понедельник, 2 октября 2017 г.

მართლაც დასვამს თუ არა ქრისტე ექვს კითხვას საშინელ სამშჯავროზე ?


მინდა გამოვხმაურო ერთ-ერთი მღვდელმსახურისდეკანოზ თამაზ ლომიძის პოსტს , სადაც ხსენებული მოძღვარი ბრძანებს :

"მხოლოდ 6 კითხვა!

მეორედ მოსვლის დროსროცა ღვთის შეუმცდარი სამსჯავროს წინაშე წარსდგება ყველა ადამიანიგანვლილი ცხოვრება აიწონება ქრისტეს მიერ დასმული 6 კითხვით.

მხოლოდ 6 კითხვა!

ეს თვითონ ქრისტეს სიტყვებია მათეს სახარებიდან (. 25), როცა მის საშინელ მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობს:

1. 
მშიერს აძლევდით საჭმელს?
2. 
მწყურვალს აწვდიდით წყალს?
3. 
უსახლკაროს და მიუსაფარს მიეცით ბინა?
4. 
შიშველს მიეცით ტანსაცმელი?
5. 
მიხედეთ და მოუარეთ ავადმყოფებს?
6. 
ინახულეთ ციხეში მყოფნი?

მეტი არაფერიარც ერთი სხვა კითხვამხოლოდ ეს 6 კითხვა დევს სასწორის პინაზე!
მხოლოდ 6 კითხვა!”

,, ვინც წმინდა წერილის სიტყვას თავისი გონებით ( თვითნებურად) იგებს , ასრულებს  და ჯიუტად იჩემებს იმასრომ სწორედ ასე უნდა იქმნეს გაგებული და აღსრულებული ( წმ.წერილის მცნებები) , იგი ( ანუ ის ადამიანი ვინც იჩემებს) ვერ გახდება ღვთის დიდებისა და მისი სიმდიდრის შემცნობი ( ხილვის ღირსი) , ხოლო ამის საპირწონედ : ის ვინც კითხულობს მას ( წმ.წერილს) დაამბობს : არ ვუწყი ზუსტად ღვთის სიტყვა , ვინაიდან მე შეზღუდული ადამიანი ვარ ( ღვთის ცოდნაში) , იგი უფალს დიდებას მიაგებს . მასში დაემკვიდრა ღვთის სიტყვა  მისი( ამ ადამიანის)სიმდაბლის ზომის შესაბამისად

ღირსი : ამბა ისაია ( განდეგილი) .

როდესაც სასულიერო პირი აქვეყნებს პოსტს ქრისტიანული სწავლების შემცველი შინაარსით ,თამამად შეგვიძლია ამგვარ პოსტს ქადგების სტუსი მივანიჭოთ , ხოლო ქადაგება მღვდლის მხრიდან  შეურყვნელად უნდა გადმოსცემდეს სარმწუნოების იმ საფუძვლებსა და სწავლებას ,რომელსაც თავად მიეკუთვნება ( ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მართლმადიდებლობას) .

სანამ ამ პოსტის განხილვასა და განზოგადებას მართლმადიდებლური ( წმ. მამათა )სწავლების მიხედვით  შევუდგებოდე მინდა დასაწყისშივე ავღნიშნო ერთი მნიშვნლოვანი უზუსტობა, რომელიც პატივცეულ დეკანოზს გამორჩა ( ან გამოტოვა) . მისი პოსტის პათოსი ამგვარია , რომ ქრისტე უსვამს 6 შეკითხვას მის წინაშე წარმდგარ ცოდვილსჯერ მოვიყვან ტექსტის ორიგინალს ,ხოლო დანარჩენს შემდგომ განვაგრძობ :

,, მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან.35. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ.37. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ?38. როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ?39. როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ?40. მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.41. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.42. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით;43. უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ.44. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?45. მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ.46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.„ ( მათ:25)

ალბათ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მოყვანილ ტექსტში კითხვას მაცხოვარი საერთოდ არ სვამს . (თუმცა პატივცემულმა დეკანოზმა როგორ და სად იპოვა ქრისტეს მხრიდან კითხვების დასმა ჩემთვის გაუგებარია ) და თუ მაინც თვალს დავხუჭავთ იმაზე , რომ სახარებაში ქრისტე არსად არ სვამს კითხვას და ეს მხოლოდ მამა თამაზის ინტერპრეტაციის ნაყოფიამაშინ იგივე ლოგიკით შეიძლება ითქვას ისიც , რომ ვინც ამ ექვს საქმეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღასრულებს იგი სასუფეველს დაიმსახურებს, ვინაიდან ქრისტე სულაც არ  ამბობს : ,, მშიოდა და არ მაძლევდით ხოლმე პურსო ან არ მნახულობდით ხოლმე საპყრობილეშიო" , ანუ ადამიანის მხრიდან მოქმედების მრავალჯერადობას არ უსვამს ხაზს , იგი მის სიტყვაში მოქმედების ერთჯერადობაზე საუბრობს ,,ვიყავი საპყრობილეში და არ მნახეთ , მშიოდა და არ მაჭამეთ " და . ..  
შეგვიძლია კიდევ სხვა მხრიდან განვიხილოთ ნიშნული პოსტის შინაარსი : წარმოიდგინეთ სამყაროს შემოქმედი ღმერთი მისსავე შექმნილ სამყაროში, მისივე ხატად შექმნილი ადამიანის გადასარჩენად ( განსაკურნებლად) მოდის , მოდის ადამიანად . იღებს მის წიაღში ადამიანის ბუნებას და კურნავს მას და ყველას გვაძლევს საშუალებას , რომ გავხდეთ ამ კურნების თანამონაწილენი ,როგორც იოანე წერს მისი სახარებაში ,,მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი" (იოან.1). და რა გამოდისრომ ქრისტეს განკაცების არსი დაიყვანება იმგვარ გარეგანი საქმეების აღსრულებამდე,რომლის აღსრულება ჩვეულებრივ ძველ აღთქმაშიც იყო შესაძლებელი . მოდი ვნახოთ რას წერენ ამაზე წმ. მამები შემდეგ კი განვაგრძოთ ამ თემის ირგვლივ მსჯელობა:

,,11. ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდანმართალი იცოცხლებს რწმენით“. ( გალატ .3)  

20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა. (რომ: 3) .

რას ნიშნავს მოციქულის ეს სიტყვები ? განა იმასრომ საქმეთა (რჯულის) აღსრულება საჭირო არ არის ? - რათქმაუნდა არა ! არამედ იმასრომ მათი (ქრისტეს მცნებების) აღსრულებით ადამიანმა დაინახოს თავისი უსუსურობა , დამდამბლდეს და ამ მდგომარეობით მისცეს ღმერთს საშუალება მასში ( ადამიანში) იმოქმედოს მისი მადლითგანსმწმინდოს , განკურნოს და აღადგინოს მისი დაცემული ბუნება . ვინაიდან წმ. მამა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი წერს : ,, ქრისტეს მცნებათა ზედმიწევნითი აღსრულება ადამიანს ასწავლის თავის უსუსურებასო" , ეს კი თავის მხრივ ადამიანში ბადებს სიმდაბლეს, ხოლო ,,მახლობელ არს უფალი გულით შემუსრვილთან"( ფს:33) . სწორედ ეს მდგომარეობაა განღმრთობის ( თეოზისისწინაპირობა და სწორედ ამიტომ მოვიდა ქრისტე  - (,, რადგან...ღმერთი გახდა ადამიანი , რათა ადამიანი გახდეს (მადლით ) ღმერთი " წმ. ათანასე ალექსანდრიელი) და არა იმისათვის , რომ ჩვენ გარკვეული მატერიალური ღირებულების გარეგანი საქმეები აღვასრულოთ და დავიმსახუროთ გადარჩენა. ამაზე ქვემოთ ვიტყვი ორი სიტყვით ... ეხლა კი წმ მამებს  მოვუსმინოთრას გვასწავლიან გადარჩენაზე .

 წმ. ისააკ ასური : ,, ღმერთი ცხონებას არა კეთილი საქმეების აღსრულებისათვის ან და ამ კეთილ საქმეთა აღსრულებისათვის გაწეული ღვაწლისთვის ( ტაძართა აღშენება , ლოცვა , მარხვა , მღვიძარება,   გაჭირვებულის დახმარება , პატიმართა მონახულება , წმინდა ადგილების მოლოცვა და .) მოგვანიჭებს , არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ სიმდაბლისათვის , რომელიც ამ ყოველივეს აღსრულებას , როგორც ნაყოფს უნდა ახლდეს თან . თუ ეს ასე არ მოხდება , ამაო იქნება ჩვენი შრომა და სიკეთენი „ 

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი .
 მომავალ ცხოვრებაში ქრისტიანი იმის მიხედვით კი არ განიცდება, თუ რამდენად განეშორა ამ სოფელს ან დაარიგა თუ არა თავისი ქონება, იცავდა თუ არა მარხვას, რამდენ ხანს ილოცვიდა თუ მღვიძარებდა, ანდა რამდენ სიკეთეს აკეთებდა; არამედ იმის მიხედვით, თუ როგორია მისი მსგავსება ქრისტესთან. როგორც შვილს ადარებენ მამას, ასევე ჩვენც, წარვსდგებით რა ქრისტეს წინაშე, თავადვე წარმოვაჩენთ ჩვენს მომავალს მისი მსგავსებით თუ არამსგავსებით

დიდი საეკლესიო მოღვაწე, წმ. ისიდორე პელუზიელი (IV-V სს.), საღვთო ჯილდოსა და წინასწარგანზრახული ნაცვალგების შესახებ საუბრისას, ასეთ არგუმენტს წარმოგვიდგენს: იმაზე მეტი საზღაური რა იქნება, როცა ადამიანი ღვთის მსგავსი ხდები! აქ საუბარია შემდეგ საღვთისმეტყველო დებულებაზე, რომ ღმერთი თავისი თვისებების ბუნებითი მფლობელია, განსხვავებით ქმნილებისაგან, რომელსაც ყოველივე მადლით აქვს მინიჭებული. აღასრულებს რა ადამიანი ამა თუ იმ სათნოებას (მაგ.: სამართლიანობას, სიწმინდეს, ქველმოქმედებას და . .), ამით ის, დატევნისამებრ, უფლის მბაძველი და მადლით მასთან თანაშეარსებული ხდება, რაც არის კიდეც ყველაზე დიდი სულიერი მისაგებელი. ესე იგი, წმ. ისიდორეს სწავლებით, ადამიანისთვისკმა არსღვთივბოძებული საღვთო ხატებისა და მსგავსების აღდგენა-განახლება და სრულყოფა და, ამ გზით, სასუფევლის დამკვიდრება. “მხოლოდ სათნოება, (ბერძნ. ἀρετή), - დაასკვნის დიდი მოძღვარი, - თვითკმარია მისი მფლობელის შესამკობად. მართლაც, ჩინოსანთაგან არავის აქვს ღირსება თავისთავად, არამედ ისინი ქვეშევრდომებში იძენენ პატივს, სათნოებისმოყვარეს კი თავის თავში აქვს სახელოვნება წარუხოცელად”.[1] 

 წმინდა მარკოზ განშორებული (IV-V სს.): “საქმეთა საზღაური როდია ცათა სასუფეველი, არამედ - მადლი უფლისა, სარწმუნო მონებისადმი განმზადებული. 
,,გერჩივნოს მონანული ცოდვილი იყოვიდრე მართალი ამპარტავანი „  ნეტარი ავგუსტინე .

,, თავის იძულების გარეშე აღსრულებული სათნოება უფრო მეტად თვითკმაყოფილებას და სიამაყეს წარმოშობს , ვიდრე სიმდაბლეს და სინანულს " წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი .

და მრავლად შეიძლება ამგვარი სწავლებების მოყვანა,რისი გაკეთებითაც არ გადავტვირთავ მკითხველს.დავუბრუნდეთ აღნიშნული პოსტის განხილვას

მაშასადამე , პატიოსანი მამაო კვლავაც ამტკიცებს იმასრომ ,,ქრისტე კითხვას დაუსვამს ცოდვილ ანუ წარსაწყმედად გამზადებულ ადამიანს საშინელ სამსჯავროზე" . მინდა შევახსენო მამაოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ :  ღმერთი ადამიანს კითხვებს უსვამს ჯერ კიდევ მისი( ადამიანის) ხორცში მყოფობისას, რომ ადამიანმა გულისხმაჰყოს ,  დაფიქრდეს ,  მოექცეს და შეინანოს . ბიბლაში მრავლად გვხდება ადგილები, როდესაც ღმერთი კითხვით მიმართავს ადამიანს, რითიც საკუთარი ცოდვილობის აღიარებისაკენ და სინანულისაკენ მოუწოდებს .  მაგ : (,,ადამ სად ხარ’’), (,,იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია მე რომ აგიკრძალე?) ან როდესაც კაენი მოკლავს თავის ძმას ( კაენ სად არის შენი ძმა) ? და სხვა მრავალი .

ჩვენს მიერ ნახსნები იოანე მოციქული თავის ეპისტოლეებში წერს, რომ ,,ღმერთი სიყვარულია" (იოანე I ეპისტოლე. 4:8) , ანუ მას კი არ აქვს სიყვარული, არამედ თავად არის არსით სიყვარული , ანუ უფრო სწორედ  უცვალებელი სიყვარულიშესაბამისად მისი ნებისმიერი ნებისმიერი  გამოვლინება სამყაროში სიყვარულის მოქმედებაა( რაც არ უნდა სასტიკად გვეჩვენებოდეს ის ყოფითი ცხოვრების , თანამედროვე ლიბერალური პრინციპებისა  და ჰუმანიზმის პრიზმიდან  შეფასებით ) . იგი ადამიანს კითხვას უსვამს არა იმისათვის, რომ ადამიანი დატანჯოს სასჯელის სახით, არამედ იმიტომ რომ მოაქციოს და განკურნოს . ამაზე წმ. მამის ისააკ ასურის სიტყვებს მოვიხმობ : ,, ღმერთი არასოდეს იქმმს რამეს შურისძიებისათვის, არამედ მხოლოდ სარგებლის ძიებს მიზნით მოქმედებს ადამიანთან მიმართებაში „ .  ჩვენ კი რას  ან ვის ვხედავთ იმ ქრისტეში, რომელიც წარსაწყმედად გამზადებულ ადამიანს უსმევს კითხვებს, რომლის დასმასაც აღარ ძალუძს ადამიანი მოდრიკოს სინანულისაკენ და მხოლოდ მის ტანჯვასა და წამებას ? ( ნუ იყოფინ  ამგვარი ცილისწამება ქრისტეზე ) .  თუ ჩემი მსჯელობა ვინმეს ალოგიკურად მოეჩვენება, მაშ მოდით კვლავ წმიდა და ღვთაებრივ მამას,ისააკ ასურს მოვუხმოთ : ,,  თუ  იმისათვის გამოავლინა ღმერთმა დიდი მოთმინება ცოდვილის მიმართ ამ ცხოვრებაში , რომ აცადოს ცოდვების ჩადენა, რათა მომავალ ცხოვრებაში უმაწყალოდ ტანჯოს ისინი ( ცოდვილები) - ამგვარი ადამიანი გამოუთქმელად მკრეხელობს და ღვთისმგმობელობს მისი მოუმწფებელი და ჩვილისებური გონებით . იგი ამგვართ აზრით     ღმერთს მის სიყვარულს, მოწყალებასა და სიკეთეს ართმევს , რომელთა წყალობითა (ღმერთი)უთმენს ცოდვილებსა და ბოროტმოქმედებს ..... ამგვარი ადამიანი მკრეხელობს „ . 

 აი  , სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს  სახარების ამგვარმა ბუკვალურმა , ჰეტეროორთოდოქსულმა და მეტაპატრისტიკულმა გაგებამმგვარადსახარების აღნიშნული ტექსტი , რომელიც საკუთარი ინტუიციითა და შეხედულებებით არის განმარტებულ არანაირად არ არის მართლმადიდებლური შინაარსის და იგი კარგ შემთხვევაში ეფუძნება დასავლურ ( კათოლიკურ-პროტესტანტულ) სწავლებებ და შეხედულებებს ( მაგ: სოციალური მსახურება როგორც  ეკლესიის მთავარი დანიშნულება და პირველადი საქმიანობა , სიკეთეების დაგროვების ბონუსური სისტემა , დამსახურებები, ზე დამსახურებები და რათქმაუნდა ჯილდოები) , როგორც დიდი რელიგიური მოაზროვნე და თეოლოგი სტეფან ხამიაკოვი იტყოდა : ,,დასავლური ღვთისმეტყველება დებეტ-კრედიტისაგან შედგება , მე შენ და შენ მე "- DU UDu ut des!     და მაინც გაოცებას იცვევს მართლმადიდებელი მღვდლის ამგვარი კათოლიკურ - პროტესტანტული მეტაპარადიგმულობა .

ძვირფასო მამაო როგორც აღმოჩნდა , ჩვენ გვჭირდება არა გამართლება მხოლოდენ საქმეებით  - ,,რამეთუ არა განმართლდეს შენს წინაშე ყოველი ცხოველი" (ფს:142)  ,,არავინ არს მართალ" და .  არამედ ხსნა ,,და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან."( მათე;1-21) და კურნება ,, დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი“ (იოანე:12) . . ხოლო როგორ უნდა იყოს ქრისტე ჩემი მხსნელი, თუ მე ჩემი საქმეებიც მყოფნის ?ვხედავ რომ ამ ექვს საქმეს აღვასრულებ და ვარ კმაყოფილი ?! ეს საშინელი ხიბლი და სიმახინჯეა მართლმადიდებლური თვალსაზრისით . როგორც მამები წერენ ,,ქრისტემ თავისი თავი მცნებებში დამალა და ვინც მათ სიმდაბლით და საკუთარი უძლურების განცდით აღასრულებს, მხოლოდ ის გახდება ღირსი მისი ხილვისა " . ჩვენი მიზანი არის განღმრთობა , ანუ როგორც პავლე მოციქული წერს თავის ეპისტოლეში ,,უნდა გავხდეთ საღვთო ბუნების თანაზიარიო" . თქვენს მიერ დასახელებული ექვსი მატერიალური საქმე მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი  საშუალებებია სხვა მრავალ საშუალებებს შორის სიმდაბლის მოსაპოვებლად , რომლის გარეშეც მხოლოდ მეოცნებეობა და ილუზიაა ცხონება . ამიტომ დაგვიტოვა მაგალითად ქრისტემ არა ის ფარისეველი  ვინც აღასრულებდა ამ მოწყალების საქმეებს და თავი მეზვერეზე ღირსეულ და კარგ ადამიანად მიაჩნდა , არამედ მეზვერის გულისშემუსრვილება და სიმდაბლე , და ავაზაკის სინანული

ტექსტს კი იგივე წმ. მამის სიტყვით დავასრულებ , რითიც ის დავიწყე, რათა  ჩემი პასუხის პათოსი მკვეთრი და გასაგები იყოს :

,, ვინც წმინდა წერილის სიტყვას თავისი გონებით ( თვითნებურად) იგებს , ასრულებს  და ჯიუტად იჩემებს იმასრომ სწორედ ასე უნდა იქმნეს გაგებული და აღსრულებული ( წმ.წერილის მცნებები) , იგი ( ანუ ის ადამიანი ვინც იჩემებს) ვერ გახდება ღვთის დიდებისა და მისი სიმდიდრის შემცნობი ( ხილვის ღირსი) , ხოლო ამის საპირწონედ : ის ვინც კითხულობს მას ( წმ.წერილს) დაამბობს : არ ვუწყი ზუსტად ღვთის სიტყვა , ვინაიდან მე შეზღუდული ადამიანი ვარ ( ღვთის ცოდნაში) , იგი უფალს დიდებას მიაგებს . მასში დაემკვიდრა ღვთის სიტყვა  მისი( ამ ადამიანის)სიმდაბლის ზომის შესაბამისად

ღირსი : ამბა ისაია ( განდეგილი) .


Комментариев нет:

Отправить комментарий