пятница, 4 марта 2022 г.

დიდი მარხვის შესახებ. წარმოშობა და მნიშვნელობა.

დიდი მარხვა - განსაკუთრებული მარხვაა და იგი განსხვავდება ყველა სხვა მარხვისაგან , უფრო მეტიც, ეს არის, ზოგადად, ერთადერთი მარხვა საეკლესიო მარხვებს შორის, რომელშიც თავად საეკლესიო მსახურებაც განსაკუთრებულია, ვინაიდან  ის  სპეციალურად სამარხვოდ არის შედგენილი . პეტრე-პავლობის  მარხვის ღვთისმსახურებას  სხვა , არასამარხო ღვთისმსახურებასთან შედარებით განსაკუთრებული ელემენტები არ გააჩნია. მიძინებისა და შობის მარხვის მსახურებაც არსებითად იგივეა. კი, არის ორი-სამი  ლოცვა, სადაც ნათქვამია, რომ შობის შესახვედრად  მივემართებით (ირმოსებში, კატავასიაშია ნათქვამი), მაგრამ, პრინციპში, თავად ღვთისმსახურების სტილი იგივე რჩება.

დიდი მარხვის პერიოდში კი , თვით  „უფალო, შემიწყალე“-ც განსაკუთრებულ ხმასა და ტონალობაში იგალობება. სრულიად განსაკუთრებული ლოცვები ჩნდება როგორც ქრისტიანის საშინაო ლოცვაში, ასევე ტაძარშიც. და ეს უკვე მოწმობს იმაზე, რომ ეს პერიოდი სრულიად განსაკუთრებულია.

საეკლესიო მარხვებზე საუბრისას, უპრიანი იქნებოდა , თუ ვიტყოდით ორ სიტყვას მათ წარმოშობაზეც.

პრინციპში , მარხვის ტრადიციას  ადგილი ძველ აღთქმაშიც ქონდა  და საერთოდ , იუდეველებში იყო კვირაში ორჯერ მარხვის ტრადიცია : სამშაბათსა და ხუთშაბათს . შესაბამისად , ქრისტიანებმაც, რათა მათთვის არ ესაყვედურათ იმისთვის, რომ <<აი, იუდეველები მარხულობენ, ხოლო თქვენ იმისთვის გახდით ქრისტიანები, რომ მარხვისათვის აგერიდებინათ თავი, რათა იცხოვროთ უფრო ადვილი რელიგუური ცხოვრებითო>> გადაწყვიტეს , რომ ემარხულათ, ოღონდ ამისათვის გამოყვეს სხვა ორი დღე :ოთხშაბათი და პარასკევი ( რასაც შესაბამისი შინაარსიც აქვს მ.მ) .

ხოლო  , რაც შეეხება უფრო გრძელვადიან მარხვებს ,  მათი წარმომავლობანი, მართლაც  ძალიან საინტერესოა.

რაც შეეხება დიდმარხვას , მას მისიონერული წარმომავლობა აქვს .  ამ , 40 დღეს თავიდან, არა ქრისტიანები, არამედ ის წარმართები მარხულობდნენ , რომელთაც სურდათ ნათლობის მიღება . და აი, ადამიანი ემზადება ნათლობისთვის..ეს ისე კი არ არის, როგორც დღეს, რომ ადამიანმა შუადღისით თავის საქმეებს შორის გამონახა დრო, შემოირბინა ტაძარში , მოინათლა და გააგრძელა თავისი გზა, არა.. მაშინ ,ადამიანები ზრდასრულ ასაკში ინათლებოდნენ, რამდენადაც მათ ქონდათ გაცნობიერებული ნათლობის მნიშვნელობა . ქრისტიანული ოჯახები, ჯერ კიდევ არ იყო ბევრი იმ დროისთვის , ამიტომ ბავშვებს, თითქმის არ ნათლავდნენ . და აი, ადამიანი ემზადებოდა ნათლობისთვის , მაგრამ ემზადებოდა არა მხოლოდ (კატეხიზმო)წიგნების კითხვით ,როგორც ეს დღეს ხდება ხოლმე ხშირად, როდესაც ადამიანი დადის ქადაგებებზე , ლექციებზე და მერე წყვეტს : ,, აი, უკვე დროა ნათლობისა ". არა , ეს იყო ერთგვარი პრაქტიკული სამზადისი, რომლის დროსაც ადამიანი საფუძლიანად შეიფერთხავდა საკუთარ სულს . და ამიტომაც ითვლებოდა მოსამზადებელი პერიოდი ღვაწლის , ლოცვისა და მარხვის პერიოდად . ეხლა კი წარმოიდგინეთ : აი, თქვენ ხართ რომაელი ქრისტიანი და ქუჩაში შეხვდით ვინმე ტიტუს ლიბიუსს, თქვენს მეზობელს, რომელიც ჯერ კიდევ წარმართია . თქვენ უწყებთ მას სახარების ქადაგებას,  საუბრობთ ქრისტეზე. ის თქვენ გისმენთ , გულით იწყნარებს ამას და ემზადება მოსანათლად .და  აი, უკვე დაინიშნა მონათვლის დღე, ხოლო მაშინ ნებისმიერ დღეს როდი ნათლავდნენ , არამედ ძველ ეკლესიაში,  წელიწადში მხოლოდ გარკვეულ დღეებში ნათლავდნენ ხოლმე.  მაგ : ქრისტესშობას , აღდგომას , ასევე დიდ შაბათს აღდგომის წინადღეს , და იყო კიდევ რამოდენიმე ასეთი დღე , როგორც ვთქვით . და ადამიანი იწყებს მარხვას ,  ემზადება ნათლობისთვის. იწყებს მარხვას, იმიტომ რომ თქვენ მას ქრისტე უქადაგეთ . ის ცხოვრობს თქვენს მეზობლად და მოდის თქვენთან სტუმრად . თავად მარხულობს , ხოლო თქვენ კი ტრაპეზზე შემწვარი ქათამი  გაქვთ. თქვენ ქრისტიანი ხართ, ესაუბრებით მას ქრისტეზე და ამ დროს , ქათმის ბარკალს მიირთმევთ, ხოლო იმ საწყალს მარხვისაგან კუჭი ხერხემალზე აქვს მიკრული . და , ვინაიდან ამგვარი სიტუაცია ქმნიდა დიდ უხერხულობას, ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, რომ თავადაც ემარხულათ ამ დღის განმავლობაში ,ემარხულათ კათაკმეველთა  და წარმარრთა გამო, რომლებსაც უქადაგებდნენ ქრისტეს . და ამგვარად , დიდი მარხვა პირველრიგში წარმოიშა ქრისტიანულ ეკლესიაში, როგორც ერთგვარი სოლიდარობის მარხვა ,როგორც განსაკუთრებული პერიოდი ლოცვისათვის და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მათთვის, რომელთა შორისაც ცხოვრობდნენ ქრისტიანები და რომლებსაც მიუძღოდნენ წინ ქრისტესაკენ.

 

 

თავად ქრისტიანები კი მარხულობდნენ არა დიდ მარხვაში საკუთრივ , არა ორმოცი დღეს, არამედ ვნების შვიდეულში . და ამგვარად , ჩვენი მარხვა დღემდე  ორი ნაწილისგან შედგება - ეს არის წმინდა ორმოცდღეული და  ვნების კვირა.

ვნების შვიდეული - ეს აღარ არის უკვე ორმოცდღეული და ეს , არც დიდი მარხვაა- ეს ცალკე დრო-ჟამია . შეიძლება ასეც ითქვას : ორმოცდღეული ( პირველი 40 დღე) - ეს არის დრო, როდესაც ჩვენ მივდივართ ქრისტესთან შესახვედრად, ხოლო ვნების შვიდეული ეს არის ჟამი, როდესაც ქრისტე მოდის თავად, ჩვენთან შესახვედრად.  მოდის ვნებითა და ტანჯვით, ტუსაღობით , საიდუმლო სერობით , გოლგოთით , ჯოჯოხეთში ჩასვლით და   ბოლოს , აღდგომით ის ყველა იმ წინაღობასა და დაბრკოლებას გადალახავს, რაც ჩვენ ღმერთისაგან გვაშორებს .

ამის შემდეგ კი ჩნდება  პეტრე-პავლობის მარხვა . ჩვენ თუ წავიკითხავთ , წმინდა იპოლიტე რომაელის (3-ე საუკუნის ძეგლია) წერილს , იქ ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი ის, თუ საიდან დამკვიდრდა  პეტრე-პავლობის მარხვა : ,, თუ ადამიანმა (ქრისტიანმა),ვერ მოახერხა ემარხულა ვნების შვიდეულში,ვერ მოახერხა მარხვა აღდგომის წინ , მაშინ დაე იმარხულოს მან ორმოცდაათეულის შემდგომ " . ამ წესის შინაარსი ძალიან ადვილია . იმ დროს , III საუკუნეში,  აღდგომის დღესასწაულობის ტრადიცია ,არ იყო საერთო ყველა ქრისტიანისათვის . ეხლა ვთქვათ , თუ რა იგულისხმება ამაში .  ეგვიპტური ეკლესია პასქას( აღდგომას) თავისი კალენდრის მიხედვით დღესასწაულობდა ,  რომის ეკლესია- თავისი კალენდრით, მცირეაზიის ეკლესიებიც- სხვა კალენდრით . ყველა ადგილობრივი ეკლესია საპასექო თარიღს თავად გამოითვლიდა და ეს აძლევდა წარმართებს ხელს და საბაბს, რომ დაეცინათ და შეურაცხეყოთ ქრისტიანები შემდეგნაირად :  ,, ეს როგორ , თქვენი მთავარი დღესასწაულია აღდგომა და თქვენ არც კი იცით, როდოსი მოხდა ის"-ო . შემდგომ , IV საუკუნეში, პირველმა საეკლესიო კრებამ მიიღო აღდგომის აღნიშვნის ერთი თარიღი ყველასთვის - რომაული ეკლესიის ტრადიცია გავრცელდა ყველა სხვა  დანარჩენ ეკლესიაზე . ეხლა კი წარმოიდგინეთ : ყველა ქრისტიანმა როდი უწყოდა , თუ როდის , რა თარიღში იდღესასწაულებოდა აღდგომა . თუ ქრისტიანი ადამიანი მომლოცველობა-მოგზაურობაში იყო, მის წინაშე ასეთი სურათი  იშლებოდა ; დავუშვათ ის ალექსანდრიიდან იყო და იქაური ტრადიცით პასექი 20 აპრილს ემთხვეოდა , ხოლო ის 15 აპრილისთვის მიემგზავრებოდა რომში და ფიქრობდა, რომ კიდევ 5 დღეს იმარხულებდა აღდგომამდე, ხოლო სინამდვილეში აღმოჩნდებოდა, რომ რომში 10 აპრილს იდღესასწაულეს აღდგომა . გამოდის, რომ ის დარჩა აღდგომის გარეშე, გარკვეული თვალსაზრისით  მარხვისა და ქრისტესთან თანავნების გარეშე, რომელიც ჩვენს გამო ჯვარს ეცვა . მეორეს მხრივ , მაშინ ხომ არ არსებობდა გაზეთი და არც ყოველ ტაძარში იყო შესაძლებელი საეკლესიო კალენდრის შეძენა, სადაც აღნიშნული იქნებოდა ყველა დღესასწაული( საიდან ეს ყოველივე  III საუკუნეში ). და ამიტომაც, ადამიანებმა უბრალოდ არ იცოდნენ , როდის იყო პასქა- მითუმეტეს თუ ისინი ცხოვრობდნენ რომელიმე  მიყრუებულ ქალაქში და მათ უწევდათ თავიანთ საქმეებზე სხვა ქალაქებში წასვლა . ეს , დღეს ხდება მარტივად, როდესაც მე ჩამოვდივარ რომელიმე დიდ ქალაქში, ვაჩერებ პირველივე გამვლელს და ვეკითხები : სად არის აქ საკათედრო ტაძარი ? მსურს ეპარქიალურ საბჭოში ვიზიტი  " . ხოლო II-III საუკუნეებში ქრისტიანული ეკლესია მიწისქვეშ იყო, მას დევნიდნენ ხელისუფალნი. აბა, სცადეთ  ჰკითხოთ ხალხს ქუჩაში: „მისმინეთ, სად იკრიბებით აქ ქრისტიანები? რომელ გამოქვაბულში, რომელ კატაკომბებში?” როცა უცხო ქალაქში ჩახვალ, ქრისტიანულ თემს ასე ადვილად ვერ იპოვი.და ამიტომაც , ან სნეულების გამო ან იმის გამო, რომ ჯარისკაცი იყო ლაშქრობაში ( აქ გასაგებია ალბათ, რომ არა მარხვამდე) , ამიტომაც წმინდა იპოლიტე რომაელი ამბობს, რომ ვინც ვერ შეძლო აღდგომის წინ ემარხულა , დაე იმარხულოს ორმოცდაათეულის შემდგომ, ერთი კვირით .მაგრმ, აქაც იგივე სიტუაცია გამეორდა : ,, როგორ ხდება, რომ ჩემი ძმა მარხულობს, მისთვის ეს პერიოდი არის სამარხო , მე მასთან ერთად ვიქნები და  გესმით თქვენ, რომ ხორცის ჭამა მომიწევს ?  "  და კვლავაც , ყველა ქრისტიანმა დაიწყო მარხვა ორმოცდააათეულის  ( სულთფმოფენობის) შემდგომ .  აი, მსგავსი ისტორიებია დაკავშირებული ღვთისმშობლის მიძნებისთანაც  და შობის მარხვასთანაც .  ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაგება , რომ საეკლესიო მარხვები -  ეს არა უბრალოდ ჩვენი პირადი ღვაწლია ,  არამედ  ეს არის ჩვენი ურთიერთობისა და სოლიდარობის ღვაწლი , როდესაც ჩვენ ძლიერ  განვიცდით ერთმანეთთან  კავშირს .

 რათქმაუნდა , არავინ გვიშლის იმას, რომ ადამიანებმა ცალ ცალკე იმარხულონ, იმ დროს , როდესაც თითოეული მათგანი მიიჩნევს მოსახერხებლად . თუმცა, ამ წესიდანაც არის ერთი გამონაკლისი - საეკლესიო კანონები კრძალავენ მარხვას აღდგომის დღეს, რადგან  აღდგომა - ეს  მხიარულების დროა და ძალიან ცუდი იქნება, თუ ყველანი დღესასწაულობენ და შენ ამ დროს იქნები მარხვაზე, იქნები მწუხარებაში .  და ამგვარად , ნებისმიერ ჩვენთაგანს, ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი სურვილისამებრ იმარხულოს ან არ იმარხულოს , მაგრამ განა უკეთესი არ არის, თუ ყველა ქრისტიანი ამას ერთად გააკეთებენ და ამით იგრძნობენ ერთმანეთის მხარდაჭერას, ლოცვით შეწევნას და ამგვარად გააღრმავებენ მას .

 

და მაშასადამე, რა არის მარხვა ?

სიტყვა ,, მარხვას" ლათინურში ორი მნიშვნელობა აქვს . მარხვა - როგორც დრო თავშეკავებით ცხოვრებისა და მარხვა, როგორც ადგილი, სადაც იმყოფება ბადრაგი, ყარაული , მეთვალყურე ჯარისკაცი . ეს არის დრო, როდესაც სული უნდა იქცეს დარაჯად , როდესაც ქრისტიანი სიღრმისეულად იაზრებს, რომ ის არის ჯარისკაცი .  თითოეული ჩვენთაგანი , განურჩევლად ასაკისა და სქესისა , - ქრისტეს ჯარისკაცია . და ყოველ ჩვენთაგან მონდობილი  გვაქვს დაცვის ვალდებულება შეუფასებელი ფასეულობისა . თავად სამყაროს შემოქმედი გარდამოხდა ჩვენთვის და  ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ჩვენი ცხონებისათვის . ამიტომ მარხვა გვეხმარება მეტად მოვიცალოთ ამის გაცნობიერებისათვის და მთელი ჩვენი სულიერი ძალები მივმართოთ ჩვენთვის განკაცებული ქრისტეს შეცნობისკენ .

 

понедельник, 31 января 2022 г.

ჩვენც იმავე ამოცანების წინაშე ვდგავართ, რის წინაშეც იდგნენ წმ.მამები .


აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ინტერვიუს, ვინჩესტერის ( დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის თეოლოგთან , მღვდელ ანდრეა ანდრეაპოლუსთან .  საუბარი ეხება ,, კონსესუს პატრუმს" და წმ.მამათა გააზრებას თანამედროვეობაში, ასევე განიხილება პროტოპრესვიტერ გიორგი  ფლოროვსკის შემუშავებული ფორმულა ,, წინ მამებისკენ" საუბარი ჩაიწერა 2019 წლის 29 აგვისტოს. თან ერთვის აღნიშნულ თარგმანს ორიგინალიც აუდიოს სახით .

დასავლეთსა და თანამედროვე მართლმადიდებლობაში არის ასეთი ცნება - consensus patrum“ (მამათა ურთიერთთანხმობა). ამ ფორმულას ხშირად იყენებენ თანამედროვე თემებზე პოლემიკისას, როგორც თვითკმარ არგუმენტს ნებისმიერი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და გამოსახატავად.  თუ ვინმე დარმწუნებულია, რომ მისი პოზიციას ამყარებს „მამათა ურთიერთშეთანხმება“, მაშინ ასეთი ადამიანი თავისთავად მართლად ითვლება. თქვენ რა შეგიძლიათ, ამის შესახებ რომ თქვათ? „მამათა ურთიერთთანბხმობა“ მითია თუ რეალობა?

გიპასუხებთ - თან ჰოს, თან არას. მაგრამ, პირველ რიგში ვისურვებდი, რომ გარკვეული დეტალები დამეზუსტებინა. კათოლიკები და მართლმადიდებლები, მეტადრე, ეს უკანასკლნელნი, ძალზედ სერიოზულად უდგებიან წმინდა მამების მემკვიდრეობას. და იმდენად სერიოზულად, რომ ჩვენ ვმსჯელობთ მაქსიმე აღმსარებელზე, გრიგოლ ნოსელზე, გრიგორ პალამაზე (და მისთ.) და მათ „მამებს“ ვუწოდებთ, მაშინ როცა ეს ტერმინი დიდად არ შეეფერება ცოცხალ ადამიანთ, რომლებთანაც ვურთიერთობთ და თანავმოქმედებთ. ჩვენ მათ მიერ დაწერილსა და ნათქვამს იმდენ სერიოზულად ვიღებთ, რომ, თითქოს, საუბარი ეხებოდეს ჩვენს თანამედროვე ღვთისმეტყველებსა და იერარქებს. ჩვენთვის ეს მიღებულია და ამ თვალსაზრისით, არ შეგვიძლია, თან ვუარყოთ და თან უგულებელვყოთ მამათა შემოქმედება. ვმსჯელობთ რა თეოლოგიურად, შეგვიძლია ვიდაოთ კათოლიკებთან, რომლებიც ცდილობენ დაეყრდნონ პაპიზმს; შეგვიძლია ვიკამათოთ პროტესტანტთანაც (არ ვსაუბრობ ყველა პროტესტანტზე,  მათ ხომ მრავალი განსხვავებული მიმდინარეობა აქვთ), რომლებიც წმინდა წერილს აბსოლუტურ ავტორიტეტს მიაწერენ. მაგრამ,  ცოცხალი მართლმადიდებლური გადმოცემისთვის არ არსებობს უფრო დიდი ავტორიტეტი, ვიდრე თავად იესო ქრისტე, რომელთან ურთიერთობის გამოცდილებაც შეიძინება და მოიპოვება ეკლესიაში, საეკლესიო კრებულში. შესაბამისად, თუ ჩვენ ვენდობით ბიბლიას, ჩვენს იერარქიას და ეკლესიის მთელ სისავსეს, ყოველივეს, რაც ეკლესიის მამების მიერ იქნა დაწერილი და ნათქავამი, მაშინ ჩვენთვის, ეკლესიაში ცოცხალ გარდამოცემაზე დიდი ავტორიტეტი არ ასებობს. სწორედ ეს გვაძლევს, როგორც (როგორც უკვე ვთქვი) მამებთან კავშირისა და ურთიერთობის, ისე იმის უფლებასაც, რომ, [გარკვეულ საკითხებში], მათ არ დავეთანხმოთ. რამეთუ, თუკი წმინდა გრიგოლ ნოსელი რაიმეს წერდა IV საუკუნეში, როგორც თავისი დროის ადამიანი, რომელიც იცნობდა თავისი ეპოქის მეცნირებას, დიდი ალბათობაა, რომ ახლა - როდესაც თვალწინ გავქვს მეცნიერების მიღწევები და ცოდნა თანამედროვე სამყაროს შესახებ - მას აღარ მიემართა იმ ფორმულირებისათვის, რაც მის ეპოქას ერგებოდა, და მოეცა ისეთი სახის ფორმულირება, რაც თანამედროვე მეცნიერულ აღმოჩენებს შესაბამებოდა. წმ. მამებს სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ქონდათ ერთმანეთთან . აწ უკვე ნახსენები წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომელიც მრავალ მამას აღემატებოდა ფილოსოფიის ცოდნაში, ამის საუკეთესო მაგალითია. XV ს.-ში, ფერარა-ფლორენციის კრებაზე,  კათოლიკე თეოლოგები იმოწმებდნენ გარკვეულ ციტატებსა და პასაჟებს წმ. გრიგოლ ნოსელის ნაშრომებიდან, რათა განსაწმენდელის (სალხინებელი/ პურგატორიუმი, - მ. მ) შესახებ თავიანთი სწავლება დაეცვათ. მაშინ წმინდა მარკოზ ეფესელმა დაადასტურა, რომ საუბარი ეხებოდა წმინდა გრიგოლ ნოსელის, მართლაც, ავთენტურ  თხზულებებს,  და ჩვენ დღესაც ასე ვთვლით, თუმცა, ამავდროულად, ახლაც და ძველადაც მართლმადიდებლები თვლიან, რომ წმ. გრიგოლ ნოსელი აღნიშნულ საკითზე მსჯელობისას ცდებოდა. შესაძლებლობა იმისა, რომ ამგვარად ვიფიქროთ, ჩვენი ტრადიციის ნაწილია. „მამათა ურთიერთთანხმობა“? - კი, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით მამებს, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ჩვენეული თავისუფლებაც, რამეთუ მამები ცოცხალი თანამოსაუბრეები არიან.

გმადლობთ. თქვენ ახსენეთ [წმინდა] გარდამოცემა. მართლმადიდებლობაში ჩვენ ხშირად განვასხვავებთ გარდამოცემას (დიდი ასოთი) და გადმოცემებს. რა არის, რას ნიშნავს გარდამოცემა თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის? ეს არის წესებისა და კანონების კრებული, მუზეუმი, რომლის ექსპონატებსაც შეიძლება აღტაცებით უყურო, მაგრამ, ამავე დროს, ისინი რჩებოდნენ სამუზეუმო რელიქვიებად? თუ იგი ცოცხალი მოვლენაა?  მაგრამ იქ, სადაც არის სიცოცხლე, არის ცვლილებაც და, თუ რამე ცვლილებას ექვემდებარება, განა შეიძლება ეს გარდამოცემად იწოდებოდეს?

ა. ა : მე ამგვარად ავხსნიდი ამას: ვნახოთ ბავშის ახალგაზრდა ორგანიზმი. ბავშვს სჭირდება აღზმრდელი, ის, ვინც ახსწავლის, დაიცავს და დაეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში. გარდამოცემა  არ შეიძლება დაიყვანებოდეს აკრძალვათა ნაკრებამდე, არამედ მან უნდა შთაგვაგონოს მეტი განვითარების შესახებ. თუ ჩვენ, პირველწყაროს, ანუ სახარებისეულ სიტყვას მივმართავთ, მაშინ დავინახავთ, რომ ეს უწყება თანამედროვე თეოლოგებამდე წმინდა მამების მემკვიდრეობის მეშვეობით მოდის. ის შედგება ურთიერთწინააღმდეგობრივი პარადიგმისაგან, რაცაა მადლი და კანონი. იესო ქრისტე სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგება „რჯულის ასოს“, რომ აღასრულოს რჯულის დანიშნულება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საეკლესიო სამართალი აზრსაა მოკლებული და მას არ შეუძლია რაიმეს მოცემა ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მის მიღმა დგას  რაღაც ღრმა და მნიშვნელოვანი ბრმად არ უნდა მივყვეთ ამა თუ იმ გადმოცემას.

მე ვახსენე საეკლესიო სამართალი. მასში შესაძლოა აშკარა მაგალითები მოიძებნოს საეკლესიო გარდამოცემის ბოროტად გამოყენებისა. მაგრამ სწორედ მასშივეა შხამსაწინააღმდეგო საშულებანი. როგორც მღვდელი და ღვთისმეტყველი, ვისურვებდი აღმენიშნა, რომ ბოლო დროს (მხედველობაში მაქვს ბოლო ორი საკუნე) ჩვენ ძლიერ მივიდრიკეთ იურიდიზმისაკენ და, მიუხედავად იმისა, რომ მავანი მართლმადიდებლები კათოლიკეებს და პროტესტანტებს ბრალს სდებენ იურიდიზმში (სამართლიანადაც, - მ. მ.), ჩვენთანაც, აღმოსავლეთში, თეოლოგიასთან მიმართებით, ნაწილობრივ, შეინიშნება იურიდიული ცნობიერების არსებობა. საინტერესოა, რომ როდესაც საეკლესიო კანონები ყალიბდებოდა, მაგ., ტრულის კრების კანონები, ან მოგვიანებით, „პიდალიონი“ (ბერძნული კანონთა კრებული) - მათ სადასწყისში ან დასასრულს მუდამ თან ერთვოდა შენიშვნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გაგებული კანონიკური პრინციპები. ეს ასე ხდებოდა იმიტომ, რომ კანონები - ეს ზოგადი მითითებებია, რომლებიც განკუთვნილია ეპისკოპოსებისათვის, ან სულიერი მოძღვრებისათვის, და ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს მათი (ეპისკოპოსთა და მოძღვართა) განჯისამებრ. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გადაიქცა სტრუქტურად, სადაც წარმმართველი არის კანონები, წესები და განაწესები, მაშინ თანდათან რთულდება ქრისტეს ეკლესიის მასში დანახვა. ის უფრო ემსგავსება იუდაურ ტრადიციას, რომლსაც, თავის დროზე, ქრისტიანობა განშორდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული მსგავსება. ბრძოლა ამ ორ ვექტორს შორის მიმდინარეობს ეკლესიის დაარსების პირველივე დღიდანვე, რომელიც ერთდროულად არსებობს, როგორც ამ სამყაროში, ისე მიღმიერში. ამ ბრძოლაში მონაწილეობს როგორც ხილული გარდამოცემა, ასევე, ერთგვარი, „სული გარდამოცემისა“, რომელიც გვეხმარება, უკეთ გავიგოთ მისი არსი.

გმადლობთ, ასეთი ღრმა პასუხისათვის. მე-20 საუკუნე, ერთგვარი გაგებით, მართლმადიდებლობის საუკუნე გახლდათ (მთელს მსოფლიოში). მე-20 საუკუნის მართლმადიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო იმის წარმოშობა, რასაც, თეოლოგიურ და ფართო წრეებში, ნეოპატრისტიკული სინთეზი ეწოდება. ეს განმარტება შემოგვთავაზა პროტოპრესვიტერმა გიორგი ფლოროვსკიმ. ამ მოძრაობის ლოზუნგი იყო: „წინ, მამებისკენ“. მაგრამ ასეთი მიდგომით, შესაძლოა, პატრისტიკული თხზულებები ისეთივე გახდეს, როგორც პროტესტანტებისათვის - ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთისთვის - ბიბლიაა. ძველი და ახალი აღთქმის გარდა, ჩვენ ვიღებთ, ასე ვთქვათ, „უახლეს აღთქმას“ - წმინდა მამათა შრომებს. კარგია თუ არა „წინ, მამებისკენ“ სვლა?

