ეს მსჯელობა ეძღვნება თეოლოგიურ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ანგელოზისა და ადამიანის უკვდავების მიზეზთა განმარტებასთან. ისეთი ავტორიტეტული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები, როგორებიც არიან ღირსი იოანე დამასკელი და წმინდა გრიგოლ პალამა, სხვადასხვანაირად აშუქებდნენ ამ თემას. ერთი ამბობდა, რომ ანგელოზები მადლისმიერად არიან უკვდავნი, მეორე კი მიიჩნევდა, რომ ანგელოზი და ადამიანის სული ბუნებითაა უკვდავი.
სტატიაში, ღირსი აბბა დოროთეს შეხედულებების მოშველიებით სულის ხატებისა და მსგავსების შესახებ, ისახება ამ საკითხის გადაჭრის შესაძლო მესამე გზა: ანგელოზი და ადამიანი უკვდავნი არიან არა ბუნებით და არა მადლით, არამედ იპოსტასის მიხედვით — ბუნების არსებობის იმ წესით, რომელიც წარმოადგენს უკვდავ საღვთო ხატებას.
„წმინდა გრიგოლი გვთავაზობს ღვთისმეტყველებაში სავარჯიშო სფეროს, სადაც შეცდომების უარყოფითი შედეგები მინიმალურია: „იფილოსოფოსე სამყაროსა თუ სამყაროთა შესახებ“, — მოგვიწოდებს ნაზიანზელი, — „ნივთიერებაზე, სულზე, გონიერ — კეთილსა თუ ბოროტ ბუნებათა შესახებ; აღდგომაზე, სამსჯავროზე, მისაგებელზე, ქრისტეს ვნებებზე. ამ საკითხებში კვლევისას წარმატების მიღწევა სასარგებლოა, ხოლო წარუმატებლობა — არაა სახიფათო“ (სიტყვა - XXIV) [1, 391].
ღვთისმეტყველი მღვდელმთავრის ბრძნული რჩევის კვალდაკვალ, ჩვენ შეგვიძლია შევუდგეთ ანგელოზებრივი ბუნების თვისებებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას; ერთი მხრივ — მწვალებლობაში ჩავარდნის შიშის გარეშე, ხოლო მეორე მხრივ — იმ იმედით, რომ მივიღებთ გარკვეულ სულიერ ან, სულ მცირე, ინტელექტუალურ სარგებელს.
ცნობილია აზრთა სხვადასხვაობა წმ. თეოფანე დაყუდებულსა და წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვს შორის ანგელოზთა ბუნების საკითხზე. ერთ-ერთი მღვდელმთავარი მიიჩნევდა, რომ ანგელოზები წმინდა სულიერი ბუნების მქონე არსებები არიან, მეორე კი თვლიდა, რომ მათ გააჩნიათ ნატიფი (უნაზესი და უმსუბუქესი) მატერიალური სხეული. ეს თემა არ არის დოგმატიზებული, რადგან მას არ აქვს პირდაპირი კავშირი ჩვენს ცხოვნებასთან და ორივე პოზიცია საღვთისმეტყველო აზრის (თეოლოღუმენის) სტატუსით არსებობს.
მსგავს სიტუაციას ვხედავთ ანგელოზთა უკვდავების მიზეზების საკითხშიც. დეკანოზი ოლეგ დავიდენკო თავის დოგმატიკის სახელმძღვანელოში აღნიშნავს, რომ „წმინდა მამებთან ანგელოზთა უკვდავების მიზეზთა განმარტების ორი ვარიანტი არსებობს“. კერძოდ, ღირსი იოანე დამასკელი თვლიდა, რომ ანგელოზები უკვდავნი არიან არა ბუნებით, არამედ მადლით [6, 83]. ამავდროულად, წმინდა გრიგოლ პალამა წერდა, რომ ანგელოზები უკვდავნი არიან არა მადლით, არამედ ბუნებით. მამა ოლეგი წმინდა გრიგოლის აზრებს ამ თემაზე შემდეგნაირად აჯამებს: „იგი მიიჩნევდა, რომ თუ უარვყოფთ ანგელოზთა ბუნებით უკვდავებას, მაშინ შეუძლებელი იქნება საუკუნო ტანჯვის ახსნა. სრული განდგომილობის მდგომარეობაში დაცემული ანგელოზები აღარ იქნებიან საღვთო მადლის თანაზიარნი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი არ შეწყვეტენ არსებობას. მაშასადამე, ისინი უკვდავნი არიან არა მადლით, არამედ საკუთარი ბუნებით“ [4, 246].
