წყარო.

·        მას არ აქვს დასაბამი, შესაბამისად, მას არ აქვს დასასრული.

·        ქმნილების პრობლემა: ყველაფერი, რასაც დასაბამი აქვს (ანუ შეიქმნა არარაობიდან), თავისი ბუნებით მიდრეკილია არარაობისკენ (სიკვდილისკენ) დაბრუნებისკენ. ამიტომ, არც სული და არც ანგელოზი თავისთავად (ბუნებით) უკვდავი არ არის. თუ ღმერთი მათ არსებობის ენერგიას შეუწყვეტს, ისინი გაქრებიან.


 

პ.ს მინდა აქვე მოვუხმო წმ. მაქსიმე აღმსარებლის სწავლებას - ცოდვილი (უნანელი)ადამიანის არამადლისმიერ შეერთებაზე ღმერთთან, რაც თავის მხრივ შეავსებს ამ მსჯელობის მოზაიკას:

წმიდა მაქსიმე თალასესადმი 61- პასუხში (თავი VI, 53-55) წერს:
ღმერთი სახიერების უსასრულო ძლიერი ნებით ყველას შეკრებს: ანგელოზებს, ადამიანებს, კეთილებსაც და ბოროტებსაც, მაგრამ ისინი ყველა ერთნაირად კი არ ერთიანდებიან ღმერთში (ουκ ισως μεφεξουσι Φεου), არამედ საკუთარი მდგომარეობის შესაბამისად. ისინი, ვინც იცავდა ღმრთის ნებით დადგენილ კანონსმთლიანად ეზიარნენ ღვთაებრივი ცხოვრების სიკეთეს, ხოლო ისინი, ვინც თავისი სურვილები ბუნების კანონთა საწინააღმდეგოდ მიმართესღმრთის ნებისადმი თავისი სურვილების ანტიპათიის გამო, განვარდნენ (εκλεσουνται) ყოვლადსრული სიკეთისგანარიან ღმრთისაგან დაშორებულნი (διαστασιν), და არ გააჩნიათ, საკუთარი სურვილის-და მიხედვით, კეთილად ყოფის განმაცხოველებელი ლოგოსი (τον του ευ ειναι λογον ζωογονομενον), რომელშიც ვლინდება ღვთაებრივი ცხოვრება. რადგან, ღმრთის სამსჯავროზე, ყველას წადილის საზომი იქნება (ζυγοζ τιζ εκαστου γνωμηζ) ბუნების ლოგოსი, რომელიც მის ქმედებებს გამოავლენს, როგორც კეთილს, ისე უკეთურს (την προζ το φευ α εα κινησιν), რომლის მიხედვითაც გადაწყდება შეუერთდება თუ არ შეუერთდება (ეზიარება თუ არ ეზიარება) ღვთაებრივ ცხოვრებას. რადგან მყოფობით და მარად- მყოფობით ღმერთი არსებობს ყოველ არსებაში (თანა-ძმაში), მაგრამ მარად-კეთილმყოფობით (εαι εα εοναι), მხოლოდ წმიდა ანგელოზებში და (წმიდა) ადამიანებში, ხოლო მარად-მწარედ-ყოფა(αει φευ ειναι) რჩება მათ, ვინც მოახდინა საკუთარი ნების ნაყოფის აღრევა მათთან, ვინც ასეთი (ანუ წმიდა) არ არის“ (CCSG 22, 111-113; PG 90, 644-5. 1325-29)

 

გამოყენებული ლიტერატურა

1.     წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. სიტყვა 27. ევნომიანელთა წინააღმდეგ და პირველი, ანუ წინასწარი ღვთისმეტყველების შესახებ // წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. თხზულებათა კრებული 2 ტომად. რეპრინტი. [ადგილი მითითებული არ არის]: წმინდა სამების სერგის ლავრა, 1994. . 1. გვ. 385-391.

2.     წმ. გრიგოლ პალამა. ას ორმოცდაათი თავი, მიძღვნილი საბუნებისმეტყველო, საღვთისმეტყველო, ზნეობრივი და სულიერ მოღვაწეობასთან დაკავშირებული საკითხებისადმი, ასევე განკუთვნილი ვარლაამიტური საცთურისგან დასაცავად. [ელექტრონული რესურსი]. URL: https://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Palama/sto-pjatdesjat-glav-posvjashennyh-voprosam-estestvennonauchnym-bogoslovskim-i-nravstvennym/#0_9 (წვდომის თარიღი: 23.06.2021).

3.     დეკანოზი ოლეგ დავიდენკო. დოგმატური ღვთისმეტყველება. მოსკოვი: პსტგუ (PSTGU), 2013. 624 გვ. (ტექსტში დამოწმებულია როგორც [4]).

4.     ალექსანდრე დვორკინი. სექტოლოგია: ტოტალიტარული სექტები. ნიჟნი ნოვგოროდი: წმინდა კეთილმსახური მთავრის, ალექსანდრე ნეველის სახელობის საძმოს გამომცემლობა, 2002. 816 გვ.

5.     ღირსი აბბა დოროთე. სულისთვის სასარგებლო სწავლანი. მოსკოვი: „ოტჩი დომ“ (Отчий дом), 2001. 318 გვ.

6.     ღირსი იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა. მოსკოვი: სრეტენსკის მონასტრის გამომცემლობა, 2003. 382 გვ.

7.     . . ლოსკი. ნარკვევი აღმოსავლეთის ეკლესიის მისტიკური ღვთისმეტყველების შესახებ // . . ლოსკი. ნარკვევი აღმოსავლეთის ეკლესიის მისტიკური ღვთისმეტყველების შესახებ. დოგმატური ღვთისმეტყველება. მოსკოვი: „სეი“ (СЭИ), 1991. გვ. 8-199.

8.     წმ. ფილარეტი (დროზდოვი). სიტყვა წმინდა ალექსის ნაწილთა აღმოჩინების დღეს (1841) // წმ. ფილარეტი (დროზდოვი). რჩეული შრომები, წერილები, მოგონებები. მოსკოვი: პსტბი (PSTBI), 2003. გვ. 350-355.

 

ავტორი: მიქაელ მთაწმინდელი.

 

შთაგონების წყარო : ნაშრომი იპოსტასის უკვდავების შესახებ-

ა. გორბაჩოვის.