вторник, 11 июля 2017 г.

,,ჩვენ რომ კარგი ქრისტიანები ვყოფილიყავით , ჩვენს გარშემო აღარავინ დარჩებოდა წარმართად " წმ. იოანე ოქროპირი

რამდენად განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ? როგორ გადავლახოთ სულიერი მოდუნების პერიოდი? რა მოვიმოქმედოთ, თუ გვერდით გამოცდილი მოძღვარი არ გვყავს? როგორ ვილოცოთ და როგორ წარვმართოთ მისიონერული საქმიანობაც? რას წარმოადგენს დღეს თანამედროვე მონაზვნობა   და რატომ არის საჭირო დაოჯახებულისათვის პატერიკების კითხვა? -  ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხებზე გვესაუბრება ლიმასოლის მიტროპოლიტი მეუფე ათანასე .

- მეუფეო,  თქვენ არ გაქვთ იმის შეგრძნება,  რომ ჩვენ არანორმალურ დროში ვცხოვრობთ? ჩემი კითხვა შესაძლოა ცოტათი წუწუნს ჰგავდეს, ვინაიდან ყველა დროსა და ეპოქაში ამბობდნენ, რომ მზე ადრე უფრო ნათელი იყო და ბალახიც უფრო მწვანე, ხოლო ადამიანები კი - უფრო კეთილნი. ამრიგად, ზოგადი განგაში და შეფიქრიანება  არა მხოლოდ ქრისტიანთათვის, არამედ ბევრი არამორწმუნე ადამიანისთვისაც დამახასიათებელია დღესდღეობით.

- მე ვფიქრობ,  რომ ჩვენც გავიზარდეთ და დავბერდით,  ამიტომაც ვხედავთ წარსულს უკეთეს ფერებში, როგორც ერთგვარად სასიამოვნოს, ვიდრე აწმყოს. უდავოდ, სამყარო მიექანება ბოლო ჟამისკენ. თუმცა ქრისტიანისთვის არ არსებობს ,,გუშინ - წარსული" ან ,,ხვალ - მომავალი". არსებობს მხოლოდ ,,დღეს - აწმყო",  რომლითაც ვცხოვრობთ ეკლესიის საიდუმლოებებში, ღვთაებრივ ლიტურღიაში,  ღვთის მყოფობაში. აღვნიშნავთ რა საეკლესიო დღესასწაულებს,  ჩვენ ვამბობთ: ,,დღეს იშვება ქრისტე, დღეს მაცხოვრის ნათლისღებაა,  დღეს ქრისტეს ჯვარცმის დღეა".  ამგვარი სახით ჩვენ გარდა ამქვეყნიური ცხოვრებისა,  ღვთის სასუფეველშიც ვცხოვრობთ, რომელიც დასასრულს მოვა. როგორც ბერი პაისი ამბობდა: ,,რაც უფრო ჭარბად  გვაქვს სიძნელეები,  მით მეტად გვაკურთხებს და შეგვეწევა უფალი.

- კეთილი,  ეკლესიაში არ არსებობს ,,გუშინ" და ,,ხვალ" , მაგრამ ეკლესიის გალავანს მიღმა ბევრი უცნაური რამ ხდება.  აკანონებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას,  ზოგან კანონით შესაძლებელი ხდება მოხუცთა მოკვდინება - მათივე სურვილით, ან შესაძლოა მათი სურვილით, ვისაც მათ თავი მოაბეზრეს მოხუცებულობითა და ავადმყოფობით. ჩვენ თვალს ვადევნებთ გარყვნილების უჩვეულო პროპაგანდას.  ვხედავთ, თუ როგორ აღესრულება უსამართლობა ჩვენს თვალწინ. ნუთუ ჩვენ არ ვართ მართალნი, როდესაც ვამბობთ,  რომ ჩვენი სამყარო ძლიერ განსხვავდება იმისგან, რაც 50 წლის წინათ იყო?!