წმინდა გრიგოლ პალამა ანგელოზთა ბუნებას ადამიანის სულის ბუნებასთან ერთად განიხილავს და ამტკიცებს, რომ ანგელოზიცა და ადამიანიც ღვთის ხატად არიან შექმნილნი, თუმცა, ამავდროულად, ადამიანი უფრო მეტად არის ღვთის ხატი, ვიდრე ანგელოზები: „მხოლოდ სულის გონიერი და მოაზროვნე ბუნება ფლობს გონებასაც, სიტყვასაც და ცხოველმყოფელ სულსაც; მხოლოდ იგი, უხორცო ანგელოზებზე მეტად, იქნა შექმნილი ღვთის მიერ მისი ხატებისებრ [2, 39]. ხატების ეს ფლობა უცვლელია, თუმცა ამ ბუნებამ შეიძლება ვერ გააცნობიეროს საკუთარი ღირსება და იაზროვნოს ან იცხოვროს ისე, რომ მისი ხატად შემქმნელის უღირსი შეიქმნას“.
ეს განზოგადება საშუალებას გვაძლევს, განვაგრძოთ მსჯელობა ანგელოზთა უკვდავების შესახებ და დავუკავშიროთ იგი მთლიანი ადამიანის უკვდავების საკითხს, მისი ბუნების სრულ სისავსეში (და არა მხოლოდ მისი სულისას).
მოცემული დილემის გადაჭრაში ფასდაუდებელი დახმარება შეუძლია გაგვიწიოს კიდევ ერთმა წმინდა მამამ, რომლის ნაშრომებიც, როგორც წესი, არ გამოიყენება საღვთისმეტყველო კვლევებში; ეს გახლავთ ღირსი აბბა დოროთე, რომელიც შემდეგნაირად მსჯელობდა ადამიანის ღვთის ხატად და მსგავსად შექმნის შესახებ: „ნათქვამია: ხატებისებრ, ვინაიდან ღმერთმა სული უკვდავად და თვითუფლებრივად შექმნა, ხოლო მსგავსებისებრ — სათნოებას განეკუთვნება“ [5, 158].
ანუ, ღირსი დოროთეს მიხედვით, ღვთის ხატება ადამიანში არის გარკვეული მოცემულობა, რომელიც მოიცავს უკვდავებას, ხოლო მსგავსება არის ის, რაც შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს ან სულაც გაქრეს. ხატება — მოცემულობაა, მსგავსება — დავალება. ხატების წართმევა შეუძლებელია, მსგავსებას კი მხოლოდ ისინი აღწევენ, ვინც ღვთისკენ ისწრაფვის.
საქმე ისაა, რომ თანამედროვე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ადამიანის შექმნა ღვთის ხატად, უპირველეს ყოვლისა, გააზრებულია, როგორც პიროვნული არსების შექმნა, რომელსაც გაცნობიერებული არჩევანის უნარი შესწევს. ვლადიმერ ლოსკი ამის შესახებ წერდა: „ამრიგად, ის, რაც ჩვენში ღვთის ხატებას შეესაბამება, არის არა ჩვენი ბუნების ნაწილი, არამედ ჩვენი პიროვნება, რომელიც თავის თავში მოიცავს ბუნებას... როგორც ღვთის ხატი, ადამიანი არის პიროვნული არსება, რომელიც ღვთის წინაშე დგას. ღმერთი მას მიმართავს, როგორც პიროვნებას, და ადამიანიც პასუხობს მას“ [7, 184, 185].
პიროვნება არ ამოწურავს ადამიანში ღვთის ხატებას, თუმცა იგი არის მისი კვინტესენცია, საკვანძო თავისებურება და, თუ შეიძლება ასე ითქვას, „შემკრები წერტილი“. პიროვნული ყოფიერება, როგორც ადამიანში, ისე ანგელოზში ღვთის ხატების გამოვლინებაა და იგი წარუვალს წარმოადგენს. ღმერთისთვის სიკვდილი შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანიცა და ანგელოზიც, ღვთის ხატად შექმნილნი, ვერ კვდებიან, რადგან პიროვნული არსების სიკვდილი ღვთის ხატის სიკვდილის ექვივალენტური იქნებოდა. მაგრამ ღმერთი არ კვდება, ამიტომაც ღვთის ხატებაც უკვდავია. ხოლო ღვთის ხატების (ონტოლოგიური) საფუძველი სწორედ პიროვნული ყოფიერებაა.