ა. ა :  ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ პრობლემის არსი. ფლოროვკსის ლოზუნგი „წინ მამებისკენ“ კარგი მიმართულებაა. ჩვენ იშვიათად ვხვდებით ისეთ პრობლემებს, რომლებიც არ იქნებოდა წმ. მამებისთვისაც ცნობილი. თქვენ, ასევე, საინტერესოდ შენიშნეთ ძველი აღთქმის, ახალი აღთქმისა და წმინდა მამების შემოქმედებით კორპუსზე, როგორც უწყების ხელმძღვანელობისა და ავტორიტეტის წყაროებზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აღმოსავლელ მამებს (გარკვუელი გამონაკლისების გარდა, და აქაც თავისი მიზეზებია) არასოდეს უცდიათ თეოლოგიური სისტემის შექმნა. იოანე დამასკელმა შექმნა მსგავსი რამ, მაგრამ ეს არ იყო თეოლოგიური სისტემის ის მოდელი, როგორიც, მაგალითად, შექმნა თომა აქვინელმა (ამაზე საუბრობს პროტოპრესვიტერი იოანე რომანიდისი, რომ, ესე იგი, მართლმადიდებლობაში არსებობს მხოლოდ ერთი წმინდა გარდამოცემა, რაც არ იყოფა, ხოლო დასავლურ თეოლოგიაში სხვადასხვა თეოლოგიური სისტემებია, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, მ. მ.). დამასკელს მხოლოდ სურდა, უფრო ნათლად წარმოეჩინა  ქრისტიანობის ისტორიის გარკვეული ასპექტები, ეს იმ დროს, როცა ქრისტიანები ისლამის (ახალი რელიგიის) გამოწვევის წინაშე დგანან. ამრიგად, თუ უცაბედად გავდაწყვეტთ, რომ წმ. მამები და მათი გარდამოცემა წარმოადგენს მწყობრ საღვთისმეტყველო სისტემას, მაშინ ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან დიდი და მოულოდნელი პარადოქსისა თუ გაუგებრობების წინაშე. მიზეზი ამისა კი არის ის, რომ მამების მიზანი არ ყოფილა, რომ (სისტემის მაგვარი), განურჩევლად, ყველასთვის, ეწერათ. ამიტომ, დიახ, ჩვენ მივმართავთ წმინდა მამებს, ვისწრაფით „წინ, მამებისკენ“, მაგრამ, ამავე დროს, მათ შემოქმედებაში მოულოდნელად აღმოვაჩენთ „ლიბერალიზმს“ (ამ სიტყვას ბრჭყალებში ვსვამთ). საქმე იმაშია, თუ რამდენად სწორად ვკითხულობთ მამებს, თუ როგორ გვესმის ისინი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წმ. მამები იყვნენ თავისი ეპოქისა და დროის ადამიანები და წერდნენ იმ კონკრეტული ეპოქალური კონტექსტიდან გამომდინარე, როცა ცხადად იდგა თეოლოგიურ, პასტორალურ და ფილოსოფიურ პრობლემათა მოგვარების აუცილებლობანი. მაგრამ თუ საუბარი შეეხება ჩვენს თანამედრობვეობას, უნდა გვესმოდეს, რომ პატრისტიკული აზროვნების გაგებისა  და გააზრების ერთადერთი გზა არის მისი სრული სიღრმის წვდომის მცდელობა და არა მხოლოდ ქაღალდზე დაწერილის წაკითხვა. ჩვენ მართლმადიდებლებმა,  იგივე შეგვიძლია ვთქვათ ბიბლიაზეც. ბიბლია, მართლმადიდებლური თვალსაზრისით, როდია დივანზე და სავარძელში ჯდომით შესასწავლად განკუთვნილი, არამედ მისი სიტყვები ღვთისმსახურების კონტექსტში უნდა ჟღერდეს.

სწორედ, ასე ვუდგებით ჩვენ წმინდა წერილს და, შესაბამისად, ამგვარ გამოცდილებას ვიღებთ მისგან. თუ სხვანაირად მივუდგებით ბიბლიას და წმინდა მამებს, მაშინ ჩვენ შევქმნით მეთოდოლოგიურ პრობლემას. იმისთვის, რომ ჩემს სტუდენტებს ავუხსნა პატრისტიკულ ტრადიციებთან ურთიერთობის პრინციპები, მივმართავ ხოლმე რომეოსა და ჯულიეტას მაგალითს. წარმოიდგინეთ, როგორ გავიგებდით პიესას,  თუ არ გვეცოდინებოდა,  რომ ეს არის პიესა და, რომ ის შექმნილია  სპექტაკლისთვის, სცენაზე დასადგმელად?

შესანიშნავი და ზუსტი შედარებაა! პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის რევოლუციის დროს მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი დასავლეთში ემიგრირდა. შესაძლოა, ეს არც ისე მოულოდნელი მოვლენა იყო მაშინ, მაგრამ ბევრი დასავლელი მოხიბლული და გატაცებული იყო იმ მართლმადიდებლობით, რომელსაც ემიგრანტები აღმსარებლობდნენ . შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მართლმადიდებლობა ემიგრანტებს საკუთარ წარსულთან აკავშირებდა. მათ ალბათ დასავლეთში ყოფნისას უფრო მეტად შეუყვარდათ მართლმადიდებლობა, ვიდრე იმ შემთხვევაში ეყვარებოდათ, თუ თავიანთ სამშბლოში დარჩებოდნენ . და აი, დასავლეთის ხალხმაც დაიწყო მართლმადიდებლობის შეწყნარება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძნელი იყო მისი მიღება მართლმადიდებელი ერების კულტურებისგან განცალკევებით და გვერდის ავლით. ჩვენთან, აღმოსალეთში ხშირად საზღვრები რწმენასა და კულტურას შორის წაშლილია, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. არაბიზანტიური მართლმადიდებლობა - მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ამგვარი რამ? ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკაში ხდება ასე, მაგრამ მე შემდეგნაირად დავსვამდი კითხვას: შეგვიძლია კი ვისაუბროთ ღმერთზე ისე, რომ ზურგს უკან არ გვეგულებოდეს ბიზანტიური წარსული, არ ვიყენებდეთ ჩვენს ფილოსოფიურ და თეოლოგიურ ტერმინებს და არ მივმართოთ ტრადიციებს? შესაძლებელია თუ არა, ასე ვთქვათ, არაქალკედონური (არ ვგულისხმობ წინაქალკედონურს, როგორც ეს სომხური ეკლესიის შემთხვევაშია), ანუ მეტაქალკედონური  მართლმადიდებლობა?

ა. ა: თქვენ საინტერესოდ დასვით კითხვა, დაუკავშირეთ რა ის აღმოსავლურ ტენდენციას, ანუ  ძირითადად ХХ საუკუნის ევროპის რუსულ ემიგრაციაში გაჩენილ რელიგიურ ფილოსოფიას. რა თქმა უნდა, ეს კონცეფცია მოიცავს ბევრ განსხვავებულ მოაზროვნეს, ბულგაკოვიდან და ლოსკიდან მოყოლებული, ფლოროვსკის ჩათვლით, ასევე  მათ, რომლებიც ამერიკაში ემიგრირდნენ,  შმემანი და მეიენდორფი. რატომ არის ისინი ასე მნიშვნელოვანნი რუსებისთვის და სხვა მართლმადიდებლებისთვის? ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რაც თქვენ, თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილში თქვით. ეს ადამიანები იყვნენ არა მხოლოდ ემიგრანტები, რომლებმაც ჩამოიტანეს თავიანთი კულტურა, არამედ იყვნენ, ასევე, ინტელექტუალები, რომლებიც ინტერესდებოდნენ დასავლეთ ევროპელებთან და ამერიკელებთან სიღრმისეული  საუბრებით. მაგრამ ეს იმას ნიშავს, რომ მათ მოუწიათ ისეთი ამოცანის წინაშე დადგომა, რაც უცხო იყო მართლმადიდებელთათვის მრავალი ასწლეულის განმავლობაში, კერძოდ - საკუთარი ტრადიციის ისე ფორმულირება (ახლებურად), რომ მსმენელისათვის არ ყოფილიყო უაზრო და ინტერესს მოკლებული. ამგვარი საკითხის გადაჭრისას, ადამიანი უთუოდ იწყებს საკუთარი ტრადიციის უკეთ გაგებას და უფრო სიღრმეებში წვდომას. საერთო ჯამში,რაც ХХ საუკუნის რუსმა ემიგრანტებმა მოახერხეს, აღმოჩნდა სასარგებლო მართლმადიდებლობისთვისაც და არაეკლესიური საზოგადოებისთვისაც. ჩვენ მათთან მუდამ ვალში ვიქნებით. საქმე, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს, დღეს გრძელდება და ფართოვდება.

მაგრამ, თუ დაფიქრდებით, ამოცანა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ,  ХХ საუკუნის დასაწყისამდე ბევრად ადრე იდგა. თუ ჩვენ, რუსები, ბერძნები, არაბები, ბულგარელები და სხვა მართლმადიდებლური ერები, შევეცდებით, გავიხსენოთ მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობის მაგალითები, მაშინ პირველი, რაც ამაზე მახსენდება, არის ათონის მთა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ XIII საუკუნემდე ათონზე არსებობდა ლათინური თემი, ამალფიონის ბენედიქტელების მონასტერი. ისინი იქ ლათინურად მსახურობდნენ, ცხოვრობდნენ გვერდიგვერდ ბერძენ, რუს, ბულგარელ და სხვა მართლმადიდებელ მონაზვნებთან და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს არავის აწუხებდა. და თუ მე და თქვენ ამაზე ვისაუბრებდით იმ დროში და თქვენ შემეკითხებოდით, შესაძლებელია თუ არა, რომ სხვადასხვა ტრადიციის ქრისტიანები ერთად ლოცულობდნენ და აღიარებდნენ ერთმანეთის რელიგიურ კულტირას,  მე გიპასუხებდით: „რა თქმა უნდა შესაძლებელია და ამის მაგალითი თვალწინ გვაქვს“. ამ შემთხვევაში მართლზომიერი იქნება დაისვას შემდეგი კითხვა: რატომ შეიცვალა ეს ყოველივე? ეს მოხდა IV ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ. მაშინ ყველაფერი საკმაოდ რთულად იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჯვაროსნებმა დაიკავეს კონსტანტინეპოლი. ამის შემდეგ აღმოსავლეთში აღარავის შეეძლო დასავლეთისადმი ნდობით განწყობა. ეს არის პოლიტიკა. მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენ ვიპოვით გზას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ნდობის აღსადგენად? ეს კიდევ ერთი რთული, მაგრამ საინტერესო ამოცანაა. შევძლებთ თუ არა, ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებიდან გამომდინარე, დავიწყოთ მნიშვნელოვანი დიალოგი დასავლელ ქრისტიანებთან, წინა ქალკედონურ ეკლესიებთან, სხვა ქრისტიანული ტრადიციების წარმომადგენლებთან? დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დღეს  ჩვენი ამოცანა. მართლმადიდებელთა ყოველი ახალი თაობის ამოცანაა: ახლებურად გაიაზროს და შესაბამისი ფორმულირება მისცეს ჩვენდამი მონდობილ გარდამოცემას, რასაც წარმოადგენს - ბიბლიური, სამოციქულო და წმ. მამებისეული გარდამოცემა. ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ტრადიცია, გარდამოცემა ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ „ჩვენისთვის“, არამედ მის გარეთ მყოფთათვისაც. ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ ტაძარში, ვისაუბროთ წმინდა მამებზე, ქრისტოლოგიაზე, ისიქაზმზე, და იმაზე, რაც ისედაც ნათელი და გასაგებია  მართლმადიდებელთათვის, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობთ იმაზე,  რომ  თუ ჩვენ  სხვა ადამიანებთან მივდივართ ქრისტიანობაზე სასაუბროდ, მაშინ  გავხდეთ მოციქულები, ამ სიტყვის ფართე გაგებით. ამ სიტყვის ფართო გაგებით. გახდე „ყველასათვის ყველა“. ეს არის მისიონერების გზა, როგორც წარსულში, ისე აწმყოში: წახვიდე უცხო გარემოში და მათ ეკლესიაში შეძენილი  ქრისტესთან მყოფობის გაოცდილება გაუზიარო. მაგრამ, ეს რომ გავაკეთოთ, საჭიროა, გავიგოთ და შევითვისოთ ამ გარემოს ენა.

მნიშვნელოვანია, თუ არა ეს მიდგომა შიდაქრისტიანულ კულტურულ კონტექსტში, კათოლიკებს, პროტესტანტებს, მართლმადიდებლებს შორის? ჩვენ ხომ საერთო საფუძვლები გვაქვს - ნიკეური, ქალკედონური. და ეს პატრისტიკული კონფერენცია ამის დასტურია. მაგრამ თუ ვსაუბრობთ, ე. წ., მოდერნულ,  ან თუნდაც პოსტმოდერნულ საზოგადოებაზე, მუშაობს კი ეს მიდგომა? შეუძლიათ ჩვენს მამებს რაიმე უთხრან  ამ საზოგადოებას?

ა. ა :  დიახ, ამ შემთხვევაში ამოცანა უფრო რთულია, მაგრამ სულიერი ჯილდოც უფრო დიდი იქნება. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ  მისიონერულ წარმატებას (ეს არის ყველაზე მცირე მოტივაცია, თუმცა მნიშვნელოვანი), არამედ პირველ რიგში იმას, რომ ეს სიტუაცია გვიბიძგებს საკუთარი ტრადიციის, ჩვენი რწმენის ღრმა გააზრებისკენ და წვდომისკენ, განცდისკენ. დღესდღეობით, ბევრს საუბრობენ პოსტქრისტიანულ სამყაროზე. მე ამას არ ვეთანხმები, არ მჯერა, რომ მსოფლიოში არსებობს საზოგადოება, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „პოსტქრისტიანული“. დიახ, შეიძლება აღინიშნოს არსებული მიჯნა და გაყოფა ქრისტიანობასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ რა არის ამაში ახალი? ეს ადრეც ბევრჯერ მომხდარა. რა არის იმისათვის საჭირო, რომ დიალოგში შევიდეთ ისეთ ადამიანთან, რომელიც ეკლესიის მიღმა იმყოფება, ან არ მიეკუთვნება ნიკეის ტრადიციას, ან ვინც სრულიადაც არ არის ქრისრტიანი? ჩვენი ამოცანა იქნება, რომ მას ავუხსნათ, ვინ არის იესო ქრისტე, რა არის ეკლესია და რაშია ღირებულება იმ სულიერი კავშრისა, რომელიც ეკლესიაში აღესრულება, რა არის ცხონება. და თუკი ჩვენ შევძლებთ ამის ფორმულირებას,  სასარგებლო იქნება არა მხოლოდ მისთვის, ვისთანაც დიალოგი გვაქვს, არამედ თავად ჩვენთვისაც. რამეთუ, სწორედ ამას აკეთებდნენ პირველი საუკნის ქრისტიანი მამებიც. მათ დაიწყეს დიალოგი თავიანთი დროის ფილოსოფიასთან, ადამიანებთან, რომლებისთვისაც სრულიად უცხო იყო ებრაული (იუდაური) ტრადიცია, მესიანური ტრადიცია, რომლებსაც არ ესმოდათ იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი, მისი განკაცება და აღდგომა. მაგრამ მამებმა აითვისეს ამ ხალხის ენა, ძალიან სწრაფად დაეუფლნენ ფილოსოფიურ კონცეპტუალურ აპარატს და დაიწყეს ამ ინსტრუმენტების გამოყენება იმის ასახსნელად, თუ რას ნიშნავდა, მაგალითად, ჰიპოსტასი ან სამება. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ სიტყვა „სამება“, სხვათა შორის, ადრე გამოიყენებოდა ინდუისტურ, ანდა ბერძნულ-რომაულ ტრადიციებში. ასე რომ, ჩვენი დღევანდელი სირთულეები, ზოგადად, იგივეა, რაც მამების დროს იყო. და ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ჩავიკეტოთ საკუთარ თავში და გარდამოცემის სიტყვა ისე გავიაზროთ და გავიმეორეთ, თითქოს ეს უკანასკნელი გაყინული და  მკვდარი რამ იყოს.

შეგიძლიათ, მოკლედ გადმოსცეთ ის მოლოდინები, რასაც ამ კფერენციისაგან ელით,  როგორც თქვენთვის, ისე, ეკლესიისთვის?

ა.ა : უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის საეკლესიო კონფერენცია. მას აორგანიზებენ და ატარებენ ისინი, ვისაც დასავლეთში, ჩვეულებრივ, უწოდებენ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს. ეს ხალხი სწავლობს პატრისტიკულ ტრადიციას ყველა შესაძლო თვალსაზრისით. არიან ანგლიკანები, კათოლიკები, მართლმადიდებლები და უბრალოდ არამორწმუნეები - ყველა.  ეს უკვე დიდი ხანია, რაც  გრძელდება. ეს არის მეთვრამეტე პატრისტიკული კონფერენცია და გრძელი გზა, რომლის სათავეებთან იდგნენ თავისი დროის ღვთისმეტყველები, რომლებიც, ასევე, იყვნენ ეკლესიის მწყემსები და მამები. დღეს კი, აქ ბევრი მღვდელი და ეპისკოპოსია. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ თეოლოგებივით, შეგვიძლია გავცვალოთ აზრები და ვისაუბროთ ერთმანეთთან. გარკვეული გაგებით, ეს არის ქრისტიანთაშორისი ურთიერთობის ძალიან ჯანსაღი ფორმა. ჩვენ აქ არ განვიხილავთ იურისდიქციებს, პოლიტიკას და მსგავს საკითხებს. ამიტომაც, ადამიანები თავს ძალიან თავისუფლად გრძნობენ. ხშირად, შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ უსმენენ კათოლიკები და ანგლიკანელები მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის სიტყვით გამომსვლას და - პირიქით. აქ არავინ მოელის იმას, რომ ვინმე თანამოსაუბრეს გადაიბირებს თავის სარწმუნოებაზე. ეს არის თავისუფალი კომუნიკაციის სივრცე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის საეკლესიო კონფერენცია. მაგრამ აქ ეკლესიის ხალხია! და თუ ისინი სხვა დროს შეხვდებიან საეკლესიო კრებაზე, იქ შემოიტანენ კომუნიკაციის სიმარტივეს, რაც მათ აქ, მეცნიერებს შორის შეიძინეს.


ტარგმანის ავტორი : მიქაელ მთაწმინდელი .


https://www.youtube.com/watch?v=kwT1bHkdkzE

среда, 21 июля 2021 г.

იერუსალემში ( მოსალოცად) წამსვლელთათვის

 წმ. გრიგოლ ნოსელი (IV ს.) : 


რადგანაც წერილობითად მეკითხები, საყვარელო, ჯეროვნად ჩავთვალე ყოველივეზე თანამიმდევრობით მეპასუხა. მათ, ვისაც ცხოვრების უმაღლესი წესისთვის მიუმართავთ, გამუდმებით უნდა იკითხონ სახარება რადგან, როგორც მრუდე საგნებს ასწორებენ სწორი საზომით, ასევე უნდა შევუფარდოთ ჩვენი მოქმედება სახარებისეულ სწავლებას, როგორც ჭეშმარიტ საზომს და ჩვენი ცხოვრება ღმრთისკენ მისით წარვმართოთ.


მაშ ასე, რადგანაც დაყუდებული და ბერული ცხოვრების ამრჩევთაგან ზოგიერთი ღვთისმოსავ საქმედ მიიჩნევს იერუსალემის იმ ადგილთა მონახულებას, სადაც მაცხოვარს თავისი ამქვეყნად ყოფნის განმავლობაში უცხოვრია, კარგი იქნებოდა ჩაეხედათ ამ ჭეშმარიტი საზომისთვის, და თუ ამას მცნებათა დაცვა მოითხოვდა, ეს საქმე უფლის ნაბრძანებივით აღესრულებინათ. ხოლო, თუკიღა არ არის უფლის მცნებებში ამგვარი რამ, მაშინ არ ვიცი, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ნამცნები იმის კეთება რაც გსურს და თანაც, კეთილის არჩევანში საკუთარი თავი დაყენებულიყო ჭეშმარიტების საზომად.

უფალმა თავის რჩეულებს ზეციური სასუფევლის დამკვიდრებისკენ მოუწოდა, მაგრამ იერუსალემში მოგზაურობა კეთილ საქმეთა რიგში არ დაუყენებია. მანვე გვაუწყა ნეტარებანი, მაგრამ არც მათ შორის მოუხსენებია ეს საქმე. აწ გონიერთ მართებთ განსჯა, რად უნდა ვეცადოთ იმის კეთებას, თუკი ის ვერც ნეტარების მომგვრელია და ვერც ცათა სასუფევლის მომნიჭებელი.

სასარგებლოც რომ იყოს ეს საქმე, ამ შემთხვევაშიც საქებარია როდია სრულყოფილთათვის მისთვის მოშურნება. მეტიც, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ვიხილავთ, რომ საზიანოც კი შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც მკაცრი ცხოვრება აურჩევია. აქედან, განსაკუთრებული მონდომების კი არა, უდიდესი სიფრთხილის საგანი უნდა იყოს იერუსალემში წასვლა, რათა ღვთისნიერად მცხოვრებმა არ განიცადოს რაიმე ვნება.

კი მაგრამ, რა არის საზიანო? - იკითხავს ვინმე. ღვთისმოშიში ცხოვრება ყველასთვის სავალდებულოა - მამაკაცთათვისაც და დედაკაცთათვისაც, - ღვთისმოშიში ცხოვრების განმასხვავებელი ნიშანი კი უბიწოებაა; ხოლო უბიწოება ყველაზე კარგად მშვიდი და განცალკევებული ცხოვრების წესშია დაცული, რათა ბუნება არ მშფოთვარებდეს დედაკაცთა ურთიერთობით მამაკაცებთან და მამაკაცთა ურთიერთობით დედაკაცებთან, რაკიღა ისინი საკუთარი უბიწოების დაცვისკენ ისწრაფვიან. არადა, მოგზაურობის დროს აუცილებლობით ირღვევა სიფრთხილე და სჯულიერება; განა უსაფრთხოა დედაკაცთათვის ასეთი შორ მანძილზე მოგზაურობა, თუ მას ვინმე თანამგზავრი არ ეყოლება? ფიზიკური უძლურების გამო, ის ვიღაცამ უნდა შესვას აყროლებულ პირუტყვზე და ჩამოსმის დროსაც საჭიროებს ხელის მიშველებას. ამიტომაც, რომ ასწიო და პირუტყვზე შესვა დედაკაცი, ამ სამსახურის გამწევი ან ვინმე ახლობელი უნდა გყავდეს ან კიდევ დაქირავებული მონა და ორივე შემთხვევაში თავიდან საყვედურს ვერ აიცილებს, რადგან უცნობს მიანდობს თავს თუ ნაცნობს, - მაინც ირღვევა კანონი უბიწოებისა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში, სასტუმროებსა და დუქნებში ჰყვავის გარყვნილება და ცოდვაში შთავარდნის მიზეზიც მეტია, როგორ არის შესაძლებელი კვამლით გარემოცულ ადამიანს თვალები არ აეწვას? როგორ შეიძლება გაიარო ადგილები, სადაც ირყვნება მზერა, გული და სმენა; სადაც ვნებები ბობოქრობენ და არ შეგაწუხოს ვნებამ? როგორ შეიძლება უვნებლად გაიარო ის ადგილები, სადაც ვნებათა ბობოქრობაა?

და რა კეთილდღეობას მიეწევა ის, ვინც მოინახულებს იმ ადგილებს, სადაც თითქოსდა უფალი სხეულებრივად მყოფობს, ჩვენგან კი განშორებულია? ან როგორც ზოგიერთ სჯერა, სულიწმიდის მადლი თითქოსდა უხვად იფრქვევა იერუსალიმელთა შორის, ჩვენთან კი ვერა? პირიქით, ღმრთის მყოფობაზე იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ვხედავთ, მაშინ ის უფრო უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი კაპადოკიელებს შორის უფროა, ვიდრე სხვა ადგილას, რადგან მარტო უფლის სადიდებელი საკურთხევლები რამდენი აქვთ! მთელს მსოფლიოში არ იქნება იმდენი საკურთხეველი, რამდენიც აქაა.

შემდეგ, იერუსალემში რომ მეტი მადლი იყოს, ვიდრე სხვაგან, ცოდვა როდი დაისადგურებთა იქ მცხოვრებთა შორის. არადა, არ არსებობს სიბილწის სახეობა, რომელსაც არ მისცემოდნენ იქ მცხოვრებნი; მათ შორის ფართოდ არის გავრცელებული მზაკვრობაც, მრუშობაც, ქურდობაც, კერპთმსახურებაც, მწამვლელობაც, შურიც და მკვლელობაც; ბოროტების ამ უკანასკნელ სახეობას იმენად გაუდგამს ფესვები მათ შორის, რომ არსად ისე ადვილად არ კლავენ ადამიანს, როგორც აქ; თანატომელნი, ბილწი შურითა და სიხარბით გამხეცებულნი ერთმანეთის სისხლს ეშურვიან.

ამრიგად, რითი დამიმტკიცებ, რომ იქ, სადაც ეს ყოველივე ხდება, მადლი უფრო მეტადაა ვიდრე სხვა ადგილას? მაგრამ ვიცი, რომ ზოგიერთი მაინც შემეკამათება. ერთნი ამბობენ: სხვას რომ შეაგონებ, საკუთარ თავს რად არ შეაგონებ და იერუსალემში რად დადიხარ? მაშ, მოისმინონ მათ ჩემი გამართლება. თქვენი ცხოვრების განმგებელის მიერ ბოძებული იმ მოვალეობის გამო, რომელშიაც დაწესებული ვარ და ვცხოვრობ, წმიდა საეკლესიო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც არაბეთის ეკლესიის კეთილმოწყობისთვის მოიწვიეს, იმ ადგილებში ყოფნამ მომიწია. ხოლო, რაკიღა არაბეთი იერუსალიმის მოსაზღვრე ქვეყანაა, იერუსალიმის წმიდა ეკლესიათა წინამძღვრებს შევპირდი მათთან მისვლას, რადგან იქ საკმაოდ არეული იყო საქმეები და შუამავალი სჭირდებოდათ. თანაც, კეთილმორწმუნე იმპერატორმა მიბოძა თავისი ეტლი, რითაც მგზავრობა გამიადვილა, ამიტომაც დაცული ვიყავი იმ განსაცდელებისგან სხვები რომ განიცდიან იერუსალიმში მოგზაურობისას. თანაც ეტლი ჩვენთვის იყო ეკლესიასავით და მონასტერივით, სადაც მთელი გზის განმავლობაში ერთად აღვუვლენდით ლოცვას უფალს და ვმარხულობდით.

ასე, რომ ნურავინ ცდუნდება ჩვენს გამო, არამედ უფრო უნდა დაიჯეროს ჩვენი ნათქვამი, რადგან ვაფრთხილებთ იმის შესახებ, რაც საკუთარი თვალით გვიხილავს. ის, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია ჩვენ იერუსალიმში ყოფნამდეც გვიღიარებია და ეს რწმენა მთელს დედამიწაზე სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა; ქალწულისგან უფლის განკაცება უფრო ადრე ვუწყოდით, ვიდრე მივიდოდით ბეთლემს და მიცვალებულთა აღდგომაც იმაზე ადრე ვირწმუნეთ, ვიდრე ვიხილეთ საფლავი უფლისა; ის, რომ ჭეშმარიტად იყო ქრისტეს ამაღლება, ზეითუნის მთის ხილვამდეც ვიცოდით. იერუსალემში მოგზაურობამ კი მხოლოდ ის სარგებლობა მოგვიტანა, რომ აღმოვაჩინეთ რა უფრო გვაქვს წმიდა სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ამიტომაც, უფლის მოშიშებო, აქებდით მას იმ ადგილებში, სადაც იმყოფებით. რადგან ადგილის შეცვლა როდი მიგვაახლებს უფალს. სადაც უნდა იყოთ, უფალი დამკვიდრდება თქვენთან თუკი სამკვიდრებელი თქვენი სულისა იმდენად წმიდა იქნება, რომ უფალს შეეძლება თქვენში დავანება, რათა თქვას: "და ვიქცეოდი მე თქუენ შორის, და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად" (ლევ. 26:12).

ხოლო თუ შინაგანი კაცი აღსავსეა მზაკვარებით, გოლგოთაზე ან ზეითუნის მთაზეც რომ ავიდეს, ან დადგეს უფლის საფლავთან - შორსაა ქრისტესგან მათ მსგავსად, ვისაც ჯერ ქრისტეს სარწმუნოებაც კი არ მიუღია. ასე, რომ საყვარელო, ურჩიე ძმებს კაპადოკიიდან პალესტინაში კი არ იმოგზაურონ უფალთან შესახვედრად, არამედ სხეულიდან იმოგზაურონ უფლისკენ.

ხოლო თუკი ვინმე ჩემი დარიგების სანაცვლოდ წინ დაგიდებს სიტყვებს უფლისა, რომელმაც ამცნო მოწაფეებს არ განშორებოდნენ იერუსალემს, გულისხმაყონ ნათქვამის აზრი. რადგან მაშინ სულიწმიდის მადლი და მისი ნიჭები ჯერ კიდევ არ აღთქმოდათ მოციქულებს, უფალმა მანამ უბრძანა მათ იერუსალემში დარჩენა, სანამ არ შეიმოსებოდნენ ზეგარდმო ძალით ღმრთისა.

მოციქულთათვის მაშინ ნათქვამს დღემდე რომ ძალა ჰქონდეს და დღემდე რომ იყოს საჭირო მისი აღსრულება, მაშინ სულიწმიდა თავის მადლს ცეცხლის სახით დაურიგებდა ყველას და ყოველი კაცისთვისაც სავალდებულო იქნებოდა იმ ადგილას ყოფნა, სადაც ასეთი ნიჭი მოიცემა. ხოლო თუკი სული სუნთქავს იქ, სადაც სურს, მაშინ ნებისმიერი მორწმუნე, ძალისაებრ მისი სარწმუნოებისა, ხდება მიმღები სულიწმიდის ნიჭებისა და არა იერუსალემში ყოფნის გამო.

вторник, 9 марта 2021 г.

ვინ იყვნენ ბუმბერაზები ანუ ,, ნეფილიმები"

 ,, როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" ( დაბ. 6: 1- 2) .

დაბადების ეს მუხლი,  ძალიან დიდ გაუგებრობას იწვევს არამხოლოდ მკითხველებში , არამედ განმმარტებლებშიც , რის გამოც არ არსებობს ერთი საერთო აზრი ამასთან დაკავშირებით.

მე შევეცდები მოკლედ და შეკუმშულად შემოგთავაზოთ ის აზრები, შეხედულებები და განმარტებები, რაც გამოთქმულა წმ.მამათა ,  იუდეველ რაბინთა ,  ქრისტიან თეოლოგთა და მისიონერთა მიერ.



ვინ არიან ეს  ,,ძენი ღმრთისანი“ , რომლებიც ქორწინდებოდნენ  ,,ადამიანთა ასულებზე „  და რომელთაგანაც იბადებოდნენ ბუმბერაზები ( ებრ : ‏נפילים‏‎ «დაცემულნი - ნეფილიმ») .ღვთისმეტყველთა და მეცნიერთა შეხედულებები ამ საკითხზე გაყოფილია .


ე რ თ ნ ი  - ემხრობიან იმ აზრს , რომ ,, ღვთის შვილები“ არიან ე.წ უცხოპლანეტელები , რომლებიც სხვა პლანეტიდან მოფრინდნენ და დაიწყეს ჩვენი პლანეტის ქალებზე დაქორწინება (ვერსია №1).

მ ე ო რ ე ნ ი  - კი , იზიარებენ თეოლოგ ხ.ს. ლეოპოლდის შეხედულებას ,  რომელიც ფიქრობდა ,  რომ ,,ღვთის შვილები“ სეითის შთამომავლები იყვნენ (დაბადება 4:25-5:32), რომლებიც ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
ლეოპოლდი წერდა : „ვინ არიან ‘’ღვთის შვილები“ ? ეჭვგარეშეა ,  რომ ისინი სეითის შთამომავლები არიან,  რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში , შორს ცხოვრობდნენ კაენის მოდგმისგან , მაგრამ მოგვიანებით მათ დაიწყეს ,,ადამიანთა ასულებზე“ დაქორწინება, რადგან ისინი შესახედავად ლამაზები იყვნენ.  ხოლო ე. წ. „ნეფილიმები“ ანუ ბუმბერაზები, ამგვარი ქორწინებისგან იყვნენ წარმომდგარნი.
როგორც ცნობილია, ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის მმართველნი, ხშირად უწოდებდნენ საკუთარ თავს ,,ღვთის ძეებს“ , რათა ხაზი გაესვათ თავიანთი ძალაუფლებისა და ზეაღმატებულებისთვის ქვეშევრდომთა წინაშე. ისინი იყვნენ  დიდი ადამიანები, დესპოტი მბრძანებლები, რომლებსაც მრავალი ცოლი ჰყავდათ. მათ შესახებ შემორჩა ცნობა ,  როგორც ,, ძველ, ძლიერ და დიდებულ ადამიანებზე“ (ვერსია№2) .

მ ე ს ა მ ე ნ ი - ჰენრი მორისის (მორწმუნე მეცნიერი) აზრს იზიარებენ და ამბობენ შემდეგს : ,, ეს გიგანტები (ბუმბერაზები) არიან დემონური ძალით შეპყრობილი კაცების და ქალების შვილები . სწორედ ამგვარი ქორწინებების შედეგად გაირყვნა მიწის მოსახლეობა იმ მასშტაბებამდე, რომ ბიბლიის თანახმად ,,უფალმა შეინანა, რომ შექმნა ადამიანი’’ (შესაქმე,  6:6).
ებრაული სიტყვა ,, נפילים- ნეფილიმ ‘’ ბუმბერაზთან ერთად ,,დაცემულსაც“ ნიშნავს , რაც ზუსტად აღწერს მათი სულიერი ,,მშობლების“ - დაცემული ანგელოზების ბუნებას’’ .  (Morris, The Defender's Bible) –( ვერსია  №3.)

მ ე ო თ ხ ე ნ ი - თვლიან , რომ  ,,ღვთის ძეებად “ იწოდებოდნენ მხოლოდ დაცემული ანგელოზები . იობის წიგნში ანგელოზებს ,, ღვთის ძეები“ ეწოდებათ  : ,,4 შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, 5 ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? 6 რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, 7 როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ?“ (იობი 38:4-7) - ვერსია №4.

ყველა ამ შეხედულების კარგად გაცნობისას , შეიძლება შემდეგი დასკვნების გაკეთება :  რამდენადაც ბიბლიის არც ერთ ადგილას არ არის თქმული იმის შესახებ ,  რომ ღმერთმა შექმნა უცხოპლანეტელები , ჩვენ ვალდებულნი ვართ , რომ (ობიექტურობისთვის) ვერსია  №1 ( ანუ ის, რომ თითქოს ,,ღვთის ძეები“ უცხოპლანეტელები იყვნენ) გამოვრიცხოთ.
ვერსია  №2-ც ასევე ვერ უძლებს კრიტიკას , რადგანაც, მიუხედავად იმისა , რომ სეითის მოდგმა ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ , ისინიც, როგორც სხვა ყველანი , ადამის მემკვიდრე ცოდვილი ადამიანები იყვნენ და ამიტომაც ,, ღვთის ძეთა“ ტიტულზე პრეტენზია ნაკლებად შეეძლოთ ჰქონოდათ. თუმცა კი ,  თუ ვივარაუდებთ ,  რომ ისინი იყვნენ იმდენად ღვთისმოშიშნი და კეთილკრძალულნი ,  რომ ფაქტობრივად არ სცოდავდნენ , მაშინ როგორ ავხსნათ მათი შთამომავლობის ამგვარი მორალური ხრწნა და დეგრადაცია ? ნუთუ მათ არ გადასცეს საკუთარ შთამომავლებს ცოდნა ღმერთის შესახებ და მისი სიყვარული ,  რომელსაც თავად ფლობდნენ ? შემდეგ ისიც უნდა აღინიშნოს , რომ, როგორც კაენის, ასევე სეითის შთამომავლებს ერთი საერთო პირველმშობელი მამა ჰყავდათ - ადამი . არსობრივად, ისინი ერთმანეთს ბიძაშვილებად ეკუთვნოდნენ . ხოლო რამდენადაც ცნობილია , ახლო ნათესავებს შორის ქორწინებებიდან, გიგანტები (ბუმბერაზები) არ იბადებიან . მუტაციებს შესაძლოა ჰქონდეთ ადგილი, მაგრამ მხოლოდ უარყოფითად და არავითარ შემთხვევაში, დადებითი სახით . და ბოლოს , ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის მმართველების შედარება ,  რომელიც თეოლოგმა ხ. ს. ლეოპოლდმა გააკეთა , ყოველგვარ განსჯას მოკლებულია . ერთია , თუ რას უწოდებდნენ ხსენებული მეფეები და ფარაონები თავის თავს და სრულიად სხვაა - განსაკუთრებული შთამომავლების ყოლის საკითხი . არ არსებობს არც ერთი მოწმობა და მტკიცებულება იმისა, რომ ეგვიპტელ ფარაონებს, რომლებიც ქორწინდებოდნენ თავიანთ ქვეშევრდომებზე , გიგანტები უჩნდებოდათ .
ვერსია  №3. არის რაღაც საინტერესო ამ ვერსიაში , მაგრამ ჰენრი მორისის მიხედვით ,  <<ნეფილიმები>>  იყვნენ დემონით შეპყრობილი ადამიანების შერწყმის შედეგად შობილნი . თუმცა ბიბლია კაცებს , ასეთ ქორწინებებში ,, ღვთის ძეებად“ მოიხსენებს ,  ხოლო ქალებს ,,ადამიანთა ასულებად ’’. ასეთი ლოგიკით შესაძლებელი იქნებოდა დაგვეშვა, რომ ქალები არ იყვნენ შეპყრობილნი იმ კაცების მსგავსად , რომლებიც მათზე ქორწინდებოდნენ . ეს პირველი შენიშვნა . მეორე - უფრო სერიოზული - მდგომარეობს იმაში , რომ სხეული სხეულია და მშობელთა სულიერ შეპყრობილობას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს შვილების ფიზიკურ ბუნებაზე . ეს იგივეა , რომ ვთქვათ :  ,, პეტრეს მამა ქურდი იყო , ამიტომ პეტრე გაიზარდა ორი მეტრის სიმაღლის და შეუძლია ასწიოს მძიმე გირებიო“. ხომ სასაცილოდ ჟღერს ამგვარი ლოგიკა? თუმცა, თუ ჩვენ ვიტყვით , რომ : ,, პეტრეს მამა ქურდი ჰყავდა და პეტრეც მამის კვალს გაჰყვა ‘’ , მაშინ ასეთი განცხადება არავისში გამოიწვევს გაკვირვებასა და დაცინვას . ზუსტად ამგვარადვე ,  მშობელთა შეპყრობილობა შეუძლებელია ასახულიყო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და შესაძლებლობებზე პირველი თაობის ბავშვებში . ასეთი რამ  სულიერ და მორალურ დონეზე სრულიად შესაძლებელი იყო , მაგრამ არა ფიზიკურზე .
ვერსია №4.
იობის წიგნის ბმულიდან ფრაგმენტი , სადაც ანგელოზები იწოდებიან ,,ღვთის ძეებად’’ და მნიშვნელობა სიტყვისა ,,ნეფილიმ“ - დაცემული - ემხრობა ვერსია №4 -ს . ერთადერთი წინააღმდეგობრივი რაც არის, ესაა იესო ქრისტეს სიტყვა მათეს სახარების 22:30 დან : ,, აღდგომისას არც განქორწინდებიან და არც ქორწინდებიან , არამედ როგორც ანგელოზები იმყოფებიან ზეცაში“ . ქრისტეს ამ სიტყვიდან შეგვიძლია დავასკვნათ ,  რომ ანგელოზებს არ შეუძლიათ  ქორწინება და სქესობრივი ურთიერთობა . თუმცა ამ ბიბლიური მუხლის მიკროსკოპულად განხილივსას ,შეგვიძლია შემდეგი დაკვირვება შემოგთავაზოთ :
1. იესო საუბრობდა ღვთის ანგელოზებზე და არა დაცემულ ანგელოზებზე (დემონებზე ) .
2. სიტყვა ეხებოდა ზეცაში( მომავალ) ცხოვრებას .
3. საუბარი  არ ეხებოდა ქორწინებას ანგელოზთა მსგავს არსებებსა და ადამიანთა შორის .
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ ,  რომ  შესაძლოა , დაცემული ანგელოზები , რომლებიც გამოძევებულნი იქნენ ზეციდან მიწაზე , ფლობდნენ უნიკალურ შესაძლებლობას  , რისი მეშვეობითაც შეეძლოთ მათ მიწიერ ქალებთან ქორწინებაში შესვლა იმ მიზანდასახულობით, რომ მოეხდინათ მიწიერი ცივილიზაციის საბოლოო მორალური გახრწნა და დეგრადაცია ( რაც მათ გამოუვიდათ კიდეც , დაბადება : 6:5 -ს მიხედვით ,, და დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა’’.)

  
ამის გარდა , ვერსია  №4 ყველაზე უკეთ გვიხსნის გიგანტების წარმოშობის პრობლემას . დიდი ალბათობით ,  მსგავსი ქორწინება - ,,შეჯვარებები ‘’ ორი ასეთი ურთიერთგვანსხვავებული ფიზიკური შემადგენლობის ორგანიზმის მქონე  არსებებს შორის , ხდებოდა მიზეზი დაბადებულიყვნენ არაჩვეულებრივი ბავშვები - ბუმბერაზები ,  რომლებიც ბიბლიაში ,, იმთავითვე დიდებულ ადამიანებად ‘’ იწოდებიან .
აღნიშნულ სტატიაში განხილული და შემოთავაზებულია ოთხი პირობითი თეორია . 
რომელ მათგანს მიემხრობით , არის თქვენი გადასაწყვეტი . ის თუ   როგორ იყო სინამდვილეში ეს ამბავი, გვეცოვ ჩვენს უფალს  იესო ქრისტეს . მანამ კი, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ და ვიმსჯელოთ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში.

ქვემოთ კი შემოგთავაზებთ ქრისტიანი წმ.მამების ცალკეულ გამონათქვამებს ამ კონკრეტულ პასაჟზე, ასევე იუდეველი რაბინებისა და სხვა ქრისტიანი თეოლოგების აზრებს.

წმ.კლიმენტი ალექსანდრიელი :
,, ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთმა ანგელოზთაგანმა დაკარგა კონტროლი საკუთარ სხეულებრივ გულისთქმაზე, რამაც განაპირობა მათი დაცემა მიწაზე" .

ორიგენე : ,, ღვთის ძეები"  არიან ადამიანთა სულები, რომლებიც არსებობდნენ ხორციელ დაბადებამდე, ხოლო ვინაიდან მათ ინებეს  ხორცში ჩასახლება, ისინი იქცნენ ,, ადამიანთა ასულებად".
როგორც ლ. უიკჰემი შენიშნავს  , ამგვარ განმარტებას ეთანხმებოდა დიდიმე ბრმაც ( ალექსანდრიელი).

„ღმერთმა ადამიანებზე და ცის ქვეშეთზე ზრუნვა ანგელოზებს დაავალა, რომელნიც მათთვის (ადამიანთათვის) გაამწესა.  თუმცა ანგელოზები, დაარღვიეს რა მათ ეს წესრიგი, ქალებთან აღრევით იძლიენ და შვეს შვილები (παίδας ετέκνωσαν), რომლებიც არიან, ეგრედ წოდებული, დემონები“.

[იუსტინე მარტვილი, II აპოლოგია, 5. ასევე, იხ.: ირინეოსი, სამოციქულო ქადაგების დამოწმება, 18].

„გიგანტთა სულები (Αι των γιγάντων ψυχαι), რომლებიც ქვეყნიერების (დედამიწის) სიახლოვეს დაძრწიან, არიან დემონები“.

[ათენაგორა, იგივე, 25.]


,, კითხვა 48. თუ ანგელოზები უსხეულონი არიან, მაშინ როგორ შეეძლოთ მათ ქალებთან სხეულებრივი კავშირის დამყარება,რის შედეგადაც თითქოს გიგანტები ( გოლიათები) გაჩნდნენ? და როგორ არიან ისინი წმინდანნი ადამიანთა მსგავსად, მაშინ როდესაც მათ ხორცი არ აქვთ შემოსილი? რამეთუ ღვთაებრივი წერილი ამბობს : ,, ღვთის შვილები შედიოდმემ ადამიანთა ასულებთან" ( შექმნ.6,4) და ამ კავშირია შედაგად , გარკველი სახით იშვნენ გოლიათები.  პასუხი : ანგრლოზები უსხეულონი არიამ ჩვენ სხეულთან შედარებით. ვინაიდან  მათი სხეული ( ანგელოზების) არის  როგორც ქარი ,  ცეცხლი ,  კვამლი  ჰაერი: მათი სხეული ჰაეროვანი და უხრწნელია და არ გააშნიათ სიმკვრივე .
არსებობს ზეციური და მიწიერი სხეული ( 1.კორ. 15, 40) -  ბრძანა მოციქულმა. შეცდომა და დიდი სისულელეა იმის ფიქრი, რომ ანგელოზებს შეუძლიათ ქალებთან შეერთება, როგორც ფიქრობენ, რომ თითქოს ეშმაკები ქალებთან ეცემიან მრუშობის ცოდვით : მათ ( დემონებმა) დაკარგეს არა ბუნება, არამედ მდგომარეობა, მათ დაკარგეს არა დიდებულება, არამედ კადნიერება ღვთის წინაშე, იყვნემ რა( დაცემის შედეგად მ.მ)  განშორებულნი და განგდებულნი ნერატი მდგომარეობიდან.
ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს ანგელოზები არიან, მაგრამ არ არის ასე.. აქ ანგელოზებზე არ საუბრობს ღვთაებრივი წერილი. ნათქვამია : ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანთა ასულებთან, ხოლო ანგელოზები არსად არ იწოდებიან ღვთის შვილებად * , მაგრამ ხსენებულ ,, ადამიანთა ასულებთან" ცოდვით ეცემოდნენ და იბილწებიდნენ სეითისა და ენოსის შვილები, რადგანაც იმ დრკს სეთი და ენოსი იწოდებოდნენ ღმერთებად, იმიტომ რომ მაშინ დაიწყეს ღვთის სახელის მოხმმობა , - ამბონს წერილი ( შესაქმ. 4, 26) . და მოსესაც უთხრა ღმერთმა : ,, მე შენ ფარაონის ღმერთად დაგაყენე ( გამოს.7,1)  და ღვთაებრივ მსაჯულებზეც თქვა : 《 ნუ ეტყვი ბოროტს ნურც ღმერთებს , ნურც შენი ერის მმართველებს 》( გამოსვ.22 , 28) და ამგვარად, სეითისა და ენოსის ძენი ღმერთებად იწოდებიან.

ისინი თავშეუკავებლობით ცდუნდნენ, შევიდნენ რა კაენის ასულებთან და მათი ბილწი შეჯვარების შედეგად დაიბადნენ - გიგანტები,რომლებიც იყვნენ ძალიან ძლიერნი იმის გამო, რომ მათი ნაწილობრივი საწყისი  კეთილიიყო , ხოლო ნაწილობრივ მანკიერი( კაენის გამო) .
ან როგორ შეეძლოთ ასულებს ანგელოზებთან ხორციელ კავშირში შესვლა მაშინ, როდესაც თვით დიდი მოღვაწე მამებიც კი ვერ უძლებდნენ მათი საშინელი სახეების ხილვას? წინასწარმეტყველი დანიელმა ვერ გაუძლო მთავარანგელოზ გაბრიელის სახის ხილვას და იმავ წამს დაეცა მიწაზე და იტანჯებოდა , სურდა რა შიშისაგან მომკვდარიყო.( დანიელი. 8, 17- 18) . და ზაქარიამაც იხილა რა საკურთხეველში გაბრიელ მთ.ანგელოზი შიშისაგან ხმა ჩაუვარდა და იოანე წინამორბედის შობამდე ვერ საუბრობდა, არამედ მხოლოდ მიᲜიშნებებით საუბრობდა ( ლუკ.1, 20- 22) . და როდესაც მენელსაცხებლე დედები მიიჩქროდნენ მაცხოვრის საფლავისკენ მათ იქ ანგელოზები იხილეს და შიშით ავსებულნი, ვერ მოუთხრეს მოციქულებს ის, რაც მათ ქონდათ ნაბრძანები ( ანგელოზებისგან) რადგან ისინი მოცულნი იყვნენ შიშისაგან და მათ ვერავის ვერაფერი უთხრეს ..( მარკ.16,8) . და თუ ანგელოზთა გამოცხადებას ვერ უძლებდნენ დიდი ადამიანები, მაშ როგორ შეძლებდნენ სუსტი ასულები მათი ხილვისა და შეხების გაძლებას? ხის ტოტი ვერანაირად ვერ გაძლებს  ცეცხლში დაუწველად ყოფნას."
წმ.პაპ სილვესტრის კითხვა - მიგებანი წმ.ანტონი დიდთან.

პ.ს წმ.მამები , რომლებიც ზოგიერთი იუდეველი რაბინებისა და ქრისტიანი ეთიოპელი თეოლოგების თანახმად ფიქრობდნენ, რომ ,, ღვთის ძეებში"  მოიაზრებოდნენ ანგელოზები , იყვნენ:
წმ.იუსტინე ფილოსოფოსი, ირინეოს ლიონელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ათენაგორა ათენელი, ამბროსი მედიოლანელი, ტერტულიანე და სხვანი.

ხოლო , მომხრენი იმ აზრისა, რომ ,, ღვთის ძეებად" იწოდებიან სეითის ( შეთის) შთამომავლები, არიან :
წმ.იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური, თეოდორიტე კვირელი, კირილე იერუსალიმელი, იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვ). 

вторник, 22 декабря 2020 г.

ჩვილთა უასაკოდ გარდაცვალების შესახებ .

 

წინამდებარე სიტყვის ავტორია , თანამედროვეობის გამორჩეული ღვთისმეტყველი და საეკლესიო მოღვაწე , მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი . 

წმ. გრიგოლ ნისელის მცირე ზომის ნაშრომი „უასაკოდ მოწყვეტილ ჩვილთა შესახებ“, ანუ იმ ჩვილთა შესახებ, რომლებიც ისე გავიდნენ ამ სოფლიდან, რომ ვერ იგემეს სისრულე ხორციელი სიცოცხლისა (რომლისთვისაც იშვნენ), დაიწერა პასუხად კაპადოკიის მმართველ იერიოსისადმი, რომელმაც წმ. გრიგოლს ამგვარი კითხვით მიმართა: „რა უნდა ვიცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომელთა დაბადებას მყისიერი სიკვდილი მოჰყვება“?

ამ ნაშრომის წერისას, რამდენადაც ეს ამ თხზულებიდანვე ჩანს, წმინდა გრიგოლი უკვე მხცოვან ასაკშია. ის თავის თავს ბებერ ბედაურს უწოდებს, რომელიც იპოდრომის მიღმაა დარჩენილი. თუმცა იმისათვის, რომ კაპადოკიის მეთაური არ დატოვოს გაურკვევლობაში, იგი მას პირდება პასუხის გაცემას.

თავისი თხრობის დასაწყისში წმ. გრიგოლი ამაღლებული სიტყვებით ქებას ასხამს იერიოსს, უწოდებს რა „უბრძენეს მმართველს“ და „პატიოსან მეთაურს“. ამგვარი ქების შესხმა არ იყო მხოლოდ პატივისცემის გამოვლინება, არამედ, როგორც თხრობიდან ჩანს, კაპადოკიელი მეთაური ნამდვილად მრავალი კეთილი თვისებისა და ნიჭის მატარებელი ადამიანი იყო. გამომდიარე იქედან, რომ იგი იყო ღრმად  სულიერი ადამიანი, სრულიად გულგრილი იყო, იმ  სიმდიდრისა და პატივის მიმართ, რომელსაც თავად ფლობდა, ზრუნავდა მისდამი დაქვემდებარებულ ადამიანთა სულიერ მდგომარეობაზე, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა.

გარდა ყველა სხვა ნიჭებისა იერიოსს ქონდა მიდრეკილება ღვთაებრივ განგებულებაზე მსჯელობისა და მისი ჭვრეტისა. მას ვერ გაეგო ის, თუ რატომ არის, რომ ერთი ადამიანის სოცოცხლე გრძელდება ღრმა მოხუცებულობამდე მაშინ, როდესაც მეორე ადამიანისა მეყსეულად, დაბადებისთავანე წყდება. რაშია უასაკოდ გარდაცვალების საზრისი?

უნდა ვაღიაროთ, რომ წმ. გრიგოლ ნისელი შესანიშნავად ართმევს თავს ამ ადამიანური ყოფიერების ღრმა პარადოქსული საკითხის გადაჭრას. ამგვარად, ადამიანი დაბადებით შემოდის ამ ცხოვრებაში; იგი პირველად ჩაისუნთქავს, იწყებს ტირილს, ეს მოთქმა კი მისი ცხოვრების დასაწყისის მდგენელი ხდება და, აი, უცებ იგი კვდება.  კვდება მანამ, სანამ მისი ძარღვები და სახსრები მყარდება და ძლიერდება, კვდება სრულიად ნაზი და ფაფუკი სხეულით.  კვდება იმიტომ, რომ იგი, დაუცველი ჩვილი, დატოვეს ზრუნვის გარეშე, ან იმიტომ, რომ მოულოდნელად დაიხრჩო, ან კიდევ იმიტომ, რომ მასში რომელიმე დაავადებამ შეაღწია და მოუსწრაფა სიცოცხლე.

ამრიგად, უასაკოდ გარდაცვლილ ჩვილთა შესახებ ხშირად ისმის შემდეგი კითხვები: ისევე განიკითხებიან ამგვარად გარდაცვლილ ჩვილთა სულები, როგორც სხვათა, ზრდასრულ ადამიანთა? მიიღებენ თუ არა ისინი ამა თუ იმ მისაგებელს? იქნებიან ისინი ღვთაებრივი კურთხევის ნამით გაგრილებულნი, თუ განწმენდელი ცეცხლი მოედებათ მათ? ვინაიდან არსი პრობლემისა იმაშია, რომ გარდაცვლილმა ჩვილმა ჯერ კიდევ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო თავის ცხოვრებაში, ვერც სიკეთისა და ვერც ბოროტებისა. და იქ სადაც არ არის მოქმედება, იქ არც მისაგებელია. ვინაიდან ჩვილებს არ აქვთ ნებელობა, შესაბამისად, არც მოქმედება აქვთ და არც იმის საუძველი გვაქვს, რომ მივაკუთვნოთ იმას, რაზეც ჩვენ ვსასოებთ, როგორც სრულ ასაკს მიღწეულნი. თუკი, მიუხედავად ამისა, ჩვილები შევლენ ღვთის სასუფეველში, გამოდის, რომ ისინი უფრო, ე. წ., „მომგებიან“ მდგომარეობაში არიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრებისთვის  ხანგრძლივი მოღვაწეობა სჭირდებათ, რაც სავსეა ტანჯვით, შრომით, ოფლით, სისხლითა და განსაცდელებით. თუ ამგვარი აზრი მართებულია, მაშინ უკეთესი იქნება, რომ არავინ ცხოვრობდეს ხანგრძლივად (და ჩვილობისასვე გარდაიცვალოს, - მ. მ).

პრობლემის ამგვარი სახით წარმოჩენის შემდეგ წმ. გრიგოლ ნისელი თანმიმდევრობით მიდის პასუხამდე. იგი, რა თქმა უნდა, დასაწყისშივე აღმსარებლობს იმას, რომ ასეთი ღრმა კითხვები განეკუთვნება ღვთის გამოუკვლეველ განგებასა და ჩანაფიქრს, ამიტომაც, ხმობს მოციქულთან ერთად: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!“ (რომ. 11: 33). თუმცა იგი მაინც ცდილობს, გასცეს პასუხი ამ კითხვას, რამეთუ სწამს, რომ ღვთაებრივ მადლს შეუძლია მისი გონების განათლება. საჭიროა, ასევე, აღინიშნოს, რომ სიბნელის გარღვევის პროცესში, წმ. გრიგოლ ნოსელი თავისი აზრების გამყარებისათვის არ სარგებლობს რომელიმე მჭევრმეტყველური ხერხებით (რაც მას უხვად გააჩნდა, - მ. მ.), არამედ იგი, მხოლოდ და მხოლოდ, მიჰყვება  ლოგიკურ ჯაჭვს (აღნიშნულ საკითხზე)  დასკვნების გამოსატანად.


პირველი.

წმ. გრიგოლ ნისელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანური ბუნება ღვთისაგან მომდინარეობს ისევე, როგორც ყველა არსებისა; ადამიანსაც თავისი ყოფიერების მიზეზი ღმერთში აქვს და არა - საკუთარ თავში. და, თუკი ხელთუქმნელი ბუნება, რომელიც ღმერთს აქვს, ყოველგვარ დროისა და სივრცის გაგებას აღემატება, არც იზრდება, არც მცირდება და, რაღა თქმა უნდა, არც განისაზღვრება, ამის საპირისპიროდ, ადამიანის ქმნილი ბუნება არის ცვალებადი, ზრდადი და მოკლებადი, განდიდებადი და დაცემადი.

ადამიანის ბუნება რთულია, რამდენადად იგი შედგება სხვადასხვა სტიქიებისაგან -  გონიერისა  და გრძნობადისაგან. ადამიანის გონიერი ნაწილი ღვთის ბუნების მსგავსია. გარდა ამისა, იგი მიეკუთვნება ანგელოზურ ძალებსაც, რომლებიც ზემატერიალურ სივრცეში მყოფობენ, რომელიც მეტად  შეესატყვისება მათ უსხეულო ბუნებას. შემდეგ წმ. გრიგოლ ნისელი საუბრობს ანგელოზების სხეულზე, უწოდებს რა მათ „ზეციურს, სათუთს, მსუბუქს და უსწრაფესს“.

გრძნობითი (გრძნობისმიერი) ბუნება არ არის გონიერის (გონისმიერის) მსგავსი, ურო მეტიც,  გარკვეული აზრით, მისი საწინააღმდეგოც კია. ამიტომაც, ღმერთმა, ასე ვთქვათ, რათა არ განაცალკევოს მიწა და იგგი არ დატოვოს გონიერი საწყისის გარეშე, შექმნა ადამიანი, რომელშიც გაერთიანდა გონისმიერი და გრძნობისმიერი ბუნება; ანუ  ადამიანი, ეს არის ყოველი ქმნილების ერთობა, რომელიც შედგება ზეციურისგან და მიწიერისგან.


მეორე

ადამიანის შექმნის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის თვისობრივი (არსობრივიც, - მ. მ.) გონიერი საწყისის მეშვეობით ყველა ქმნილებაში იდიდებოდეს ღმერთი.  ხორციელი ცხოვრება, ვინაიდან არის რა მიწიერი (მატერიალური), მიწიერი საკვებითვე ინარჩუნებს არსებობას. მსგავსად ამისა, შეიძლება ითქვას ერთგვარ „გონებრივ საკვებზე“, რომლის წყალობითაც ნარჩუნდება ჩვენი სულიერი ბუნება. როგორც ხორციელი საკვები სხეულს სასიცოცხლო ძალებს სძენს, ზუსტად ასევე, გონიერ (გონისმიერ) ბუნებას სიცოცხლეს ანიჭებს ჭეშმარიტად არსებულთან (ღმერთთან) გაერთიანება. შესაბამისად, ცხოვრება, რომელიც ეძლევა გონისმიერ ბუნებას, არის - ღმერთთან ზიარება.

თითოეული საგნის აღქმისთვის არსებობს შესაბამისი ორგანო. მაგალითად, სინათლის ხილვის  ორგანოა თვალი და არა თითი, ან ადამიანის სხეულის სხვა ნაწილი. ღმერთთან ზიარებისთვისაც, ასევე, საჭიროა შესაბამისი ორგანო, ხოლო ზიარება, თავის მხრივ, შემოქმედის გამოცდილებით შეცნობას ნიშნავს იმ საზომით, რა საზომითაც სულს შეუძლია ამ შემეცნების დატევნა. ხოლო, ამის საპირისპიროდ, შეუმეცნებლობა და უცნობელობა ღმერთისა ბუნებრივი ნიშანია მასთან უზიარებლობისა.

ღმერთის შეუმეცნებლობასა და მისგან განშორებაში მდგომარეობს ადამიანის დაცემა. ეს კი ნამდვილი ბოროტებაა, რომლის განკურნებაც ნებავს უფალს ჩვენში. ხოლო განკურნება, თავის მხრივ, გულისხმობს ღვთაებრივ ცხოვრებასთან დაბრუნებას (მასთან გაერთიანების გზით, - მ. მ.). ამგვარად,  სიკეთედ შეიძლება ჩაითვალოს სულის გონიერი ნაწილის განკურნება. ვინც არ ისწრაფვის სახარებისეული სიტყვის საიდუმლოსკენ, ის განეშორება განკურნების შესაძლებლობას.

აქ, წმ. გრიგოლ ნისელი ხაზგასმით აღნიშნავს და, ჩემი აზრით, უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია იმას, რომ ღმერთთან ურთიერთობის შესაბამის ორგანოდ ითვლება სულის გონიერი ნაწილი (τό νοερό της ψυχής). ამის საშუალებით ადამიანი ეზიარება ღმერთს და მის ცოდნას იძენს, რაც მისთვის არის ჭეშმარიტი სიცოცხლე. მაგრამ, რამდენადაც ცოდვით დაცემამ განაპირობა ღვთაებრივი სიცოცხლისაგან განშორება, შედეგად კი, ღვთის უცნობელობა (და სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის მომწყვლელი სნეულება), იმდენადვე საჭიროა სულის გონიერი ნაწილის განკურნება, რათა მან (სულმა) კვლავ მოიპოვოს ღმერთთან ერთობა და იხილოს მისი ნათელი (ხელთუქმნელი ენერგია, მადლი, - მ. მ.).

ადამიანური ბუნება სწორედ იმიტომაც შექმნა უფალმა ასეთი, რათა ადამიანს ღვთის ცხოვრებაში თანამონაწილეობის სასოება ჰქონოდა და რათა ამისაკენ ესწრაფა. სწორედ ღმერთთან ერთობის მიღწევაა ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი. ამრიგად, ღვთაებრივი ცხოვრების დაგემოვნება, რაც ნიშნავს განღმრთობას, არის ადამიანის დანიშულების აღსრულება, მისი ბუნებრივი მდგომარეობა და არა - ღვთისმიერი ჯილდო, ან უბრალოდ მისაგებელი, ისევე, როგორც ღმერთთან უზიარებლობა არის არა სასჯელი,  არამედ ადამიანის სულისა და, ზოგადად, მთელი კაცობრიობის სნეულება.

უფრო მეტი სიცხადისათვის, წმ. გრიგოლ ნისელი თვალის მაგალითს მიმართავს: თვალის თვისება შეძლოს ხედვა საგნისა არის არა ჯილდო, არამედ მისი ბუნებრივი მდგომარეობა. ასევე, სიბრმავე, ეს არის არა დასჯის (სასჯელის) შედეგი, არამედ - სნეულება. მსგავსადვე, იმ ადამიანთათვის, რომლებმაც „განიწმინდეს სულის საგრძნობელნი“, ბუნებრივი და თვისობრივია (συμφυής καί οικεία) ღვთაებრივი ცხოვრების ნეტარება. მაგრამ იმათ, რომლებსაც სულიერი თვალნი უწმინდური აქვთ და იმყოფებიან ღმერთის უცნობელობაში (ვერ იმეცნებენ, - მ. მ.), რჩებიან მასთან ზიარებისა და ერთობის გარეშე, მისი ნეტარყოფიერების მიღმა და ეს არის არა სასჯელი, არამედ სულის გონიერი ნაწილის დაავადება, სნეულება.


მესამე

მესამე მომენტი კი ზემოთქმულიდან გამომდინარეობს. და ამგვარად, მომავალი სიკეთე, რაც არის ღვთაებრივი ცხოვრებით ნეტარება, თვისობრივია და ბუნებრივი კაცთა მოდგმისათვის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიკეთე ზოგ შემთხვევაში იწოდება „მისაგებელად“, იგი მაინც არაა მართლმსაჯულების საქმე, არამედ - ჯანმრთელი სულის ბუნებრივი მდგომარეობა. მხოლოდ ამ დებულების საფუძველზეა შესაძლებელი სწორი პასუხის გაცემა იმაზე, თუ როგორი სახით განისჯება და სად იქნება გამწესებული ჩვილის სული (სასუფეველში თუ ჯოჯოხეთში), რომელსაც ამ ცხოვრებაში არც ბოროტება ჩაუდენია და არც - სიკეთე. ამავე დროს, წმ. გრიგოლ ნისელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, საკუთრივ, ეს საკითხი იმგვარად არაა წარმოჭრილი, როგორც საჭიროა, რამეთუ საქმე ეხება არა მართლმსაჯულებას, არამედ, საკუთრივ, ადამიანის ბუნების მდგომარეობას - თუ რამდენად ჯანმრთელი, ან სნეულია იგი (კონკრეტულ მოცემულობაში).

ეს ნათელი ხდება შემდეგი მაგალითის მიხედვით.  დავუშვათ, რომ ორ ადამიანს ერთი და იგივე თვალი აქვს დასნეულებული. ერთი მათგანი იწყებს მკურნალობას და, მიუხედავად იმისა, რომ ამ მკურნალობის პროცესში ბევრი არასასმოვნო და მტკივნეული პროცედურის გავლა უწევს, მაინც მოთმინებით იღებს იმ ყოველივეს, რასაც მედიცინა განუწესებს. ხოლო მეორე მათგანი, არა თუ არ იღებს ექიმის რჩევას, არამედ სრული თავშეუკავებელი ცხოვრებით აგრძელებს საკუთარი თავის დასნეულებას.  შედეგად პირველი მათგანი კანონზომიერად დატკბება სინათლის ხილვით განკურნებული თვალის მეშვეობით, მეორე კი შებასამისი კანონზომიერებით მოაკლდება სინათლის ხილვას.

მაგრამ თუკი ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრების წესიდან გამომდინარე საკუთარ სულიერ თვალს ან კურნავს, ან სნეულებაში ტოვებს, ან ღმერთს ეზიარება, ან განეშრება მას, არის კანონზომიერი შედეგი მისი ცოხვრების წესისა, ჩვილის  შემთხვევაში სხვაგარადაა, რამდენადაც ჩვილს იმთავითვე არ მიუღია სნეულება და არ საჭიროებს მკურნალობასა და განწმენდას, იგი ცხოვრობს ბუნებასთან თანხმობაში და მას, ვითარცა გამოუცდელს ბოროტებაში, ვერანაირი სულიერი სნეულება  ვერ დააბრკოლებს, ეზიაროს სინათლეს.

წმ. გრიგოლ ნისელის ეს სწავლება გვაძლევს იმის აღქმის საშუალებას, რომ ადამიანის სული დაბადებისას არ არის უწმინდური, პირიქითაც კი, ის შეუსვრელია. ადამიანი არსებობაში მოდის რა დაბადების მეშვეობით, იმყოფება განათლებული გონებით. ამიტომაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვილებსაც (ყრმებსაც) შეუძლიათ, ჰქონდეთ გონისმიერი ლოცვა, რა თქმა უნდა, მათი ასაკისა და წარმოდგენების შესაბამისად. ჩვენ ხშირად შეგვინიშნავს, რომ არიან ჩვილები (ყრმები), რომლებიც ლოცულობენ თვით სიზმარშიც კი. ერთი ათონელი მონაზონი ამბობდა, რომ როდესაც პატარა ბავშვები თავიანთ ყურადღებას მიმართავენ იქითკენ, საითაც ჩვენ ვერაფერ საინტერესოს ვერ ვამჩნევთ, და იწყებენ სიცილს, ან იღებენ გაკვირვებულ სახეს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ისინი თავიანთ მფარველ ანგელოზს ხედავენ. ის, რაც წმინდანთა ცხოვრებაში ხდება, ვგულისხმობ იმას, რომ მათთვის ბუნებრივია (ხოლმე) ანგელოზებთან ერთად ცხოვრება, იგივე ხდება პატარა ბავშვების შემთხვევაშიც.

მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, განსხვავებით დასავლური ღვთისმეტყველებისგან (კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და ა. შ., - მ. მ.) არ ასწავლის იმას, რომ ადამიანი, თითქოს, იმემკვიდრებს პირველქმნილი ცოდვის დანაშაულს. ჩვენ გვწამს, რომ ჩვილს შობისას თან დაჰყვება შეუსვრელი გონება, რომელიც განათლებულობასა და ბუნებასთან ჰარმონიულ მდგომარეობაშ იმყოფება.  პირველქმნილი ცოდვის მემკვიდრეობა მდგომარეობს იმაში, რომ სხეული განიცდის ხრწნილებასა და მოკვდავობას, ხოლო, რაც შეეხება ჩვილებს (ყრმებს), დროის გასვლასა და ზრდასთან ერთად, მათში იზრდება ვნებებიც, რომლებიც სულის გონიერ ნაწილს აბნელებენ, ასევე, გარშემორტყმულ სიბნელესაც შეუძლია, რომ ბავშებში იმთავითვე დააბნელოს სულის გონიერი ნაწილი.

რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება პრობლემა: მაშ, რაღა ხდება წმინდა ნათლისღების დროს? თუ ჩვილებს სუფთა გონება აქვთ, იმყოფებიან გონების განათლებაში და მათში გონიერი ლოცვაც აღესრულება, მაშინ რატომღა ვნათლავთ მათ?

პასუხი, როგორც ეს წმ. მამათა გარდამოცემიდან ჩანს, მდგომარეობს შემდეგში: ნათლობის შედეგად ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვის დანაშაულისგან (რამეთუ საქმე სრულიადაც არაა ამაში), არამედ ვუერთდებით ქრისტეს სხეულს, ეკლესიას და ამგვარად გვენიჭება სიკვდილზე გამარჯვება. ამგვარად აღვიქვამთ ბავშვების ნათლობას. ჩვენ ვნათლავთ მათ, რათა ისინი გახდნენ ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის, ნაწილნი, გადალახონ სიკვდილი და გაიმარჯვონ ხრწნილებასა და მოკვდავობაზე - „ტყავის სამოზელზე“. ჩვენ მათ ვნათლავთ, რათა, ზრდასთან ერთად დაიწყებს რა მათი გონება ვნებებით დაბინდვას, ჰქონდეთ შესაძლებლობა გადალახონ ვნებები, ახლიდან მიაღწიონ სულის გონიერი ნაწილის გაწმენდას და ქრისტეს მეშვეობით გაიმარჯვონ სიკვდილზე.

ასეთია ნათლობის მოქმედება ჩვილებში (ყრმებში). ზრდასრულებში კი, რომლებიც შესაბამისი მომზადების (კატეხიზაციის) შემდეგ ინათლებიან, ნათლობა მათ გულებს განწმენდს ვნებებისგან, მირონცხებით კი მათ მიენიჭებათ გონების განათლება. ამ ყოველივესთან ერთად, წმ. ნათლისღების მეშეობით ისინი ეკლესიის ნაწილნი ხდებიან და ამით იძენენ ქრისტესთან ერთობის შესაძლებლობას წმინდა ზიარებით, რაც თავის მხრივ, ერთადერთი საშუალებაა სიკვდილზე გამარჯვებისა და განღმრთობისა. ამრიგად, როგორც ჩვილთა, ისე ზრდასრულთა ნათლობის მთავარი მიზანი არის განღმრთობა, რაც მიიღწევა მხოლოდ ქრისტეში და მის ეკლესიაში.

რამდენადაც ჩვილთა სულის შესახებ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, დაე, მომეცეს მე უფლება, რომ თავად წმ. გრიგოლ ნისელის სიტყვა მოვიხმო ამასთან დაკავშირებით: „ჩვილი კი, რომელიც არ არის ბოროტების მცოდნე და არ აქვს რა დაზიანებული სულიერი თვალი, რომელიც (დაზიანების შემთხვევაში)  ხელს შეუშლიდა სინათლესთან თანაზიარებაში, ცხოვრობს ბუნებრივი ცხოვრებით. მას არ აქვს საჭიროება იმისა, რომ განიწმინდოს ჯანმრთელობისათვის, რამდენადაც დასაწყისში (შობიდან) მას არ ჰქონია სულში სნეულებანი“. ამგვარად, ჩვილთა გონება შეუბღალავია, მას არ აქვს სნეულებანი, იგი სიჯანსაღით განსხვავდება და იმყოფება თავის ბუნებრივ მდგომარეობაში. ამიტომაც, ჩვილებს არანაირი დაბრკოლება არ აქვთ იმისათვის, რომ  ღვთაებრივ ნათელს ეზიარონ.

იმის ასახსნელად, თუ რა ხდება იმ მომავალ ცხოვრებაში, რომელიც წინ გველის, წმ. გრიგოლ ნისელს მუდამ აწმყოდან მოჰყავს მაგალითები. ასე, მაგალითად: ის განიხილავს შემდეგ ანალოგიას აწმყოსა და მომავალი ცხოვრების სახეთა შორის. ჩვილები, როგორც დასაწყისში იკვებებიან ძუძუთი და იღებენ რძეს, შემდეგ კი (ზრდასთან ერთად), მათი ზრდისა და ასაკის შესაბამისად, აგემოვნებენ სხვადასხვა საკვებსაც, მსგავსადვეა სულთან მიმართებითაც. ამასთან დაკავშიებით, საუბრობს მოციქული პავლეც. იგი დასაწყისში კორინთოელებს სულიერი რძით კვებავდა (1 კორ. 3: 2) და მხოლოდ ამის შემდეგ მათ, რომლებმაც მიაღწიეს სულიერ ასაკთა სისრულეს, აძლევდა უფრო „მტკიცე“ საზრდოს.

ერთ-ერთი განსხვავება ჩვილსა და ზრდასრულს შორის არის ის, თუ რა ანიჭებს მათ სიამოვნებას. ზრდასრული სიამოვნებას განიცდის საკუთარი წარმატებებისგან, საზოგადოებრივი აღიარებისგან, საჩუქრებისგან, მიღებული პატივისგან, ოჯახური ცხოვრებისაგან, გართობისგან, სანახაობებისგან, ნადირობისგან და ა. შ. ხოლო ჩვილი კმაყოფილდება რძით, ძიძის ზრუნვით, აკვნის დარწევითა და მოგვრილი ტკბილი ძილით.