- ჩვენ ვწუხვართ იმის გამო, რომ ჩვენმა ძმებმა არ უწყიან სახარება და აკეთებენ ისეთ რამეებს, როგორიც თქვენ აღწერეთ. ჩვენ ვლოცულობთ მათზე და ყველაზე. მაგრამ უყურეთ: ეკლესიას მუდამ რთულ პირობებში უწევდა ყოფნა.  ის წარმოიშვა მაშინ, როდესაც კერპთაყვანისმცემლობა არსებობდა. საუკუნეების განმავლობაში ის იდევნებოდა. გაიხსენეთ, რა ხდებოდა რუსეთში რამდენიმე ათეული წლის წინათ, და მიუხედავად ამისა,  ეკლესია თავისი გზით აგრძელებს სვლას. ჩვენ არ ვმწუხარებთ და სევდას არ ვეძლევით, არამედ ვმადლობთ უფალს იმისათვის,  რომ ჩვენ ეკლესიაში ვართ და ვევედრებით უფალს მუდამ აქ დარჩენას. ასევე ვლოცულობთ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც მის (ეკლესიის) მიღმა იმყოფებიან,  რათა ამ ჩვენმა ძმებმა შეიცნონ უფალი, ჩვენ ხომ ამ პასუხისმგებლობასაც ვითავსებთ, როგორც ქრისტიანები. ჩვენ ვიცით,  რომ ამა სოფლის მთავარი ეკლესიის მიღმაა - ანუ ეშმაკი, მაგრამ ქრისტემ სძლია მას და ეს ადამიანები,  რომელთაც სურთ ქრისტეს სიმართლე,  მუდამ მასთან იქნებიან. ეკლესიაში მყოფ ადამიანებზე დიდი პასუხისმგებლობაა იმ მხრივ, რომ მათ უნდა უქადაგონ და დაამოწმონ სახარების ჭეშმარიტება იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ეს სურთ და  სჭირდებათ.

- 90 იან წლებში, რუსეთში, კოლოსალური სულიერი აღმასვლა დაიწყო. ეხლა კი ჩვენ მომსწრენი ვხდებით  რწმენის  აშკარად დამცრობისა, და ისე გამოდის,  რომ ის ადამიანები, რომლებიც უნდა ხდებოდნენ სასუფევლის ძენი,  ირჩევენ სრულიად სხვა სამეფოს და სხვა მეუფეს, ოღონდ არა ქრისტეს.  როგორ აღვანთოთ ჩვენ, ქრისტიანებმა, რწმენა?  როგორ გავაღვივოთ იგი?

- ადამიანების ქრისტესგან განდგომა,  ქრისტიანებისათვის მუდამ ტანჯვის მიზეზია,  თუმცა აგრეთვე, ეს ერთგვარი სტიმულია სიყვარულის გამოსავლენად, რომელიც მათდამი ლოცვაში გამოიხატება. მათ მიმართ, ვისაც ქრისტესი არ სწამთ, დიდი სიყვარულითა და თანაგრძნობით უნდა გამოვირჩეოდეთ. ქრისტე ჩვენ სახარებაში გვეუბნება,  რომ ჩვენი საქმეები ის სინათლე უნდა იყოს ამგვარი ადამიანებისათვის, რომლებიც შეძლებენ მისით ღვთის შეცნობას. ( მათე. 5:16)
ჩვენ დამნაშავენი ვართ იმაში,  რომ არიან ადამიანები, რომებიც მას არ იცნობენ. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ დიდ პასუხისმგებლობას ამ ადამიანთა სულებზე. თუ ჩვენ გავხდებით წმინდანნი (წმინდა  ცხოვრებით),   მაშინ ადამიანებს ქრისტესაკენ მოვიზიდავთ.  მაგრამ ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს სიწმინდე, და ამგვარად, ჩვენ უსამართლონი გამოვდივართ ჩვენი ძმების მიმართ, რომლებიც ვერ ხედავენ ჩვენში სიწმინდეს და ამიტომაც არ მიეახლებიან სახარებას.  ამიტომაც ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება - ეს სიწმინდე და წმინდა ადამიანებია ეკლესიაში.

- აქ კითხვა ცოტა სხვა რამეზე იყო:  რა ინსტრუმენტით (საშუალებით) გავაღვივოთ ჩვენში ქრისტიანული სარწუნოება და როგორ ვესწრაფვოთ სიწმინდით ცხოვრებას, თუ იწყება გულგრილობა და რწმენის დამცრობა მხურვალე ნეოფიტობის პირველივე წლებში? ჩვენ ვხედავთ,  რომ ტრაგედიები თავად მღვდლების გარშემოც ხდება.  ერთი ჩემი ნაცნობი მღვდელი ცოლმა მიატოვა, ზოგიერთი სემინარისტი გაშორდა მეუღლეს. უკადრისი რამ ხდება იქ,  სადაც თითქოს შეუძლებელი იყო მსგავსი რამის მოხდენა.  რაზე უნდა გაამახვილონ თანამედროვე ქრისტიანებმა ყურადღება,  რომ ამგვარი რამეები თავიდან აირიდონ?

