суббота, 28 декабря 2024 г.

სულის შვიდი სიმხურვალის შესახებ



  ადამიანის უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ის მუდამ ჩქარობს, მაგრამ ჩქარობს ამაოდ, უნაყოფოდ. ადამიანი მთებს აყირავებს თავისი ძალით, ძალიან მოკლე დროში შეუძლია დაანგრიოს და თავიდან ააშენოს ქალაქები.

   ჩვენ თუ დავაკვირდებით მის ენერგიას და შედეგებს გავიაზრებთ, აღმოვაჩენთ, რომ სამყაროში ამით არ მრავლდება სიკეთე (ანუ ვერ უწყობს მის ზრდას ხელს). და ის, რაც არ ამრავლებს სიკეთეს, უნაყოფოა.

თვით ბოროტების განადგურებაც კი უნაყოფოა, თუ იგი სიკეთის გამოხატულება არ არის და არ მოაქვს მისი (სიკეთის, როგორც პირველმიზეზის) ნაყოფები.

   ადამიანთა ცხოვრება სამყაროში ძალიან აჩქარებული გახდა და კიდევ უფრო ჩქარდება. ყველანი გარბიან, შიშობენ, რომ ვერ მოასწრებენ, დააგვიანებენ, რაღაცას გაუშვებენ ხელიდან, რამეს ვერ გააკეთებენ თუ არ იჩქარეს. ჰაერში, მიწაზე, წყალზე, ხომალდები და მანქანები მიმოქანდებიან, მაგრამ კაცობრიობისთვის ამ მოძრაობას არ მოაქვს ბედნიერება და პირიქითაც კი, თუ კი რამ სიკეთე და კეთილდღეობაა, იმასაც კი ანგრევს და აცამტვერებს (ეს სიტყვები დაახლოებით 50 წლის წინ ითქვა).

   სამყაროში, დემონური მოჩქარეობა და სულსწრაფობა შემოიჭრა. ამ სიჩქარისა და მოსწრაფეობის საიდუმლოს, ღვთის სიტყვა გამოცხადების წიგნის მე-12-ე თავში გვიხსნის: ,,მაშინ მომესმა მგრგვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აწ იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს სდებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე. მაშ, ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო! მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებულ იქნა ეშმაკი, აღსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა ხანი"(მუხლი: 10-12).

   შენ გესმა: მიწაზე და ზღვაზე, ეშმაკი, დიდი მრისხანებით დაეშვა, იცის რა, რომ ცოტაღა დარჩა დრო. აი, საიდან ეს შეუკავებელი, ყოვლის დამაჩქარებელი წრებრუნვა არა მხოლოდ დროისა, არამედ თვით საგნებისა, ცნებებისა, ტექნიკისა და ცხოვრებისა. უფრო და უფრო შეუკავებელი და თავქუდმოგლეჯილი ხდება ეს უნაყოფო, დამანგრეველი მოჩქარეობა ადამიანებში, ერებში.

   ეშმაკის სამეფოს აღსასრული მალე დადგება. და, აი მიზეზი სიხარულისა ზეცაში და მიწაზე იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ზეციურით ცხოვრობენ (ქრისტეს მცნებებით, ლოცვით, მარხვით, სინანულით. ზიარებით, მარადისობისათვის მზადებით). სასიკვდილოდ განწირული ბოროტება, გრძნობს რა საკუთარ აღსასრულს, მთელის გამალებით ისწრაფვის აამღვრიოს კაცობრიობა, გაყოს, დააპირისპიროს, დათესოს შუღლი, გაუგებრობა, მტრობა. ცდილობს, რომ ადამიანებმა დაივიწყონ ზეცა, თავისი შემოქმედი ღმერთი, არ აღიბეჭდონ შუბლი და გული ჯვრის ნიშით. შეუკავებლად, მთელი სისწრაფვით მიიჩქარის ყოველივე სადღაც წინ და ცდილობს უფრო და უფრო მოუმატოს სისწრაფეს.

   ბოროტმა უწყის (თავისი გამოცდილებით და ადამიანებზე დაკვირვებით მ.მ), რომ ამგვარ ქაოსში, ამაო მოჩქარეობაში კაცობრიობის ჩართვით შეძლებს, რომ ის ნაწილიც ჩაითრიოს, რომელიც ჯერ კიდევ მოწყვლადი იყო. ასეთი ამაოების დინების სისწრაფეში ადამიანებს არ შეუძლიათ გაჩერდნენ, ჩაფიქრდნენ, გაიაზრონ დიდებული და მარადიული ჭეშმარიტებები, რომელზე ფიქრსაც და რეფლექსიას ჭირდება სიმშვიდე, თუნდაც წუთი ღვთაებრივი მდუმარებისა, თუნდაც წამისყოფა წმინდა მყუდროებისა.