არარაობიდან შექმნა გამორიცხავს ყოველი ქმნილი არსების ბუნებით უკვდავების შესაძლებლობას (ღირსი იოანე დამასკელის არგუმენტი). ასევე, ანგელოზთა და ადამიანთა ღვთისგან განდგომა მათ ართმევს მადლით უკვდავების შესაძლებლობას (წმინდა გრიგოლ პალამას არგუმენტი). თუმცა, პიროვნული ყოფიერება მათ, აბბა დოროთეს განსაზღვრებით, უკვდავად და თვითუფლებრივად აქცევს. ანუ, ანგელოზი და ადამიანი უკვდავნი არიან არა ბუნებით და არა მადლით, არამედ იპოსტასურად — ბუნების არსებობის წესით, რომელიც წარმოადგენს უკვდავ საღვთო ხატებას.
რა თქმა უნდა, ადამიანთან მიმართებით შეიძლება შემოგვედავონ, რომ მისი სხეული კვდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი, სულის მსგავსად, ჰიპოსტასირებულია (ანუ შეგვამოვნებულია). ამაზე პასუხად შეიძლება ითქვას, რომ, ჯერ ერთი, თვითშეგნება სულის თვისებაა და მასშივე რჩება, და მეორეც — სხეული სულს მხოლოდ გარკვეულ დრომდე განეშორება და თავის დროზე აღდგება, რისი დასტურიც (წინდი) ასევე ადამიანის ფიზიკური შემადგენლობის თავდაპირველ ჰიპოსტასირებულობაში (ანუ შეგვამოვნებულობაში) შეიძლება დავინახოთ.
ჩემს მიერ შემოთავაზებული მსჯელობა იძლევა შესაძლებლობას, გარკვეულწილად შეჯერდეს წმინდა გრიგოლ პალამასა და წმინდა იოანე დამასკელის იდეები, ვინაიდან ანგელოზთა და ადამიანთა ბუნების პიროვნული ყოფიერება, ერთი მხრივ, მას უკვდავების თვისებებს ანიჭებს, ხოლო მეორე მხრივ — უდავოდ წარმოადგენს შემოქმედის კეთილ საბოძვარს, ანუ მადლს ამ ტერმინის ფართო გაგებით.
თუკი შევეცდებით ამ თემის გაგრძელებას ბუნებისა და იპოსტასის ტერმინოლოგიის ფარგლებში, შეგვიძლია მივიდეთ დასკვნებამდე, რომლებიც ახალ გზებს ხსნის ზოგიერთი აქტუალური საღვთისმეტყველო საკითხის გასაშუქებლად, მაგალითად, როგორიცაა ჯოჯოხეთის სატანჯველის მარადიულობის საკითხი.
ამგვარად, თუ ადამიანი უკვდავია იპოსტასურად — მისთვის შექმნისას ბოძებული პიროვნული ყოფიერების უკვდავი და წარუვალი ხატების გამო — მაშინ ბუნებას, თავისი არარაობიდან წარმოშობის გამო, უკვდავების თვისება არ გააჩნია. ეს ეხება როგორც სხეულს, ისე სულს. ბუნებით უკვდავი მხოლოდ ღმერთია: „რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა“ [ინ. 5:26]. ადამიანს კი მხოლოდ ღმერთთან თანაზიარების გზით შეუძლია ჰქონდეს ცხოვრება თავის თავში: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა თქუენთა“ [ინ. 6:53]. უკვდავი საღვთო ხატი ადამიანში უერთდება არარაობიდან შექმნილ ბუნებას.
ამ შეერთების მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ წმინდა ფილარეტის (დროზდოვი) ცნობილი გამონათქვამი: „ღვთიური უსასრულობის უფსკრულის ქვეშ, საკუთარი არარაობის უფსკრულის ზემოთ“ [9, 436]. ანუ — უკვდავი საღვთო ხატების უფსკრულის ქვეშ და საკუთარი თავდაპირველი არყოფნის უფსკრულის ზემოთ, რომელიც ადამიანურ ბუნებაში კვლავ არყოფნაში დაბრუნების საფრთხეს წარმოშობს.
აქ კი ვხვდებით ადამიანში არსებული საშინელი და გადაულახავი განხეთქილების შესაძლებლობას. იპოსტასურად მას არ შეუძლია სიკვდილი, ვინაიდან უკვდავება თავად იპოსტასის (პიროვნების) განუყოფელი თვისებაა. თუმცა ბუნებით, ღვთისგან განდგომის ან, მით უმეტეს, მასთან ბრძოლის შემთხვევაში, ადამიანი საკუთარ თავს სიკვდილისთვის სწირავს, რადგან, არ გააჩნია რა სიცოცხლე თავის თავში, იგი განეშორება სიცოცხლის წყაროს.
