II თესალონიკელთა 2,15 - "ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით".
ანტისექტანტური პოლემიკის
ერთ ისტორიულ ასპექტზე...
ხშირად მოისმენთ ზოგიერთი
ფსევდობიბლიური სექტანტის განცხადებას, რომ „ჩვენ ვცხოვრობთ წმინდა წერილების მიხედვით,
ჩვენ ბიბლიური ქრისტიანები ვართ და თქვენ, ვინც თავს მართლმადიდებლებს უწოდებთ, მუდამ
რაღაც გარდამოცემაზე აპელირებთ , არადა , განა
იესო არ გმობდა და არ ამხილებდა ,,უხუცესთა გადმოცემებს" ფარისეველებთან დისკუსიისას?
გამოდის, რომ თქვენ ( ანუ მართლმადიდებლები)
, მოიხმობთ რა გადმოცემებს, ამგვარად საკუთარ თავს ფარისევლებს უიგივებთ " . წმინდა
წერილისა და ტრადიციის დაპირისპირების ეს სტერეოტიპი, მათი (თითქმის) ონტოლოგიური განსხვავების
განცდა, დიდწილად აფერხებს ანტისექტანტური პოლემიკის კომპეტენტურ ორგანიზებას და მსვლელობას
. ამიტომ, შევეცდებით გავერკვეთ იმაში, თუ რა არის გარდმოცემა.
სექტანტების ორი ფუნდამენტური
შეცდომა
უპირველეს ყოვლისა,
აუცილებელია ხაზი გავუსვა ტრადიციის ონტოლოგიურ სტატუსს.. თავად იმის მტკიცება, რომ
<< იესო ქრისტემ დაგვიტოვა წერილი და
ჩვენ მის მიხედვით ვცხოვრობთ>>, იმთავითვე შეცდომაა, რამდენადაც ის ტოვებს რაღაცას,
ვინც უკვე აღარ არის. მაგ: გრიგოლ რობაქიძემ
ან ვაჟა ფშაველამ დაგვიტოვეს თავისი მოთხრობები, ისინი დიდიხნის წინ გარდაიცვალნენ,
მაგრამ მათ მოთხრობებს ჩვენ ვკითხულობთ და ასე ვიაზრებთ მათ შინაარსს.
მაცხოვარს არასოდეს
უთქვამს , რომ დაგვიტოვებდა თავის ეკლესიას.
მან ბრძანა : ,, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ
ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ." (მათე.28). ის მუდამ იმყოფება თავის ეკლესიაში,მისი სიტყვებისამებრ.
ძალიან მნიშვნელოვანია, თანამოსაუბრეს (ოპონენტს) ამ სიტყვებზე მივაქცევინოთ ყურადღება
.
ყველა მოევანგელისტო-მოპროტესტანტო
კრებულებისადმი დამახასიათებელია იდეა, რომ თითქოს ეკლესია მხოლოდ დასაწყისში იყო
, მერე გაქრა და თანამედროვეობაში კვლავ აღორძინდა. მაგრამ. ნუთუ სადმე ამბობს მაცხოვარი: ,, მე ცოტახანს
ვიქნები თქვენთან დასაწყისში, მერე დაგტოვცებთ , მერე მოვალ XVI საუკუნეში
ლუთერთან ერთად ? ან XIX საუკუნეში ჩარლზ რასელთან ერთად( იეღოვას მოწმეების სექტის
დამაარსებელი) ან XX საუკუნეში მოშე როზენთან ერთად ( მესიანელი იუდეველები) ან ჯოზეფ სმიტთან ერთად ( მორმონების დამაარსებელი)
?- არა!
მან თქვა: "ყოველთვის"
და თუ ჩვენ გვჯერა მისი, მაშინ მისი სიტყვა უცვლელია - რაც ნიშნავს, რომ პრინციპში
არ შეიძლება იყოს ეკლესიის დროებითი გაქრობა. ქრისტე აარსებს თავის ეკლესიას სამარადჟამოდ და ის მასში მყოფობს .
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ თავად მაცხოვარს, არც ერთი სიტყვა
არ დაუწერია . მან არ დაგვიტოვა სახარება როგორც წერილობითი დოკუმენტი. მან დააარსა
ეკლესია და ადრეული ეკლესია არსებობდა ახალი აღთქმის წერილების გარეშე. მაგრამ იყო
თუ არა ის ეკლესია ნაკლულევანი დღევანდელ ეკლესიასთან შედარებით? განა რაიმე აკლდა
მას ? თვალნათელია, რომ არა .
მთელი პოსტპროტესტანტული
მითოლოგია ემყარება იმ აზრს, რომ ადრეულ ეკლესიას ჰქონდა ევანგელისტური სული, რომელიც მოგვიანებით პერიოდში მან დაკარგა. ასე რომ, ეს
ადრეული ეკლესია, ვიმეორებ, არსებობდა დაწერილი სახარებების გარეშე.
რა იყო მთავარი ეკლესიაში, რომელშიც სახარება არ იყო.
ამგვარად , ადრეული ეკლესია არ იყო ნაკლულევანი , მაგრამ როგორც ვთქვით, ცხოვრობდა წერილობითი სახარების
გარეშე . დაწერილი სახარება- არ არის მთავარი , და მაშინ , რა შეიძლება იწოდოს მთავრად
? და რა იყო ისეთი ეკლესიაში, რომელშიც ჯერ კიდევ არ იყო სახარება დაწერილი ?ის ცხოვრობდა გადმოცემით, რომელიც ბერძნულად ჟღერს,
როგორც paradosis, ხოლო ლათინურად - traditia.
გარდამოცემა - ეს არის ის, რაც ხელიდან ხელში გადადის, რაც მაცხოვარმა
გადასცა თავის მოწაფეებს,ხოლო მათ გადასცეს
პირველ ეპისკოპოსებს და არამარტო ( სამყაროს) . აი, ეკლესიის ზრდის ალგორითმი: მოციქულები
მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში და ქადაგებენ ,
სადაც ადამიანები პასუხობენ მათ ქადაგებას, ქმნიან საკრებულოებს , რომლის სათავეშიც
აყენებენ ეპისკოპოსს და გადასცემენ მას ამ ცოცხალ გარდამოცემას ( traditia მ.მ) . ამის
შემდეგ ისინი ტოვებენ მათ და მიდიან სხვა ადგილებში, სადაც იგივე პრინციპით აარსებენ
ახალ საკრებულოებს , ხოლო ეპისკოპოსებს საეპისკოპოსო ხელდახმით გადაეცემათ მოციქულთა
მემკვიდრეობა ( როგორც სწავლებითი, ისე ხელდასხმითი ანუ სულიწმინდის მადლი) , რაც დღევაქნდელ
დღემდე მოდის ეს უწყვეტი ჯაჭვი .
ძალიან მნიშვნელოვანია
გამოიყოს და აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თავად ეპისკოპოსები არ აკურთხებენ თავიანთ მემკვიდრეებს
. რადგანაც, თუ ისინი ამას გააკეთებდნენ , ნებისმიერი გადაცდომა და ცვილება ეკლესიაში,
ვერ იქნებოდა აღმოფხვრილი და შესწორებული . არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ცდება
და თუ რომელიმე ეპისკოპოსს შემოაქვს რაღაც ახალი ანუ უცხო გარდამოცემაში და არა თვისობრივი ეკლესიის ბუნებისათვის ( ჩვენ
არაერთი ფაქტი ვიცით ამისა ეკლესიის ისტორიაში) , მაშინ დაასხამდა რა ხელს მის მემკვიდრეს
, და ეს უკანასკნელიც თავისი მხრივ თავის შემდგომს , ისინი დაამკვიდრებდნენ ამ ცდომილებას
ნაცვლად სარწმუნო გარდამოცემისა და ამგვარად ეს საკრებულო, საბოლოოდ მოწყდებოდა ეკლესიის
სისავსეს (პირველსაწყის გარდამოცემას). სინამდვილეში კი საქმე ასე როდია . ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ , სხვა ეპისკოპოსები
უახლოესი რეგიონებიდან ხელს ასხამენ მის მემკვიდრეს , შეამოწმებენ რა აღმსარებლობის
სარწმუნოობას , რომელიც შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს პირველსაწყის (სამოციქულო) გარდამოცემასთან . ასე
და ამგვარად , გარეგანი ფაქტორი გარდამოცემიდან გადახრისა , იმთავითვე მოკვეთილია და
ამგვარი ,, მოკვეთილი ტოტები " ბევრია ეკლესიის ისტორიაში, სამწუხაროდ .
საინტერესოა, რომ
ეკლესიის ისტორიაში გარდამოცემა ყოველთვის განიხილებოდა ეკლესიის სინონიმად. არსებობს
ეკლესია - არსებობს გარდამოცემა . ეკლესიის გარეთ არ შეიძლება იყოს გარდამოცემა (
traditia.) წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს
სქიზმატიკოსებზე , რომლებიც წარმოიშვნენ კართაგენში დეკიუსის დევნების შემდეგ: „ისინი
, საკუთარი თავისაგან წარმოიშვნენ “. ისიც გავითვალისწინოთ, რომ მათ ჰქონდათ კანონიკური
ხელდასხმა, ზუსტად ისეთივე, რაც წმინდა კვიპრიანეს , მაგრამ ისინი დაშორდნენ ეკლესიას და შესაბამისად
დაკარგეს სამოციქულო მემკვიდრეობა, აღარ არიან
ცოცხალი , მასაზრდოვებელი გარდამოცემის მატარებლები .
ასე ცხოვრობს ტრადიცია
ეკლესიაში, რომლის ფესვებიც ღვთაებრივ გამოცხადებაშია გამჯდარი და იქიდან აღმოხაპავს
მასაზრდოვებელ მოძრვრებას .
გარდამოცემა და ევქარისტია .
რაში გამოიხატებოდა
გარდამოცემა? მთავარი , რაზეც უნდა აქცენტი
გავაკეთოთ, ეს არის - ევქარისტია .
თუ გადავხედავთ ეკლესიის პირველ ისტორიულ წიგნს - მოციქულთა საქმეებს , იქ დავინახავთ
, რომ ამ წიგნში მუდმივად წამოჭრილი საკითხების ფონზე განიჭვრიტება ევქარიისტიის ასპექტი
, რომელიც ტერმინ - επί το αυτό( epi to auto) -შია გამოხატული . ეს ძველიქრისტიანული ტერმინია, რომელსაც იმთავითვე
განსაზღვრული მნიშვნელობა ქონდა . ანბანური სიზუსტით ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც
,, ერთად ყოფნა ერთი და იმავე ადგილზე " ( საქმე.2:44) ანუ ერთად ყოფნა საიდუმლო
სერობაზე . ამ შინაარსით იყენებენ ამ ტერმინს მოციქულებრივი კაცებიც , მაგ : წმ.ეგნატე
ანტიოქიელი ( ღმერთშემოსილი) და სხვები.
ყოველ ჯერზე , როდესაც
ეკლესია იკრიბებოდა ევქარისტიისთვის, მაცხოვარი უხილავად ხელმძღვანელობდა ევქარისტიულ
ტრაპეზს და ეკლესია ანუ კრებული მას გამოცდილებით
იცნობდა. ( ნუ ინებებ, ქრისტემ თავი გამოგიცხადოს სხვანაირად, თუ არა მხოლოდ ევქარისტიაში.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი ) .
ლუკა მახარებელმა
, მოციქულთა საქმეების ავტორმა, მის მიერვე დაწერილ სახარების ბოლოში ერთი საინტერესო
მონაკვეთი მოათავსა , რომელიც მართლმადიდებლურ ტაძრებში , კვირა დღის ცისკარზე იკითხება
მუდამ . იქ მოთხრობილია ორ მოწაფეზე , რომელთაგან
ერთ-ერთს ერქვა კლეოპა , ხოლო მეორე შესაძლოა საკუთრივ ლუკა მახარებელი ყოფილიყო .
ისინი ემმაუსისკენ მიემართებოდნენ ფეხით და გზად მკვდრეთით აღმდგარ მაცხოვარს შეხვდებიან
, რომელსაც ვერ იცნობენ . როგორც ვთქვით, ეს იყო მაცხოვრის მკვდრეთით ადღგომის შემდგომ
, რომლის შესახებაც ცნობა ეს ეს იყო მოიწია მათ ყურამდე და ისინი ორჭოფობაში იყვნენ,
დაეჯერებინათ თუ არა ეს ამბავი , რის გამოც გარკვეულ გაურკვევლობაში იყვნენ . და მაშინაც
კი, როდესაც გზაზე შემხვედრი და მათ საუბარში ჩაბმული მაცხოვარი ეუბნება, რომ მესია
ანუ ქრისტე უნდა ყოფილიყო ვნებული , მოკლული და აღმდგარი , ისინი მას მაინც ვერ ცნობენ
. ხოლო, ამის შემდეგ ძალიან საინტერესო ამბავი ხდება, რაც ძალიან ცოცხალი სცენაა ,
სადაც წარმოდგენილია ახლოაღმოსავლური სტუმართმოყვარეობის პასაჟი . და ასე , მიაღწიეს
რა ემმაუსამდე, მოწაფეები სთხოვენ იესოს : ,,დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება
და იწურება დღე" (ლუკა . 24:13).ისიც დაეთანხმება და შეყვება სახლში , გატეხავს
პურს და იქვე იცნობენ მოწაფეები თავიანთ მოძღვარს . მოციქულებმა ის იცნეს ევქარისტიის
საიდუმლოში . ეს ნათლად აჩვენებს იმას, რომ , დიახ , ეკლესიაში სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია
, ინტელექტუალური ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია
, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის საიდუმლოებრივი ცოდნა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია
და მოციქულებმა ქრისტე იცნეს არა სწავლებების მიხედვით, არამედ საიდუმლოში .
ეს იყო ადრეული ეკლესიის
მსოფლაღქმა და რეალობა . დაწერილი სახარება არ სჭირდებოდა მას მაშინ, ეკლესიამ ქრისტე
გამოცდილებით იცოდა, ხოლო საკუთრივ სახარება მოგვიანებით ჩნდება ( განსაკუთრებით იმ
სახით, როგორადაც დღეს ვუწყით) .
როდის და რატომ ჩნდება
სახარებები?
სახარებები გარკვეულ
კონტექსტში ჩნდება: როდესაც მაცხოვრის შესახებ ცრუ ცნობების გავრცელება იწყება და როდესაც
პირველი სექტები გამოდიან დღის შუქზე . საუბარი მაქვს გნოსტიკურ სექტებზე , რომლებიც თავიანთ ცდომილებაში აერთიანებდნენ ყველა
სახის რელიგიური ტრადიციების ელემენტების ნაზავს . მათი მიმდევრები ინტერესდებოდნენ
ყველანაირი საიდუმლოებებით , მისტერიებით . და როდესაც ამ სექტების დამფუძნებლებმა
გაიგეს ახალი რელიგიის შესახებ , ახალ ღვთაებრივ მასწავლებელზე იუდეადან , თან ნუ დაგვავიწყდება,
რომ ეს აღმოსავლეთია, ეგზოტიკაა და მუდამ საინტერესოა, - მათ დაიწყეს თავიანთ სწავლებაში
ქრისტეს სწავლებების ფრაგმენტული და დამახინჯებული სახით შეზავება .
ადამიანები, რომლებიც I საუკუნეში ცხოვრობდნენ და გაიგეს რაღაც ქრისტესა
და მისი ეკლესიის შესახებ, ძალიან რთულ სიტუაციაში იყვნენ . სირთულეს წარმოადგენდა
ის გარემოება, რომ როგორ იყო შესაძლებელი ჭეშმარიტი
ეკლესის მონახვა ამ მრავალ რელიგიურ ჯგუფებს შორის? ყოველი ამ ჯგუფთაგანი იჩემებდა
ჭეშმარიტებას ( ეხლაც არ განსხვავდებიან თანამედროვე სექტანტები მათი სულიერი წინაპრებისგან)
იმას, რომ ისინი იყვნენ იესოს ჭეშმარიტი მიმდევარნი და მისი სწავლებების მქადაგებლები
. ეს ჯგუფები არც ისე მრავალრიცხოვანნი იყვნე
შემადგენლობით, მაგრამ არც ეკლესია
იყო იმდროისთვის განსაკუთრებულად დიდი . ის იყო წარმოდგენილი გაფანტულ საკრებულოებად
აქა იქ, ხოლო რელიგიური ჯგუფები საკმაოდ ბევრნი იყვნენ .
არსებობდა ჭეშმარიტი
ეკლესია, რომელსაც იგივენაირად სწამდა , როგორც
ჩვენ მართლმადიდებლებს გვწამს დღეს , თუმცა ბევრი სიტყვა და ტერმინი ( კატეგორია)
, რომელსაც ვიყენებთ ჩვენი რწმენის გამოსახატავად,
მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა. ეკლესიაში იყო
რწმენა, რომ არსებობს ერთიანი ღმერთი სამპიროვნებით : მამა ძ ძე და სულიწმინდა
; რომ მამამ გამოგზავნა მისი ძე მიწაზე ადამიანად,
რომ ის ევნო და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით . მათ ქონდათ თავიანთი რწმენის სიმბოლო,
რომელსაც განსხვავებულ სიტყვებში გამოთქვამდნენ ( არსით იგივეობრივია, რა მრწამსიც
ჩვენ გვაქვს).
მაგრამ სხვა ჯგუფები
განსხვავებულად ასწავლიდნენ. ზოგიერთნი ამბობდნენ , რომ იესო არ იყო ღმერთი, მაგრამ ის იყო მხოლოდ ერთ - ერთი ებრაელი მასწავლებელთაგან
შედარებით უფრო ღრმა და ქარიზმატული , რომელიც ასწავლიდა ზნეობას და ამბობდა შესანიშნავ რამეებს. რომ
შურის გამო სხვა ებრაელმა მასწავლებლებმა ჯვარს აცვეს იგი, ის მოკვდა, მაგრამ
მისი სიტყვები ცოცხალია და რომ უნდა მოვუსმინოთ
მის სიტყვებს და მივყვეთ მათ. სხვები ამბობდნენ,
რომ ეს იყო მრავალ ღმერთთა შორის ერთ-ერთი, რომელიც მიწაზე მოვიდა და რომ ჭეშმარიტი ღმერთი არ შეიძლება იყოს ადამიანი,
რამდენადაც სხეული მატერიაა, ხოლო მატერია თავისთავად წარმოადგენს ბოროტებას , რამეთუ
ის არის საპყრობილე სულისთვის (როგორც ცნობილი წარმართული ფორმულა ამბობს : სომა სიმა- სხეული საპყრობილეა) და ადამიანის
ამოცანა მდგომარეობს იმაში , რომ განთავისუფლდეს მისი ბორკილებისგან და უმაღლეს ემპირიას
შეერწყას . ამბობდნენ, რომ ის უბრალოდ მოჩვენებითად იყო ადამიანი და რომ მის ნაცვლად
ჯვარზე სვიმეონ კვირინელი გააკრეს , ხოლო თავად იესო იდგა ბრბოში და ხმამაღლა იცინოდა
იმაზე, თუ როგორ გააცურა ყველა . მესამენი ასწავლიდნენ,
რომ ის იყო ანგელოზი , რომელიც ჩამოვიდა დედამიწაზე და ადამიანებს სთავაზობდნენ ანგელოზთა
სხვადასხვა სახელებს და ვერსიებს . იყო კიდევ ერთი ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც
ამბობდნენ, რომ მოწაფეთა შორის, ყველაზე საუკეთესო იყო იუდა , სხვანი კი იყვნენ უბრალოები
და ამიტომაც ვერ შესძლეს თავიანთი მასწავლების სწავლების სიღრმის შეცნობა და მხოლოდ
იუდა იყო ინტელექტუალურად დაწინაურებული , ამიტომაც მაცხოვარმა მას, ყველა თავისი საიდუმლოები გაუმჟღავნა .
გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ წერდნენ, რომ „იუდას სახარება“ „აღმოაჩინეს“ ხელნაწერებში და რომ ახლა გადათარგმნიდნენ და მერე თითქოს მთელი ეკლესია თავდაყირა უნდა დამდგარიყო
? თარგმნეს, მაგრამ - ეკლესია არ გადაბრუნებულა.
ან რა იყო ამაში „გადასაბრუნებელი“, როცა ეკლესიამ ეს ყველაფერი 18 საუკუნის წინ იცოდა?!
წმინდა ირინეოს ლიონელიც წერდა თავის დროზე , რომ ერეტიკოსთა ერთ ჯგუფს აქვს ე.წ „იუდას
სახარება“.
მაშ, როგორ გავიგოთ
ამდენი ჯგუფებიდან, რომელია ჭეშმარიტი ? მაცხოვრის მიწეირი ცხოვრების მოწმის მოძებნა,
რომ ყოფილიყო შესაძლებელი, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა მასზე სწორება და ასეც იყო..
როდესაც მოციქულები ჯერ კიდევ ცოცხალნი იყვნენ და შესაძლებელი იყო მათთან გასაუბრება და დამოწმების მოსმენა , მაგრამ ქრისტეს მოწაფეებს
ესმოდათ, რომ ისინი მოკვდავი ადამიანები არიან და მარადიულად ვერ იქნებიან დედამიწაზე
და რომ მოდის მათი ამქვეყნიური აღსასრულიც ჟამიც, შესაბამისად ისინი თავიანთ მოწმობებს
მაცხოვარზე წიგნად წერენ, რომელსაც სახარებას არქმევენ . გახსოვთ ლუკას სახარების დასაწყისი
? ის საკმაოდ პოლემიკური ხასიათის არის :
,, 1. რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც
ჩვენში მოხდა,
2. როგორც გადმოგვცეს
მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი,3. მეც მართებულად მივიჩნიე,
ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი
შენთვის, ღირსეულო თეოფილე,4. რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია."(ლუკა.1)
ეს წერია ცრუ სწავლებების საწინააღმდეგოდ, რომელიც ვრცელდებოდა მაშინ .
ამრიგად , მნიშვნელოვანია
გვახსოვდეს , რომ სახარებები იქმნებოდა როგორც ერთგვარი დამხმარე საშუალებები , როგორც ყავარჯენნი რწმენის შესუსტების
შესაწევნელად . ამის შესახებ წმ.იოანე ოქროპირი ამბობს , მიმართავს რა თავის სამწყსოს
: ,, რადგანაც თქვენ არ ხართ კარგი ქრისტიანები , ამიტომ თქვენ
გჭირდებათ ისეთი სახარება, რომელიც დაწერილია ლერწმით პერგამენტზე ან მელნით პაპირუსზე
. თუ თქვენ კარგი ქრისტიანები იქნებოდით , სახარების სიტყვა თქვენს გულებზე იქნებოდა
დაწერილი და თქვენ აღარ გექნებოდათ საჭიროება წერილობითი სახარებისა " .
ეკლესიის ისტორიაში
მრავლად გვაქვს იმის მაგალითები , თუ როგორ იყო შესაძლებელი წერილის სიტყვის ცოდნა,
მისი წაკითხვის გარეშე . გავიხსენოთ ღირსი
დედა მარიამ ეგვიპტელი . ის , სრულიად გაუნათლებელი იყო, არც კითხვა იცოდა და არც წერა
, თავისი ცხოვრების პირველი ნახევარი ცოდვებში გაატარა , არც ეკლესიაში დადიოდა და
შესაბამისად, ვერსად ვერ მოისმენდა წერილის სიტყვებს და აი , უდაბნოში ყოფნის ბოლო
პერიოდში ის ხვდება წმინდა ბერს ზოსიმეს, რომელთანაც წმინდა წერილის ციტატებით ესაუბრება
მას მარიამი და ნეტარი ზოსიმე თავის მხრივ ეკითხება :,, სად წაიკითხე წმინდა წერილი
"? რაზეც მარიამმა უპასუხა: ,,არსად მქონდა წაკითხვის შესაძლებლობა , მე გაუნათლებელი
ვარ , არ ვიცი კითხვა" . ის თავად გარდამოცემაში ცხოვრობდა და ღმერთმა ამოტვიფრა მისი სიტყვა მარიამის გულზე
, იმის გათვალისწინებით, რომ იგი სრულიად მარტო იყო უდაბნონში .
ჟღერადი სიტყვა .
და ამრიგად , ჩნდება
დღის შუქზე პირველი სახარება და ბუნებრივია,
რომ გნოსტიკური სექტებიც ქმნიან სახარების თავისეულ ვერსიებს . ჩვენი სახარებები დაწერილია
ძალიან მოკრძალებულად , ორი მახარებელთაგანი
არც კი ეკუთვნოდა 12 მოციქულის რიგებს , მესამე სახარება ეკუთვნის მათეს, რომელიც არ
იწოდება თანასწორთა შორის პირველად, ხოლო იოანე , ყველაზე მოგვიანო სახარებაა , რომელიც
სინოპტიკური სახარებების მერე შეიქმნა. ხოლო როდესაც ჩნდებიან გნოსტიკური სახარებები
, მათ ძალიან ხმამაღალი სახელები აქვთ
: ,, თომას სახარება", ან ,, მარიამ
მაგდალინელის სახარება" , ნიკოდიმოსის სახარება, პეტრესი და ა.შ.
როგორ გავიგოთ ის
თუ , რომელი სახარება არის ჭეშმარიტი ?
იმისთვის, რომ წარმოიდგინოთ
თავი მაშინდელ სიტუაციაში , აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ რამოდენიმე მომენტი.
პირველი
: ხალხის უდიდესი უმრავლესობა , წერა - კითხვის უცოდინარი იყო და წიგნები , ხმამაღლა წასაკითხად იწერებოდა . თავისთვის არავინ
კითხულობდა წიგნებს . ნეტარი ავგუსტინე მის ,,აღსარებაში" მოგვითხრობს თავის შეხვედრაზე
ეპისკოპოს ამბროსისთან ( მედიოლანი) და აღგვიწერს იმ სცენას, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა მასზე : ,, შევედი მის კელიაში და ვიხილე , როგორ აყოლებდა თვალებს ნაწერებს,
ხოლო მისი ბაგეები არ იძროდნენ. ის გონებით აღწევდა წაკითხულის შინაარსში" - და
ეს ნამდვილად უცნაური მოვლენა იყო ,, თავისთვის , ჩუმად კითხვა " , რადგან ასოები,
რომლებსაც ჩვენ ვწერთ, გამოხატავს კონკრეტულ ბგერებს და იმისათვის, რომ წაკითხული იქნეს
ეს ასოები, აუცილებელია მათი წარმოთქმა .და არათუ კითხულობდნენ ხმამაღლა, არამედ წერდნენ
კიდეც ძველ დროში ( ესეც იყო) . გახსოვთ ,
რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ბოლოში წერია : ,,მოგიკითხავთ მე, ტერციუსი, რომელმაც დავწერე
ეს წერილი უფლის მიერ" ( რომ. 16:22) ?პავლე მოციქული, უაღრესად განათლებული ადამიანი
იყო, მაგრამ ის ასევე კარნახობდა კიდეც მის ეპისტოლეებს, ხოლო მწერალი წერდა მას .
და იქაც კი, სადაც ბოლოს მოციქული წერს : ,, ეს , მე დავწერე პავლემ, ჩემი ხელით
" მას ჯერ უნდა ეთქვა ეს ფრაზა ხმამაღლა და მერე დაეწერა .
ამგვარად , წიგნები
იწერებოდა ხმამაღლა წასაკითხად , თავად ადამიანების უდიდესმა უმრავლესობამ არ იცოდა
კითხვა , ამიტომ ყოველივეს აღიქვამდნენ ყურით მოსმენილის მეშვეობით
.
მეორეც, წიგნები ძალიან
იშვიათი და წარმოუდგენლად ძვირი იყო. სახარების ზომის წიგნი დაახლოვებით იმდენიდვე
ღირდა, რამდენიც ღირდა კარგი მუშა ცხენი ( დღევანდელი ანმგარიშით, რამდენიც ეღირება
საშალო დონის ავტომობილი) . რამოდენიმე წიგნის ქონა შეეძლო ძალიან შეძლებულ ოჯახს
, ხოლო დიდი ბიბლიოთეკები, იმპერიის დიდი ძალისხმევით იქმნებოდა . როდესაც ალექსანდრიის
ბიბლიოთეკაზე, საუბრობდნენ როგორც საგანძურზე ,
ეს არ იყო გადატანითი მნიშვნელობის შეფასება , რამდენადაც მისი ღირებულება იყო
ასტრონომიული .
(და ბოლოს) მესამე
- იმ დროს ადამიანები, თითქმის არ მოგზაურობდნენ
( არ ვგულისხმობ ვაჭრებს , ტყვეების მფლობელებს და მეკობრეებს ან მეომრებს), ხოლო თუ
ვინმე გადაწყვეტდა, დიდი სირთულეები ხვდებოდა და ფეხით უწევდა ძირითადად სიარული (
საკვები, სამოსი , ტღე-ღრე და ცხოველები და ა,შ) ; მათი სამყარო ,მათივე სახლის გარშემოწერილი
ჰორიზონტის ხაზით შემოიფარგლებოდა კარგ შემთხვევაში ; საქონელიც ძალიან ცოტა მოძრაობდა
და ძირითადად ფუფუნების საგნები გადაჰქონდათ . იმპერატორი დეოკლეტიანე, რომელიც არამხოლოდ
ქრისტიანების მდევნელი იყო , არამედ კარგი ბიზნეს ადმინისტრატორიც , ხელი მიუშვა თავის
საქმეს იმ ბიზნეს მოტივით, ხორბლით სავსე ურიკა
ყოველ გავლილ 90 კმზე, აორმაგებდა მის თვითღირებულებას . დღეს კი მანძილი იზომება საათების
მიხედვით , ხოლო მაშინ კვირეებით და თვეებით იზომებოდა.
გარდამოცემა - ეს თავად იესოა .
და მაინც, რამოდენიმე
ათწლეულში პირველი სახარების წერილობითი ვერსიები ,მთელს რომის იმპერიაში გავრცელდა
. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილ სახარებასთან ერთად , ვრცელდებოდა გნოსტიკური
სახარებებიც და ეკლესიის წინ იდგა ამოცანა ,
სწორად განესაღვრა ის, თუ რომელი სახარება იყო ჭეშმარიტი ?
აქ კი, ნამდვილი სასწაული
იშლება ჩვენს თვალწინ. როდესაც II–III საუკუნეებში,
სრულიად განსხვავებული ერები (ადამიანები) იმპერიის სხვადასხვა კუთხეებში ჩამოთვლიან
ნამდვილ სახარებებს , ყველა მათგანი ფაქტიურად ერთი და იმავე სახარებებს იმეორებენ
( რომელიც ჩვენც ვიცით დღეს) . როგორ არის ეს შესაძლებელი ? მაშინ, ხომ არ არსებობდა
შედარებითი - წყაროთმცოდნეობითი ანალიზის პრინციპი ? არ არსებობდა ლინგვისტური ანალიზი , კომპიუტერული
და ა. შ და ამ ყოველივეს მიუხედავად , მუდამ
შეუცდომლად ჩამოითვლებოდა მათ მიერ ეს სახარებები . უდავოდ, ეს დიდი საიდუმლო და სასწაულია
, რომელიც სულიწმინდის გასაოცარ მოქმედებაზე და განგებულებაზე მეტყველებს. ეს ხდება იმიტომ, რომ ეკლესიამ იცის ნამდვილი ქრისტე
, იცის ის უტყუარი გარდამოცემა, რომელიც მან
მიიღო .
როდესაც ჩნდება ტექსტი
ქრისტეს გამოსახულებით , ეკლესია მას გარდამოცემას უკავშირებს და თუ კი ეს შეესაბამება
ამ უკანასკნელს (გარდამოცემას) - მაშინ ეკლესია იწყნარებს ამას , ხოლო თუ არ შეესაბამება - უკუაგდებს .
ნამდვილი სახარებების გამორჩევა( გადარჩევა) - ეს არის პირველი კრიტიკული გარჩევა
- გამორჩევა ტექსტისა, რომელიც ეკლესიამ შეასრულა . როგორც მამა გიორგი ფლოროვსკიმ
თქვა ერთხელ : ,,გარდამოცემა - ეს არის სულიწმინდის ცხოვრება ეკლესიაში" . გარდამოცემა
, ეს თავად მაცხოვარია, რადგან მან თავად გადმოგვცა ჩვენ თავისი თავი( ევქარისტიაში)
და ეკლესიაც მისით ცხოვრობს (ევქარისტიით).
წინააღდგომა ერესებისადმი .
ხშირად ზოგიერთი სექტანტისგან
გავიგონებთ : „ჩვენ ვცხოვრობთ, როგორც ადრეული ქრისტიანები ძველ ეკლესიაში. ადრეულ
ეკლესიაში არ არსებობდა ისეთი ტაძრები , ისეთი სამოსი, ისეთი კანკელი, ისეთი იერარქია,
როგორიც დღეს არის. ჩვენთან კი, ყველაფერი უბრალოდ არის , ქარიზმატულად , როგორც ძველ ქრისტიანებში იყო .
უკრავს გიტარა, ყველა მღერის, ლოცულობენ , ყველანი თანასწორნი არიან და ა.შ" პირდაპირ
სამოთხე დედამიწაზე, ნუ იტყვით და ..
ჯერ ერთი, ეს სიმართლეს
არ შეესაბამება, რადგან ადრეულ ეკლესიაში არსებობდა იერარქია და არსებობდა მსახურების
წესი, რადგან იერარქიის გარეშე არ არსებობს ცოცხალი ორგანიზმი. თუ იერარქია არ არის,
საქმე გვაქვს გვამთან, ეკლესია კი ცოცხალი ორგანიზმია. და ღვთისმსახურების სტრუქტურა
იგივე იყო, რაც ეხლა არის. რათქმაუნდა, მის მერე მსახურება უფრო შემუშავდა, შეიძინა
სხვადასხვა ელემენტები (გამომსახველობითი მიზანდასახულობით -ეპოქალურობის კონტექსტში
) ,მაგრამ ეს ყოველივე ემტკიცებოდა იმ საერთო და პირველად სტრუქტურას .
გარეგნულად, რათქმაუნდა
დღევანდელი ღვთისმსახურება განსხვავდება პირველქრისტიანული მსახურებისგან ,როგორც ხანდაზმული
ხე განირჩევა ნერგისგან,მაგრამ აქ არსობრივ სხვაობაზე ვერ ვისაუბრებთ , მხოლოდ ფორმალურზე,
რომლებსაც გარემოებები ქმნიან , როგორც ხის შემთხვევაშია . ნერგზე პირდაპირ მოქმედებენ
ის პირობები, თუ საიდან უბერავს ქარი, თუ რომელი მხრიდან ეცემა მზის სხივი , ფესვის რომელ განგალებაზეც მოდის უფრო ნაკლები რაოდენობის წყალი, იქ უფრო გრძელია ის და ამის მიხედვით უვითარდება სიმყარეც , სიმკვრივეც
, დრეკადობაც და ფოთლების აღგნაგობაც
. ერთი სიტყვით - ფორმების ჩამოყალიბება დამოკიდებულია გარეგან ფაქტორებზე,მაგრამ
არსი უცვლელია.
ჩვენს საეკლესიო ისტორიაში
შეიძლება შევამნჩნიოთ ერთი ალგორითმი: ყველა ჩვენი დოგმატი ჩნდება მაშინ , როდესაც რწმენის დამახინჯების საშიშროება წარმოიშვება
. ყველასათვის ცნობილი ღვთისმეტყველი , მიტროპოლიტი კალოსტოს უაიერი ასეთ საინტერესო
რამეს ამბობს : ,,რომაელი კათოლიკე ღვთისმეტყველები მთელ ცხოვრებას უთმობენ ზეციური
იერუსალიმს რუკის შედგენას , სად რომელი ქუჩაა და რომელი ხეივანია და უშუალოდ ამისაკენ
არის მიმართული მთელი მათი ძალისხმევა , მთელი ეს ,,Summa Theologiae“ები, რომ ყველაფერი
პროტოკოლირდეს , აღიწეროს, რათა არ დარჩეს რამე რაციონალურად აუხსნელი , ხოლო მართლმადიდებელი
თეოლოგები კი, ზეციური იერუსალიმისაკენ გზის გაკვალვით და მასზე სიარულით არიან დაკავებულნი
" . ზოგადი მოსაზრებაა, რომ ,,ღვთაებრივი ჭეშმარიტებები გამოუთქმელია ადამიანური
ენით , ამიტომ ეგების ისინი დავტოვოთ საიდუმლოებებად" .ფორმულირებები შემუშავდება
მხოლოდ მაშინ, როდესაც რწმენისთვის იქმნება გარკვეული საფრთხე, საფრთხზე იმისა, რომ
არ წარმოიშვას ხელოვნური ჩიხი . მთელი ჩვენი დოგმატები მიმართულია სწორედ საფრთხეების
აღმოფხვრისკენ, მათი არსებობის შეხსენებისკენ . ისინი თითქოს ასე მეტყველებენ
: ,,უნდა წახვიდე იქით , აქეთ წასვლა შეიცავს
საფრთხეს " , სწორედ ეს არის გარდამოცემის მიზანიც.
გარდამოცემა
- ეა არის ცოცხალი წვენი ჩვენს ,,ხეში"
, რომელიც თავად მას (ხეს) ანიჭებს ცხოველმყოფელობას . ჩვნდებიან ახალი ტერმინები
, ახალი სიტყვები. შეხვდები იეღოვას მოწმეებს და პირველი , რასაც ისინი გეტყვიან :
,, რატომ გწამთ სამების"? ბიბლიაში, ხომ არარსებობს ასეთი სიტყვა ,,სამება"
, მაგრამ ბიბლიაში ასევე არსად წერია სიტყვა ,,პიონერი" ან ,,მართველი კორპორაცია"
ან ,,კონგრესი" და ა.შ დიახ, რათქმაუნდა
ტერმინი ,,სამება" არ გვხდება ბიბლიაში, რამდენადაც ეს სიტყვა ფილოსოფიურ კატეგორიას
განეკუთვნება და მოციქულთა მიერ არ იქნა გამოყენებული სახარებაში . ბიბლიაში ნათქვამია
: ,, ნათელს ეცით მათ სახელითა მამისათა, და
ძისათა და სულისა წმინდისათა" და როდესაც II საუკუნის ბოლო საჭირო გახდა ისეთი
სიტყვის არსებობა, რაც შედარებით ზუსტად გამოხატავდა ამ ფორმულას ,მაშინ იქნა გამოყენებული
სიტყვა ,,სამება" და ამგვარად იქნა აღიარებული ის, რომ მოცემული ტერმინი, ზუსტად
გამოხატავდა გარდამოცემას ღვთის სამპიროვნებაზე . ხოლო ბიბლიის კანონს რაც შეეხება
, ის IV საუკუნეში ჩამოყალიბდა საბოლოო სახით
( 2 საუკუნე გავიდა ტერმინ ,,სამების" მიღებიდან) და როგორც ზემოთ ითქვა, ეკლესიამ
აქაც ყოველივე გარდამოცემას შეუსაბამა და ამ პრინციპით გამოირჩია წიგნები .
მაშასადამე, როდესაც
სექტანტები უარყოფენ გარდამოცემას, ფაქტობრივად, მათ ასევე უნდა უარყონ წმინდა წერილი,
რადგან წმინდა წერილი უბრალოდ გარდამოცემის გარეშე ვერ იარსებებს. წმინდა წერილი გარდამოცემის
ორგანული ნაწილია.
როგორ იყენებენ სექტები საეკლესიო გარდამოცემას.
წმ.წერილი - ეს ,
გარდამოცემის ერთ-ერთი ნაწილია , რომლის გაგებაც
სხვა ნაწილების გარეშე ,შეუძლებელია . ისინი, ვინც უარყოფენ წერილს, ერთადერთი გამოსავალიღა
რჩებათ - დაბრუნდნენ I საუკუნეში და დარჩენილი
მრავალი წყაროთაგან , აირჩიონ ის, რაც მეტნაკლებად შეესაბამებათ მათ მიერ წარმოდგენილ
სამყაროს სურათს . ოღონდ , ისინი ნუ ისარგებლებენ ჩვენი არჩეული და შემონახული წერილებით
.
უფრო მეტიც
: სექტები არ ჯერდებიან მხოლოდ წერილების გადაღებას
, არამედ ჩვენი გარდამოცემებიდანაც მიითვისებენ : მაგ : იეღოველები უარყოფენ სიტყვა
,,სამებას" ,მაგრამ ბაპტისტები , რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ერთ ნაბიჯსაც არ
დგამენ წერილის გარეშე, იყენებენ სიტყვა ,,სამებას" . რიტორიკული კითხვაა, საიდან
აიღეს მათ ეს ტერმინი?
საიდან იციან სექტებმა,
რომ მეოთხე სახარება დაიწერა იოანეს მიერ? ტექსტში სადმე წერია, რომ ავტორი იოანეა?
ნათქვამია, რომ ეს იყო „მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს“, მაგრამ იქ არ არის ნათქვამი,
რომ ეს იყო იოანე. ის, რომ მეოთხე სახარება დაიწერა იოანეს მიერ, ჩვენ ვუწყით მღვდელმოწამე
პოლიკარპე სმირნელისაგან , რომელიც უშუალოდ
იცნობდა მოციქულს. მან შეგვატყობინა, რომ ეს სახარება დაწერილი არის იოანეს მიერ მხცოვანების
ჟამს და რომ ის მიმართულია ქრისტიანებისადმი,
რომლებიც გაიქცნენ იერუსალიმიდან მეორე ტაძრის დანგრევის შემდეგ .
ან საიდან ვიცით,
რომ მეორე სახარება დაწერილია მარკოზის მიერ? ამის შესახებაც გარდამოცემაშაა მოთხრობილი
: მღვდელმოწამე პაპი იეროპოლელი გვამცნობს,
რომ ეს სახარება დაწერა მარკოზმა პეტრე მოციქულის მონაყოლის მიხედვით მალევე , მისი
მოძრვრის გარდაცვალების მერე ნერონის დევნულობის პერიოდში .
მეშვიდე დღის ადვენტისტები
უარყოფენ აღდგომას და ამბობენ, რომ არსად წმინდა წერილში არ წერია იმის შესახებ , რომ
ქრისტიანები კვირას უნდა შეიკრიბონ. ისინი დაჰპირდნენ 100 მილიონ დოლარს ყველას, ვინც
მათ მოუტანდა ციტატას ახალი აღთქმიდან, სადაც ეწერა, რომ ქრისტიანებმა უნდა ჩაატარონ
თავიანთი მთავარი ღვთისმსახურება კვირას. ჯერ არავინ ჩქარობს მათთვის ციტატის მოტანას,
რადგან, მართლაც, ის ახალ აღთქმაში არსად მოიპოვება. ის, რომ კვირა არის მთავარი ქრისტიანული
დღე, იმდენად აშკარა იყო უკვე I საუკუნეში, რომ არავის უფიქრია მისი ჩაწერა ( როგორც
მაგ: არ არის ჩაწერილი თარიღი, როდის იშვა ქრისტე, რადგან აშკარა იყო, რომ იშვა ) : ,,25. ბევრი სხვა
რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც
ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ."(იოან.) პირველი მოხსენება იმის შესახებ,
რომ ქრისტიანები კვირაობით იკრიბებიან ღვთისმსახურებისთვის, მხოლოდ 150 წელს ჩნდება , როდესაც წმ.იუსტინე ფილოსოფოსი წერს
: ,,ჩვენ, ქრისტიანები , ღვთაებრივი ტრაპეზისათვის კვირის პირველ დღეს ვიკრიბებით
, იმ დღეს , რომელიც თქვენთან იწოდება მზის დღედ .ჩვენ ამას უძველესი დროიდან ( დასაწყისიდან)
ასე აღვასრულებთ ".
სექტები, ისე რომ
თავადაც არ უწყიან , მუდამ გადაიღებენ ხოლმე
ჩვენი გარდამოცემების ელემენტებს . ჩვენ არ ვართ ამის წინააღმდეგნი , მაგრამ
როდესაც ჩვენ გვაქვს პოლემიკა მათთან , აუცილებელია
ეს შევახსენოთ მათ : რამდენადაც თქვენ უკვე
აიღეთ ჩვენგან ეს ელემენტები , დაფიქრდით იმაზე, როგორ აიღოთ ასევე ლოცვები ღვთის დედისადმი,
წმინდანებისადმი, ხატებისადმი. რაც უფრო მეტს აიღებთ ჩვენგან , მით უფრო მოუახლოვდებით
ეკელსიას და ვიქცევით ერთ სხეულად .
ნამდვილი და ცრუ გარდამოცემის შესახებ .
როდესაც ზოგიერთი
სექტა ამბობს: „ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ წმინდა წერილის მიხედვით და არ ვიღებთ თქვენს
არცერთ გარდამოცემას“, ჩნდება შემდეგი კითხვა: რატომ არ ეთანხმებიან ისინი ერთმანეთს
? ყველა სექტა ამბობს, რომ ისინი ქრისტიანები არიან და, მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ზოგჯერ საკმაოდ ფუნდამენტური
ნიშნითაც . თუ გარდამოცემა არ არის საჭირო, მაშინ ერთი შეხედვით უფრო მარტივად უნდა იყოს ყველაფერი. მაგრამ , ასე არ გამოდის ეს და ყოველი მათგანი თავისებურად
განმარტავს წმ.წერილს . ეს მათეული განმარტებები, არის კიდევაც მათივე გარდამოცემა . მაგრამ, თუ ეკლესიის გარდამოცემა,
ეს არის გარდამოცემა დიდი ასოთი , რომელიც ქრისტემდე და მის მოწაფეებამდე ადის , მაშინ
სექტანტების გადმოცემა ვერ სცდება მათი ბაბუის პასტორის შეხედულებებს .
არცერთი სექტანტური
ტრადიცია არ აღიქვამს წმინდა წერილს ,,ჰოლისტურად" (მთლიანობაში) , რადგან სექტის
ამა თუ იმ დამაარსებელს ყოველთვის აქვს თავისი კერძო (წვეტიანი) იდეები და ამ აზრების
პერსპექტივიდან მიმართავს ის წმინდა წერილს, რათა იქიდან ამოიტაცოს ციტატები, რომლებიც „დაადასტურებენ“ მისი
ბლაგვი შეხედულებების ,,სისწორეს“.
ვინაიდან ბიბლია დიდი
წიგნია, ბუნებრივია, შეგიძლიათ აკრიფოთ ნებისმიერი ციტატა, რომელიც გსურთ. აი, მაგალითად,
ციტატა მოციქულთა საქმეებიდან: „დიდი არს არტემიდა ეფესოელი“ (საქმეები 19:28). კონტექსტიდან
ამოღებით, შეიძლება ითქვას, რომ წმინდა წერილი განადიდებს წარმართულ ღვთაებას. ბევრმა
იცის ძველი ხუმრობა, რომ წმინდა წერილის დახმარებით შეგიძლიათ დაამტკიცოთ თვითმკვლელობის
მართებულობა , რადგან იქ არის ასეთი სიტყვები: „და (იუდა) გამოვიდა და თავი ჩამოიხრჩო“,
ხოლო რამდენიმე გვერდით ადრე წერია: „წადი. და იგივე გააკეთე.”..
ასე რომ, არსებობს
წინააღმდეგობები არა გარდამოცემასა და წმინდა წერილს შორის, არამედ ეკლესიის გარდამოცემასა
და სექტანტების გარდამოცემებს შორის .
Комментариев нет:
Отправить комментарий