воскресенье, 26 марта 2017 г.

რელიგიის სახელით თავისუფლებისაგან გაქცევა .

 გასული წლის 40- იან წლებში ერიხ ფრომმა  დაწერა წიგნი  შემდეგი სახელწოდებით : ,,თავისუფლებიდან გაქცევა“ – ეს კვლევა ეძღვნება ადამიანის ფსიქიკის სხვადასხვა სოციალურ გარემოში გამოვლენას.  სადაც იგი წერს შემდეგს : ,,თავისუფლებას თან ახლავს მარტოობა, უმწეობა და გარიყულობა. სწორედ ამიტომ ამბობენ უარს თავისუფლებაზე და იხშობენ ინდივიდუალიზმს. “ სხვაგან კი ამბობს ,, ერიხ ფრომის აზრით, თავისუფლებისგან გაქცევის გზა ბევრისთვის სრული მორჩილება და დაქვემდებარებაა რომელიმე ბელადისადმი, ლიდერისადმი. "ერთნი მიაგორებენ სამყაროს, მეორენი გვერდით მისდევენ და ეკითხებიან: "საით მიგორავს სამყარო? ბევრისთვის თავისუფლებაზე უფრო ადვილი, შემგუებლობაა. ასეთი ადამიანებისთვის გაცილებით ადვილია იჯდეს "კომფორტის ზონაში" და თავისი ქმედების თუ უმოქმედობის პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს, იწუწუნოს შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ არ ეძებოს თავის დაძვრენის გზები. ადვილია იყო "არაფერი", ვიდრე იყო თავისუფალი. თუ გვინდა გავექცეთ შეცდომებს, კრიტიკას, გაკიცხვას, მაშინ დავხუჭოთ თვალები, არაფერი ვთქვათ, არაფერი გავიგონოთ და საერთოდ, ვიყოთ "არაფერი". ამერიკელმა მოაზროვნემ, ბრაიან ტრეისმა თქვა: "გადით კომფორტის ზონიდან. თქვენ მხოლოდ მაშინ იგრძნობთ თავს სრულფასოვნად, და თუ ამ ყველაფერს სიძნელეები და დისკომფორტი მოყვა, იცოდეთ, თავისუფლება ამად ღირდა."
მოვიშველიებ ისევ ფრომის მოსაზრებას. მისი აზრით, თავისუფლების დაკარგვას, თან მოსდევს საკუთარი "მე"-ს დაკარგვა, მასისადმი მიმსგავსება, ფსევდო-აზროვნება, ფსევდო-სურვილები..
მინდა ზიგმუნდ ფროიდის ერთ საინტერესო ციტატასაც მოვუხმო : ,, "ხალხის დიდ ნაწილს არ სურს თავისუფლება, რადგან ის თავის თავში მოიცავს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა კი ბევრისთვის საშიშია“.
ფრომმა მისი ამ ნაშრომით დაგვანახა, რომ გაქცევა თავისუფლებიდან ეს საერთო საკაცობრიო ვნება და თვისებაა, ეს არის შიში თავისუფლებისა და მარტოობისა. ხლო პაროკსიზმის (კრუნჩხვის) მდგომარეობით შეშინებული მზად არის ჩამოეკიდოს და მოებღაუჭოს ნებისმიერ რამეს , რაც მას რამენაირად ამ შიშისგან გამოიყვანს.  ზოგადად, რომ ვთქვათ არა სრულიად სწრაფვა რაიმე ზეაღმატებულისაკენ და უმაღლესისაკენ ,  არამედ უბრალოდ ფსიქოლოგიური გაქცევის იმპულსის გამოვილინებაა. სამწუხაროდ  მე იძულებული ვარ დავამოწმო ის, რომ თანამედროვე (განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების) მართლმადიდებლურ სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანია ჩაბღაუჭებული რელიგიას, სახელდობრ შიშის გამო .
 ადამიანები მოდიან რელიგიაში (სარწმუნოებაში) განსხვავებული მოტივაციებით მოდიან . ( რასაც  ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ თან მოყვება საკუთარი სტერეოტიპული წარმოდგენები ღმერთზე, ხატზე, მღვდელზე და სხვა სულიერ თუ უსულო საგნებზე) . და ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს მოტივები სრულიად გამორიცხავენ ქრისტიანულ სულს  და უფრო მეტად ისლამისტურ- ვაჰაბისტურ  სულს შეესაბამებიან . ისლამში ხომ ძალიან მკაფიოდ არის გამახვილებული ყურადღება სამართლიანობაზე და ეს იდეა დომინანტურია ამ რელიგიაში .  ისლამში ერთი მარტივი პრინციპია : მიზეზ შედეგობრიობა, რომლის მიხედვითაც რეგულირდება ადამიანის კონკრეტული საქციელის შესაბამისი კვაფილიკაციაც და სანქციაც .  მაგ : თუ კიშენ რაიმე შესცოდე -  მიიღებ სასჯელს , თუ სათნოებას (სიკეთეს) ჩაიდენ - მიიღებ ჯილდოს  .  ქრისტიანობაში ამგვარი სწორხაზოვანი დამოკიდებულება არ არსებობს .  ქრისტიანობაში მთავარია არა სამართლიანობა , არამედ ღვთის უსაზღვრო სიყვარული და მოწყალება და რა მოუხერხოს ამას ადამიანმა ვერ ხვდება, არ იცის . უფრო მეტად ახლობელი და ადვილად მისაღები  გარკვეული ნორმები და წესებია და რაც უფრო მკაცრნი იქნებიან  ისინი , მით მეტად მშვიდად იგრძნობენ თავს ამგვარი ცნბიერების მქონე ადამიანები  . ამგვარი რელიგია განაქარვებს ტვირთს თავისუფლებისას , ხოლო მომხრენი ( ადეპტები) მსგავსი  მონური ცნობიერებისა გაკვირვებაში მოდიან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ -მართლმადიდებლობაში  ( ქრისტიანობაში) არსებულ  თავისუფლებაზე, სიხარულზე და ბედნიერებაზე ...
დასასრულ კი მინდა , რომ ჩემი პირადი შეხედულება ამ საკითხზე  რამოდენიმე სიტყვაში გამოვსახო პატარა ფრაზის სახით ,, შეუძლებელია იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი და შენში სიყვარული თავისუფლებას არ სჭარბობდეს „..

ავტორი : მიქაელ მთაწმინდელი 





пятница, 10 марта 2017 г.

რწმენის სიხარული .

        როგორ დიდებულ და განუქარვებელ სიხარულს იძლევა რწმენა . ,, არა დაგიტევოთ თქვუენ ობლად, მოვიდე თქუენდა" ( იოან. 14,18) . და ჭეშმარიტად მოდის ყველა მორწმუნის გულში .  ჭეშმარიტად მორმწუნე ადამიანი არასოდეს გრძნობს თავს მარტოსულად ან მიტოვებულად .ეს მუდმივი განცდა ღვთის ჩვენდამი სიყვარულისა აღანთებს ჩვენს გულებში სიყვარულს  ქრისტეს ,  ადამიანების   და  სამყაროს მიმართ ,  როგორც ღვთის ქმნილებისადმი . მიწიერ ვნებას და ტანჯვას ჩვენ ვიღებთ და განვიცდით როგორც მაცხოვნებელ გოლგოთას , და ცხოვრება ჩვენთვის არა უწესრიგო მონაცვლეობაა სასიამოვნო და უსიამოვნო მოვლენებისა ,  არამედ ჯვრის გზა ,  რომლითაც ჩვენ ღვთის მარადიულ სამეფოსკენ მივდივართ . ჩვენ გულის თვალები მუდამ მარადისობისკენ გვაქვს მიპყრობილი და ამიტომ ყოველივე მიწიერი ჩვენთვის არ წარმოადგენს თავისთავად  ფასეულობას და ჩვენ მას ამაოებას ვეძახით .
        ეს ყოველივე კი ჩვენ თავისუფალს გვხდის . ვინაიდან ,  სადაც უფლის სულია- იქ არის თავისუფლებაც . და ჩვენი ყველაზე უმთავრესი რწმენა და გრძნობა  ქრისტეს აღდგომისა  ,  სრულიად მიუწვდომელია ურწმუნო ადამიანებისათვის .ეს შეიძლება შევადაროთ იმას, თუ რას გრძნობს სიკვდილმისჯილი ადამიანი მაშინ, როდესაც მოულოდნელად მიიღებს უწყებას შეწყალებაზე და გაანტავისუფლებენ  . მისთვის ახლებურად ანათებს მზე, ახლებურად იხილვება ცა , გულიც ახლებურად უძგერს მკერდში და ყოველივე გარშემომყოფს ახლებურად უმზერს . ,, სოფელი ესე ბოროტსა ზედა დგას  " (1 იოან.5) ,  მაგრამ ჩვენ ვხარობთ და ვდღესასწაულობთ , რამეთუ ქრისტემ სძლია სოფელს ,,ნუ გეშინიათ , რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" ( იოან,16) . ცხოვრება -  ტკივილებით არის აღსავსე ,  მაგრამ ჩვენ მაინც ვხარობთ ,  რადგან აღდგა ქრისტე და ტკივილმაც დაკარგა მისი ძალმოსილება ჩვენზე .

  ყველაფერი კვდება , ყველაფერი ხრწნილებას ეძლევა , მაგრამ ჩვენ გვიხარის , რადგან სიკვდილი ძლეულია  და ამ მომავალი ხრწნილების მიღმა , სამყაროს მარადიული სიცოცხლე ეხსნება , ახალი ცა და ახალი ფერნაცვალი მიწა . აი რატომ : ,, .. გვლანძღავენ- ვლოცავთ , გვდევნიან - ვითმენთ , სახელს გვიტეხენ  -  ვეფერებით.." (1კო., 4, 12-13). აი რატომ მიდიოდნენ ქრისტიანი მოწამეები დაუჯერებელ და ხშირად გონებისათვის მიუწვდომელ მოწამეობაზე ,მოწამეთა გვირგვინი მათთვის  ბრწყინვალე და მარადიული გამარჯვების დღესასწაულად იქცა .  მხოლოდ ჩვენ ,  მორმწუნე ადამიანებმა ვუწყით რა არის ნამდვილი ბედნიერება . რადგან ჩვენს გულებში ცხოვრობს სიხარული ( იმედი მარადიულად ქრისტესთან თანამყოფობისა . მ.მ) - სიხარული იმ თავისუფლებისა ,  რომელიც ქრისტემ გვაჩუქა .

ავტორი : დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი .
თარგმნა :  მიქაელ მთაწმინდელმა .