ამ შემთხვევაში იქმნება პარადოქსული ვითარება: ადამიანი (ან ანგელოზი), რომელიც უკვდავია იპოსტასურად, კვდება ბუნებით; თუმცა არა ბუნების გაქრობის აზრით (რისი მოხდენის საშუალებასაც უკვდავი იპოსტასი არ იძლევა), არამედ სიკვდილის (ან, შესაძლოა, ამ შემთხვევაში უფრო მართებული იყოს ვთქვათ — კვდომის) მდგომარეობაში დაუსრულებელი ყოფნის აზრით. ამგვარად, იგი ერთგვარ ოქსიმორონად იქცევა — მარადიულად მომაკვდავ უკვდავად ან მასზედ, ვინც სიკვდილის მდგომარეობაში ცოცხლობს.
აბბა დოროთეს აზრით: „მსგავსება — სათნოებას განეკუთვნება“. ამიტომ, ქრისტიანის მიერ სათნოების მოხვეჭა მას ბუნებითად აზიარებს სიცოცხლის წყაროსთან და რთავს საღვთო ენერგიების ნაკადში, რომლებიც განაახლებენ და აცოცხლებენ ადამიანს. იპოსტასურად მას აქვს უკვდავება(უკვდავად არსებიობა), ბუნებით კი — სიცოცხლე. მაშინ როდესაც ის, ვინც განეშორება ღმერთს, იპოსტასურად ასევე ფლობს უკვდავებას (უკვდავ არსებობას), მაგრამ ბუნებით — სიკვდილს.
ამრიგად, ანგელოზთა და ადამიანთა უკვდავების მიზეზთა რაობის ჩვენს მიერ განხილულ მოდელს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს ესქატოლოგიისა და აპოლოგეტიკის საკითხების განმარტებისთვის — მაგალითად, იეღოველებთან პოლემიკაში და, ზოგადად, ჰუმანისტური აზროვნების ადამიანებთან მსჯელობისას.
ასე მაგალითად, ზოგიერთები სვამენ კითხვას: „რატომ არ გაანადგურებს ღმერთი იმ ადამიანებსა და ანგელოზებს, რომლებმაც მასთან ერთობაში ცხოვრება არ ისურვეს?“ სექტა „იეჰოვას მოწმეების“ მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ მარადისობაში მხოლოდ ისინი დარჩებიან, ხოლო ყველა, ვინც მათ საზოგადოებაში არ გაერთიანდა — აღიგვება: ვინც გარდაიცვალა, აღარ აღდგება, ხოლო ვინც ქრისტეს მეორედ მოსვლას ცოცხალი შეხვდება — გაქრება, ანუ განიცდის ანიჰილაციას. სხვათა შორის, ეს სწავლება ეფუძნება მათ რწმენას სულის მოკვდავობის შესახებ: „იეჰოველებს არ სჯერათ სულის უკვდავების, რომელიც, მათი (არა)ბიბლიური სწავლებით, სხეულთან ერთად კვდება. არც ჯოჯოხეთის სწამთ. ისინი ამბობენ, რომ ღმერთი ვერ დაუქვემდებარებს ადამიანებს მარადიულ სატანჯველს, რადგან იგი მოწყალეა; ხოლო მოწყალე პატრონი ცოფიან ძაღლს კი არ აწამებს, არამედ უბრალოდ აიღებს და მოკლავს მას. არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღდგებიან (უფრო ზუსტად, თავიდან შეიქმნება მათი სხეულიცა და სულიც) და გადარჩებიან, დანარჩენები კი სამუდამოდ განადგურდებიან“ [4, 163].
ზემოაღნიშნული დასკვნების საფუძველზე, დასმულ კითხვაზე შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ ადამიანები და ანგელოზები ღვთის ხატად არიან შექმნილნი. ღვთის ხატება კი უკვდავია. ამიტომ, უკვდავება პიროვნულ არსებათა ის თვისებაა, რომელიც ვერ გაქრება ვერც სამოთხეში და ვერც ჯოჯოხეთში. ადამიანს შეუძლია უარი თქვას სათნოებით ღვთისადმი მიმსგავსების გზაზე, მაგრამ მას არ ძალუძს გაქრეს ან განიცადოს ანიჰილაცია, ვინაიდან პიროვნული ყოფიერება დაფუძნებულია (დამკვიდრებულია) უკვდავ საღვთო ხატებაში.
მეორე კითხვა ინდუიზმისა და ბუდიზმის სფეროდანაა: „შეიძლება თუ არა ადამიანის სული ცხოველის სხეულში ან, მაგალითად, ხეში ჩასახლდეს (გადასახლდეს)?“ პასუხი: არა, არ შეიძლება, რადგან ხე და ცხოველი არ წარმოადგენენ პიროვნებებს (იპოსტასებს), მათ არ გააჩნიათ თავისუფალი ნება და არ შეუძლიათ შეცოდება. ცხოველის სული სისხლშია (ლევ. 17:11, 14) და სხეულის სიკვდილთან ერთად კვდება, ხოლო ადამიანის სული უკვდავ იპოსტასში (პიროვნებაში) იმყოფება და სიკვდილი არ შეუძლია. ადამიანის სულის გადასახლება, ვთქვათ, ძაღლის სხეულში, ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, იქნებოდა არა რეინკარნაცია (გარდასახვა), არამედ რაღაც მსგავსი ადამიანის სულის მიერ ძაღლის შეპყრობილობისა, რაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, არამედ ყველა აღმოსავლურ მოძღვრებასაც.
როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, დოგმატური ღვთისმეტყველების ისეთი, ერთი შეხედვით, არაცენტრალური თემაც კი, როგორიცაა ანგელოზთა ბუნების თვისებები, თავისი განვითარების პროცესში შეიძლება მივიდეს დასკვნებამდე, რომელთაც (ჩემის აზრით) პირდაპირი კავშირი აქვთ ჩვენი გადარჩენის საკითხთან. რა თქმა უნდა, ამ მსჯელობით მე არ მაქვს პრეტენზია საკითხის გადაჭრაზე, მაგრამ მაქვს სურვილი, სწორად წამოიჭრას იგი და წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის თანახმად „მასზე მსჯელობით სარგებელი ვპოვოთ“.
1. ბუნებითი უკვდავება (უკვდავება თავისთავად)
ბუნებით უკვდავი არის ის, ვისაც არ შეუძლია არ არსებობდეს. ასეთი მხოლოდ ღმერთია.
·
ღმერთს არავისგან მიუღია სიცოცხლე; ის თავად არის სიცოცხლის წყარო.
·
მას არ აქვს დასაბამი, შესაბამისად, მას არ აქვს დასასრული.
·
ქმნილების პრობლემა: ყველაფერი, რასაც დასაბამი აქვს (ანუ შეიქმნა არარაობიდან), თავისი ბუნებით მიდრეკილია არარაობისკენ (სიკვდილისკენ) დაბრუნებისკენ. ამიტომ, არც სული და არც ანგელოზი თავისთავად (ბუნებით) უკვდავი არ არის. თუ ღმერთი მათ არსებობის ენერგიას შეუწყვეტს, ისინი გაქრებიან.
პ.ს მინდა აქვე მოვუხმო წმ. მაქსიმე აღმსარებლის სწავლებას - ცოდვილი
(უნანელი)ადამიანის არამადლისმიერ შეერთებაზე ღმერთთან, რაც თავის მხრივ შეავსებს
ამ მსჯელობის მოზაიკას:
წმიდა მაქსიმე თალასესადმი 61-ე პასუხში (თავი VI, 53-55) წერს:
„ღმერთი სახიერების უსასრულო ძლიერი ნებით ყველას შეკრებს: ანგელოზებს, ადამიანებს, კეთილებსაც და ბოროტებსაც, მაგრამ ისინი ყველა ერთნაირად კი არ ერთიანდებიან ღმერთში (ουκ ισως μεφεξουσι Φεου), არამედ საკუთარი მდგომარეობის შესაბამისად. ისინი, ვინც იცავდა ღმრთის ნებით დადგენილ კანონს… მთლიანად ეზიარნენ ღვთაებრივი ცხოვრების სიკეთეს, ხოლო ისინი, ვინც თავისი სურვილები ბუნების კანონთა საწინააღმდეგოდ მიმართეს… ღმრთის ნებისადმი თავისი სურვილების ანტიპათიის გამო, განვარდნენ (εκλεσουνται) ყოვლადსრული