   უკვე დიდი ხანია, რაც ტექნიკა ხელს უწყობს დიდი სისწრაფით გადაადგილებას და მიწიერ (მატერიალურ) ღირებულებათა მოპოვებას. თითქოს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, უფრო მეტი დრო უნდა რჩებოდეთ ადამიანებს სულიერი ცხოვრებისთვის. თუმცაღა, არა. სულმა უფრო მძიმედ და რთულად დაიწყო ცხოვრება. ამსოფლიური ნივთიერება (მატერიალიზმი) მორევივით ტრიალებს და თან ითრევს ადამიანთა ცხოვრებას, ნებას, ცნობიერებას. და იღუპება სული, რამდენადაც მას აღარ აქვს დრო რაიმე ამაღლებულისთვის, აღმატებულისთვის, რადგან დაჩქარებულია მოვლენათა ცვალებადობა; ეს სისწრაფე კიდევ უფრო იმატებს და ითრევს ადამიანებს, ერებს, თავისი მორევის ძალაუფლებაში.

   ეს სოფელი, სულიერისკენ სწრაფვის ნაცვლად, სრულიად შთანთქმული და შეპყრობილია ხორციელი მოსწრაფეობის ფსიხოზით, ხორციელი წარმატების სტიქიური ჟინით. იქმნება მოსაქმეობის მირაჟი, თითქოს საქმეებისთვის არის მოწოდებული ადამიანი და არ შეუძლია იყოს მშვიდად მათ გარეშე. მაგრამ ხორციელი საქმეები არ აკმაყოფილებს ადამიანს, რამდენადაც არა ადამიანი ფლობს მათ, არამედ ისინი ადამიანს. ადამიანი - მონა ხდება ხორციელი საქმეების (ამსოფლიურ საზრუნავთა მრავალფეროვნების მ.მ). აშენებს ქვიშაზე, ხოლო ქვიშაზე აშენებული აუცილებლად იმუსრება. ადამიანის მიწიერი სახლიდან მტვრის გროვა რჩება. ნაცვლად მრავალი საამაყო შენობიდან _ ქვიშის სიმრავლე. და ამ ქვიშიდან, კვლავაც მიწიერი სამოთხის აშენებას ცდილობს ადამიანი. ქვიშა იფანტება, კაცი კი შრომობს მათ კვლავაც მოსაგროვებლად... საწყალი ადამიანი. ყველა შებოჭილია მცირე, არაფრის მომცემი საქმეებით, რომელთა გაკეთებაც სწრაფად უნდა მოესწროს, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ახალი, მსგავსი ამაო საქმეების დაწყება.

   სად შეიძლება სიკეთისათვის დროის პოვნა? თვით ამაზე ფიქრის დროც კი არ არის. სიკეთე დგას, როგორც მოხეტიალე მწირი, რომელსაც არ აქვს ადგილი სამსახურეობრივ ოთახში, არც ქარხანაში, არც ქუჩაში, არც ადამიანთა სახლებში, მითუმეტეს - არც გასართობ ცენტრებში. სიკეთეს ,,არ აქვს ადგილი, სადა თავი მიიდრიკოს". როგორ უნდა იჩქარო მისი აღსრულება, როდესაც წამითაც არ ხდება მისი მოპატიჟება, არა მხოლოდ ოთახში, არამედ ფიქრებშიც კი, გრძნობებში და სურვილებში. არასოდეს! და როგორ არ ესმის ეს სიკეთეს და მაინც, როგორ ცდილობს სინდისზე მტკივნეულად შეხებას? საქმეები, საქმეები, საზრუნავები, ვალდებულებები, აუცილებლობები, გადაუდებლობები და ამ ყველაფრის კეთების მნიშვნელობის გაცნობიერება.. ოჰ, საბრალო ადამიანი!

  სად არის შენი სიკეთე, სად არის შენი სახე? სად ხარ შენ თავად? რად იმალები ცხოვრების ხრახნებისა და ბორბლების ბრუნვების მიღმა? მაგრამ, მაინც გეტყვი: იჩქარე სიკეთე აღასრულო, სანამ სხეულში ცხოვრობ. იარე ნათელში, სანამ ხორცში ხარ. იარე ნათლის შუქზე, სანამ ნათელი ჯერ კიდევ ნათობს (შედრ.: იოანეს სახარება 12:35). მოვა ღამე, როდესაც ვეღარ შეძლებ სიკეთის ჩადენას, თუნდაც რომ ძალიან გსურდეს.