- უპირობოდ,  ჩვენი ცხოვრება მუდამ იქნება განსაცდელებით სავსე  და,   რაღა თქმა უნდა, ყველა ეს განსაცდელი მიმართული იქნება ჩვენში - ღვთის მიმართ სიყვარულის ამოძირკვისკენ. გარდა ყურადღებისა და იმ ღვაწლისა,  რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის,  რომელსაც სურს გულში რწმენის სიმხურვალის შენარჩუნება, ყავდეს წმინდა და სათნო მოძღვარი, რომლისადმიც შესაძლოა მიმართვა,  დახმარების თხოვნა, განსაკუთრებით კი რთულ პერიოდში. და მაშინ ის,  სულიწმინდის მადლის შემწეობით, დაგვეხმარება ჩვენ,  რომ ჩვენი გულიდან არ გაქრეს სიყვარული ღვთის მიმართ,  მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვკვებოთ ჩვენი სული ლოცვითა და სულიერ წიგნთა კითხვით. ამგვარად, სულიერი მამის დახმარებით ჩვენ შევძლებთ ამ შემოტევის მოგერიებას.

-  თქვენ ბრძანეთ,  რომ კარგია წმინდა და სათნო მოძღვრის ყოლა,  მაგრამ რუსეთში სიტუაცია იმგვარად ეწყობა, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ახალგაზრდა მღვდელია,  რომელთაც დასაწყისში, უბრალოდ, არ აქვთ სულიერი გამოცდილება  და არც განსაკუთრებული სულიერი ნიჭები. როგორ მოიქცნენ ის ქრისტიანები,  რომელთაც არ აქვთ საშუალება ქონდეთ ურთიერთობა  წმინდა და ბრძენ მამებთან?

- ბერი პაისი ამბობდა, რომ როდესაც დახმარება არ ჩანს ადამიანისგან,  მაშინ უხვი შემწეობა მოდის უფლისაგან. და ნამდვილად,  ის, რასაც ჩვენი ძვირფასი ძმა ამბობს  -  ძალიან ლოგიკურია, მაგრამ ღვთის ლოგიკის მიხედვით, ეს ასე არ არის.  უფალი არ საჭიროებს არაფერს,  არც მე, არც არავის, მეტიც - არც მამა პორფირის და პაისის. უფალს ძალუძს მისი ნების აღსრულება საკუთრივ ადამიანთა სულში,  ამიტომ ჩვენ არასდროს უნდა დავნაღვლიანდეთ.
ეკლესია სამყაროში ღვთის გამოცხადების საიდუმლოა. თუკი რომელიმე ადამიანი წავიდოდა მამა პაისთან და არ ექნებოდა რწმენა,  ვერანაირ სარგებელს მიიღებდა ის მისგან, და პირიქით - თუ შენ რწმენით და სიმდაბლით ქრისტეს სახელით მიდიხარ მოძღვართან,  რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა,  მიიღებ იმ პასუხს, რომელიც ღვთის ნების შესაბამისი იქნება.
ათონზე ასეთი ისტორია მოვისმინე: ერთ მონოზონს მოძღვარი გარდაეცვალა.  მაშინ მან მისი ტანსამოსი კუნძს შემოსა და თქვა: ,, ვინაიდან მე არ მყავს მოძღვარი, ამ კუნძს შევეკითხები ყოველივეს" . და ამგვარად დაიწყო მან გაკეთება. და ერთხელაც დაუსვა  რა კითხვა  კუნძს,  მან გაიგონა პასუხი:  ,,არა, ნუ იზამ ამას!”
ასე,  რომ უფალი მოქმედებს ჩვენი რწმენის შესაბამისად. მე ძალიან კარგად მესმის ის,  რაზეც თქვენ საუბრობთ,  მაგრამ ვაი ჩვენდა მაშნ, თუ ჩვენ ადამიანების იმედი გვექნება მხოლოდ და არა ღვთისა. თვით საბერძნეთშიც კი ბევრმა არ იცოდა მამა პაისის და მამა პორფირის შესახებ, სანამ ისინი ცოცხალნი იყვნენ,  ხოლო ისინი მართლაც უნიკალურად წმინდა ადამიანები იყვნენ. მნიშვნელოვანია ის, რო ქრისტეს ეკლესიამ თავისი გზა განაგრძოს.

- თუ ადამიანის რწმენა ცოცხალია,  თუ მას ღმერთი უყვარს,  მაშინ ღვთის გარდა იგი ეკლესიაში არაფერს საჭიროებს, მაგრამ თუ გრილდება რწმენა და მოშურნეობა და წარმოიშვება ამქვეყნიური საჭიროებანი,  რომელიც მოციქულის  თქმით ,,ბოროტებასა შინა სძევს", როგორ გადავრჩეთ ამ შემთხვევაში?

- დაე, ასეთმა ქრისტიანმა გააკეთოს ის, რაც ოდესღაც   პეტრე მოციქულმა  მოიმოქმედა  ჩაძირვისას - მან დაიყვირა: ,,უფალ მიხსენ მე" და უფალმაც გაუწოდა ხელი გადასარჩენად.
ქრისტე ცოცხალია!  ის მუდამ გვერდით არის და ის, ვინც მას მიმართავს, აუცილებლად მიიღებს შემწეობას.

- და თუ ლოცულობ, მაგრამ არ არის ხილული პასუხი ამ ლოცვაზე, თუ გეჩვენება, რომ ღმერთი დუმილით გპასუხობს?
- თუ ადამიანი თავისი  ლოცვის შედეგს დაელოდება, იგი ვერასოდეს დაინახავს მას,  რადგან უკვე  ლოცვის დასაწყისი უკვე  არასწორია. მე არ ვლოცულობ იმისათვის,  რომ ვიხილო გარკვეული შედეგი და ნაყოფი. მე ვლოცულობ იმისათვის, რომ მომეტევოს ცოდვები,  რომ უფალმა შემიწყალოს და განმკურნოს.
უფალი გვაძლევს ჩვენ მის სისხლსა და ხორცს, ცოდვებს მოგვიტევებს,  ეკლესიის მიერ გვაძლევს სულიწმიდის მადლს. ამისათვის ჩვენთვის საკმარისია ვილოცოთ უფლისადმი და გამოვითხოვოთ წყალობა,  შეწევნა და უბრალოება. თავდაბალ ადამიანს სწამს უფლისა და არ შეაქვს ეჭვი იმაში,  ესმის თუ არა მისი  ლოცვა უფალს. თუ შენ გსურს იხილო შედეგი ლოცვისა,  ეს ნიშნავს იმას,  რომ ეჭვდები უფალში, და რამდენადაც უფალს არ სურს დავზიანდეთ ჩვენივე სიამაყისაგან, იგი ფარავს ჩვენი ლოცვის ნაყოფს ჩვენგან. სრულიად შესაძლებელია, რომ ის მაშინ გამოგვიჩენს ჩვენ ამას, როდესაც ჩვენ დავმდაბლდებით, როდესაც შევძლებთ ამ ლოცვის ნაყოფით ტკბობას, თან ისე, რომ თავადაც ვერ გავიგებთ ამას.
ერთხელ ბერმა მონოზონს, რომელსაც მუდამ სურდა მისი ლოცვის ნაყოფის სურვა, ამგვარი რამ უთხრა: ,,შენ გავხარ ადამიანს,  რომელმაც ჩათესა თესლი მიწაში და ყოველ დღე  თხრის მას, რომ შეხედოს - გაუშვა თუ არა მან ფესვები.  დაანებე თესლს მიწაში ყოფნა,  მხოლოდ მორწყე,  მოუარე და ის თავად გაიზრდებაო".
- მაგრამ როგორ ავუხსნათ ეს ჭეშმარიტება იმ ადამიანებს,  რომელნიც შორს დგანან ეკლესიისაგან? მრავალნი ცხოვრებას, როგორც სუპერმარკეტს, ისე უდგებიან, სადაც მათ შეუძლიათ მოვიდნენ და სწრაფად რაღაც იყიდონ. დაანთებენ სანთელს და ღმერთიც ვალდებულია განკურნოს კიბოსგან, დაეხმაროს ბინის გაცვლაში, მოაწყოს სამსახურში და ა.შ.
- ჩვენ ღვთის ადვოკატები  არ ვართ. ჩვენ არ უნდა ვუხსნიდეთ მუდამ ადამიანებს იმას, თუ რას და როგორ  მოქმედებს ღმერთი კონკრეტული ადამიანისადმი დამოკიდებულებაში. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს ღმერთის სიყვარული ბავშური უმანკო გულით და არა ანგარებიანი დამოკიდებულებით.
საჭიროა ნდობა ღვთის მიმართ  და  მისი განგების მიმართ. უფალი ყოველი ადამიანის გულს ეხება და ესაუბრება (გამომდინარე იქედან, თუ რამდენად აძლევს გულის მდგომარეობა საშუალებას უფალს მ.მ), ჩვენ არ უნდა ვიდარდოთ და ვწუხდეთ იმის გამო, თუ რა მოელის სამყაროს და ადამიანებს. ქრისტე მხსნელია სამყაროსი. ის ადამიანების გამო ეცვა ჯვარს.  ის არ იქნება უსამართლო არავის მიმართ, უფალი მოაქცევს ყოველი ადამიანის გულს, როდესაც ეს საჭირო იქნება და როდესაც დუმს ღმერთი, ვდუმვართ ჩვენც.
და ჩვენ უნდა მივანდოთ ყოველი ადამიანის სული ღვთის განგებას.  ზოგჯერ გვიწევს მრავალი ტანჯვის, განსაცდელის გადატანა იმისათვის, რომ ღვთის მყოფობა ვიგრძნოთ გულში. გახსოვთ იობ მრავალვნებული? უფალმა დაუშვა, რომ მას მრავალი განსაცდელი და ტანჯვა გამოევლო, მხოლოდ ამ ყოველივეს ბოლოს მიმართა მას უფალმა სიტყვებით. უფალმა უწყის, როდის ისაუბროს ადამიანის გულთან. ჩვენ უბრალოდ უნდა გვქონდეს მტკიცე ნდობა და რწმენა მისი სიყვარულისა მთელი სამყაროსადმი. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რომელიმე ადამიანი საჭიროებს ღმერთს,  მაშინ ჩვენ უნდა ვილოცოთ ამ ადამიანზე განსაკუთრებულად, და უფალი უპირობოდ შეეხება მის გულს (იმ გზებით და ისე, როგორც მან უწყის მ.მ).
- მაშ როდისღა აღასრულებს ეკლესია მის მისიას, თუ თქვენ ამბობთ,  რომ არ უნდა ვიდარდოთ იმაზე, თუ რა იქნება სამყაროში,  რომ უფალი გარკვეულ ჟამს თავად მოაგვარებს ყოველივეს, თავად გაესაუბრება ადამიანის გულს.  მაშინ გამოდის,  რომ ჩვენ არ უნდა განვიცდიდეთ იმას,  მოვლენ თუ არა ადამიანები ეკლესიაში, ან როდის მოხდება ეს,  მაგრამ ჩვენ ხომ ვალდებულნი ვართ რაიმე ვიღონოთ,  რაიმე გავაკეთოთ რომ ადამიანები ეკლესიაში მოვიდნენ, როგორი უნდა იყოს ეკლესიის მისიის სწორი მიმართულება?

- მთესველი თესავს თესლს მინდორში,  შემდეგ კი ლოცულობს, რომ უფალმა ის აღმოაცენოს (ბასილი დიდი ბრძანებს: "ჩვენ ვთესავთ, უფალი კი აღმოაცენებს". მ.მ) და ამასთან ერთად ის არ ნერვიულობს იმაზე, თუ როგორ აღმოცენდება ის  (უბრალოდ ენდობა უფალს მ.მ).

- მაშინ რა კონკრეტულ საზღვრებამდე შეგვიძლია მივეახლოთ ამ წუთისოფელს, რომ მასში მოქმედება და მასზე ზემოქმედება შევძლოთ? რუსეთის ეკლესიაში უკვე დიდიხანია მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდებით შეიძლება იყოს მისიონერობა წარმოებული. მაგალითად, შეიძლება თუ არა მღვდლისათვის როკ-კონცერტებზე სიარული, ფეხბურთის თამაში და სხვა ამდაგვარნი,  მხოლოდ იმისათვის, რომ ადამიანები მოიქცნენ ეკლესიისაკენ?

- მე ვფიქრობ,  რომ ეს სოფელი არ საჭიროებს იმას,  რომ ჩვენ ვესწრებოდეთ როკ-კონცერტებს ან ფეხბურთს. მე ვფიქრობ, სამყაროს საჭიროება არის იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ იქ, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი ნახვა, ჩვენი მოძებნა, ანუ ეკლესიაში და აღსარებაზე, სულიერ თემებზე სასაუბროდ. ადამიანებს სჭირდებათ ჩვენგან ღვთის შესახებ სიტყვის მოსმენა, მათ სურთ ჩვენგან ის, რომ მივიღოთ ისინი სიყვარულითა და სიკეთით. ისინი არ საჭიროებენ ჩვენს ყოფნას არც საფეხბურთო მატჩებზე, არც კონცერტებზე და არც ღამის კლუბებში, რათა მათთან ერთად დავლიოთ ვისკი ან არაყი. მათ უბრალოდ სჭირდებათ ჩვენი სიყვარული,  სიკეთე და წმინდა ცხოვრება.

- ზედმიყოლებით ორი წელია, რაც თქვენ რუსეთში ჩამოდიხართ სხვადასხვა კონფერენციებზე. მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა მონაზვნობას,  როგორ დაახასიათებდით თქვენ მას თანამედროვე ყოფაში?
- მე ძალიან შემეხო გულზე  ის,  რომ  უწმიდესი პატრიარქი კირილე,  მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი ფიქრობენ და ზრუნავენ თანამედროვე მონოზვნობაზე. უპირობოდ, ბევრი რამ არის,  რომელიც უნდა აღინიშნოს  და დიდი ყურადღება მიექცეს. რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ეს ეხება არა მხოლოდ რუსეთს,  არამედ ათონსაც. ყოველ ადგილს გარკვეული თავისი ტრადიცია გააჩნია,  თავისი წესი და ადამიანები, და მონოზვნობაც არსებობს იქ, სადაც ეს ყოველივეა მოცემული. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რეალობა არ ვუწყი. მე ვხედავ, რომ ყველაფერი ვითარდება ბუნებრივი სახით, მე ვხედავ სურვილს და სწრაფვას იღუმენებისა და იღუმენიებისა,  გამოასწორონ გარკვეული ხარვეზები და განისწავლონ რაიმე უკეთესში.

- არის რაიმე კავშირი კარგ ქრისტიანულ ოჯახებსა და კარგ მონაზვნობას შორის?

- ჩემს საუბრებში ვამბობ იმაზე,  რომ კარგი მონოზონი შეიძლება ყოფილიყო კარგი მეოჯახეც,  ხოლო ცუდი მონოზონი რომ დაქორწინებულიყო,  აუცილებლად ცუდი მეოჯახე იქნებოდა. ქრისტიანის მიზანი მონაზვნობაშიც და ოჯახურ ცხოვრებაშიც ერთი და იგივეა,  ეს არის მარადიული კავშირი ქრისტესთან, და ამისაკენ უნდა ისწრაფვოს ადამიანმა მონაზვნობაშიც და ოჯახშიც. თქვენ შემეკითხებით: შეიძლება მონაზვნობაში უკეთესია ყოფნა? მაგრამ მე არ შემიძლია ასე თქმა.  ყოველი ადამიანი უნდა მოიქცეს ისე,  როგორც მისთვის უფრო მოსახარხებელია ქრისტეს ძიება, მასთან ურთიერთობის სწავლა.

- ჩვენ ხშირად გვესმის: ,,მათ, მონაზვნებს, რა უნდა ესმოდეთ ოჯახურ ცხოვრებაში?“

- უნდა დავაკვირდეთ არსს, ხოლო არსი ერთი და იგვეა.  მონოზონ-ასკეტთა ცხოვრებაში აღწერილია ის, რაც ადამიანს ეხმარება ეგოიზმისა და ვნებების გადალახვაში, ძველი კაცისაგან (დაცემული ადამისაგან) გათავისუფლებაში და ახალი კაცის (ქრისტეს) შემოსვაში, რაც ადამიანს აძლევს საშუალებას სხვა ადამიანთან კავშირში შესვლაში და უმთავრესად, უფალთან დაკავშირებაში. ქორწინებაში მყოფი ადამიანი,  უნდა კითხულობდეს პატერიკებს, მამათა დარიგებებს და სწავლებებს, რომ იცოდეს, როგორ შექმნას კარგი ოჯახი,  ვინაიდან პატერიკებში ბევრ კითხვაზეა პასუხი მოცემული.

- მეუფეო,  გაქვთ თუ არა თქვენ, როგორც დიდი ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, მრავალი მონასტრის და მონაზვნის მოძღვარსა და წინამძღვარს, იმის შესაძლებლობა,  რომ მიიღოთ აღსარებაზე ჩვეულებრივი საერო ადამიანები და მისცეთ მათ შესაბამისი დარიგებები?