სიკეთისგან… არიან ღმრთისაგან დაშორებულნი (διαστασιν), და არ გააჩნიათ, საკუთარი სურვილის-და მიხედვით, კეთილად ყოფის განმაცხოველებელი ლოგოსი (τον του ευ ειναι λογον ζωογονομενον), რომელშიც ვლინდება ღვთაებრივი ცხოვრება. რადგან, ღმრთის სამსჯავროზე, ყველას წადილის საზომი იქნება (ζυγοζ τιζ εκαστου γνωμηζ) ბუნების ლოგოსი, რომელიც მის ქმედებებს გამოავლენს, როგორც კეთილს, ისე უკეთურს (την προζ το φευ α εα κινησιν), რომლის მიხედვითაც გადაწყდება შეუერთდება თუ არ შეუერთდება (ეზიარება თუ არ ეზიარება) ღვთაებრივ ცხოვრებას. რადგან მყოფობით და მარად- მყოფობით ღმერთი არსებობს ყოველ არსებაში (თანა-ძმაში), მაგრამ მარად-კეთილმყოფობით (εαι εα εοναι), მხოლოდ წმიდა ანგელოზებში და (წმიდა) ადამიანებში, ხოლო მარად-მწარედ-ყოფა… (αει φευ ειναι) რჩება მათ, ვინც მოახდინა საკუთარი ნების ნაყოფის აღრევა მათთან, ვინც ასეთი (ანუ წმიდა) არ არის“ (CCSG 22, 111-113; PG 90, 644-5. 1325-29)
გამოყენებული
ლიტერატურა
1.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი.
სიტყვა
27. ევნომიანელთა
წინააღმდეგ
და
პირველი,
ანუ
წინასწარი
ღვთისმეტყველების
შესახებ
// წმ.
გრიგოლ
ღვთისმეტყველი.
თხზულებათა
კრებული
2 ტომად.
რეპრინტი.
[ადგილი
მითითებული
არ
არის]:
წმინდა
სამების
სერგის
ლავრა,
1994. ტ.
1. გვ.
385-391.
2.
წმ. გრიგოლ პალამა.
ას
ორმოცდაათი
თავი,
მიძღვნილი
საბუნებისმეტყველო,
საღვთისმეტყველო,
ზნეობრივი
და
სულიერ
მოღვაწეობასთან
დაკავშირებული
საკითხებისადმი,
ასევე
განკუთვნილი
ვარლაამიტური
საცთურისგან
დასაცავად. [ელექტრონული
რესურსი].
URL:
3.
დეკანოზი
ოლეგ
დავიდენკო.
დოგმატური
ღვთისმეტყველება.
მოსკოვი:
პსტგუ
(PSTGU), 2013. 624 გვ. (ტექსტში დამოწმებულია როგორც [4]).
4.
ალექსანდრე
დვორკინი.
სექტოლოგია:
ტოტალიტარული
სექტები.
ნიჟნი
ნოვგოროდი:
წმინდა
კეთილმსახური
მთავრის,
ალექსანდრე
ნეველის
სახელობის
საძმოს
გამომცემლობა,
2002. 816 გვ.
5.
ღირსი აბბა დოროთე.
სულისთვის
სასარგებლო
სწავლანი.
მოსკოვი:
„ოტჩი
დომ“
(Отчий дом), 2001. 318 გვ.
6.
ღირსი იოანე დამასკელი.
მართლმადიდებლური
სარწმუნოების
ზედმიწევნითი
გადმოცემა.
მოსკოვი:
სრეტენსკის
მონასტრის
გამომცემლობა,
2003. 382 გვ.
7.
ვ. ნ. ლოსკი.
ნარკვევი
აღმოსავლეთის
ეკლესიის
მისტიკური
ღვთისმეტყველების
შესახებ
// ვ.
ნ.
ლოსკი.
ნარკვევი
აღმოსავლეთის
ეკლესიის
მისტიკური
ღვთისმეტყველების
შესახებ.
დოგმატური
ღვთისმეტყველება.
მოსკოვი:
„სეი“
(СЭИ), 1991. გვ. 8-199.
8.
წმ. ფილარეტი
(დროზდოვი).
სიტყვა
წმინდა
ალექსის
ნაწილთა
აღმოჩინების
დღეს
(1841) // წმ.
ფილარეტი
(დროზდოვი).
რჩეული
შრომები,
წერილები,
მოგონებები.
მოსკოვი:
პსტბი
(PSTBI), 2003. გვ. 350-355.
ავტორი: მიქაელ მთაწმინდელი.
შთაგონების წყარო
: ნაშრომი იპოსტასის უკვდავების შესახებ-
ა. გორბაჩოვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий