среда, 25 апреля 2018 г.

ქრისტიანული მომლოცველობა, მისი წარმოშობა და რელიგიური ტურიზმი ?!

ამ სტატიის დაწერა მრავალმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა . იმის გამო , რომ პილიგრიმობის ( მომლოცველობისა და ტურიზმის) დიდად მოყვარულებმა კრიტიკაში არ ჩამითვალონ ეს სტატია , გამოგიტყდებით , რომ თავადაც მრავალ მომლოცველობით ტურში მიმიღია მონაწილეობა და მრავალ ქვეყანაში .  რითი განსხვავდება (უნდა განსხვავდებოდეს) ქრისტიანული მომლოცველობა და რელიგიური ტურიზმი ერთმანეთისაგან ?  რა უნდა მისცეს მან ადამიანს ? უბრალო ცნობისმოყვარეობისა და გამძაფრებული რელიგიური გრძნობების  დაკმაყოფილება , ადამიანური ნუგეში , სასიამოვნო განცდები  და ტკბილი მოგონებები  თუ უნდა დაფიქროს იმ წმინდა ადგილზე მოღვაწე ადამიანების წმინდა ცხოვრებაზე ? გაუჩინოს სურვილი მათი მიბაძვისა და რაც მთავარია ქრისტეს ძიებისა ? პილიგრიმობა იმ სახით , როგორადაც დღეს არსებობს განპირობებულია მრავალი ფაქტორით . პირველრიგში მრავალი კომფორტული გადადდგილების საშუალებების არსებობით , მეორეც დროის დიდი დეფიციტით და მესამე სურვილით კომფორტულად მოხდეს ამ ღონისძიების სისრულეში მოყვანა , რადგან კომფორტს უდიდესი ადგილი უკავია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში . როგორც ამბობენ :,, ადამიანს იმგვარად სურს სამოთხეში  მოხვედრა  , რომ სიკვდილი არ განიცადოსო „  კი ნამდვილად ღიმილისმომგვრელია , მაგრამ ასეა !  სანამ ეკლესიის მამათა და მოძღვართა გარკვეულ შეხედულებებს მოვიყვანდე ამ თემასთან მიმართებაში , მინდა პილიგრიმობის (მომლოცველობის) მცირე ისტორიული ექსკურსი შემოგთავაზოთ . ამ ღონისძიებას დასაბამი ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში აქვს , როდესაც ე.წ ,,ალია-    העליה(ეს სიტყვა უძველეს დროში გამოიყენებოდა იმ ებრაელ მომლოცველთა მიმართებით, რომლებიც წელიწადში სამჯერ ადიოდნენ იერუსალიმში პასექის, პირველნაყოფთა ( მერგასე დღე პასექის შემდეგ) და კარვობის ბიბლიურ დღესასწაულებზე. ) აღესრულებოდა . ამიტომაც ქრისტე სამარიტელ დედაკაცთან დიალოგში ხაზს უსვამს ახალი აღთქმის მთავარ პრინციპს , მიმართულებას , როდესაც ეუბნება დედაკაცს : ,, 23 . მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგანაც მამა სწორედ ამნაირ თაყვანისმცემლებს ეძებს.24. ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“.(იოან.4) .  ასევე აღსანიშნავია პილიგრიმობის პირველი აჩრდილი შექმნათა წიგნის 22-ე თავში , როდესაც ღმერთის უშუალო დავალებით , აბრაამი თავის ორ მონასთან ერთად მიდის ისააკის მსხვერპლად შესაწირად ... და ამგვარი ფაქტები მოიძებნება სხვა წიგნებშიც, თუმცა ყველას ვერ ჩამოვთვლი .
მას შემდეგ რაც 70 წელს , რომაულმა არმიამ მიწასთან გაასწორა იერუსალიმი (სახელად კი ,,ელია კაპიტოლიუმი“ დააარქვა ), იუდეველი ებრაელების პილიგრიმობა როგორც ასეთი შეწყდა .  თუმცა ქრისტიანების მხრიდან ინტერესი იზრდებოდა ამ ღვთაებრივი ქალაქის მიმართ ,მაგრამ ვინაიდან რომის იმპერიაში საშინელი დევნა იყო ქრისტეს მორწმუეებისა , მათ არ ქონდათ არანაირი საშუალება  მაშტაბური პილიგრიმობით დაკავებულიყვნენ  და შესაბამისად 2-3 საუკუნეები პილიგრიმების ძალიან უმნიშვნელო რიცხვს ითვლიდა , ხოლო რაც შეეხება 4-ე საუკუნეს და მის შემდგომ პერიოდს , სხვა ვითარებაა .  ვინაიდან  უშუალოდ ელენე დედოფლის  მოწადინებით ეწყობა პირველი  მაშტაბური პილიგრიმულ-ექსპედიციური ღონისძიება , რაც დასრულდება იმით, რომ აღმოჩენილი იქნება ქრისტეს ცხოველმყოფელი ჯვარი, საფლავი( გოლგოთა) და სხვა წმინდა ადგილები  და ამგვარად იწყება პილიგრიმობის აღალაღთქმისეული ერა . ამაზე ისტორიკოსი სოზომენიც წერს შემდეგს : ,, იმ დღეებში ( ჯვრის აღმართვის დღესასწაულზე ) მრავალი ქრისტიანი მიემგზავრებოდა იერუსალიმში , რათა ეხილა ეს სიწმინდე და მოელოცა ახალი ტაძარი „ .  ასევე საგულისხმო ფაქტია ისიც , რომ  კონსტანტინე დიდის ( დედოფალ ელენეს ძის) უშუალო ნებართვით , თვით ებრაელებსაც კი მიეცათ წელიწადში ერთხელ ,(აბას _ჟამს , რაც ნიშნავს პირველი და მეორე ტაძრის დანგრევის გამოგლოვას)  იერუსალიმში პილიგრიმობის უფლება .
იმავე ელენე დედოფლის პერიოდში უკვე პილიგრიმობა საკმაოდ პოპულარულ ადგილს იკავებს ქრისტიანების ცხოვრებაში , რადგან ,, მილანის ედიქტი“( 317 წ) ანთავისუფლებს ქრისტიანებს დევნისაგან და ეძლევათ საშუალება მოგზაურობისა . პირველი ცნობა პილიგრიმული მოგზაურობისა  333 წელით თარიღდება, როდესაც უცნობი ვინმე  გალიელი ( ფრანგი- ქალაქ ბორდოდან)ქრისტიანი  მომლოცველის ჩანაწერები აღმოაჩინეს სახელწოდებით ,, (Itenerarium - მგზავრის წერილები) .  ამგვარად პილიგრიმობამ დიდი და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქრისტიანის ცხოვრებაში და იმდენად დიდი , რომ მისი აღსრულება ერთგვარ თვითკმარ სათნოებადაც კი იქცა ( რაც სამწუხაროდ დღემდე ასე ითვლება)  , თუმცა ქრისტიანთა შორის  ამგვარი არასწორი განწყობა არ დაუტოვებია  წმინდა გრიგოლ ნოსელს შენიშვნის გარეშე  , რომელიც შემდეგი სიტყვებით მსჯელობს  ამ საკითხზე : ,, იქ სადაც უფალი კურთხეულთ მოუწოდებს დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა , იგი კეთილ საქმედ არ წარმოაჩენს იერუსალიმში მომლოცველობას . და იქ სადაც ნეტარებებს წარმოთქვამს და აღამაღლებს მათ ღირსებას , ამგვარ ღვაწლს( მომლოცველობას) არ ასაახელებს ქრისტე . დაე ვისაც გონება აქვს გაიაზროს . რატომ უნდა გსურდეს და ისრწაფვოდე იმისაკენ , რისი აღსრულებაც არც ნეტარს გხდის და არც ცათა სასუფევლის მემკვიდრეს ? თუნდაც , რომ ეს კარგი საქმე იყოს , არ ეგების ამგვარი მოშურნეობით ეკიდებოდე მას . მეტსაც გეტყვი ეს არის საქმე დიდი სიფრთხილისა , რადგან ღვთის მცნებათა მიხედვით ცხოვრების მსურველმან სარგებლის ნაცვლად არ მიიღო ზიანი ":
 ,, ამიტომ ღვთის მოშიშებმა ადიდეთ უფალი იქ სადაც იმყოფებით . რამეთუ ადგილის შეცვლა არ მიაახლებს ადამიანს ღმერთთან . სადაც არ უნდა იყო, თავად უფალი მოვა შენთან , თუკი შენი სულის სავანე იქნება ისეთ მდგომარეობაში , რომ უფალი შესძლებს მასში შემოსვლას და დამკვიდრებას . ( ლევ . 26:12) ხოლო თუ შენი შინაგანი კაცი სავსეა მზაკვრული და არაწმინდა გულისთქმებით , თუნდაც რომ ელეონის მთაზე ან მაცხოვრის აღდგომის ადგილას იყო, შენ მაინც შორსა ხარ ქრისტეს მირებისაგან საკუთარ თავში . და ამგვარად ვურჩევ მე ძმებს , რომ კაპადოკიიდან პალესტინაში სიარულის ნაცვლად , ქრისტეს ეზიარონ ევქარისტაში " (თზულება. С. 459–460) . და კვლავ აგრძელებს ,, .
რათქმაუნდა ამ სტატიის დაწერის მიზანი არ არის პილიგრიმობის (მომლოცველობის) უარყოფით  კონტექსტსი განხილვა , ან მისი დადებითი მხარის უგულებელყოფა , უბრალოდ საჭიროა არსებობდეს მეტნაკლებად ზუსტი განსაზღვრება ,  რომელიც ამ ღონისძიების არსს და მიზანს წარმოაჩენს .  თუ პილიგრიმობა დამწყები არაეკლესიური ან მცირე ეკლესიური ადამიანისათვის არ იქცა მიზეზად ღრმად გაეკლესიურებისა და ცნობიერ მორმწუნედ ჩამოყალიბებისა , იგი დარჩება მხოლოდ და მხოლო რელიგიურ ტურისტულ ღონისძიებად , რომელიც ადამიანში მხოლოდ ,,პურისა და სანახაობის“ წყურვილს დააკმაყოფილებს .
ხოლო რაც შეეხება აწ უკვე გაკლესიურებული  და მორწმუნე ადამიანის მხრიდან , საკუთრივ ქრისტეს ძიებას წმინდა ადგილებში , მაშინ როდესაც არსებობს ევქარისტია დიდი შეცდომაა . წმ. ადგილები იმით გახდნენ წმინდა ანუ იმ ადამიანთა მოღვაწეობით მოიპოვეს ეს სახელწოდება, რომლებიც ქრისტეს არა წმ.ადგილებში , არამედ საკუთარ გულში ეძებდნენ   და თავის იძულებით მცნებათა აღსრულებისათვის , დაუცხრომელი ლოცვითა და სინანულით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია , თავად ქრისტესთან უშუალო ზიარებით  (ევქარისტიით) პოულობდნენ მას . თუ პილიგრიმობის უძველეს პრაქტიკას გადავხედავთ , ვნახავთ , რომ უდიდესი განსაცდელების გავლა უწევდათ მაშინდელ მომლოცველებს. უდიდესი მანძილის გავლა ფეხით, ცხენით , ვირით, აქლემით, გემით , ზღვისა და ტყის და ხანდახან უდაბნოს დალაშქვრაც და ზოგიერთი მათგანი ვერც აღწევდა იქამდე ცოცხალი . აი ეს იყო მოლოცვა, ეს იყო ღვაწლი. და ისინი ამ ყოველივეს მარხვით აღასრულებდნენ, არ წყვეტდნენ ლოცვას, არ უქმადმეტყველებდნენ და იქ ჩასულები იქაურ სამზარეულოს დაგემოვნებას არ უდგებოდნენ . დღეს კი როდესაც კომფურტულად გადავფრინდებით, მერე კომფორტული ტაქსით მივბრძანდებით სასტუმროში, მივირთმევთ ყავას და ა.შ და რბილ საწოლზე დავიძინებთ ღამის, ვფიქრობ ეგების რომ ამგვარ მოძრაობას არა მომლოცველობა , არამედ რელიგიურ- კულტურული მოგზაურობა დავარქვათ.. და მაინც ევქარისტიაზე დიდს განივთებულ მადლთა შორის ვერასოდეს შევეხებით ვერაფერს, ხოლო ის ფაქტი რომ ერთი მონახულებული ადგილიდან მეორისა და მესამისაკენ ვისწრაფვით პაეუხია იმისა , რომ ვერ ვიპოვეთ ქრისტე და ეს ყოველივე ნიშნავს იმას რომ არასწორად ვეძებთ . ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო სწავლებას გვაწვდის უდიდესი წმ. მამა - ნიკოდიმოს მთაწმინდელი , რომელიც ბრძანებს : ,, მრავალი ღვთისმოყვარე ქრისტიანი ხარჯავს უამრავ ფულს, თავს იდებს არნახულ შრომას, არაფრად აგდებს იმ საფრთხეს, რომელიც ელის ზღვასა და ხმელზე მოგზაურობისას, – ოღონდაც წავიდეს იერუსალიმში და თაყვანი სცეს ქრისტეს ცხოველმყოფელ საფლავს და სხვა სიწმინდეებს; შემდეგ კი ამ ქრისტიანებს სიხარულით ევსებათ გული, როდესაც მათ პილიგრიმებად იხსენიებენ. სხვანი, გაიგებენ თუ არა, რომ სადღაც შორს, რომელიღაც მხარეში ამა თუ იმ წმინდანის ნაწილები განისვენებენ, მთელი გულმოდგინებით მიისწრაფიან იქითკენ, რათა თაყვანი სცენ სიწმინდეს, მადლი და კურთხევა მიიღონ მისგან.
მაგრამ ყოვლადუხრწნელ საიდუმლოს რომ ეზიარონ და ღირსი გახდნენ არა ცხოველმყოფელი საფლავის, არა წმინდა ადგილების ან წმინდა ნაწილების, არამედ თვით ყოველთა მეუფის წმიდათა წმიდას შეწყნარებისა, ამის სურვილი ან ძალიან მცირეოდენი გააჩნიათ, ან ეს საკითხი საერთოდ არ აღელვებთ. წმინდა ადგილების მოლოცვისთვის ფულსაც ხარჯავენ, ფეხითაც დიდ მანძილს გადიან და საფრთხეშიც იგდებენ თავს; ზიარებისთვის კი არც ფულის დახარჯვა გვჭირდება, არც შორი გზის გავლა, არც საფრთხეში თავის ჩაგდება: საკმარისია გულშემუსვრილებმა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, შევასრულოთ ეპიტემია, მოვემზადოთ, – და უკვე უფლება გვაქვს ქრისტეს ხორცისა და სისხლის თანაზიარი გავხდეთ. და, მიუხედავად იმისა, რომ ასე ადვილად შეგვიძლია საიდუმლოსთან მიახლება, მაინც უდებებას ვეძლევით და ყველანი ერთბაშად განზე ვდგებით.“    ვნახოთ ასევე ის , თუ რას წერენ სხვა უფრო მოგვიანო პერიოდის მამები პილიგრიმობაზე . მაგალითად ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი აწ უკვე წმინდანად შერაცხილი ღირსი მამა პაისი ათონელი ამბობს : ეს საბრალოები რამდენს მომლოცველობენ სამყაროს ამ თავიდან იმ თავში , რომ იპოვონ ქრისტე , მაშინ როდესაც ქრისტე მათთან არის .. ჭეშმარიტად სულიერი ადამიანი ვერ იღებს მოსვენებას( სულიერ სიმშვიდეს) ამგვარი წოწიალისაგან და ღირსშშესანიშავი ადგილების მონახულებისაგან . ეს უკანსკნელნი მხოლოდ მათთვის არსებობს ვინც იტანჯებიან , რათა მოლოცვის  მეშვეობით დაივიწყონ ტანჯვა " ( და შინაგანი სიცარიელე , ქრისტესთან ურთიერთობის ერთგვარი დეფიციტი შეივსონ მ.მ) .  
,, თქვენ იერუსალიმი უფრო მშვიდ ადგილად წარმოგიდგენიათ . მაგრამ არა , იგი უფრო მეტად ხმაურიანია და ნაკლებად შეეწევა ცხონების მოსურნეს (ამ მხრივ მ.მ). იქ ძლიერი სულით უნდა წახვიდე . იმის გამო , რომ ადამიანი იერუსალიმშია ( ან სხვა წმინდა ასგილზე) არ არის უფრო ახლო ღმერთთან ,  ვიდრე ის  , ვინც სხვა ადგილას იმყოფება .“ ღირსი  სქემიღუმენი იოანე მეჩოვი .

,,რატომღაც ასე მეფიქრება , რომ როდესაც წახვალთ ახალ ადგილას , თქვენ დაიწყებთ აქეთ იქეთ მზერას , ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას , ხოლო იმას თუ რისთვის არსებობს ეს ყოველივე არ გაგახსენდებათ სრულიადაც . არამედ გეტყვით , რომ ეძიეთ და ისწრაფვეთ იმისაკენ , რაც არ გაგიფანტავთ ყურადღებას და არ გაგართობთ "  წმინდა. თეოფანე დაყუდებული .

და ამგვარად დავასრულე რა სტატიის წერა , ჩემი სათქმელი იქნება ის  , რომ ნუ მივიღებთ პილიგრიმობას როგორც რამე თვითკმარ სათნოებას , არამედ ვეცადოთ მისი მეშვეობით არა უბრალოდ გართობას , ცნობისწადილის დაკმაყოფილებას ან თავის შექცევას მივეცეთ , არამედ შევძლოთ ჩვენში სარწმუნოებრივი ცეცხლი უფრო გაღვივდეს და აღეგძნას  იმ წმ. მამათა თუ დედათა ლოცვით , რომელთა მოღვაწეობის ადგილებსაც მოვილოცავთ , ამინ !


მიქაელ მთაწმინდელი .

суббота, 17 марта 2018 г.

,,არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ ანუ ვინ ვართ ეკლესია ?!

  ძველ აღთქმაში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი  ადგილი ოსია წინასწარმეტყველის წიგნში , სადაც საუბარია იმაზე , თუ ერთის მხრივ რა მდგომარეობაში იყო  კაცობრიობა და მეორეს მხრივ იმაზე თუ როგორ სწყურია მოწყალე ღმერთს ამ კაცობრიობის გამოხსნა, თვით თავის უკიდურესი დამცრობისა და წარმოცალიერების ( კენოზისის) გზით , ვინაიდან უმიზეზი და დაუსაბამო სიყვარულს არ ძალუძს გულგრილად უჭვრეტდეს მისი საყვარელი ქმნილების დაღუპვას და გადაგვარებას . ამ წინასწარგანზრახული ღვაწლის ერთ ერთ მთავარ წინასახედ  ძველ აღთქმაში წინასწარმტყველ ოსიასადმი მიმართული ღვთის ბრძანება შეგვიძლია მივიჩნიოთ , სადაც ნათქვამია  : ,, როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს.(ოსია 1 ; 2) ამ ადგილს წმ. ირინეოს ლიონელი ამგვარად განმარტავს : ,,  წინასწარმეტყველი ოსია არა მხოლოდ სიტყვებით  იუწყება მომავალზე , არამედ მას მოქმედებით გადმოგვცემს , ამიტომ წინასწარმეტყველ ოსიას ცოლად მეძავი მოჰყავს , რითიც წინასწარმეტვლებს იმაზე , რომ მიწაზე მცხოვრებნი განუდგებიან ღმერთს და მრუშობას მიეცემიან მის (ღვთის) წინააღმდეგ  , და სწორედ ამ ხალხიდან კეთილინებებს ღმერთი შექმნას თავისი ეკლესია, რომელიც განწმენდილი იქნება მის ღვთაებრივ ძესთან თანაზიარებით ისე , როგორც მეძავი იქნა განწმედილი წინასწარმეტყველთან შეუღლების გზით „  (- „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხვერპლი, რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“ (მათე 9 , 12-13  მ.მ ) სწორედ ამ წინასწარმეტყველების აღსრულებაში მოყვანაა . იგივეს ბრძანებს   წმ. იოანე ოქროპირიც , როდესაც პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლის ამ ნაწილს განმარტავს : ,,  25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის , 26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით , 27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.“ (ეფს.5)
/- თქვა რა : ,, თავი გასწირა მისთვის „ მოციქულმა თან დაურთო  ,, 26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით „  . სიტყვით ,,განწმინდა „ მან იმაზე მიანიშნა , რომ მანამდე იგი ( ეკლესია) იყო უწმინდური და შებილწული , და არა უბრალოდ შებილწული , არამედ სრულიან შერყვნილი . რადგან იგი შეიბილწა ცეცხლითა და წუნწუბით , ჩირქითა და სისხლით  და სხვა მრავალი მსგავსი სიბინძურით . თუმცა მან ( ღმერთმა) არა გარემიიქცია პირი თვისი ამ უმსგავსობისაგან , არამედ შესცვალა მისი სახე , გამოასწროა მისი ყოფა , მიუტევა მისი ცოდვები . და მან ამით არა მხოლოდ განწმინდა მისი ბიწიერება , არამედ მისი სიმჭკნარე და სიბერეც განაახლა და ცოდვისაგან შემდგარი ძველი კაცი შემუსრა . ,, და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო „.  ქრისტემ ეკლესია არა მხოლოდ შვნეიერად გარდაქმნა , არამედ გააახალგაზრდავა კიდეც და არა მხოლოდ სხეულებრივი თვისობრიობით , არამედ ნების სიმტკიცითა და კეთილმიდრეკილებით . და არა მხოლოდ ის არის გასაკვირი , რომ მან შეიუღლა უსახური , ულამაზო , მოხუცი და მჭკნარი და არ იბრუნა პირი მისი შეუხედავობისაგან , არამედ ის , რომ მან თავიც კი გასწირა მისთვის (ეკლესიისთვის) და ამგვარად გამოუთქმელი სილამაზე შესძინა მას . და ის რომ ქრისტე  ხშირად ხედავს მას კვლავაც შებილწულს და უწმინდურობით გათხვრილს იგი არ ტოვებს მას თავისი ღვთაებრივი მზრუნველობის გარეშე ,  არამედ მარადის კურნავს და აღადგინებს  ‘’

მრავალი ამგარი განმარტება შეიძლება მოიძებნოს ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებაზე , თუმცა ვფიქრობ აქ გაჟღერებული სწავლებანი საკმარისი იქნება იმის დასანახად , თუ რა მდგომარეობაში ვიყავით და რა მოიმოქმედა ( და მარადის მოქმედებს) სიყვარულის ღმერთმა ჩვენს გამოსახსნელად . სამწუხარო კი ის არის , რომ ეკლესიას გარდა ამ ღვთის მიერ განახლებებული და განათლებული მხარისა, მუდამ თან დაყვება , როგორც სერგეი ფუდელი იტყოდა ,,ბნელი ორეული’’ , რომელიც პირქუშია , გარეგნულად იღებს იმ პატივს და ნათელს რაც ეკლესიას ეკუთვნის, თავად კი სბნელესა და წყვდიადშია . ამ ე.წ ,, ბნელი ორეულის „ ეკლესიის წევრები ვერ იღებენ თავის თავში ღვთიურ სიყვარულს , სიკეთესა და სინათლეს რადგან არ იციან საკუთარი თავი , ვერ შეიცნეს ღვთის სიყვარული და მოწყალება საკუთარ დაცემულობაში . ამიტომ  სავსე არიან შურით , ბოღმით , უსიყვარულობით , განმკითხველობით , მუდამ მტრის ძიებით ,  და ამ შინაგან მდგომარეობას გაურბიან გარეგანი წესების და კანონების ზედმიწევნითი დაცვით , რასაც თვითკმარ სათნოებად მიიჩნევენ . მათში სჭარბობს ცრუ თავდაბლობა და თავხედური კადნიერება , ფანატიზმი და უგონო რადიკალიზმი . სწორედ ეს ჯოჯოხეთური ეკლესია იკავებს ხშირად იმ ნათელი ეკლესიის ადგილს , რომელზეც ზემოთ არის საუბარი . ამიტომ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ის , თუ რამდენად ვიცხოვრთ ქრისტეს მცნებებით , რამდენად იბრწყინებს ჩვენში საღვთო ნათელი , რამდენად გვექნება  რწმენის მიერ კეთილი საქმეები , რათა არათუ იგმობოდეს ,,ეკლესიის ბნელი ორეულის“  გამო მისი წმინდა სახელი - ,, 24. ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.“(რომ.2) -  ,, მათ მიერ რომ იგმობა, თქვენით კი იდიდება.“(პეტრე -1) , , არამედ იდიდებოდეს ჩვენი,  ნათლის ეკლესიის კეთილმსახური , სიხარულიათა  და სიყვარულით სავსე ცხოვრებით , როგოც ნათქვამია წმ. მახარებელი მათეს მიერ : ,, "ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა". (მთ. 5;16) .

понедельник, 5 марта 2018 г.

იღუმენი ნიკონ ვორობიოვი - სასულიერი სასწავლებლის პრობლემებზე .

სასულიერო განათლების შესახებ

სასულიერო სკოლა იძლევა ქრისტიანობის გარკვეულ თეორიულ ცოდნას. ამ ცოდნის გამო, შეიძლება, სავსებით დამსახურებულად გქონდეს ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება, მაგრამ ამასთანავე სავსებით არ გწამდეს არა მარტო ქრისტე, არამედ ღვთის არსებობასაც კი უარყოფდე. მხოლოდ გამოცდილება, ქრისტესთან რეალური ურთიერთობა იძლევა ცოცხალ, ხილულ რწმენას. ის მოიპოვება მრავალი განსაცდელით, დაბრკოლებით, დაცემით, აღდგენითა და სხვა გზებით, რომელთაც ჯერ სიმდაბლემდე მივყავართ (სიმდაბლის ხარისხი სხვადასხვაა), შემდეგ კი სხვა სულიერ მონაპოვრებამდეც. შეევედრე უფალს, მოგმადლოს გონიერება, რათა ცოდვით დაცემაცა და დაბრკოლებაც შენს სასარგებლოდ, სულიერი ზრდისთვის, გამოიყენო. მთავარი კი ისაა, რომ ყოველთვის ღვთის სასუფეველს უნდა ვეძიებდეთ, რათა ვპოვოთ...

"სემინარიებსა და აკადემიებში სქოლასტიკით კი არ უნდა კავდებოდნენ , არამედ უნდა მოქმედებდნენ კეთილად გულსა და ნებელობაზე და არა მხოლოდ გონებასა და მახსოვრობაზე "


სასულიერო სასწავლებელში არსებულ მდგომარეობაზე
“…სახეზე გვაქვს სასულიერო სასწავლებლების ცრუ მიმართულება, რადგან მათ მექანიკურად აიღეს გარეგნული წყობა ძველი სკოლისა მისი ღირსების გარეშე, ამჟამინდელი მდგომარეობის გაუთვალისწინებლად. აქ გამეფებულია მოსწავლეების, როგორც მონების და არა როგორც თავისუფალი ცოცხალი პიროვნებების მიმართ დამოკიდებულება… უნებურად გახსენდება წმ. ტიხონ ზადონელის სიტყვები, რომ ქრისტიანობა შეუმჩნევლად ტოვებს ადამიანებს და რჩება მხოლოდ ფარისევლობა. ეს ნათქვამია ორასი წლის წინ. და ახლა რა მდგომარეობაა? სასულიერო სკოლა მკვდარია და შესაბამისად მკვდრებს უშვებს. მალე მკვდრები დაასაფლავებენ მკვდრებს…” 

სასულიერი სასწავლების დანიშნულებასა და მის მიერ დასასახ ამოცანებზე .
სასულიერო  სემინარია - აკადემია ვალდებულია მოსწავლეს :
1 -  რწმენა განუმტკიცოს .
2 - ასწავლოს ლოცვა .
3 - ასწავლოს საკუთარი დაცემულობის შეცნობა .
4 - ასწავლოს ცოდვასთან და ვნებებთან ბრძოლა , ისე როგორც წმ. მამები იბრძოდნენ.
5 -  ასწავლოს წმ. მამათა შრომების  არა  მხოლოდ გონებით, არამედ გულით გაგება და  განცდა  , ხოლო მათი მეშვეობით კი სახარების  სულით შემეცნება ; რათა ეს ყოველივე გულის ცოცხალ  ნაწილად იქცეს , რომელიც სულის ყველა მოთხოვნილებას გამოეხმაურება და უპასუხებს  . რათა სახარება არ იქცეს მხოლოდ  თეორიულ საგნად , რომელიც ოდენ დაზეპირებას მოითხოვს.
6 -  ასწავლოს  , სახარებისეული მცნებები  აღიქვას  არა როგორც დაბრკოლებები თვითნებური ცხოვრების გზაზე  ან  როგორც  ერთგვარი ეთიკის ნორმები და მორალი  , რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაშია  მიღებული  , არამედ  როგორ გზა , რომელსაც იგი ძვირადღირებული მარგალიტის აღმოჩენისაკენ მიყავს , რომელსაც შეხედავს რა ადამიანი, მზად იქნება ყოველივე გაყიდოს  ( ანუ ამ ცხოვრებისეული ამაო ინტერესები , მისწრაფებები , სიამოვნებანი და სხვა ყოველივე, რითიც ეს სოფელი ცოცხლობს) და ეს ყოველი აღასრულოს არა იმდენად თავის იძულებით , რამდენადაც ამ ,,ძვირადღირებული მარგალიტის“ ( ცათა სასუფევლის) შეძენის სურვილით . ამის შეძენა კი ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც სწამს ქრისტე  და ყველა ღონით ცდილობს მისი მცნებებით ცხოვრებას ...
რამდენი საინტერესო საკითხის  უწყებაა  შესაძლებელი სტუდენტებისათვის ახალი აღთქმიდან (იგავთა ,პავლე მოციქულის ეპისტოლეებისა და სხვა რთულად გ ასაგები ადგილების წმ. მამებისეული განმარტებები  , პავლე მოციქულის სწავლება ძველ და ახალ კაცზე (ადამზე) , სულიერი ცხოვრების საფუძვლების ახსნა , ცხონების მართლმადიდებლური გაგება და სხვა მრავალი ) ნაცვლად ტექსტის უშინაარსო კრიტიკისა და დროის უქმად ფლანგვისა , რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ უმთავრესი მიზანთან , რისთვისაც ჩვენი მაცხოვარი განკაცდა , რისთვისაც დააარსა ეკლესია  და რისთვისაც უნდა არსებობდნენ კიდევაც  სასულიერო სასწავლებლები .  მიზანი ამ ყოველივესი კი  ერთადერთია -  ადამიანის სულის განკურნება , ცხონება . . .
.. უკვე მოკლე ,  არასრული ჩამონათვალი სასულიერო სასწავლების გგემებისა ცხადჰყოფს  იმას , თუ როგორ შორს არის თანამედროვე  სემინარია- აკადემია  ნამდვილი,  ზემოთქმული ამოცანების დასახვისაგან . ყველაფერი შეცვლას საჭიროებს ,  სასწავლო პოლიტიკით დაწყებული -ადმინისტრაციით დასრულებული , თვით შენობაც კი შესაცვლელია . იტყვიან -  ეხლა ამ ცვლილებების დრო არ არისო  . და ყველაფრის  თუ არა , რაღაცის შეცვლა მაინც შესაძლებელია კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში . მთავარია  ყველას ქონდეს მხედველობაში ეს მიზანი და ვისაც რა ძალუძს თავისი მხრიდან მაქსიმუმი გააკეთოს , და ეს თუ ასე იქნება, მოსწავლეების მიმართ მაინც აღარ იქნება ის საშინელი ბატონ-ყმური დამოკიდებულება რაც სამწუხაროდ ასე ძლიერ არის დამკვიდრებული ,  არამედ იქნება მათ მიმართ  სწორი მიდგომა, როგორც ცოცხალი და ღირსეული პიროვნებებისადმი , რომელთა წინაშეც რექტორიდან დაწყებული , უკანასკნელი თანამშრომლით დამთავრებული , თავს იმ მოვალეებად უნდა თვლიდნენ , რომელთაც ვალის გადახდაც არ ძალუძთ ..



среда, 13 декабря 2017 г.

ეკლესია და დრო .

  წინამდებარე სტატიის ავტორია ,  თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი ფილოსოფოსი და მოაზროვნე , იტალიელი მეცნიერი -  ჯორჯიო აგამბენი .  მიმართვა რომელსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მის მიერ წაკითხული იქნა პარიზის ღვთისმშობლის კათოლიკურ ტაძარში . სტატია მიემართება საკუთრივ კათოლიკურ ეკლესიას , თუმცა არანაკლებ აქტუალური შეიძლება იყოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვისაც . 

ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტრადიციის ტექსტის შესავალი, რომელსაც წარმოადგენს მღვდელმოწამე კლიმენტი რომაელის ეპისტოლე კორინთელთა მიმართასეთი სიტყვებით იწყება: ,,რომში მყოფი ღვთის ეკლესია და კორინთოში მყოფი ღვთის ეკლესიები". ბერძნული სიტყვა ,,παροικουσα - პაროიკუსა”, რომელიც მე გამოვიყენე, როგორც ,, მყოფი " ეტიმოლოგიურად ნიშნავს დროებით განდევნილობაში მყოფს, დროებით ბინადარსსხვა მხრიდან მოსულსრომლიარსი  წინააღმდეგობრივია  ადგილობრივი, სრულუფლებიანი მოქალაქეობრივი ცნებისა, რომელიც ბერძნულად გამოითქმის, როგორც ,,κατοικείν - კატაიკინ". ეს შესავალი და ეს მიმართვა ისტორიის ყოველ კონკრეტულ მომენტში მეორდება, და მეორდება აქ და ამჟამად, ღვთის ეკლესიებში, რომლებიც მსხემობენ და იმყოფებიან პარიზში. ჩემი დღვანდელი მიმართვის თემაა - მესია, ბერძნულად ,,παροικείν"  უცხოტომელის მყოფობა. ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს ქრისტიანის ადგილს სამყაროში და მისი მესიანური დროის გამოცდილებას. ასევე  მოციქული პეტრე თავის ეპისტოლეში (1 პეტ. 1, 17)  საუბრობს რა ეკლესიის დროზე, იყენებს  ბერძნულ სიტყვას  -  ,, ho χρονος tēs παροικιας -  ჰო ხრონოს ტეს პარიკიას" - რაც თავის მხრივ ნიშნავს - ,,მსხემობის (მწირობის) ან უცხოდყოფნის  დროს.
ტერმინი ,,მყოფობა" არ შეიცავს არანაირ ქრონოლოგიურ მითითებას. ეკლესიის მყოფობა დედამიწაზე შეიძლება გრძელდება,  მაგრამ რეალურად იგი უკვე გაგრძელდა საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში იმგვარად, რომ სრულიადაც არ არღვევს მესიანური დროის გამოცდილების განსაკუთრებულ უნიკალურობას. საჭიროა განსაკუთრებულად აღინიშნოს ამ უკანასკნელის დაპირისპირება ეგზომ ხშირად გაჟღერებულ საღვთისმეტყველო აზრთან,  . (მეორედ მოსვლის შეყოვნებასთან). ამ დებულების თანახმად, რომელიც მე პირადად მუდამ მკრეხელობად მიმაჩნდა, პირველსაწყისი ქრისტინული კრებული ელოდა რა  მესიის მეყსეულ დაბრუნებას, მალევე გააცნობიერა რა , რომ დაიწყო . ,,შეყოვნება", რომლის აღსრულების დროის  განსაზღვრაც შეუძლებელი ხდება, შეცვალა თავისი არსებობის პრინციპი იურიდიულ-ორგანიზაციული მხარისაკენ.
ეს იმას ნიშნავსრომ ეკლესიამ შეწყვიტა ,,παροικείν- პაროიკენიმწირობა და მსხემობა სამყაროში. დაიწყო  ( κατοικείν - კატაიკინ) სრულუფლებიანი მოქალაქეობრივი ცხოვრება თავისი უფლებებით და ვალდებულებებით, როგორც ნებისმიერმა საერო ორგანიზაციიამ, მაგრამ ეს  რომ სიმართლე იყოს, მაშინ გამოვიდოდა, რომ ეკლესიამ დაკარგა დროის მესიანური შინაარსი, რაც ამავდროულად ეკლესიის თანაარსი და მისი ყოფის განმსაზღვრელია.
სინამდვილეში კი ,,მესიის დროაღნიშნავს არა ქრონოლოგიურ ხანგრძლივობასარამედ განცდილი დროის ხარისხრობრივ ტრანსფორმაციას, ანუ გარკვეულწილად ქრონოლოგიური დაგვიანების მსგავსს, როდესაც, მაგალითად, ამბობენ: ,,მატარებელი იგვიანებს" - ამაში დრო სრულიადაც არ იგულისხმება. ,,1. ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა. 2. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით." - წერს პავლე მოციქული თესალონიკელებს  (1 თეს . 5 , 12). სიტყვა  ,,მოვა " ბერძნულად ,,έρχεται - ერცეტაი" ორიგინალ ტექსტში გამოიყენება აწმყო დროში, ზუსტად იმგვარადვე, როგორც სახარებაში მესია იწოდება ,,მომავალად" (ho ερχομενος - ჰო ერხომენოს), ანუ იმად, ვინც არასდრო წყვეტს მოსვლას (ანუ მარადის მოვალს .).  ვალტერ ბენიამინმა  შესანიშნავად აითვისა რა პავლე მოციქულის მიერ თქმული, იმეორებს თავისი ჩვეული მანერით: ,,ყოველ დღე და  ყოველ  წამსეს ის პატარა კარებიარომელშიც მესია შემოდის ".
მოდით, ვისაუბროთ დროის იმ სტრუქტურაზე, რომელზეც (დროზეპავლე მოციქული საუბრობს. პირველი შეცდომა, რაც ჩვენ შეიძლება დავუშვათ, ეს არის ის, რომ ჩვენს მსჯელობაში გავაიგივოთ ,,მესიანური" და ,,აპოკალიპსური" დროები. აპოკალიფსისი ეხება მხოლოდ ბოლო ჟამს - ,,ჟამსა მრისხანებისასა და სასჯელისასა". აპოკალიფსისი ჭვრეტს მხოლოდ სამყაროს აღსასრულს და აღწერს იმას, რასაც ხედავს. ხოლო დრო, რომელზეც მოციქული საუბრობს, არ არის ჟამთა აღსასრული. თუ შევეცდებით, ერთი სიტყვით მოვახდინოთ აპოკალიპტურ და მესიანურ დროებს შორის არსებული ფორმულირება, მაშინ გამოვა ის, რომ მესიანური დრო არის არა აღსასრული ჟამისა, არამედ ჟამი აღსასრულისა. მესიანური დრო  - არა ჟამის აღსასრულია, არამედ თანაფარდობა ყოველი წამისყოფისა, ყოველი ჟამისა (καιρός- კაიროს) ჟამის აღსასრულთან და მარადისობასთან. ამგვარად, პავლე მოციქულის ყურადღება მიმართულია არა უკანასკნელ  ჟამზე და წამზე, რომელშიც დრო იწურებაარამედ იმ დროზე, რომელიც იკუმშება და იწყებს დასრულებასანუ იმ დროზე, რომელიც რჩება დროსა და აღსასრულს შორის .
იუდაური ტრადიცია ორ დროსა და ორ სამყაროს შორის  ახდენდა განსხავებას: ,,עולם הזה - ოლამ ჰაზზეჰ", ანუ ჟამი სამყაროს შექმნიდან მის აღსასრულამდე, და  ,, עולם הבא - ოლამ 'აბაა " -  დრო, რომელიც იწყება სამყაროს აღსასრულის შემდგომ. ეს ორივე ტერმინი არის ეპისტოლის ტექსტის ბერძნულ თარგმანში, და ამგვარად, მესიანური დრო, რომელშიც პავლე მოციქული ცხოვრობს და რომელსაც განსაკუთრებით ყურადღებას უთმობს, არ იგივდება არც ერთ ზემოხსენებულ დროით კატეგორიებთან: არც ,,עולם  הזה - ოლამ ჰაზზეჰ"- თან და არც ,,עולם הבא - ოლამ 'აბაა"- სთან, არამედ ეს არის დრო, რომელიც დარჩენილია ამ ორ დროით კატეგორიას შორის, ანუ  როდესაც დრო დაყოფილია მესიანური მოვლენების ჭრილში, როგორც ეს  პავლე მოციქულისთვის ყოველგვარი ეჭვის გარეშე არის აღდგომა (კვირა დღე ).
როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენ დროის ამგვარი გააზრება? ჩემი ხლანდელი განსაზღვრების თანახმად,   როგორ ჩანსარაფერი ქმნის იმის წინაღობას, რომ ეს (დრო) გეომეტრიულად იქნას გააზრებული, ანუ მისი აღქმა, როგორც გარკვეული ხაზიდან გამოყოფილი შუალედური მონაკვეთისა, ანუ იმ დროისა, რომელიც დარჩენილია აღდგომასა და სამყაროს აღსასრულს შორის. მაგრამ ყოველივე იცვლება, როგორც კი ვეცდებით, გავიაზროთ გამოცდილება დროისა, რომელსაც ეს დრო გულისხმობს. რამეთუ ცხადია, რომ იცხოვროდროით, რომელიც რჩება“,  გამოცდილებით კი შეიმეცნო  „დასასრული ჟამისა, შეუძლებელია, არ ნიშნავდეს დროის გამოცდილებისა და მასზე  ჩვეული წარმოდგენების რადიკალურ სახეცვლილებას. ამასთან, საუბარი აღარ არის არც ქრონოლოგიური დროის წარმოსახვით, მაგრამ ყოველგვარი გამოცდილებისაგან უცხო ერთგვაროვან და გაურკვეველ ხაზზე  და არც დროის აღსასრულის გარკვეულ, მაგრამ წარმოუდგენელ მომენტზე. იგი (დრო) ასევე  არც ქრონოლოგიური დროის გარკვეული მონაკვეთია, რომელიც გაგრძელდებოდა აღდგომიდან დროის აღსასრულამდე. არა, ჩვენ საქმე გვაქვს დროსთან, რომელიც ქრონოლოგიური დროის შიგნით იზრდება და ჩქარდება და რომელიც მას შიგნიდან გადაამუშავებს და სახეს უცვლის. ეს არის დრო, რომელიც სჭირდება დროს, რათა დასრულდეს და ამავდროულად არის დრო, რომელიც საჭიროა ჩვენთვის, რათა დროს დასრულების საშუალება მივცეთ, იმისათვის, რათა დროის შესახებ ჩვენი ჩვეული წარმოდგენის ზღვარს მივაღწიოთ და გავთავისუფლდეთ მისგან. დრო, რომლის შესახებაც ვფიქრობთ, რომ ვარსებობთ მასში, საკუთარი თავისგან გვაუცხოებს და იმის უმწეო მაყურებლად გვხდის, რასაც წარმოვადგენთ. მესიის დრო კი - ოპერატიული დროა (καιρός- კაიროს), რომელშიც ჩვენ პირველად ვეუფლებით დროს, ეს არის დრო, რომელიც ჩვენ თვითონ ვართ. და მესიის დრო, ეს რაღაც სხვა დრო კი არ არის, რომელიც სადღაც მომავალში და დაუჯერებელშია. პირიქით, ეს ერთადერთი რეალური დროა, რომელიც შეიძლება გვეკუთვნოდეს. ამ დროის გამოცდილება გულისხმობს თვით ჩვენს და ჩვენი ყოფიერების (ყოფნის) სრულ ფერისცვალებას (მთლიან გარდასახვას).
შესაძლოა, მესიანური ცხოვრების საუკეთესო განსაზღვრება იყოს პავლე მოციქულის საოცარი სიტყვები:  ,,29. აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი [χω καιρός συνεσταλμένος εστί - ხო კაიროს სინესტალმენოს ესტი -  ზმნა ,,συστέλειν-სისტელეინ"  ნიშნავს იალქნების შერუნებას, ცხოველის ერთგვარ შემკუმშულ და დაძაბულ მოქმედებას ნახტომის გასაკეთებლად,  ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი [χος με- ხოს მე ], 30. თვალცრემლიანნი - როგორც უცრემლონი; მოხარულნი - როგორც გაუხარელნი და მქონენი - როგორც არას მქონენი; 31. ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი".( 1 კორ. 7, 29-31). მანამდე კი პავლე საუბრობს მესიანური მოწოდების შესახებ ( κλήσης - კლესის): ,,20. ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი. 21. მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ, მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით." (1კორ. 7 , 20-21).  ,,χος με- ხოს მე"-ს   ,,უ" (ამ შემთხვევაში უარყოფითი შინაარსის გამომხატველი ბგერაა. უ-ცოლო ანუ უ-ქონელი იხ. ამავე ტექსტის 29-31 მუხლები) ნიშნავს  იმას,  რომ  მესიანური მოწოდების საბოლოო მნიშვნელობა ყოველგვარი მოწოდების უკან განხმობასა და გაწვეევაში მდგომარეობს. მსგავსად მესიანური დროისა, რომელიც შინაგანად, ერთის მხრივ, ახდენს რა ქრონოლოგიური დროის ტრანსფორმირებას,  მეორეს მხრივ, გაურბის უბრალოდ განქარვებას (გაუქმებას).  მესიანური მოწოდება სიტყვებით: ,,χος με- ხოს მე" აქარწყლებს ყოველგვარ მოწოდებას, აცარიელებს შინაარსისაგან და შიგნიდან ცვლის მის გამოცდილებასა და ყოველგვარ ხელოვნურ მდგომარეობას იმისათვის,  რომ ისინი ახლებურად იქნენ შეთვისენულნი და გამოყენებულნი.
მნიშვნელოვანია საკითხის ამგვარი გააზრება, ვინაიდან  ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ადევატურად აღვიქვათ თანაფარდობა უკანასკნელ და მის წინამორბედ საგნებს შორის, რაც საკუთრივ ახდენს კიდევაც მესიანური არსებობის განსაზღვრას.  შეუძლია კი ქრისტიანს, იცხოვროს მხოლოდ ,,უკანასკნელი ჟამის" ცნობიერებით? დიტრიხ ბიონხიოფერი საუბრობს რადიკალიზმსა და კომპრომისს შორის ცალმხრივი არჩევნის შესაძლებლობის სიყალბეზე, ხოლო ალტერნატივები კი   ორივე შემთხვევაში ახდენენ გარდაუვალ გამიჯვნას უკანასკნელ და მის წინამორბედ საგნებს შორის, ანუ მათ შორის, რაც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ ადამიანურ და სოციალურ არსებობას (მყოფობას). მსგავსად მესიანური დროისა, რომელიც არის არა სხვა რამ დრო,  არამედ შინაგანი ტრანსფორმაცია ქრონოლოგიური დროისა, ხოლო შესაძლებლობა - იცხოვრო უკანასკნელი რამით (последними вещами) - ნიშნავს შესაძლებლობას იცხოვრო სხვაგვარად იმაში, რაც ამ უკანასკნელს წინაუძღვის. ამ გაგებით ესქატოლოგია არის სხვა არაფერი, თუ არა  ტრანსფორმაცია საგანთა გამოცდილებისა, რომელიც უკანასკნელ საგანთა წინამორბედია, და რამდენადაც  უკანასკნელი რამ აღესრულება მის წინამორბედში, იმდენად   უკანასკნელი არის წინააღმდეგობრივი ყოველგვარი რადიკალიზმისა, რაც შედეგად შეუძლებელია, არ იყოს უგულებელყოფილი - დაუსჯელად. მიუხედავად ყოველგვარი ცდუნების საპირისპიროდ კომპრომისის გზის არჩევა, ვერ შეძლებს წინამორბედი საგნების გამოყენებას მისი შემდგომი (უკანასკნელი)  საგნების წინააღმდეგ. ამიტომაც პავლე მოციქული ზმნით ,,καταργείν -  კატარგეინ" (რაც ნიშნავს არა განადგურებას, არამედ დეაქტივაციას ანუ გათიშვას), გამოხატავს მესიანურ დამოკიდებულებას უკანასკნელ და წინამორბედ საგნებს შორის, რომელიც საკუთრივ არ განეკუთვნება არც ერთს (არც წინამორბედს) და არც მეორეს (უკანასკნელს).
უკანასკნელი რეალობა, მისი წინამორბედის დახმარებით, ახდენს ნამდვილი რეალობის დეაქტივაციასა და ტრანსფორმაციას, და ამავდროულად, მხოლოდ მასში იძენს იგი (უკანასკნელი)  მოწმობას და ნამდვილობის დადასტურებას.
და ახლახანს თქმული  გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, თუ როგორ აღიქვამს მოციქული  სასუფევლის მდგომარეობას. ესქატოლოგიაზე  საყოველთაოდ არსებული  წარმოდგენის საპირისპიროდ, საჭიროა გავიხსენოთ ის,  რომ პავლე მოციქულისათვის მესიის დრო არ შეიძლება იყოს მომავლის დრო (ჟამი).  ტერმინი, რომლითაც იგი ამ დროს სახელდებს - ,, აჰა აწ ჟამი", ბერძნულად: ,,χω νυν καιρός -  ჰო ნაინ კაიროს“: ,,აჰა, აწ  ჟამი არს (ιδού νυν - იდუ ნაინ) მოწყალებისა, აჰა, ახლაა ხსნის დღე" - ნათქვამია კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში (2 კორ . 6 , 2). ტერმინებს:  მყოფობა ( παροικια- პარიკია)  და მოსვლა ( παρουσία - პარუსია), მწირის ყოფნა და მესიის მყოფობას, ბერძნულ ენაში  ერთნაირი სტრუქტურა გააჩნიათ, რომელიც იწყება წინდებულით ,,παρ - პარა":  მყოფობა,  გაწელილი დრო; - ,,უკვე", რომელიც იმავდროულად არის- ,,ჯერ არა",  გადადება, რომელიც არ ნიშნავს უფრო  მოგვიანო დროით გადატანას, არამედ არის ნიშანი დისტანციისა და არმიჯაჭვულობისა, რომელიც  შინაგანად აწმყოს თანდაყოლილია და ამავდროულად,   გვაძლევს დროის ფლობის საშუალებას.
გამოდის,  რომ ეკლესიას არ აქვს არჩევანი მესიანური გამოცდილების მიღებასა და მის უარყოფას შორის, ვინაიდან ეკლესია ხომ მხოლოდ მესიანურ დროში არსებობს. შევნიშნავთ, რომ  სიტყვებით  ,,მას ჟამსა შინა" -თი იწყება სახარებისეული ტექსტების უმრავლესობა.
ეკლესია და მესიანური დროის გამოცდილება ჩვენს დღეებში - სახელდობრ,  ამ საკითხით მინდოდა მიმართვა აქ და ამ ჟამს ქრისტეს ეკლესიებისადმი, რომლებიც პარიზში მყოფობენ. ბოლოს ნახსენები ზოგიერთი რამ იმდენად გამქრალია საეკლესიო ლექსიკონიდან, რომ ერთ-ერთმა პროტესტანტმა თეოლოგმა ერნესტ ტროლჩმა ( 1865-1923) ირონიით თქვა: ,,ეკლესიის ესქატოლოგიური მაღაზია დაკეტილია". ხოლო  ერთ-ერთი ფრანგი კათოლიკე თეოლოგი ალფრედ ლუაზი (1857—1940) უფრო მწვავე ირონიით წერდა: ,,ქრისტემ  გვაუწყა სასუფეველი, მაგრამ გაჩნდა ეკლესია". დავფიქრდეთ ამ დებულებებზე, რომლებიც ვნებათაღელვას იწვევენ.
ვინაიდან ყოველივე იმის შემდგომ, რაც ითქვა მესიანური დროს სტრუქტურაზე, ნათელი ხდება ის, რომ ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც საფუძველი გადმოცემისადმი, რადიკალური ერთგულების სახელით  ვუსაყვედუროთ ეკლესიას ამასოფელთან მისი კომპრომისის გამო. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, არ დაეთანხმო დოსტოევსკის, ამ უდიდეს თეოლოგს, რომელმაც დიდ ინკვიზიტორში გამოსახა რომის კათოლიკური ეკლესია.
და მაინც დავფიქრდეთ ეკლესიის შესაძლებლობებზე, გამოიცნოს ,,დროის ნიშნები" (τα σημεια τον καιρον - ტა სიმეა ტონ კიერონ), რაზეც საუბარია მათეს სახარებაში (მათ . 16 , 3).  რას ნიშნავს ეს ,,ნიშნები", რომელსაც ქრისტე ,,პირი სამი ცისაი" -ს გარჩევის უაზრო სურვილს უპირისპირებს? ისტორია წინ უსწრებს უკანასკნელს, წინ უსწრებს სასუფეველს, მაგრამ სასუფეველსაც თავისი ადგილი აქვს ისტორიაში. იცხოვრო მესიის დროით - ნიშნავს,  ფლობდე  შესაძლებლობას ისტორიაში, მისი მყოფობის ნიშნები შენიშნო და ამ მოძრაობაში  გაიგო გადარჩენის იკონომია .
ეკლესიის მამების მოწმობის თანახმად, რომელიც მოცემულ შემთვევაში ემთხვევა იმ ფილოსოფოსთა აზრებს, რომელნიც მსჯელობენ ფილოსოფიის ისტორიაზე, თავისი არსით მუდამ იყო და რჩება ქრისტიანულ დისციპლინად, თვით კარლ მარქსთანაც კი. ისტორია ის ბრძოლის ველია, სადაც მუდამ ერთმანეთს ეჯახება ორი ურთიერთსაპირისპირო ძალა. პირველი მათგანი, რომელსაც პავლე თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში მოიხსენიებს ტერმინით ,,შემკავებელი, ხელისშემშლელი" (κατεκον - კატეკონ)  (2 თეს. 2,7), აკავებს და განუწყვეტლივ გადადებს აღსასრულს ქრონოლოგიური დროის სწორხაზოვანი გაგრძობითობით; მეორე კი მუდამ ქმნის რა დაძაბულობას დასაწყისსა და დასასრულს შორის,  თანდათანობით  წყვეტს დროს და მას აღასრულებს. პირველი ძალა  თავის თავს სრულიად უძღვნის ამა სოფელს, კანონს და სახელწიფოს, ეკონომიკასა და ამქვეყნიურ მოწყობას, ხოლო მეორე ძალა - მესია, ეკლესია, იკონომია, რომელიც არის გადარჩენის საღვთო განგება (აღმშენებლობა)  მთლიანობაში აღსრულებულია.
ადამიანური ურთიერთობა შესაძლებელია შედგეს და შენარჩუნდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს ორი ძალა თავიანთი დიალექტური დაძაბულობით იქნება თანაარსებობაში. და სწორედაც ეს დაძაბულობა ჩანს დღეს ამოწურული. მაშინ, როდესაც ისტორიის დროში ხსნის იკონომიის  აღქმა თანდათან უფრო სუსტი და შეწყვეტადი ხდება, ესქატოლოგიური მოწოდება, რომელიც ეკლესიის დანატოვარია,  უბრუნდება სეკურალიზირებულ პაროდიულ ფორმას  საერო ცოდნის ფარგლებში, რომელიც ბაძავს რა წინასწარმეტყველის უარყოფილ სიტყვას, შეუქცევად კატასტროფას პროგნოზირებს.
<<მიმდინარე კრიზისი და საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ყველგან ერთხმად გაისმის სახელმწიფო მეთაურებისგან, არის სხვა არაფერი, თუ არა სეკულარიზებული პაროდია  ეკლესიის ისტორიაში საყოველთაო სამსჯავროს მუდმივი შეყოვნებისა (შენელებისა).>>>
ადამიანური ურთიერთობების ტოტალური იურიდიზაცია და ეკონომიზაცია, აღრევაა მათ შორის თუ - რისიც შეგვიძლია გვწამდეს, რას შეგვიძლია ვენდოთ და რაც შეგვიძლია გვიყვარდეს  და მათ შორის თუ რა უნდა გავაკეთოთ და არ გავაკეთოთ და ვთქვათ თუ არა. და ეს უკანასკნელნი  თავის თავში გამოსახავენ არა მხოლოდ უფლებებისა და სახელმწიფოს კრიზისს, არამედ უწინარესად  ეკლესიის კრიზისს, ვინაიდან ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, შეუძლია იარსებობს მხოლოდ მაშინ, თუ შეინარჩუნებს თავისი დასასრულის უშუალო აღქმას. ნუ დავივიწყებთ იმას,  რომ ღვთისმეტყველება გვესაუბრება იმაზე,  რომ არსებობს  მხოლოდ ერთი სამართლებრივი სტრუქტურა,  რომელსაც არც გაუქმება ემუქრება და არც სასრული აქვს. მისი სახელია - ჯოჯოხეთი. გამოდის, რომ თანამედროვე პოლიტიკის მოდელი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს სამყაროს უსაზღვრო ეკონომიკურ მართვაზე, ჭეშმარიტად ინფერნალურია (ჯოჯოხეთური მ.მ). ეკლესია კი, ემიჯნება რა მის პირველსაწყის დამოკიდებულებას ამა სოფელში საკუთარი მყოფობის მიმართ ( παροικια - პაროიკია), ძალიან რისკავს იმაში, რომ შესაძლებელია  დაიკარგოს დროში .
ამიტომ, არ ფლობს რა (ეკლესია) სხვა რაიმე ავტორიტეტს, გარდა იმისა, რომ მტკიცე ჩვეულებით განჭვრიტოს ,,დროის ნიშნები", მებადება ლოგიკური შეკითხვა: ,,გადაწყვეტს კი საბოლოოდ ეკლესია იმას,  რომ ისარგებლოს თავისი ისტორიული შესაძლებლობით  - აღიქვას მისი მესიანური მოწოდება ?
სხვა შემთხვევაში რჩება დიდი რისკი იმისა, რომ იგი (ეკლესია) იქნეს მოყოლილი იმ ნანგრევებში, რომელშიც მოყოლა უეჭველად ემუქრება ამასოფლის სულის მატარებელ ყველა ინსტიტუტს.


თარგმანის შემსრულებელი :  მიქაელ მთაწმინდელი .

http://www.bogoslov.ru/text/2331830.html