- სრულიად ბერძნულ სამყაროში,  და არა მხოლოდ კვიპროსზე, ეპისკოპოსები უდიდეს დროს უთმობენ მისი სამწყსოს სულიერ განვითარებას, მათგან აღსარების მიღებას. თანაც ჩვენი აღსარების პრაქტიკა საკმაოდ განსხვავდება რუსული აღსარების თქმის პრაქტიკისგან. რამდენადაც მე ვუწყი, თქვენთან აღსარება საკმაოდ მოკლეა, რომელიც შედგება აღმსარებლის მხრიდან გარკვეული ცოდვების ჩამონათვალის თქმამდე. ჩვენთან კი ადამიანები მიეჩვივნენ აღსარების სხვანაირად თქმას:  რომელსაც შეიძლება რამდენიმე საათი დაეთმოს,  რადგან ადამიანი ყველა თავისი ცოდვების შესახებ, თავისი პრობლემების შესახებ  სვამს კითხვებს და საუბრობს ყოველივე იმაზე, რაც მას აწუხებს.
რამდენიმე დღის წინ, ჩემთან აღსარებაზე ერთი ახალგაზრდა მასწავლებელი მოვიდა. დაახლოებით საღამოს 5 საათი იქნებოდა, ხოლო წავიდა დილის 6 საათზე.

- თუ თქვენ ასე ბევრისგან იღებთ აღსარებას,  გამოდის, რომ უწყით თქვენი სამწყსოს საერთო სულიერი მდგომარეობა. როგორი ცოდვებია მეტ-ნაკლებად ჩვენი თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი?

- ერთ-ერთი მიზეზთაგანი,  რისთვისაც მე თავად ვიბარებ აღსარებას,  მდოგმარეობს იმაში,  რომ მე არ მსურს ადამიანებთან კავშირის დაკარგვა,  არ მინდა ვიჯდე ოფისში და ვასრულებდე გარკვეული ორგანიზატორის როლს. აღსარება  -  ყველაზე უბრალო საშუალებაა იმისათვის, რომ გაიგო რას და რაზე ფიქრობენ ადამიანები, რითი არიან ისინი დაკავებულნი,  რითი ცხოვრობენ, რა პრობლემები აქვთ მათ.  მე ძალიან ვხარობ,  როდესაც ადამიანები თავიანთ ეპისკოპოსში მამას ხედავენ. ვხარობ,  როდესაც ვიცი,  რომ ადამიანებს შეუძლიათ ჩემთან ეკლესიაში მოსვლა და თავიანთ პრობლემებზე საუბარი.
ჩემი ეპარქიის ოფისში, მე თვეში ერთხელ ან ორჯერ მივდივარ.  იქ თავს  ვგრძნობ, როგორც ერში მყოფი, ამიტომ ვამჯობინებ ტაძარში ყოფნას და იქ ადამიანთა ხილვას. ტაძარი ხომ ბუნებრივად ადგილია, სადაც ეპისკოპოსი უნდა იყოს?!

- და მაინც,  თქვენის აზრით, რა  არის ჩვენი დროის ყველაზე დიდი სულიერი ავადმყოფობა?

- გაიგეთ,  მნიშვნელოვანია არა ჩამონათვალი ცოდვისა (,,მკვლელობა, აბორტი, მრუშობა"), მნიშნელოვანია არსი. ხოლო არსი ნებისმიერი ცოდვისა,  ადამიანის ღვთისგან განდგომაში მდოგმარეობს.
ბერძნულად სიტყვა ,,ცოდვა" (μαρτία) ნიშნავს ,,მიზანს აცილებას". როდესაც ძველი ბერძნები ისარს ისროდნენ და აცილებდნენ, ისინი ამბობდნენ ,,ამარტონ" (μαρτον), რუსულად  -  შევცოდე,  რაც ნიშნავს მიზანს აცილებას, და როდესაც ადამიანს არ ჰყავს ქრისტე გულში, მაშინ ის აცილებს მიზანს, ანუ არასწორ არჩევანს აკეთებს.   მე აღსარების მიღება ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე,  როდესაც ათონზე ვცოვრობდი და  ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ერთხელ ბერ პაისს ვკითხე: რა კითხვა დავუსვა იმ ადამიანებს,  რომლებიც ჩემთან აღსარებაზე მოვლენ?  საქმე იმაშია, რომ რამდენიმე მათგანი ითხოვდა, რომ მე თავად დამესვა მათთვის კითხვები  და მათ ეპასუხათ. და მაშინ ბერმა პაისმა მიპასუხა: <<მოერიდე შეკითხვებს,  მაგრამ თუ ადამიანები ძალიან იჩემებენ, მაშინ დაე, შენი პირველი კითხვა იყოს: ,,გიყვარს შენ ღმერთი? როგორი ურთიერთობა გაქვს შენ მასთან"? შემდეგ ჰკითხე: ,,უყვარს მას ადამიანები მის გარშემო? მოსწონს ის სიტუაცია, რაც მის გარშემო ხდება?“ ამის შემდგომ ჰკითხე სხვა დანარჩენზე.>> ამიტომაც ამბობს უფალი,  რომ პირველი მცნება ეს არის - შეიყვარო უფალი მთელი გულით და შემდგომი ყველა მცნება ამისი გაგრძელებაა. (ვინაიდან ქრისტე ბრძანებს: რომელიც ჩემს მცნებებს აღასრულებს, მას ვუყვარვარო).