რაღაც ამგვარი ხდება სულიერი სიკეთეების შემთხვევაშიც, სულიერ ზრდასთან ერთად.  სათნოებებით აღზრდილი სული ღვთაებრივ სიტკბოებას იგემებს იმის შესაბამისად, თუ სულმა რა მიდრეკილებები შეიძინა ამ ცხოვრებაში. ხოლო ის სული, რომელსაც თუმცა არ უგემია სათნოება, მაგრამ ამავე დროს, არც ბოროტებით დაავადებულა, ასევე, შემძლეა, ეზიაროს ამ სიკეთეს იმ საზომით, რა საზომითაც დაიტევს მას და იქნება არსებულის ჭვრეტით განმტკიცებული.

და მიუხედავად იმისა, რომ ჩვილნი (ყრმანი) გამოუცდელნი არიან ბოროტთან ბრძოლაში,  ისინი, არიან რა განმტკიცებულნი ღვთის ჭვრეტითა და იღებენ ღვთის მადლისმიერ შემწეობას, ეზიარებიან ღვთაებრივ ნათელსა და ცოდნას. ასევე, ისინი წარემატებიან ცოდნის სისრულეში, რა თქმა უნდა - ღვთის ჭვრეტის მეშეობით. მაშასადამე, ღმერთი ეცხადება ყველას და საკუთარ თავს ამეცნებინებს იმ საზომით, რა საზომითაც შეუძლიათ შემეცნება მის მიმღებელთ.

წმ. გრიგოლ ნისელის აზრი მდგმოარეობს იმაში, რომ სული თავისი ბუებით ისწრაფვის სიკეთისკენ და ღვთაებრივ  ნათელთან ზიარებისკენ. ადამიანი ღვთის მადლსა და სიმდიდრეს იღებს თავისი დამტევნელობის შესაბამისად. და ეს მიმღეობა პირდაპირ არ არის დამოკიდებული ადამიანის ხორციელ ასაკზე, ან ჩადენილი კეთილი საქმეების რაოდენობის ქონა-არქონაზე. სწორედ, ასეთი პერსპექტივით უნდა განვიხილოთ ადამიანის მომავალი მდგომარეობა და არ უნდა ამოვდიოდეთ ზრდასრული ადამიანის სათნოებითი ცხოვრებისა და ჩვილის ცხოვრების შედარებიდან. ამ სახით შემდარებელი, თავად არ არის ზრდასრული, რამეთუ ასეთი მსჯელობით იგი წარმოაჩენს, რომ ვერ აზროვნებს თეოლოგიურად და ვერ გამოაქვს შესაბამისი დასკვნები.


მეოთხე

და მაინც, რატომ უშვებს უფალი ჩვილის ასეთ ასაკში გარდაცვალებას? გაკეთდა რა წინასწარი ანალიზი ხსენებულ საკითხზე და წარმოჩნდა ის, რომ ჩვენ მიერ მიწაზე განვლილი წლები, დიდ როლს  არ თამაშობენ ღვთაებრივ ნათელთან ზიარების საქმეში, წმ. გრიგოლი თემის განვითარებისას ჩერდება ერთ საკითხზე, კერძოდ იმაზე, თუ რატომ უშვებს უფალი ჩვილების ამქვეყნიდან ასე სწრაფად გაყვანას.

პასუხობს რა ამ კითხვას, იგი დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ დანაშაული, რომელსაც ქალები სჩადიან უკანონოდ ჩასახული და გაჩენილი ჩვილების მკვლელობით, არ შეიძლება ღმერთზე იქნეს მიწერილი. ხოლო ის შემთხვევები, როდესაც ჩვილები, მიუხედავად მშობელთა ზრუნვისა და ლოცვისა, მაინც ტოვებენ ამ ქვეყანას გარკვეული სნეულების მიზეზით, ჩვენ ეს უნდა დავინახოთ ღვთის განგების პრიზმიდან. რამეთუ მოქმედი განგებულება მდგომარეობს არა უბრალოდ იმაში, რომ აწ უკვე შემთხვეული ვნება იკურნება, არამედ იმაში, რომ ადამიანი დაცული ხდება, იგემოს ის ვნებები, რომლებიც შესაძლებელი იყო მათ მომავალში განეცადათ. მომავლის მცოდნე ღმერთი, ბუნებრივია არ დაუშვებდა იმ ჩვილის ზრდასრულობას, რომელიც მომავალში ბოროტებაში განმტკიცებოდა.  ანუ მსგავს შემთხვევებში ღმერთი ამ მიზეზით არ აძლევს ჩვილს ამქვეყანაზე სიცოცხლის ნებას, რამეთუ ხედავს  მის ბოროტ მომავლს.  და ამას უფალი აკეთებს რა თავისი კაცთმოყვარეობით, იგი ჩვილს არაფერს არ ართმევს იმ მომავალი სიკეთეებიდან, რაც ჩვენ უკვე ზემოთაც აღვნიშნეთ.

ეს მაგალითი ვრცელდება ადამიანურ ცხოვრებაზე. ტრაპეზი - ეს არის სწორედ ადამიანური ცოხვრება,  რომელიც  სავსეა ნაირ-ნაირი საჭმელებით, მაგრამ ყველაფერი თაფლივით ტკბილი როდია;  მასში არის თავისებური სიმწარეც, როგორც მაგალითად მარილი ან ძმარი, ანუ სხვადასხვა სახის უსიამოვნებები, რომლებიც ადამიანის არსებობას ართულებენ. ერთი სახის საჭმელი იწვევს აღგზნებულობას, მეორე - გონების დაბნელებას, მესამე - ზიზღს. ზედამხედველი კი, რომელიც არის ღმერთი, ტრაპეზიდან გაჰყავს ის, ვინც თავს ღირსეულად წარმოაჩენდა, რათა შემდგომში არ გაუთანაბრდეს მათ, რომლებიც ჭარბი გემოთმოყვარეობის გამო მიეცნენ უზომო ნაყროვანებას. ღვთაებრივი განგებულება ასე კურნავს სნეულებებს მათ წარმოქმნამდე. რამდენადაც უფალმა თავის წინასწარმცოდნეობის ძალით უწყის, რომ ახალშობილი, როდესაც გაიზრდება, ჩაეფლობა ბოროტებაში, იგი მას განაშორებს ამცხოვრებისეულ ტრაპეზს, რათა არ მიეცეს დამღუპველ  გემოთმოყვარებას.  და ჩვენ ამაში ღვთის ზრუნვასა და კაცთმოყვარებას ვჭვრეტთ.

იმისთვის, რომ ღვთის ეს კეთილგანგებულებითი აქტი უფრო გასაგები გახდეს,  წმ. გრიგოლ ნისელი იყენებს შესანიშნავ და გასაგებ მაგალითს. დავუშვათ, რომ დგას მდიდრულად გაწყობილი მაგიდა ნაირნაირი გემრიელი საჭმელებით. დავუშვათ, ასევე, რომ იქ დგას ადამიანი, რომელმაც, ერთი მხრივ, იცის თითოეული დელიკატესის თვისება და შემადგენლობა, ანუ ის, თუ რომელია მავნე და რომელია სასარგებლო და, მეორე მხრივ - ყველა თანამეინახის ჯანმრთელობა. კვლავაც, დავუშვათ, რომ ეს ადამიანი, რომლემაც ყოველივე უწყის სუფრაზე დაგებულ საჭმლებზე, აქვს აბსოლუტური უფლება იმის განკარგვისა, თუ ვის მისცეს ამა თუ იმ საჭმლის ჭამის უფლება და ვის - არა, რათა ყოველმა თანამეინახემ იხმიოს მხოლოდ ის, რაც უფრო სასარგებლოა მისი ორგანიზმისთვის. თვალსაჩინოა, რომ ამ შემთხვევაში არც სნეული არ იქნება განაწყენებული და არც ჯანმრთელი მივა იმ მდგომარეობამდე, რომ საკვები შეზიზღდეს მისი გადამეტებული მიღებთ, რადგან თუ ზედამხედველი შეხედავს, რომ ვინმე ზედმეტად დანაყრდა ან დაითვრა, იგი ბრძანებს მათი ამ ადგილიდან გაგდებას. ხდება ხოლმე, რომ ადამიანი, რომელსაც განუტევებენ, აღდგება მისი ზედამხედველის წინააღმდეგ  და მას განიკითხავს იმის გამო, რომ იგი თითქოს შურის მიზეზით იქნა ჩამოცილებული ამ სიკეთეებს. მაგრამ თუ ის ყურადღებით დააკვირდება დარჩენილ თანამეინახეებს და ნახავს იმას, თუ როგორ იტანჯებიან ისინი სიმთვრალითა და გაძღომით გამოწვეული თავის ტკივილითა და გულის რევით, მაშინ რაღა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ზედამხედველის მადლიერი იქნება იმისთვის, რომ მან იგი იმ სიმწარეს გადაარჩინა, რაც თან ახლდა თავშეუკავბლობას.


მეხუთე

მეხუთე მეოთხეს გაგრძელებაა. ეს საკითხი არის იმის შესახებ, თუ ღმერთი რატომ გამოარჩევს ერთმანეთისგან ადამიანთ, ანუ რატომ ხდება, რომ მას ერთი ადამიანი გაჰყავს დროზეადრე, მეორეს კი უფლებას რთავს იცხოვროს და ბოროტებაში ჩაეფლოს იმ დონემდე, რომ გვეთქვა - უკეთესი იქნებოდა არ დაიბადებულიყო. ჭეშმარიტად, რატომ ხდება, რომ ჩვილი განგებულებითად გადის ამ სოფლიდან მაშინ, როდესაც მისი მამა სიცოცხლის ბოლომდე ამასოფლიურ ტრაპეზზე რჩება, მის თანამეინახესთან ერთად, რათა ბოლომდე ჩაეფლოს ნაყროვანებისა და თრობის მორევში?

სანამ პასუხს გასცემდეს, წმ. გრიგოლ ნისელი შენიშნავს, რომ სიტყვა, რომლის წარმოთქმასაც ის აპირებს, უფრო მეტად მიემართება ღვთისადმი მადლიერებს და კეთილი სულისკვეთების მქონეთ. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმასაც, რომ განხილული საკითხები საიდუმლოებაა, კაცობრივი ლოგიკისთვის მიუღწეველია, რამეთუ ღვთის „ლოგიკა“ განსხვავდება ადამიანურისგან.

წმინდა გრიგორი მტკიცედ დგას იმ აზრზე, რომ ღმერთი შემთხვევითა და უმიზეზოდ არაფერს არ უშვებს და არ აკეთებს. ღმერთი არის ლოგოსი (სიტყვა), სიბრძნე, სათნოება, ჭეშმარიტება და იგი არასოდეს არ იმოქმედებს იმას, რაც დაკავშირებული არაა სათნოებასა და ჭეშმარიტებასთან და, შესაბამისად, იგი უშვბს მხოლოდ იმას, რაც ამ უკანასკნელთანაა კავშირში. ამგვარად, იგი ზოგჯერ უშვებს, რომ ჩვილნი დროზეადრე გავიდნენ ამასოფლიდან, ხოლო ზოგჯერ კი, თუ უფალს სხვა მიზანი აქვს, მაშინ, შესაბამისად, სხვა რა იქნება დაშვებული.

და საკუთრივ, არსებობა ბოროტი ადამიანებისა ამ ცხოვრებაში დაშვებულია ღვთისაგან, რათა ამისაგანაც გარკვეული სარგებელი იყოს. წმ. გიროგოლს მოჰყავს რა ისრაელის მაგალითი, ამბობს, რომ ღმერთმა დაუშვა ეგვიპტელი ტირანის არსებობა, რათა დაესაჯა ისრაელიანები. შემდეგ კი, ისრაელი განაშორა ეგვიპტეს, რათა არ მიმსგავსებოდნენ ისინი ეგვიპტელებს და არ გადმოეღოთ მათი ჩვეულებები. რამეთუ ჩაქუჩის შეუჩერებელ რტყმასაც შეუძლია, რომ, თვით ყველაზე უდნობი მეტალიც, საბოლოოდ, რაიმე სასარგებლო იარაღად აქციოს.

შემდეგ წმ. გრიგოლი განიხილავს ერთ არამართებულ დასკვნას. ზოგიერთები - ამბობს იგი - ჭვრეტენ გარკვეულ უსამართლობას იმაში,  რომ ამ ცხოვრებაში ყველა ბოროტი როდი იგემებს თავიანთი მზაკვარი საქმეების მწარე ნაყოფებს და რომ არც ყველა სათნოებით მოსილი ადამიანი სარგებელობს თავიანთი აღსრულებიული სიკეთეებით. ამაზე წმ. გრიგლი პასუხობს, რომ სათნოებამოსილი ადამიანები ინეტარებენ და სრულად გაიხარებენ საუკუნო სიცოცხლეში, განსაკუთრებით იმით, რომ იხილავენ როგორი ტანჯვა ახლავს ვნებებით მცხოვრებთა ხვედრს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათთვის სიხარული იქნება ვინმეს ტანჯვა, არამედ იმას, რომ, განიცდიან რა სათნოებაში მყოფობის ნეტარებას  და ამას შეადარებენ ცოდვისა და ვნებების ნაყოფად მოწეულ ტანჯვას, ცხონებისთვის უფლის მადლიერნი იქნებიან.

ამგვარად, თუ ჩვილნი დროზეადრე (უასაკოდ) წარიტაცებიან, ეს ხდება ღვთის განგებულებით, რათა ისინი უარეს ბოროტებაში არ ჩაცვივდნენ. და თუ ამ სოფელში დარჩენილთაგან ზოგიერთი ხდება ბოროტი, ამისი ახსნა საჭიროა შემდეგი სხვა მიზეზებით, რომლებიც დაფარულია ღვთის სიბრძნითა და განგებულებით. რა თქმა უნდა, ამისაგანაც იქნება გარკვეული სარგებელი, რამეთუ ღმერთი არასოდეს არაფერს იქმს უმიზეზოდ და უმიზნოდ.

საერთო ჯამში, უასაკოდ მოწყვეტილ ჩვილთა საიქიო ხვედრზე უნდა დავასკვნათ შემდეგი: ერთი მხრივ, ისინი არ იმყოფებიან ტანჯულ მდგომარეობაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი არც იმათ უტოლდებიან, რომლებმაც იღვაწეს, რათა თავი განეწმინდათ სხვადასხვა საათნოებათა მოხვეჭით. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთთან მიახლება და მის ხელთუქმნელ ნათელთან ზიარება არის ადამიანის სულის ბუნებრივი მდგომარეობა. ჩვილები კი ამ სიკეთეს არ მოაკლდებიან, რამეთუ ღვთაებრივი მადლის ძალით ისინი შემძლენი იქბებიან გ ა ნ ღ მ რ თ ო ბ ი ს ა.




თარგმანი : მიქაელ მთაწმინდელი