  მაგრამ, რა თქმა უნდა, თუ შენ, დედამიწაზე, სამოთხისა და ჯოჯოხეთის ამ ზღურბლზე, არ გინდოდა სიკეთის კეთება და სიკეთეზე ფიქრიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთება მოგინდეს, როცა აღმოჩნდები შუაღამისას გარესკნელში, ამ ყოფიერების კარს მიღმა გაგდებული და მიწიერი ცხოვრების ამაოებიდან გამოძევებული, რამეთუ ამაოება, რომელიც შენ შეიყვარე, შენს სულს არარაობის ცივ და ბნელ ღამეში გახიზვნას უმზადებდა. ამიტომ, იჩქარეთ სიკეთის კეთება! ჯერ დაიწყეთ ამის გაკეთებაზე ფიქრი; შემდეგ კი იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს და შემდეგ დაიწყეთ ამის გაკეთება.

  იჩქარე ამაზე ფიქრი, იჩქარე ამის გაკეთება. დრო მუხთალი და ხანმოკლეა. მარადიული დროებითშია ხელმისაწვდომი. წარმართე ეს საქმე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შენს ცხოვრებაში. გააკეთე ეს, სანამ გვიანი არ არის. როგორი საშინელი იქნება დააგვიანო სიკეთის კეთებაში. ცარიელი ხელებით და ცივი გულით გახვიდე ამ ცხოვრებიდან და წარდგე ღვთის წინაშე.

   ვინც არ ჩქარობს სიკეთის კეთებას, ის მას არც (შემთხვებით)გააკეთებს. სიკეთე ითხოვს გულის სიმხურვალეს. ნელთბილებს ეშმაკი არ დაანებებს სიკეთის გაკეთებას. ის მათ ხელ-ფეხს შეუკრავს მანამ, სანამ ისინი სიკეთის ქმნას მოიფიქრებენ. სიკეთის კეთება, მხოლოდ გულმხურვალეებს შეუძლიათ, მათ, რომელთა გულიც ცხელია. იყო კეთილი ჩვენს დროში - შეუძლია მხოლოდ სიკეთით მოელვარე ადამიანს. და რაც უფრო წინ მიდის სიცოცხლე, მით მეტი ელვისებური სიჩქარე სჭირდება ადამიანს სიკეთისთვის. ელვის სისწრაფე სულიერი  სიძლიერის გამოხატულებაა, ეს არის წმინდა რწმენის სიმამაცე, ეს არის სიკეთის მოქმედება, ეს არის ჭეშმარიტი ადამიანობა!

ამაოების მოჩქარეობასა და ბოროტებას, მოდით, გუმხურვალებისა და სიკეთის განხორციელების სისწრაფე დავუპირისპიროთ. უფალო, დაგვლოცე და შეგვეწიე!

🔹 ნებისმიერი ცოდვის შემდეგ მონანიების სისწრაფე - აი, პირველი მხურვალება, რომელსაც ღმერთს მივართმევთ.

🔹 ჩვენი ცოდვილი ძმის მიმართ სწრაფად შენდობის მიცემა - მეორე სიმხურვალეა, რომელსაც ღმეთს შევწირავთ.

🔹 ნებისმიერ თხოვნაზე სწრაფად გამოხმაურება, რომლის აღსრულებაც შეიძლება ჩვენთვისაც სასარგებლო იყოს და მთხოვნელისთვისაც, - აი, მესამე სიმხურვალე, რომელსაც ღვთის წინაშე აღვასრულებთ.

🔹 მოყვასისადმი ისეთი დახმარების სიჩქარე, რაც მას უშველის თავი დააღწიოს უბედურებას,- აი, მეოთხე მხურვალება ღვთის წინაშე.

🔹მეხუთე მხურვალება: უნარი სწრაფად შეამჩნიო ის, თუ ვის რა სჭირდება, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად; და შემძლეობა, ცოტათი მაინც ემსახურო თითოეულ ადამიანს. უნარი ყველა ადამიანისათვის ილოცო.

🔹მეექვსე მხურვალება - ეს არის უნარი და მზაობა იმისა, რომ ბოროტების ყოველგვარ გამოხატულებას სიკეთით, ყოველ სიბნელეს ქრისტეს სინათლით, ხოლო ყოველ სიცრუეს სიმართლით დაუპირისპირდე.

🔹 და მეშვიდე სიმხურვალე ჩვენი რწმენისა, სიყვარულისა და იმედისა, ეს არის - უნარი, მეყვსეულად აღამაღლო გული და მთელი შენი შინაგანი არსი ღვთისადმი, მიეცე მის სიყვარულს, მადლიერებითა და ქებისმეტყველებით ყოველსა ზედა, ყოვლისათვის, ამინ!

სან-ფრანცისკოს არქიეპისკოპოსი - იოანე შახოვსკი.


ავტორი:  მიქაელ მთაწმინდელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий