ხშირად, საღვთისმეტყველო საკითხებით დაინტერესებულ პირებთან საუბრისას, მიწევს იმ მოსაზრების უარყოფა, თითქოს მართლმადიდებლობას მეტაფიზიკასთან (ფილოსოფიურ კონცეფციასთან) რაიმე შეხება აქვს. ცხადია, ამ თემაზე გარკვეულ ცდომილებები აუცილებლად იჩენს ხოლმე თავს, რამდენადაც ხშირად მართლმადიდებლობას დასავლურ ქრისტიანობასთან აიგივებენ. სწორედ ამ სტერეოტიპის გავლენით ბევრი ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება მეტაფიზიკურ საფუძვლებს ემყარება, თუმცა ჭეშმარიტება ისაა, რომ მართლმადიდებლობა თავისი ნამდვილი სახით, როგორც მას ეკლესიის დიდი მამები წარმოაჩენენ, არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს მეტაფიზიკას; მეტიც — იგი მისი საპირისპიროა.
ტერმინ μεταφυσική-ს წარმოშობა უკავშირდება ანდრონიკე როდოსელის მიერ (ქრ.შ-მდე 70 წ.) არისტოტელეს შრომების გამოცემას. კერძოდ, არისტოტელემ დაწერა თხზულება სახელწოდებით „φυσικά“ („ბუნებისმეტყველება“), სადაც განიხილავს ყოველივე იმას, რაც ბუნებაში არსებობს, და კიდევ ერთი ნაშრომი — „πρώτη φιλοσοφία“
(„პირველი ფილოსოფია“), რომლის კვლევის საგანიც არსი (ყოფიერება) გახდა. ანდრონიკე როდოსელმა, არისტოტელეს თხზულებათა გამომცემელმა, ნაშრომი „πρώτη φιλοσοφία“ მოათავსა „φυσικά“-ს შემდეგ. ამგვარად, ტრაქტატს, რომელიც შეისწავლის არსს და, მაშასადამე — ონტოლოგიას, ეწოდა „μεταφυσική“ (სიტყვასიტყვით: ბუნებისმეტყველების შემდეგ). ეს მოხდა სწორედ იმის გამო, რომ ონტოლოგია მექანიკურად იქნა განთავსებული „φυσικά“-ს მომდევნო ნაწილად.
ამ გაგებით, მეტაფიზიკა გაიგივდა ონტოლოგიასთან, რადგან იგი იკვლევს არსს (ყოფიერებას), რომელიც ამოძრავებს ყოველივე არსებულს — ანუ პირველ უძრავ მამოძრავებელს, ღმერთს. ასევე, ტერმინი მეტაფიზიკა დამკვიდრდა ნებისმიერი კლასიკური თუ თანამედროვე ფილოსოფიური მოძღვრების აღსანიშნავად, რომელიც ყოფიერებისა და ღვთის შესახებ მსჯელობს. კლასიკური მეტაფიზიკის თანახმად, არსსა და სამყაროს შორის გარკვეული კავშირი არსებობს: გონებაჭვრეტით სამყაროში ყველა საგნის არქეტიპი სუფევს, შესაბამისად, ბუნებითი (τα φυσικά) — ყოველივე, რაც ამ სამყაროში არსებობს — მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტაფიზიკურთან (τα μεταფυσικά), ანუ იდეათა სამყაროსთან.
ამგვარად, სამყაროს მეტაფიზიკური განმარტება მუდამ იდეათა სამყაროს უკავშირდება. სწორედ ამ მოცემულობაზე დაყრდნობით ცდილობდნენ ფილოსოფოსები ბუნებაში არსებული ბოროტების ახსნას. ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, ასტრონომია და სხვა დარგები — ყველა მეცნიერება დაკავშირებულია არსებულ საგანთა არქეტიპებთან და იდეათა ფილოსოფიასთან. ის, რომ დასავლური ქრისტიანობა სრულად შეერწყა მეტაფიზიკას, უდავო ფაქტია. ცნობილია საღვთისმეტყველო დებულებების — „analogia entis“-ისა და „analogia fidei“-ს შესახებ, რომლებიც დასავლეთში გაბატონდა. სიტყვა „analogia“ მიუთითებს მსგავსებაზე ან მიმართებათა შესაბამისობაზე. სინამდვილეში, საქმე ეხება საღვთისმეტყველო აზროვნების განსაკუთრებულ მეთოდს, ანუ ადამიანის მიერ ღვთის შემეცნების გნოსეოლოგიურ ხერხს.
მეტაფიზიკას სწამს, რომ იდეებსა და სამყაროს შორის გარკვეული ანალოგია არსებობს; ყოველივე, რაც ამ წუთისოფელშია, დაკავშირებულია იდეათა უშობელ სამყაროსთან. აშკარაა, რომ „analogia entis“ და „analogia fidei“ ფაქტობრივად ქრისტიანული სარწმუნოების მეტაფიზიკასთან გაერთიანებას ნიშნავს, როგორც ეს დასავლეთში მოხდა. თუმცა, როდესაც აღორძინების (რენესანსი, XIV-XVI სს.) ხანაში მეცნიერებები განვითარდა, ადამიანები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებული სამყარო არ არის დაკავშირებული რაღაც იდეებთან, რომლებიც მხოლოდ ფილოსოფოსთა ფანტაზიის ნაყოფია, ხოლო თავად ეს იდეები — ამ უკანასკნელთა კეთილშობილური მცდელობაა, ახსნან სამყაროში მიმდინარე მოვლენები. მეცნიერებამ განაცხადა, რომ მას არ შეუძლია აღიაროს და დაამტკიცოს იდეათა სამყაროს არსებობა, რის გამოც ცოდნის ის დარგები, რომლებიც სამყაროს განმარტავდნენ, მეტაფიზიკას გაემიჯნენ.
მსოფლმხედველობის ამგვარმა ცვლილებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქრისტიანობას, რომელმაც მეტაფიზიკა საკუთარ საფუძვლად დაიდო და მას შეერწყა. სწორედ ამიტომ, დასავლეთში სარწმუნოება შეირყა და წარმოიშვა რელიგიასა და მეცნიერებას შორის არსებული მწვავე დაპირისპირება, რომელიც კონფლიქტამდეც კი მივიდა. მართლმადიდებლობა არ ცნობს ბუნებითისა (φυσικά) და მეტაფიზიკურის (μεταφυσικά) გამიჯვნას; იგი განასხვავებს ქმნილსა და უქმნელს. უქმნელია ღმერთი და მისი ენერგიები, ხოლო ქმნილი — მთელი სამყარო. ცხადია, როდესაც ქმნილისა და უქმნელის გამიჯვნაზე ვსაუბრობთ, უდავოდ ვგულისხმობთ მათ შორის არსებულ განსხვავებულ ონტოლოგიასაც, რამეთუ უქმნელს არ გააჩნია დასაბამი, გახრწნა და დასასრული. ქმნილებას კი, თავის მხრივ, აქვს განსაზღვრული დასაწყისი, ახასიათებს გახრწნადობა და არ გააჩნია დასასრული არა საკუთარი ბუნების ძალმოსილებით, არამედ იმიტომ, რომ ასე ინება მისმა შემოქმედმა.
მიუხედავად იმისა, რომ ონტოლოგიურად ქმნილსა და უქმნელს შორის უზარმაზარი სხვაობაა, უქმნელი ენერგია მაინც განმსჭვალავს ყოველივე ქმნილს ისე, რომ თავად ქმნილებად არ გარდაიქმნება. სწორედ ამგვარად ხერხდება აგნოსტიციზმისა და პანთეიზმის თავიდან აცილება. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ღმერთი პიროვნებაა და არა იდეა. მათი მსოფლმხედველობის თანახმად, სამყარო ღვთის მიერ მიზანდასახულად არის შექმნილი და იგი არ წარმოადგენს იდეათა სამყაროს მსგავსებას ან მისგან განდგომას.
მეტაფიზიკას ორი ძირითადი დოგმატი აქვს: პირველი — ღმერთი უძრავია, ხოლო მეორე — სიყვარული (έρωτας) არის არსებულის მოძრაობა პირველსახოვან (არქეტიპულ) იდეათა სამყაროსკენ. მაშასადამე, სიყვარული ერთგვარი სისუსტე და არასრულყოფილებაა. წმინდა მამები კი, პირიქით, გვასწავლიან, რომ ღმერთი მოქმედებს (მოძრაობს) და სიყვარული არ არის უძლურება, რადგან თავად ღმერთია სიყვარული. ეს უკვე თავისთავად ცხადყოფს, რომ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება უარყოფს მეტაფიზიკას. შესაბამისად, მართლმადიდებლობის განმარტება „analogia entis“-ისა და „analogia fidei“-ს ფარგლებში შეუძლებელია; ამისათვის უფრო მეტად „სამედიცინო“ მიდგომაა საჭირო. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება არის სამკურნალო მეცნიერება, რომელიც ადამიანის (პიროვნების) დასნეულებულ სულს (ბუნებას) კურნავს. როგორც ცნობილია, მედიცინა კი არასოდეს შეიძლება გაიგივდეს მეტაფიზიკასთან.
ეს ვრცელი თემაა და მისი მცირე სტატიაში დატევა შეუძლებელია. აქ მხოლოდ მოკლედ მსურდა მომენიშნა განსხვავება მართლმადიდებლურსა და დასავლურ-ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას შორის, ასევე ხაზი გამესვა იმისთვის, რომ მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აზროვნება არ არის დაკავშირებული მეტაფიზიკასთან — იგი ანტიმეტაფიზიკაა.
(სტატია გამოქვეყნდა გაზეთში Kiriakatiki
Kathimerini, 14.02.1999)
შენიშვნები:
- φυσικά — ტრადიციულად ითარგმნება უბრალოდ როგორც „ფიზიკა“.
- μεταφυσική — ტრადიციულად „ფიზიკის შემდეგ“.
- analogia entis — არსის ანალოგია, ყოფიერების ანალოგია; თეორია, რომელიც თომა აკვინელის სახელს უკავშირდება. იგი ამტკიცებს, რომ ქმნილების ღვთიური წარმოშობის შედეგად, ქმნილ სამყაროსა და ღმერთს შორის არსებობს შესაბამისობა, ანუ ანალოგია. ეს იდეა თეორიულ საფუძველს უქმნის იმ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ღვთის შესახებ დასკვნები გამოიტანება ქმნილი სამყაროს ცნობილ საგნებსა თუ მიმართებებზე დაყრდნობით (დაკვირვებით).
- analogia fidei — სარწმუნოების ანალოგია; თეორია, რომელიც კარლ ბართის სახელს უკავშირდება. იგი ამტკიცებს, რომ ნებისმიერი შესაბამისობა ქმნილ სამყაროსა (წესრიგსა) და ღმერთს შორის შეიძლება დამყარდეს მხოლოდ და მხოლოდ ღვთაებრივი თვითგამოცხადების საფუძველზე.
თარგმანი: მ. მთაწმინდელი
Комментариев нет:
Отправить комментарий