четверг, 9 июля 2020 г.

პირველმშობელთა ( პირველქმნილი ) ცოდვა და სიკვდილი.

გთავაზობთ მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის საინტერესო ნაშრომს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის ე.წ პირველქმნილი ცოდვა და მასთან დაკავშირებული შედეგები .

სიკვდილზე და პირველქმნილ (პირველმშობელთა)  ცოდვაზე (შეცოდებაზე მ.მ)  საუბრისას, ჩვენ არ ვგულისხმობთ  იმას რომ სიკვდილი თითქოს ბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანის ბუნებისა, რომელიც წინ უსწრებდა  პირველმშობელთა შეცოდებას. პირიქით, სიკვდილი დაკავშირებულია პირველმშობელ ადამთან, როგორც  მიზეზთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია  და აუცილებელია ხაზგასხმული იყოს: სიკვდილი ონტოლოგიურად (თავდაპირველად, წარმომავლობითად მ.მ) არ იყო ადამიანისთვის ბუნებრივი მოვლენა, ის ადამიანის ბუნებაში [ამ  ყოფიერებაში] ცოდვის შედეგად შემოიჭრა და შესაბამისად მოქმედებს მასში, როგორც პარაზიტი.
წმინდა წერილში მრავალგზის მეორდება ის აზრი, რომ ღმერთს არ შეუქმნია სიკვდილი არამედ ის [სიკვდილი] სამყაროში ადამის ცოდვით შემოვიდა. მე მსურს მოვიყვანო აქ ბიბლიიდან ორი მონაკვეთი ამასთან დაკავშირებით.
პირველი, ძველი აღთქმიდან: ,,13. რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს; 14. რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება; არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. 15. რადგან უკვდავია სამართლიანობა.“ (სიბრძნ. 1 : 13-15). შეუძლებელია, რომ ბოროტებას მისი საწყისი ღმერთში ჰქონდეს, რამეთუ ღმერთი - სიკეთეა. მას არ შეუქმნია ადამიანი იმისთვის, რომ ის მოკვდეს, მაგრამ როგორც წმინდა მამათა სწავლებიდან ჩანს, ღმერთმა შექმნა ადამიანი არა მოკვდავად აუცილებლობის პრინციპით, არამედ უკვდავად, თუმცა მასზე [ადამზე] იყო სრულიად დამოკიდებული იგი უკვდავი შეიქმნებოდა თუ მოკვდავი.
მეორე მონაკვეთს კი წარმოადგენს პავლე მოციქულის ეპისტოლე რომალებისადმი : ,,12. ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, ცოდვის მიერ კი - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში, რადგანაც ყველამ სცოდა. 13. რადგან ცოდვა რჯულამდეც იყო ქვეყნად, მაგრამ თუ რჯული არ არის, ცოდვა არ შეირაცხება. 14. თუმცა ადამიდან მოსემდე სიკვდილი სუფევდა მათზეც, რომელთაც ადამივით არ შეუცოდავთ, ვინც არის მომავლის ხატი“(რომ. 5). ამ მონაკვეთიდან ჩანს, რომ სიკვდილი შემოხრწნილი რამ არის, რომ ის ადამიანის ბუნების პარაზიტია, რომელიც შედეგი და ნაყოფია ადამის ცოდვისა. ამგვარად, სიკვდილი შემოიჭრა ადამიანის ბუნებაში და მისი მეშვეობით ყველა ქმნილებაში.
ცოდვა, რომლის შედეგადაც სიკვილი წარმოიშვა - არის ადამის დაცემა სამოთხის ნეტარებაში. ღმერთმა, ერთი მხრივ მისცა რა ადამიანს მცნება არ ეჭამა აკრძალული ხილისგან, იმავდროულად იგი გააფრთხილა:  ,,როგორც კი შეჭამ, მოკვდებით“ ( დაბად. 2:17). და ჭეშმარიტად, ამ ცოდვის ჩადენის  შემდეგ სიკვდილი შემოიჭრა ადამიანის ბუნებაში; ჯერ სულიერი სახით, რაც მდგომარეობს ადამიანის სულის კავშირის გაწყვეტას ღმერთთან და შემდეგ ხორციელადაც რაც გამოიხატება სულისა და ხორცის გაყრაში. ცოდვით დაცემის დროს ადამმა სიკვდილი ჯერ სულიერად განიცადა, ხოლო შემდეგ [გარკვეული პერიოდის შემდეგ] ხორციელადაც მოკვდა.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის ამგვარი აღქმა არებობს წმ. წერილში და წმ. მამათა სწავლებაც ამ მიმართულებით ვითარდება, დასავლური ღვთისმეტყველება რომელზეც ქვემოთ ვიმსჯელებთ, ამ საკითხს სხვა სახით განიხილავს. დასავლური ღვთისმეტყველება თვლის, რომ სიკვდილი - ეს არის ღვთის სასჯელი ადამიანის დანაშაულზე, ხოლო სიკვდილის მემკვიდრეობა კაცთა მოდგმაში - ეს არის დანაშაულის მემკვიდრეობა. მამა იოანე რომანიდისმა მის საკმაოდ ორიგინალურ და საინტერესო ნაშრომში, უარყო [გაამტყუნა] დასავლური ღვთისმეტყველების ამგვარი ხედვა ამ საკითხზე და გადმოგვცა წმ. მამებისეული სწავლება ამასთან დაკავშირებით [1].
დასავლელი ღვთსმეტყველები, რომლებიც არიან (იყვნენ მ.მ) ნეტარი ავგუსტინეს საღვთისმეტყველო დებულებების გავლენის ქვეშ, სიკვდილს განიხილავენ როგორც ღმერთის განაჩენს ცოდვილი კაცობრიობის მიმართ, რომ თითქოს  კაცობრიობა არის დამნაშავე ადამის შეცოდებაში და შესაბამისად იმსახურებს სიკვდილით დასჯას. ზოგიერთი პროტესტანტი ღვთისმეტყველი კი სიკვდილს როგორც ბუნებრივ მდგომარეობას ისე განიხილავს. ამგვარად, მათი ასეთი შეხედულებების კვალობაზე ისინი უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამის [კაცობრიობის] სიკვდილში დამნაშავეა ღმერთი [2].
მსგავს შეხედულებებთან განუყოფლად არის დაკავშირებული ის თეორიაც, რომლის მიხედვითაც ეშმაკი არის ღვთის იარაღი, რომელიც ღვთის სასჯელს აღასრულებს ადამიანთა მოდგმაზე. ბუნებრივია, რომ ამგვარი დასავლური საღვთისმეტყველო შეხედულებების კვალობაზე, შეუძლებელია სწორად იყოს განმარტებული ქრისტეს განკაცების მიზანდასახულობა, რომელიც გახდა ეშმაკისა და სიკვდილის მეუფების განმაქარვებელი, (ებრ. 2:14). და ასევე ვერც მთლიანად საეკლესიო საიდუმლოებები და ეკლესიური ცხოვრება იქნება სწორად გაგებული.
როგორც ჩვენ ზემოთ ვახსენეთ, წმ. მამათა სწავლებებიდან ცხადია, რომ სიკვდილი - ეს არა ღვთის სასჯელი, არამედ ნაყოფი და შედეგია ადამის ცოდვით დაცემისა. ,,სიკვდილის“ განსაზღვრების ქვეშ, ჩვენ ვგულისხმობთ ადამიანის ღმერთისაგან დაშორებას მასთან ცოცხალი კავშირის გაწყვეტის გზით, რამეთუ სწორედაც ღმერთია ჭეშმარიტი სიცოცხლე. ამგვარად, განშორდა რა ადამი ჭეშმარიტ სიცოცხლეს - ღმერთს,  გახდა სიკვდილისაგან მოწყვლადი. ამგვარი გაგებით, ეშმაკი იყო ის პირველი არსება, რომელმაც განიცადა სიკვდილი. ,,ეს მოკვდავობა პირველად ეშმაკმა განიცადა, როგორც ღვთისაგან სამართლიანად დატევებულმა დაუმორჩილებლობისთვის“ - ამბობს წმ. გრიგოლ პალამა. ეშმაკი მოკვდა და საკუთარი მოკვდავობა გადასცა ადამიანსაც, რომელმაც ყურად იღო რა ეშმაკის შეგონება, არ დაემორჩილა ღმერთს და შედეგად დაკარგა საღვთო მადლი [3].
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობდა რომ როდესაც ჩვენ ვეხებით სიკვდილის ცნებას , უმთავრესად ვგულისხმობთ ღვთისაგან განშორებას. ეს განშორება ცოდვის მეშვეობით ხდება და ამგვარად სიკვდილის ფესვი სწორედაც რომ ცოდვაში [შეცოდებაში] ძევს. ადამიანის მიერ  ღვთის მცნების დარღვევის შედეგად  და შესაბამისად ღვთისაგან განშორების შედეგად ,,თან დაერთო კიდეც აუცილებლობის გზით ხორციელი სიკვდილიც“ [4].
იმავე კალაპოტში ავითარებს სწავლებას წმ. იოანე დამასკელიც, რომელიც ხაზგასმით ამბობს რომ ყოველი ადამიანის დაბადება ღვთისაგან მომდინარეობს, ხოლო ხრწნადობა და მისი შედეგი, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც სიკვდილია, წარმოიშვა ჩვენი საკუთარი ბოროტებისაგან. ,,სიკვდილის წარმოიშვა ადამიანისაგან, ანუ ადამის შეცოდებისაგან, ისევე, როგორც ყველა სხვა სასჯელი“. ამგვარად, ადამიანის შექმნა არის ღვთის შემოქმედებითი ძალის საქმე, მყოფობა - მისი მპყრობელური ძალისა და ენერგიისა, ხოლო წარმართვა და განმგებლობა - მისი ყოვლისშემძლეობითი განგებულებისა. სიკვდილი კი არის შედეგი ჩვენი საკუთარი,  ნებელობითი ბოროტმოქმედებისა და არა სასჯელი ან ღვთის მოქმედება [5].
სიკვდილი, წმ. იოანე დამასკელის თანახმად, შემოიჭრა სამყაროში ,,მსგავსად  ველური და მძვინვარე მხეცისა, რომელიც სტანჯავს ადამიანურ სიცოცხლეს“ [6]. ეს მშვენიერი სახე ზუსტად გადმოსცემს სინამდვილეს. სიკვდილი უთანაბრდება ველურ და მძვინვარე მხეცს, რომელიც სტანჯავს და ანადგურებს ადამიანურ სიცოცხლეს და სინამდვილეში, ჩვენ ყველანი ვიგემებთ ხოლმე ამ ტანჯვას მაშინ, როდესაც ვკარგავთ ხოლმე ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს.
წმ. გრიგოლ პალამა, რომლის მთავარი იდეა ჩვენ ზემოთ უკვე ვახსენეთ, ცოდვასა და სიკვდილზე ძალიან მკაფიოდ საუბრობს. როდესაც ევამ მოუსმინა მზაკვარი ეშმაკის შეგონებას, მან ,,იხილა ნაყოფი,  მიეცა ვნებას, იხმია, მოკვდა, ქმარიც მიიზიდა მისკენ და გახადა თანამოზიარე ცოდვისა და დაცემისა „[7].
ბუნებრივია, როდესაც ვამბობთ, რომ ადამი მოკვდა, ჩვენ ამაში არ ვგულისხმობთ იმას, რომ თითქოს ადამიანური ბუნება სრულიად განადგურდა. ჩვენ გვაქვს მხედველობაში ის, რომ თავდაპირველად ადამიანმა განიცადა სულიერი სიკვდილი და ამის შედეგად სხეულებრივი სიკვდილიც იმგვარად, რომ იგი არ გამქრალა არაყოფიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ღვთისაგან განშორებით განიცდის უმძიმეს შედეგებს, ის მაინც არ განქარდება სრულიად.  ამაზე საინტერესოდ საუბრობს წმ. მაკარი ეგვიპტელი: ,,ჩვენ არ ვამბობთ, რომ ის (ადამიანი მ.მ) სრულიად დაიღუპა, გაქრა და მოკვდა; ის მოკვდა ღვთისთვის, მაგრამ ცოცხლობს საკუთარი ბუნებისთვის“ [8].
შემდგომად ცოდვით დაცემისა ღმერთმა, მისი დიდი სიყვარულისა და მოწყალების გამო ადამიანი ,,ტყავის სამოსლით“ შემოსა (შესაქმ. 3:21). როგორც ჩვენ წმ. მამათა სწავლებიდან ვიგებთ, ეს ,,ტყავის სამოსელი“ არის ხწრნადობა და მოკვადობა, რომელიც ადამიანის სხეულში (ბუნებაში მ.მ) ცოდვის შედეგად შემოვიდა. ხრწნადობა - ეს სნეულება, უძლურება და ტრაგედიაა კაცობრივი სიცოცხლისა, ეს არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ისახება დედის წიაღში და იბადება ამ სოფელში და ბოლოს კვდება [9]. ნამდვილად, ადამიანის მთელი ცხოვრება - ეს არის მოკვდავობის თანმიმდევრული ჯაჭვი, უფრო სწორად ერთი  ხანგრძლივი სიკვდილი . [10].
ზემორე ნათქვამთა საფუძველზე უკვე ცხადი ხდება, რომ დამნაშავე ადამიანის სიკვდილში არა ღმერთია, არამედ  ცოდვა, რომელიც ჩადენილი იქნა სამოთხეში ჩვენს პირველმშობელთა მიერ - თავისუფალი არჩევანით და გადაწყვეტილებით. უფრო მეტიც, როგორც წმ. მამათა სწავლებიდან ვიგებთ, ღმერთმა  თავისი დიდი კაცთმოყვარეობით დაუშვა, რომ სიკვდილი შესულიყო ადამიანის ბუნებაში.
ამ მიზეზით, ჩვენ პირველ რიგში აღვნიშნავთ იმას, რომ ადამი შესაძლოა მეყვსეულად მომკვდარიყო მაშინაც, როდესაც შესცოდა, მაგრამ ღმერთმა მას უფლება მისცა ცოდვით დაცემის შემდგომ სიცოცხლისა. ,,დაუტოვა რა სინანულის შესაძლებლობა“ და სულიერი ცხოვრების შესაძლებლობა. [11]. ამგვარად, ყველა უბედურება, რაც დაკავშირებულია ხრწნადობასთან და მოკვდავობასთან. ხდება  მიზეზი იმისათვის, რომ ვისურვოთ ზეციური ცხოვრება და მივაღწიოთ უფალთან ცოცხალ კავშირს.
მეორე მხრივ, ღმერთმა წმ. ბასილი დიდის თანახმად ,,დაუშვა სიკვდილი“ რათა ადამიანი არ დარჩენილიყო საუკუნოდ ცოცხალ მკვდრად [12]. მისი ეს შეხედეულება ეკლესიამ გადმოსცა შენდობის ლოცვაში, რომელსაც ეპისკოპოსი დაკრძალვის წესში კითხულობს. სხვათაშორის იქ  ასეთი რამ არის ნათქვამი: ,,და ამისათვის, ნუ იქნება ბოროტება უკვდავი, კაცთმოყვარებით ბრძანე, და ვითარცა ჩვენი მამების ღმერთმა ღვთაებრივად უბრძანე [სხეულს] განშორება [სულთან]  და მიწასთან შეერთხება ხრწნილების გზით“[13]. ამგვარად, იმისათვის, რომ ბოროტება არ ყოფილიყო უკვდავი და მარადიული, ღმერთმა მისი კაცთმოყვარებით დაუშვა სულისა და ხორცის ერთობის დარღვევა სიკვდილის გზით.
აუცილებელია ასევე ითქვას რამოდენიმე სიტყვა სიკვდილის მემკვიდრეობაზეც, რამდენადაც ამ ასპექტში თვალსაჩინო განსხვავებულობა არსებობს დასავლურ და მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ხედვებსა და აღქმებს შორის. დასავლური  ღვთისმეტყველების თანახმად, სიკვდილის მემკვიდრეობითობა - ეს არის ადამის დანაშაულის მემკვიდრეობა და თანაც ისეთი სახით, თითქოს, ყოველმა ადამიანმა მისი სახით შესცოდა, საიდანაც ეგების, რომ ყოველი ადამიანი თავად არის დამნაშავე საკუთარ სიკვდილში. თუმცა, წმ. მამათა სწავლებიდან ცხადია, რომ მემკვიდრეობით გადმოგვეცემა  არა  ადამის დანაშაული, არამედ შედეგი მისი შეცოდებისა, რაც არის ხრწნადობა და მოკვდავობა. ვინაიდან ადამის შეცოდების შედეგად მისი ბუნება დაავადდა და გახდა ხრწნადი. ამდენად ბუნებრივია ის, რომ ყოველი ადამიანი არის რა განუყოფელი ნაწილი მისი ამ დაცემული ბუნებისა, ვერ განერიდება მასზე მოწეულ ხრწნადობასა და მოკვდავობას. ამის გარდა, ხრწნადობითა და მოკვდავობით განუყოფელად დაკავშირებულია ყველა ცოდვა და ვნება. აქედან გამომდინარე , სიკვდილი არის არა მხოლოდ ცოდვის შედეგი , არამედ მისი მიზეზიც . ეს უკანასკნელი იმ გაგებით ითქვა , რომ, ხრწნადობისა და მოკვდავობის მიზეზით , რომელიც ჩვენი პირველმშობლების მიერ გვაქვს  ნამემკვიდრევი, ვითარდება (განვითარდა მ.მ) ყველა სახის ვნება, როგორებიცაა გემოთმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა. საერთოდაც, სახელდობრ მოკვდავობის მიზეზით ჩვენ მრავალი სახის ცოდვით ვართ მოცულნი [14].
ამგვარად ,  განვაგდებთ რა ყველა ამ (დასავლურ სქოლასტიკურ მ.მ) დებულებას , ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მემკვიდრეობით მხოლოდ სიკვდილის გადაცემაზე და არა დანაშაულისა , როგორც ამას  ჩვენს მიერ ხსენებული დასავლური ღვთისმეტყველება მოწმობს. აგუსტინემ, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა დასავლურ სქოლასტურ ღვთისმეტყველებაზე და კერძოდ , სიკვდილის მემკვიდრეობითობის სწავლებაზე , ამტკიცებდა , რომ ჩვენ ყველამ ვიმემკვიდრეთ საკუთრივ ცოდვა ადამისა , მაშინ როდესაც წმ. მამათა გადმოცემა და სწავლება ამის საპირისპიროდ ამბობს , რომ ჩვენ ვართ მემკვიდრენი მხოლოდ ცოდვის ( შეცოდების მ.მ ) შედეგისა ანუ ხრწნადობისა და მოკვდავობისა , რომელიც გადმოგვეცემა უშუალოდ ხორციელი დაბადებით . წმ. იოანე ოქროპირის  მიხედვით , ბიოლოგიური ხრწნილების მემკვიდრეობა , რომელიც თვისობრივია ადამის ყველა შთამომავლისათვის არის კანონზომიერი: ,,ისინი [ადამი და ევა]  გახდნენ რა გახრწნადნი, შვილებიც ასეთივე დაჰბადეს’’. ამაზე საუბრობს წმ. კირილე ალექსანდრიელიც : ,, ის [ადამი] დაეცა სიკვდილში და შვა შვილები და ამგვარად ჩვენ , ვიშვით რა ხრწნილებაში, ვართ გახრწნადნი ‘’ [15].  წმ. იოანე ოქროპირი ასევე შენიშნავს , რომ ჩვილები ინათლებიან არა ცოდვათა მისატევებლად , რამეთუ ,,მათ არ აქვთ შეცოდებანი“ , არამედ იმისათვის, რათა მათ მიეცეთ ,,კურთხევა , სიმართლე , შვილობა , მემკვიდრეობა, რათა ისინი იყვნენ ქრისტეს ძმები და მისი ასოები, რაჲთა ეგნენ სულის სავანეებად’’[16].
ქრისტეს განკაცება საჭირო გახდა ცოდვისა და სიკვდილის განქარვებისათვის და ეშაკზე გამარჯვებისათვის . ჭეშმარიტად , ქრისტემ მიიღო ხრწნილებასა და ტანჯვას დაქვემდებარებული სხეული ( ბუნება მ.მ) იმისათვის , რომ გაემარჯვებინა სიკვდილზე . თანაც, მან თავისი ჯვარცმითა და აღდგომით არა მხოლოდ გაიმარჯვა სიკვდილზე საკუთარ თავში, არამედ  თავისთან (ქრისტესთან) შეერთების გზით, ყოველ ადამიანს მიანიჭა შესაძლებლობა სიკვდილზე პიროვნული გამარჯვებისა . სწორედ ამისკენ არის მიმართული ეკლესიის ყველა საიდუმლო . მათი მიზანი ის კი არ არის, რომ თითქოს საიდუმლოებებში მონაწილეობა ადამიანს ათავისუფლებს ე. წ. ფსიქოლოგიური დანაშაულისგან, და არც იმაშია , რომ თითქოს ამგვარი ქმედებით ჩვენ ღმერთს ლმობიერსა და მოწყალეს ვჰყოფთ ადამის შეცოდებით გაბრაზებულს, არამედ იმაში, რომ ამ საიდუმლოებებით ვიმარჯვებთ სიკვდილზე . წმ. ნათლისღების საშუალებით  ჩვენ , მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის სხეულის ცოცხალი ნაწილნი ვხდებით, ხოლო ღვთაებრივი ევქარისტიის მეშვეობით, ჩვენ ვიღებთ უკვდავების წამალს საკუთარ წიაღში . და არა მხოლოდ სული უერთდება უფალს , არამედ საკუთრივ სხეულიც , რომელიც შემძლებელია განიცადოს სულიერი გარდაქმნისა და ფერიცვალების ფაქტი . ეს ძალიან კარგად სჩანს წმინდანების განღმრთობილი სხეულის მაგალითიდანაც .
რათქმაუნდა , ღრმა მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტსაც, რომ ნათლობა და ღვთაებრივი ზიარება სიკვდილს არ განაქარვებს ( ამქვეყნიური სიცოცხლის პერსპექტივაში მ.მ) . მოცემულ შემთხვევაში , წმ.მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით , ხდება ისეთივე რამ, რაც მოხდა ქრისტეს ცხოვრებაში. მის უბიწო შობაში სხეულის ხრწნადობა წინასწარ განზრახულობით იქნა დატოვებული , რათა მისი მაცხოვნებელი ვნებების მეშვეობით სიკვდილი დამარცხებულიყო . ასევე მონათლულ ადამიანშიც , ნათლობის შემდგომ რჩება ბუნების ხრწნადობა, მაგრამ არა განკითხვის მიზეზით , არამედ როგორც საშუალება ცოდვის განქარვებისათვის . [17]. ნათლობაში ადამიანს ეძლევა საშუალება თავისუფალი ნების წყალობით აირჩიოს ცოდვის საპირისპირო რამ , რამეთუ ცოდვა განუყოფლად არის დაკავშირებული სხეულის ხრწნადობასთან და მოკვდავობასთან . ამ აზრით ადამიანის ცხონება - არა მხოლოდ ღვთის მოქმედებაა, არამედ ადამიანის თანამოქმედებაც.

ის ყოველივე, რაც ჩვენ გადმოვეცით ძალიან ცხადად არის ნაჩვენები თავად პავლე მოციქულის მიერ მის ეპისტოლეში რომაელთა მიმართ. ჩვენ არ გვაქვს აქ შესაძლებლობა, რომ  მოვახდინოთ იმის სრული ანალიზი , რასაც მოციქული ამბობს, თუმცა ჩვენ მოკლედ აღვნიშნავთ რამდენიმე მომენტს.
აი ნაწყვეტი , რომელიც ნათელს ჰფენს ჩვენს მიერ განხილულ ჭეშმარიტებას : ,,22. ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები. 23. მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში. 24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? 25. ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს’’ (რომ.7).
კონტექსტის ყურადღებით შესწავლა უფლებას გვაძლევს ვიყოთ იმაში დარწმუნებული, რომ მოციქული აქ საუბრობს ძველი აღთქმის ჟამზე , როდესაც ადამიანი საღვთო რჯულის მეშვეობით ცდილობდა ცოდვის კანონისაგან გათავისუფლებას , მაგრამ ამის მიღწევა არ შეეძლო . ეს გათავისუფლება მიიღწევა მხოლოდ განკაცებული ქრისტეს ძალით . აქედან გამომდინარე , მოციქულის ამ სიტყვებში საცნაურდება ძველაღთქმისეული კანონისა და ღვთისგანკაცების ურთიერთმიმართება  და წარმოჩინდება ის, რომ ჩვენ ვცხონდებით არა უბრალოდ რჯულის აღსრულებით , არამედ  ქრისტეს აღდგომის ნაყოფთან პიროვნული  თანაზიარებით .
ასევე , ჩვენს მიერ მოყვანილი ტექსტიდან ნათელი ხდება ისიც, რომ ჩვენი შინაგანი ადამიანი,  ჩვენი გონისმიერი ბუნება , ღვთის რჯულს ემსახურება , მისით ნეტარებს , რაც ნიშნავს შინაგან ლოცვას და გონისმიერ განათლებას . და ჩვენ კარგად ვიცით ისიც , რომ გონიერი ლოცვა ძველი აღთქმის მართლებსაც გააჩნდათ .
მაგრამ , მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შინაგანი ადამიანი საღვთი რჯულით ნეტარებს , ჩვენ ვგრძნობთ იმასაც, რომ ჩვენს სხეულში ცოდვის რჯულიც მოქმედებს . ცოდვის რჯული - ეს არის ჩვენი ხრწნადობა და მოკვდავობა , რომელიც ვნებასა და მანკიერებას ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის სიცოცხლისთვის .  რამეთუ სნეულებები , ვნება , სიბერე, სიკვდილის მოახლოება - ეს ყოველივე ემსახურება იმას , რომ ჩვენი მშვინვიერი ვნებები თავისი თავისათვის არაბუნებრივ გამოვლინებებს ეძებენ და ეს ყოველივე ხელს აძლევს ეშმაკს, რომ  ჩვენთან  გამუდმებული ომი აწარმოოს . სწორედ ცოდვის რჯულთან განუწყვეტელ ბრძოლასა და დაპირისპირებაში მდგომარეობს წმინდანთა მოწამეობა .  ამიტომ , ზემოთმოყვანილი სიტყვა ნეტარი მოციქულისა - ეს არის გულისმიერი ღაღადება ყველა ძველაღთქმისეული მართლისა , რომლებიც იყვნენ რა სიკვდილის ძალაუფლების ქვეშ , თვით რჯულის დახმარებითაც კი ვერ აღწევდნენ თავისუფლებას :  ,, 24. ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?“(რომ. 7).
ეს გათავისუფლება აღსრულდა ქრისტეს განკაცების წყალობით , მისი ტანჯვისა და აღდგომის წყალობით , რომლის ნაყოფიც ადამიანს შეუძლია ეკლესიაში იხმიოს ქრისტეს სხეულის ზიარებით. აქედან წარმოიშვება გულისმიერი საჭიროება ღვთისადმი მოუკლებელი მადლიერებისა . ადამიანი ნელ-ნელა გამოცდილებით შეიცნობს იმას, რომ ,, 3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის’’.(8) ამგვარად ხდება და იწოდება ადამიანი -სულიერად.
დავასრულეთ რა თემა სიკვდილის შესახებ , მოკლედ გავაკეთოთ ერთგვარი შეჯამება . ამგვარად , ღმერთს არ შეუქმნია სიკვდილი, ანუ ადამიანური ბუნება არ იყო შექმნილი მოკვდავად, მაგრამ სიკვდილი, როგორც პარაზიტი შეიჭრა მასში ადამის ცოდვით დაცემის შედეგად . ეს მოხდა ღვთის უდიდესი მოწყალებისა და კაცთმოყვარეობის გამო, რამეთუ სიკვდილის წყალობით ბოროტებას არ შეუძლია იყოს უკვდავი და მარადიული  ადამიანთა შორის, სიკვდილი მემკვიდრეობით მიიღება (გადაეცემა) ადამიანური ბუნების უძლურების გამო, და არა როგორც სასჯელი, თითქოს ღვთის მიერ ამგვარად იყოს განწესებული დამნაშავე კაცობრიობის წინააღმდეგ. საჭირო დროს უფალმა, წარმოგზავნა მისი ძე წუთისოფელში და მისი განკაცების წყალობით ადამიანს მიეცა შესაძლებლობა სიკვდილზე გამარჯვებისა. დასაწყისში საიდუმლოებების მეშვეობით, რომელიც შეაკავშირებს მას ქრისტეს აღდგომილ სხეულთან, ადამიანს ეძლევა საშუალება საკუთარ თავში განაქარვოს სულიერი სიკვდილი, ხოლო ამის შედეგად, მას უკვე  შეუძლია  გათავისუფლდეს ხორციელი სიკვდილისგანაც.

1. იოანე რომანიდისი, პირველმშობელთა ცოდვა , გამომცემლობა " დომოსი", 1989.
2. იქვე, 7-8 გვ.
3. გრიგოლ პალამა, შრომები, 9 ΕΠΕ, გვ. 437
4. მშვენიერებათმოყვარეობა, პაპადიმიტრიუს გამომცემლობა, II ტომი, გვ. 27
5. ნახეთ, წმინდა იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სწავლების ზედმიწევითი გადმოცემა, М., 1992, გვ. 110
6. იქვე, გვ. 120
7. გრიგოლ პალამა, 10 ΕΠΕ, გვ. 542
8. წმ. მაკარი ეგვიპტელი, ასკეტთა და მღვიძარეთა მშვენიერებათმოყვარეობა, გრიგოლ პალამას მამათა გამოცემა , VII ტომი, გვ. 200
9. ნახეთ, უნეტარესი ნელა, "Ζωον θεούμενον" , გამომცელობა " ეპოპტია", ათენი, 1979, გვ 45 და შემდეგი.
10. გიორგი მანძარიდისი, პალამისეულნი, გამომცემლობა " პურნარა" , თესალონიკი, გვ. 49
11. გრიგოლ პალამა, მშვენიერებათმოყვარეობა, IV ტომი, გვ. 96
12. ნახეთ, ოლიმპიოს პაპადოპულოს- ცანანა : ბასილი დიდის ანთროპოლოგია, საპატრიარქოს მამათა კვლევის ცენტრი, თესალონიკი 1970, გვ.76
13. მცირე ლოცვანი, გამომცემლობა " აპოსტოლიკი დიაკონია" , 1972, გვ. 213
 14. იოანე რომანიდისის, პირველმშობელთა ცოდვის ანალიზი, ასევე უკვე ციტირებულ ნაშრომში გვ. 158 და შემდეგი
 15. თეოდორე ზისი, ადამიანი და სამყარო საღვთო განგებულებაში იოანე ოქროპირის მიხედვით, საპატრიარქოს მამათა კვლევის ცენტრი , თესალონიკი, 1971, გვ. 120, შენიშვნა 7
16. იქვე, გვ. 119
17. მღვდელმონაზონი არტემი რადოსავლიევჩი : გამომხსნელობის საიდუმლო წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით, ათენი 1975, გვ.109

ორიგინალი : http://yakov.works/libr_min/03_v/la/hos_02.htm


თარგმანის ავტორი : მიქაელ მთაწმინდელი 

вторник, 16 июля 2019 г.

„ჩვენ ეკლესიში მხოლოდ ქრისტეს გულისათვის ვართ“


„ჩვენ ეკლესიში  მხოლოდ ქრისტეს გულისათვის ვართ“

საუბარი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან

საბურთალოს ჩვეულებრივ ეზოში, ფანასკერტელის ქუჩაზე, მაინც და მაინც არაფრით გამორჩეული კორპუსების შორის განლაგებულია არც თუ ისე დიდი ხნის წინ აშენებული უფლის ჯვრის ამაღლების სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი ,რომლის წინამძღვარის დეკანოზი თეოდორე გიგნაძე გახლავთ . მამა მამა თეოდორე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურია და  ცნობილია თავისი შთამაგონებელი ქადაგებებით,  რომლებშიც იგი უხმობს ხალხს ილოცონ ყოველდღიურობაში იესოს ლოცვით. მამა თეოდორე გვინაწილებს ეკლესიის მამათა გამოცდილებას და მოწმობას იმის შესახებ, რომ იესოს ლოცვის პრაქტიკაში არ არის არაფერი უცხო და შეუძლებელი აბსოლიტურად ყოველი ქრისტიანისთვის, რომ არ არის აუცილებელი იყო მონაზონი იმისთვის. რომ ივლტოდე ქრისტესთან ერთობისკენ, რომლისკენაც მოწოდებულია ყოველი მონათლული წმ. სამების სახელით, და რომლის მისაღწევად  ერთ-ერთი ძირითადი გზა  არის სწორედ ეს მოკლე ლოცვა.
ჩვენ მოგვეცა საშუალება გვესაუბრა ამ საქართველოში ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების აღორძინებისთვისმოღვაწე მღვდელთან.საუბრის დროს ჩვენ დავუსვით მას ზოგიერთი კითხვა მართლმადიდებელი ქრისტიანის თანამედროვეობის პირობებში ცხოვრების შესახებ.

- ქრისტიანობის დაწყებიდან გავიდა უკვე ორი ათას წელზე მეტი. იცვლება დროები, ეპოქები, მაგრამ ეკლესია, მაცხოვრის სიტყვით, მყოფობს შეურყევლად ჯოჯოხეთის ბჭეთაგან. მამაო თეოდორე, რა შეიცვალა მორწმუნეთათვის დროის განმავლობაში? და თუ უნდა შეიტანოს თანამედროვე ცხოვრების რეალიებმა რაიმე კორექტივები ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაში?
- არსობრივად მორწმუნენთათვის არაფერი შეცვლილა: ამა სოფლის სული ისევ ებრძვის ქრისტეს და შესაბამისად მის წმინდა ეკლესიას, შიგნით თუ გარეთ; ადამიანები ისევე იბადებიან, იზრდებიან და კვდებიან, როგორც საუკუნების წინ; დღესაც, ისევე როგორც უწინ, ვერავინ ამტკიცებს ღმერთის ვერც არსებობას და ვერც არარსებობას, რამეთუ იგი დროის, სივრცის, მთლიანად ქმნილი სამყაროს და შესაბამისად საბუნებისმეტყველო მეცნიერების და ლოგიკის მიღმაა; რწმენა დღესაც ისევეა ნიჭი, როგორც ეს უწინ იყო და ამას, ანუ იმას რომ რწმენა ნიჭია, ვერანაირი ტექნოლოგიური პროგრესი ვერ შეცვლის;  ქრისტიანობა კვლავ გაუგებარია მათთვის, ვინც ეკლესიის წიაღში რელიგიურ გრძნობებს იკმაყოფილებს და შესაბამისად მხოლოდ გარეგანი სჯულის აღსრულებითაა დაკავებული, ხოლო განკაცებული ძე ღმერთის მიერ მონიჭებულ და პავლე მოციქულის მიერ ნაქადაგებ თავისუფლებას უარყოფს; ქრისტიანობა კვლავ იესუ ქრისტესთან პიროვნულ ერთობაში რეალიზდება, როდესაც ჩვენ მაშვრალნი და ტვირთმძიმენი მასში ვპოვებთ განსვენებას; ქრისტესთან პიროვნული ერთობისათვის კვლავ ხელის შემშლელია პირველმშობელთაგან მემკვიდრეობით მიღებული სიამეთმოყვარეობის, მომხვეჭელობის და პატივმოყვარეობის ვნებები; დღესაც გაუგებარი და მიუწვდომელია ღმერთის კენოზისი, იგივე უკიდურესი სიმდაბლე, ანუ ღმერთის სამყაროში მოვლინება, ტანჯვა, ჯვარცმა და სიკვდილი; და როგორც ყოველთვის, დღესაც ძნელია კაც იესოში პიროვნულად სამყაროს შემოქმედის დანახვა, მისი ერთგული მოწაფეობა, მისდამი მიბაძვა და მიმსგავსება. ერთადერთი რაც ძველი ქრისტიანებისაგან განგვასხვავებს, ეს მისიონერული ენაა, რამეთუ ყველა ეპოქის ადამიანს მისთვის გასაგებად უნდა ესაუბროო. ანუ ცვლილება ესაჭიროებაარა სულიერ ცხოვრებას, არამედ მისიონერულ ენას.
- მამა თეოდორე, თქვენ ბევრს საუბრობთ იესოს ლოცვის აუცილებლობაზე ყველა ქრისტიანებისთვის, მათ შორის ერისკაცებისთვისაც. მაგრამ ძალიან გავრცელებულია აზრი, რომ ეს არის განსაკუთრებული მონაზვნური პრაქტიკა, რომელიც არ ეხამება ამქვეყნიურ ამაოებას. რა კომენტარი შეგიძლიათ გაუკეთოთ ამ პოზიციას?
- რას ნიშნავს, რომ ქრისტიანები ვართ? ჩვენ არ ვართ უბრალოდ მორწმუნენი და რელიგიურნი, ანუ ღმრთის არსებობაში დარწმუნებულნი და ღმრთის გულის მოსაგებად გარკვეული წესების შემსრულებელნი. ქრისტიანები ვართ, ვინც ვიცით, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, ჩვენ ის დავინახეთ (გულის თვალით) და მადლმა განგვიცხადა (მათ.16,17), რომ ჩვენს წინაშეა ის, ვინც სამყარო და ჩვენ შეგვქმნა, ვის მიერაც არსებობს ყოველი არსებული, მისით ფეთქავს ჩვენი და ჩვენი ახლობლების გული, იგია ყველაფრის საფუძველი. (იოან.1,3-4).ყოველივე ამის დანახვის მერე ჩვენ არ შეგვიძლია მას მუდამ არ ვხედავდეთ, მისკენ ზურგით დავდგეთ, ცოტა ხნით დავშორდეთ და ჩვენი საქმეები ვაკეთოთ (ჩვენი საქმეებიც მის ხელშია). გარდა ამგვარი პრაგმატული მიდგომისა, იგი ჩვენ გულს სიყვარულით ეხება (გამოცხ.3,20) ჭეშმარიტ სიცოცხლეს (იოან.10,28) და ბედნიერებას (მათ.11,6) გვაგრძნობინებს. ამასთან ერთად, ლიტურღიკულ მსახურებაში თავის თავს გვაძლევს, თავის ორგანულ ნაწილად გვხვდის (იოან.6,51) და მადლიერებითი, ანუ ევქარისტიული ცხოვრებისა და მსახურებისათვის განგვაწყობს. ანუ ჩვენ,  რელიგიურობის გამო კი არ ვართ ქრისტიანები, არამედ იმიტომ, რომ ქრისტესთან ყოფნა გვსურს, მასთან ერთობაში, მისდამი მიმდევრობით, მოწაფეობით, მეგობრობით და ძმობით ვრეალიზდებით, როგორც ღმრთის ხატნი და მსგავსნი, როგორც ზეცის მოქალაქენი და ძეციური მამის  შვილნი. ამის მერე რატომ უნდა გაჩნდეს უცნაური კითხვა: „შეიძლება ერისკაცებმა იესუს ლოცვით ილოცონ?“ ეს ლოცვა ხომ სულ ქრისტესთან მყოფობის (1თეს.4,17), მისი დანახვის და გაყოლის (მარკ.10,47-52) მცდელობაა.
იესუს გონიერი ლოცვა მჭიდროდ უკავშირდება ისიხაზმს(გონებისადასხეულისსიმშვიდე). ხშირად სვამენ კითხვას, რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი პრაქტიკა ერისკაცებისათვის. ამგვარად საკითხის დასმა არამართებულია, რამეთუ ისიხასტური ცხოვრების წესია სწორედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მართლმადიდებლობის უნიკალურობისა. და როგორც წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი გვასწავლის:
„ნუ იტყვი, რომ ეს ჩემთვის შეუძლებელია, რამეთუ ქრისტემ თავისი მცნებები ყველასთვის განაცხადა და განსაკუთრებული მცნებები ცალკე მონაზვნებისათვის და ცალკე ერისკაცთათვის არ მოუცია“[1].
ბერძნულ ტრადიაციაში ერისკაცთა ისიხაზმი ჩვეული მოვლენაა და მას შესაბამისი ტერმინითაც სახელდებენ: ლაიკური ისიხაზმი. (λαϊκόςერისკაცები).  XIV ს-ში, როდესაც ისიხაზმი დოგმატურად დადასტურდა კრებაზე (1351 წ.), ეკლესიის მამები ერისკაცთა შორის ისახაზმის მომხრენი იყვნენ (მაგალითად წმ. გრიგოლ სინელი; წმ. ნიკოლოზ კაბასილა)
იმასთან დაკავშირებით, რომ ისიხაზმი, მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ერის ადამიანებისთვისაც საჭირო და სავალდებულოა,გასათვალისწინებელია მართმადიდებელი ეკლესიის ის საწავლება, რომწმ. სამების სახელით მონათლული და სამპიროვანი ერთარსება ღმერთის ნებას დამორჩილებული ყოველი მორწმუნე მღვდელმსახურია [„რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლითა თჳსითა და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა დამამისა თჳსისა“(გამოც.1,5-6); „ხოლოთქუენ, ნათესავირჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული“(1პეტრ.2,9); „გლოცავთქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისამეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი.“(რომ.12,1)], ამიტომაც ყოველი ქრისტიანი, საეკლესიო ხარისხისდა მიუხედავად, ვალდებულია მუდამ სწირავდეს ღმერთს უსისხლო ქების მსხვერპლს გულის სიღრმიდან, რაც არის კიდევაც იესუს გონიერი ლოცვა. მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი წერს:
„ადამიანის გადარჩენის უმთავრეს საშუალებად გონიერი ლოცვა მიგვაჩნია... არსებობს ისეთი მოსაზრება, ყველა მეთოდი მღვიძარებისა და ლოცვისა, „გულის თვალს“(გამოც.3,18) რომ კურნავენ, მხოლოდ მონაზვნების სულის კურნებას შეეხება. ეს მცდარი აზრია. ჩვენ ყველანი, ვინც მონასტერში არ ვცხოვრობთ, უფლის მცნებებს უნდა ვიცავდეთ. ლოცვა, სინანული, ცრემლი, მღვიძარება, მარხვა და ა. შ. ქრისტესგან ყველას, და არა მხოლოდ მონაზვნებს, მოგვენიჭა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  ეს სათნოებანი თვითოეულმა ჩვენგანმა უნდა აღასრულოს. უფალს არ უთქვამს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანს არ შეუძლია. წმ. გრიგოლ პალამა გულის სიწმინდეზე საუბრისას ამბობს, რომ „დაქორწინებულებმაც შეიძლება მიაღწიოს ამგვარ სიწმინდს, ოღონდ უფრო მეტი ღვაწლით“[2].
იმის გამო, რომ, ისიხაზმის ჭეშმარიტობის დოგმატური დადასტურება 1341, 1346 და 1351 წწ-ის, კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებებზე, წმ. გროგოლ პალამას დროს, მისივე დიდი მეცადინეობით მოხდა...
„ამიტომაც ისიხაზმის მოწინააღმდეგე მართლმადიდებლური ტრადიციის წიაღში არ იმყოფება და შესაბამისად განრიდებულიცაა მართლმადიდებლურ ცხოვრებას“[3].
მიტროპოლიტი იეროთეოსი კიდევ ერთ საინტერესო შენიშვნას აკეთებს:
„ვამჩნევთ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ორ ჯგუფად იყოფიან. პირველ ჯგუფში შემავალებს სამართლიანად შეიძლება ვარლაამიტები (ვარლაამ კალაბრიელი. წმ. გრიგოლ პალამას იდეური მოწინააღმდეგე მონაზვნურ პრაქტიკასთან დაკავშირთებით) ვუწოდოთ; რამეთუ ისინი ღმრთის შემეცნებაში უპირატესობას ადამიანურ ინტელექტს, განსჯის და ლოგიკურ უნარს ანიჭებენ. მეორე ჯგუფში შემავალი ადამიანები კი, მსგავსად წმ. გრიგოლ პალამასი, სულიერ ცხოვრებაში ცენტრალურ და ძირითად ადგილს გულს (ამ სიტყვის დიდი, ბიბლიური და წმ. მამათასეული გაგებით) აკუთვნებენ. ორივე ეს ჯგუფი ეკლესიის წიაღშია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიამ, შერაცხა რა წმინდანად გრიგოლ პალამა,  თავისი კრებსითი ხმით უპირატესობა მეორე ჯგუფს მიანიჭა“[4].

წმ. წერილი მრავლგზის გვიდასტურებს განკაცებული ძე ღმერთის სახელის, და რათქმაუნდა ამით თავად ძე ღმერთის მოხმობის მნიშვნელობას, როგორც ცოდვასთან ჩვენს ყოველდღიურ ბრძოლაში, ასევე მასთან მოუკლებელი ურთიერთობის და მისდამი უანგარო სიყვარულის, და ზოგადად ცხონების თვალსაზრისით: „რომელსააქუნდესძე,აქუსცხორებაჲცა.რომელსაარააქუნდესძეღმრთისაჲ, მასარცაცხორებაჲაქუს.ესემივწერეთქუენდა,მორწმუნეთასახელისამიმართძისაღმრთისა, რაჲთაუწყოდით, რამეთუცხორებაჲსაუკუნოჲგაქუს, რაჲთაგრწმენესსახელისამიმართძისაღმრთისა“(1იოან.5,12-13);ხოლოშენრაჟამსილოცვიდე, შევედსაუნჯესაშენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოსშენცხადად (მათ.6,6)“; „რაჲცაი თხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა.და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მევყო; რაჲთა, რაჲ-იგი სთხოოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცესთქუენ...“(იოან. 14,13-14; 15,16; 16, 23-26). და განგვიცხადებს, რომ „თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი.“(იოან.15,5). ხოლო ის, რომ „არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ.“(იოან. 14.6), უძლიერესი საფუძველია ძისადმი გულმხურვალე ვედრებისა.

„სული წმიდის მიერ განათლებული ღმერთშემოსილი მამები გონიერი წმინდა ლოცვის და შინაგანი ცხოვრების საფუძველს ახალი და ძველი აღთქმის ტექსტებში ხედავენ და მისგან, როგორც დაულევნელი წყაროდან მრავალ ადგილს იმოწმებენ“[5].
ერთ-ერთი გავრცელებული მითი, რომელიც იესუს გონიერი ლოცვის, და ზოგადად, ისიხაზმის წინააღმდეგაა მიმართული, არის მოსაზრება, რომ თითქოს ეს ლოცვა ხიბლის (სიცრუეში მყოფობა) წყარო იყოს.  ამ მითს პასუხს XX ს-ის დიდი ათონელი მამის სიტყვებით გავცემთ:
„მაცდურისგან (ანუ ეშმაკისგან) უაღრესად უსაფუძვლო და მცდარი აზრია გავრცელებული, რომ თითქოს იესუს ლოცვის პრაქტიკა ხიბლის საშიშროებას შეიცავს, მაგრამ ხიბლი სწორედაც რომ ამგვარი აზრია... პირიქით, სიტყვები: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“, ჩვენს სუნთქვად უნდა იქცეს“[6].
ამ თანამედროვე მოღვაწის აზრს ყველა წმინდა მამა იზიარებს. ერთ-ერთი მათ შორის გონიერი ლოცვის დიდი აპოლოგეტი, ღირსი პაისი მოლდაველია (ველიჩლოვსკი), რომელიც ამ ლოცვის პრაქტიკაზეც, მის შედეგებზეც და მის სხვა ლოცვით პრაქტიკასთან შედარებით უპირატესობაზე საუბრობს:
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე. ვინც მონდომებით და სუნთქვასავით მოუკლებლივ წარმოთქვამს ამ ლოცვას, მასში მალევე დაივანებს და დამკვიდრდება ყოვლადწმიდა სამება -- მამა, ძე და სული წმიდა. ლოცვა გულს მოიცავს და გული ლოცვას, დღე და ღამე ლოცვაში იქნება ადამიანი და ბოროტის ყველა მახისაგან განთავისუფლდება... ვინც იესუს გონიერი ლოცვის აღსრულებას არ მიეჩვევა, მას მოუკლებელი ლოცვა არ ექნება... ლოცვის ეს გზა უფრო უმოკლესია გადარჩენისთვის, ვიდრე ფსალმუნება, სხვადასხვა კანონები და დაწერილი ლოცვები.როგორც ზრდასრული ადამიანია ბავშვის წინაშე, ასევეა გონიერი ლოცვა დაწერილი ლოცვების წინაშე“...[7]
ხოლო გონიერი ლოცვის მოწინააღმდეგებს, გავკადნიერედებით და ღირს მამასთან ერთად ვკითხავთ:
და მე აბსოლუტურად გაკვირვებული ვკითხულობ: იესუს სახელის მოხმობა თქვენ რა, უსარგებლო გგონიათ?“[8].
ისიხაზმისადმი უარყოფითი დამოკიდებულება იმითაცაა განპირობებული, რომ ამ ტერმინის ქვეშ განღმრთობილი ადამიანის მდგომარეობას მოიაზრებენ. სინამდვილეში ისიხაზმი გზაა,  ლოცვით-ასკეტური მოღვაწეობის მართლმადიდებლური პრაქტიკაა, სულიერ ცხოვრებაში არსებული ის პროცესია, რომელიც ერის ადამიანისათვისაც შესაძლებელია და საჭიროც, რამეთუ პრაქტიკული თვალსაზრისით, სწორედ ისიხაზმი განაპირობებს მართლმადიდებლობის უნიკალურობას, რამეთუ იგი ეფუძნება მოძღვრებას საღმრთო მადლის, საღმრთო ენერგიის, იგივე თაბორისეული ნათლის უქმნელობის შესახებ (ანუ, მადლი, თაბორისეული ნათელი არაა შექმნილი, არამედ თავად ღმერთია თავის ენერგიებში). ეს სწავლება კი საკუთრივ მართლმადიდებლურია და მას სხვა ქრისტიანულ დენომინაციებში ვერ ვხვდებით. და რადგან ლოცვა ღმერთთან ერთობაა, ამიტომ ღმერთის ჩვენთან მყოფობის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების უნიკალურობის გამო, მართლმადიდებლური ლოცვითი პრაქტიკაც უნიკალურია (იმის გამო, რომ ღმერთი რეალურად ჩვენთანაა, რამეთუ მადლი თავად ღმერთია და არა ჩვენსა და ღმერთს შორის არსებული ქმნილი ბუფერული ზონა, ამიტომ ლოცვისადმი მიდგომა სხვანაირია, რაც შესაბამისად ნაყოფებსაც სხვანაირს იღებს).
მართმადიდებლობა, თავის ასკეტურ-ლოცვით ღვაწლში, ისიხასტურია. „ხოლო მათთვის, რომელნიც ფიქრობენ, რომ ეს თემები ჩვენი მდგომარეობის ადამიანთათვის შორეული და მიუწვდომელია, არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვის სიტყვებს მოვიყვანთ:
„ჩემი სურვილია უფრო მეტად სრულყოფილის, ჩემს საზომზე ბევრად აღმატებულის შესახებ გავიგო. არა პრეტენზიის, არამედ იმ გზის მაჩვენებელი ვარსკვლავის გამო, რომლის მიხედვითაც ვამოწმებ ღმრთის გზაზედ ჩემს სწორად მავლობას. მსურს იმგვარი ზეაღმატებული ჭეშმარიტების კრიტერიუმის ქონა, რომელიც ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით ტკბობის და კმაყოფილების შესაძლებლობას არ მომცემს“[9].
ისიხასტური პრაქტიკის არსებობა და მკვიდრობა ეკლესიაში განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ლიტურღიკურ ღმრთისმსახურებაზე. მრავალი საეკლესიო მოღვაწე საუბრობს, თუ როგორი დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირად ლოცვით გამოცდილებას მწირველი მღვდლისათვის; რომ თავად, გულით გახდეს თანამონაწილე ევქარისტიული მსახურების, რომ ამ დიდმა საიდუმლოებამ მას გვერდი არ აუაროს; რომ უსისხლო მსხვერპლის შეწირვის დიადი მსახურება სპექტაკლად არ გადაიქცეს მისთვის. საიდუმლოებასთან შერწყმის, მისი გათავისების შემთხვევაში, შემწირველი მღვდელი მაგალითი ხდება მორწმუნე მრევლისათვის და ამით ხელს უწყობს ქრისტეს მისტიური სხეულის, ანუ ეკლესიის აღმშენებლობას. ამ თვალსაზრისით საინტერესოა უცნობი ათონელი ისიხასტის მოსაზრებანი:
„მღვდლობა ორ დიდი სათნოებასთან, მარხვასთან (ანუ ღვაწლთან/თ. გ./) და გონიერ ლოცვასთან ერთად უნდა წარემართებოდეს. თუ მღვდელი მმარხველი და გულის სიღრმიდან ამომავალი, გონიერად და მოუკლებელად მლოცველია, მაშინ მღვდელმსახურების დროს იგი საკუთარ თავში საღმრთო მადლის ჭეშმარიტად განმცდელია (და შესაბამისად მორწმუნე მრევლისათვის მაგალითის მიმცემი და ცოცხალი ღმერთისკენ გზის გამკვალავია/თ. გ./)“[10].
გონიერი ლოცვა და ლიტურღიული, ევქარისტიული მსახურება ის ორი ფრთაა რომელთა დახმარებითაც ადამიანი ღმერთს უერთდება. ეს ორი საიდუმლო შეეწევა, ავსებს და ერწყმის ერთმანეთს: „შუაღამიანის მსახურება, გვმოძღვრავს ღირსი ნიკონ ოპტინელი, იესუს ლოცვის საუკეთესო მასწავლებელია“; ხოლო ღმრთისმსახურების სისხლხორცეული განცდა, მასში სიღრმისეული ჩართულობა პირადი ლოცვითი მომზადების გარეშე შეუძლებელია. აი ამასთან დაკავშირებით რას წერს არქიმანდრიტი ემელიანე:
„ღმრთისმსახურება, ლიტურღია არსებობს, როგორც ჩვენი ლოცვითი გამოცდილების უმაღლესი გამოვლინება, ლოცვის ახალ საფეხურზე ასვლის, მისი განვითარების საყრდენი წერტილი. ვინც ეკლესიაში ღმრთისმსახურებისათვის წასვლის წინ გულით ლოცულობს და იესუს წმინდა სახელი ბაგეებზედ და გულში მოუკლებელად აქვს, ლიტურღიაში მხოლოდ ის მონაწილეობს სრულყოფილად  და ესმის ყოველი“[11].
დასასრულს მოციქულებთან ერთად ვიტყვით, რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება წარემართება „სახელითაიესუქრისტენაზარეველისაჲთა“(საქმ.4,10), „დაარავინაჲარსსხჳთცხორებაჲდაარცაღაარსსახელისხუაჲცისაქუეშემოცემულიკაცთა, რომლითამცაჯერ-იყოცხორებაჲჩუენდა.“ (საქმ.4,12); ხოლო იმათ, ვინც გვაიძულებს უარი ვთქვათ განკაცებული ღმერთის წმიდა სახელის მოხმობაზე (საქმ.4,17-18), ასევე მოციქულებთან ერთად ვეტყვით: „უკუეთუსამართალარსწინაშეღმრთისა,თქუენისმენაჲუფროჲს, ანუღმრთისაჲ, საჯეთ.“(საქმ.4,19).
- რა გამოწვევების წინ დგას დღესდღეობით თანამედროვე ქრისტიანი? და როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს?
- ერთ-ერთი უმთავრესი პრობლება თანამედროვე მორწმუნეებში, ზემოთ განხილული ისიხასტური პრაქტიკის არქონაა.ჩვენს დროში, სულიერი და საღმრთისმეტყველო საკითხებით დაინტერესებულ ადამიანთა აზროვნებაში ერთგვარი არეულობაა, რომლის გამომწვევი მიზეზი საღმრთისმეტყველო თემებით იმგვარი გატაცებაა, რომელსაც პრაქტიკა ზურგს არ უმაგრებს. ამას მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დიდი ზიანი მოაქვს. ამ თემას საინტერესოდ ეხება მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი:
„სამწუხაროა და ტრაგიკულიც კი, რომ ჩვენს დროს ადამიანის განღმრთობაზე (ანუ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობაზე /თ. გ./) ბევრი ისე საუბრობს, რომ მიზნის მიღწევის გზებსა და მეთოდებს არ ახსენებს. ეს ფუნდამენტური შეცდომაა. რამეთუ, როგორც სხვა დისციპლინებშია აქაც ამგვარდაა, მეთოდის გარეშე შედეგიც არ დადგება... როდესაც ღმრთისმეტყველება გზას და მეთოდს არ უჩვენებს, ვგულისხმობთ ასკეტურ-ისიხასტურ მეთოდს, მაშინ ის ვერასოდეს მიიყვანს ადამიანს საბოლოო მიზნამდე. ასეთი ღმრთისმეტყველება სახიფათოა“[12].
ზოგ შემთხვევაში კი, თვით ევქარისტიული ცხოვრების შესუსტებას ვხვდებით. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ, როგორც წმ. ნიკოლოზ კავასილა გვასწავლის, ეკლესია ევქარისტიაა, ხოლო ევქარისტია კი ეკლესიაა. ანუ, თუ ადამიანი ევქარისტიულად, ე. ი. ინტენსიური ზიარებით არ ცხოვრობს, ის ქრისტიანდაც არ იწოდება. ჩვენ ეკლესიაში მხოლოდ ქრისტესთვის ვართ და ამის ვერ გაგება ეკლესიოლოგიურ პრობლემად იწოდება, რაც ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს მართლმადიდებლი ქრისტიანისათვის, და რის უარყოფით შედეგებსაც ვხედავთ დღევანდელ მსოფლიო ეკლესიაში.
- რა აკლია თანამედროვე საშუალოსტატისტიკურ მართლმადიდებელს და რა დაეხმარება მას ამ ნაკლების შევსებაში?
- იმის გაგება და განცდა გვაკლია, რომ ქვეყნიერებაზე და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ერთადერთი ღირებულება არსებობს, იესუ ქრისტე., განკაცებული ძე ღმერთი, რომლის გარეშე ვერავინ მივა ძეციურ მამასთან შვილის სტატუსით. ყველა სხვა ღირებულება იმდენადაა ღირებულება, და პერსპექტივის მქონეც, რამდენადაც ის ქრისტეს უკავშირდება.
-  რომელია, თქვენი აზრით, ყველაზე აუცილებელი თვისება ქრისტიანისთვის? რა უნდა დაეხმაროს ქრისტიანს სწორი განწყობის, სულის სწორი მდგომარეობის შენარჩუნებაში?
- ქრისტიანის მთავარი, უფრო სწორედ, ერთადერთი მახასიათებლია, რომ იგი ქრისტეს გავდეს; მისგან ისწავლოს (მათ.11,29), რომ მას მიემსგავსოს. სულიერად სწორ მდგომარეობაში მყოფობა ფსიქოლოგიური მდგომარეობა არაა, რომელიც ნების ყოფის ხარჯზე მიიღწევა. ქრისტიანული თვალსაზრისით სწორი მდგომარეობა მხოლოდ მადლისმიერი შეიძლება იყოს. მადლი კი ევქარისტიული ცხოვრებით და სწორი ლოცვით მოიხვეჭება.
- ეკლესია გვთავაზობს ერთ-ერთ ძირითად გზას სულის გადასარჩენად: ოჯახურ ცხოვრებას ან მონაზვნობას. როგორ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი? როგორ უნდა გაიგო, რომელი გზა მოგერგება სწორედ შენ?
- ეკლესია მხოლოდ ერთ გზას გვთავზობს: „მოვედითჩემდაყოველნიმაშურალნიდატჳრთმძიმენი, დამეგანგისუენოთქუენ.აღიღეთუღელიჩემითქუენზედადაისწავეთჩემგან, რამეთუმშჳდვარდამდაბალგულითა, დაჰპოოთგანსუენებაჲსულთათქუენთაჲ.“ (მათ.11,28-29); ანუ გზა თავად ქრისტეა (იოან.14,6),  ხოლო ყველაფერი დანარჩენი (ცხოვრების გზა, სწორი არჩევანი, სიბრძნე და გულისხმისყოფა სწორი არჩევანის გასაკეთებლად, საკუთარი ნიჭების გააზრება და მათით რეალიზება) უფლის მიერ მოგვეცემა: „თქუენეძიებდითპირველადსასუფეველსაღმრთისასადასიმართლესამისსა, დაესეყოველიშეგეძინოსთქუენ.“ (მათ.6,33).
- და სხვა მხრივ, როგორ არ დავუშვათ შეცდომა მეუღლის არჩევაში? რომელი კრიტერიუმებია მნიშვნელოვანი და რომელი მეორეხარისხოვანი?
- შეცდომისგან არასდროს ვართ დაზღვეულნი. მთავარია ღმრთის წინაშე (ასევე, ადამიანის წინაშე) ვიყოთ გულწრფელნი. გააზრებული უნდა გვქონდეს ქრისტიანული ოჯახის არსი, სადაც ორი (ცოლ-ქმარი) მესამისკენ  (ქრისტესკენ) ისწრაფის. მათ შორის მეგობრობაც უნდა არსებობდეს, დაქორწინებამდე იმის გააზრებაც მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი შვილებისათვის როგორი მშობლები იქნებიან. მაგრამ არც, ვაჟსა და გოგონას შორის, რომანტიული გრძნობების უგულვებელსყოფა შეიძლება. უფალი ყველას შეეწიოს ამ რთული არჩევანის გაკეთებაში.
- სულიერ საკითხებზე საუბრისას, ჩვენ არ შეგვიძლია ავუაროთ გვერდი სოციალურ პრობლემებსაც, სულიერი ცხოვრება ხომ არ გულისხმობს გულგრილობას თანამედროვეობის პრობლემების მიმართ. თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ სერიოზულად დგას აბორტების პრობლემა. სტატისტიკის მიხედვით, სულაც ბოლო ადგილები არ უკავიათ საქართველოს და რუსეთს, ქვეყნებს, სადაც ტრადიციული რელიგია მართლმადიდებლობაა. თითქოსდა, ეს არის პარადოქსი. რის გაკეთება არის მნიშვნელოვანი და შესაძლო ამ სერიოზული პრობლემის გადასაწყვეტად?
- ტრადიციული რელიგიურობა აბორტის არსებობას და სხვა მსგავს გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება. საჭიროა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება, რომლის დროსაც, როგორც ზემოთ ითქვა, ქრისტეა ერთადერთი ღირებულება, განღმრთობაა ერთადერთი მიზანი. ხოლო სიცოცხლისადმი ამგვარი ხედვა რომ დომინანტი გახდეს ჩვენს ქვეყნებში, ძირითადი პასუხისმგებლობა ჩვენ, სასულიერო პირებს გვეკისრება. ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ ევქარისტიული ცხოვრების აღორძინება ჩვენს ქვეყნებში.
- მსოფლიოს დასასრულის მოახლოვების შესახებ ლაპარაკი არის ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან; შედარებით დიდი ხანი არაა (10.02), რაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თავის ქადაგებაზე ახსენა, რომ არა თუ ბოლო ჟამია, არამედ, ბოლო დღეებიც კი არის. რა კომენტარი შეგიძლიათ გაუკეთოთ ამას?
- უფლის განკაცების შემდგომ კაცობრიობა ბოლო ჟამის პერიოდში იმყოფება. სუბიექტურად სამყაროს აღსასრულის განცდა პერიოდულად ძლიერდება, ასე იყო მაგალითად წმ. იოანე ოქროპირის ცხოვრებაში. საერთოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება ესქატოლოგიურია, რაც კარგად ჩანსწმ. პავლე მოციქულის სიტყვებში, რომ მიუხედავად ამ ცხოვრებაში სულიერი და ეკლესიური ცხოვრებით დატვირთულობისა, მთავარი აქცენტი მაინც უფალთან მომავალ შეხვედრაზე კეთდება: „რამეთუგამოჩნდამადლიიგიღმრთისაჲმაცხოვრადყოველთაკაცთა სამოძღურებელადჩუენდა, რაჲთაუარ-ვყოთუღმრთოებაჲდასოფლისაგულისთქუმაჲ, სიწმიდითდასიმართლითდაღმრთისმსახურებითვცხოვნდებოდითამასსოფელსა დამოველოდითნეტარსამასსასოებასადაგამოჩინებასადიდებასადიდისაღმრთისადამაცხოვრისაჩუენისაიესუქრისტესსა“(ტიტ.2,11-13).და ეს მგომარეობა, ანუ უფალთან შეხვედრის მოლოდინი, მოუკლებლად უნდა გვქონდეს. ანუ ჩვენ ყოველთვის წინ უნდა ვიყურებოდეთ და ქრისტესთან მომავალ დიადი შეხვედრისათვის სიხარულით ვემზადებოდეთ: „ჰე, მოვალადრე! --- გვაუწყებს უფალი, ხოლო ჩვენ კი ვუხმობთ --- ჰე, მოვიდოდე, უფალოიესუ“ (აპოკალ.22,20).
- და ბოლოს, რა რჩევა, რა დარიგება შეგიძლიათ მისცეთ ჩვენს დღეებში მცხოვრებ მართლმადიდებელ ადამიანს?
- დაე მუდამ, ჩვენი ფილტვები სუნთქავდეს, გული ცემდეს, სისხლი მოძრაობდეს, აზრი ყალიბდებოდს, გრძნობა განიცდიდეს, ენა მეტყველებდეს, ნება იწრთობოდეს, პიროვნება რეალიზდებოდეს იესუ ქრისტესთან ერთად, ამინ!
კითხვების ავტორი  დავით თავართქილაძე .



[1]Новиков Н.М. Опыт двух тысячелетий. Т.1. «Отчий дом», 2004 г. С. 143. ISBN 5-87301-177-6.
[2]მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი. მრათლმადიდებლური ფსიქოთერაპია. გვ. 336-339. გამომცემლობა „ახალი ივერონი“ 2008 წ.
[3]იქვე.
[4]Иерофей (Влахос), митрополит. Святитель Григорий Палама как святогорец. СТСЛ, 2011. С. 13-14.ISBN 978-5-903102-69-3
[5]Преподобный Паисий (Величковский). Об умной или внутренней молитве. Глава 2.  URL: https://azbyka.ru/otechnik/Paisij_Velichkovskij/molitva/ (16.03.19).
[6]Старец Иосиф исихаст. Полное собрание творений. М., Актырский Свято-Троицкий монастырь, 2015. С. 29,34.ISBN 978-966-2503-29-6
[7]Преподобный Паисий (Величковский)Крины сельные или цветы прекрасные, собранные вкратце от Божественного Писания. Слово 24. URL: https://azbyka.ru/otechnik/Paisij_Velichkovskij/kriny-selnye/ (17.03.19).
[8]Преподобный Паисий (Величковский). Об умной или внутренней молитве. Глава 1.  URL: https://azbyka.ru/otechnik/Paisij_Velichkovskij/molitva/ (17.03.19).
[9]Новиков Н.М. Опыт двух тысячелетий. Т.1. М.: «Отчий дом», 2004. С.88.
[10]Неизвесстный афонский исихаст. Трезвенное созерцание. МосквскоеПодворье Свято-Троиской Сергиевой Лавры, 2003. С. 280.
[11]Новиков Н. М. Опыт двух тысячелетий. Т.1. М., Отчий дом: 2004. С.95.
[12]Иерофей (Влахос), митрополит. Святитель Григорий Палама как святогорец. СТСЛ, 2011. С. 377.