- თქვენ გაიხსენეთ ბერი პაისი. ალბათ თქვენს მახსოვრობაში ხშირად ამოტივტივდება მამა პაისის, მამა პორფირის და იოსებ ისიხასტის სწავლებები.

ეს სიმართლეა.  უფალმა იმგვარად მოაწყო,  რომ როდესაც მე ჯერ კიდევ სტუდენტი და სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, ბევრ თანამედროვე წმინდანთან მომიწია შეხება და მათი გაცნობა. მე ვიცნობდი ბერ ათანასეს - მონასტრიდან. სხვა მონასტერში, კვიპროსზე, ასევე მქონდა ურთიერთობა ბერ ათანასესთან, ასევე ძალიან სათნო ადამიანთან. შემდეგ ათონზე ჩამოსვლისას,  მე გავიცანი მამა ეფრემი (არიზონელი),  რომელიც ეხლა ამერიკაში მოღვაწეობს, გავიცანი ბერი იოსები,  რომელიც ჩემი სულიერი მოძღვარი გახდა და მონაზვნადაც აღმკვეცა. უფალმა იმგვარად მოაწყო, რომ მე გავიცანი ბერი პორფირი კავსოკალიველი,  ასევე ბერი იაკობი და ბერი ფილოთეოსი, ბერი სოფრონი და ემილიან სიმონაპეტრელი და სხვა ბევრი ბერი, რომელთა სახელებიც ძალიან ცნობილია მრავალთათვის.  მათგან ძალიან ბევრი სწავლება და სულისათვის სასარგებლო სწავლა მოვისმინე.
და საერთო შთაბეჭდილება,  რომელიც ამ ადამიანებმა მოახდინეს,  მდგომარეობს იმაში,  რომ ისინი ღვთის მადლითა და შეწევნით, ჯანსაღნი იყვნენ.  ჯანმრთელნი სულიერად,  ფსიქიკურად (ფსიქოლოგიურად). მათ არ ჰქონდათ  გადახრები რადიკალიზმისა და ფანატიზმისკენ. ბერები ძალიან გაწონასწორებული ადამიანები იყვნენ,  ძალიან გონიერნი და განსჯის უნარით სავსენი. ისინი იყვნენ სავსენი უფლისა და ადამიანის სიყვარულით, იყვნენ ძალიან მხიარულნი და მომღიმარნი.
როდესაც შენ რომელიმე მათგან უყურებდი, ფიქრობდი იმაზე, რომ აი, ამგვარად შექმნა ღმერთმა ადამიანი, რადგანაც მათ თავიანთ თავში შეინახეს ხატება ღვთისა და მიემსგავნენ თავიანთ მამასა და ღმერთს. ისინი ყველანი ეკლესიის შვილები იყვნენ. ისინი მუდამ გვასწავლიდნენ შეგვენარჩუნებინა კავშირი ეკლესიასთან, მუდამ ვიყოთ მასთან თანაზიარებაში, გვქონოდა სულში მშვიდობა,  მიუხედავად ცხოვრებისეული გარემოებებისა და ყოველივეზე ქრისტეს თვალებით გვეცქირა.  მე ძალიან ბევრი შემიძლია მათზე ვისაუბრო, მაგრამ დროს გავუფრთხილდები.

- და მაინც,  ალბათ იყო კონკრეტული სწავლებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად დაგამახსოვრდათ, რასაც თქვენ ხშირად იხსენებთ ადამიანებთან საუბრისას.

- ბერი პაისი მუდამ მოგვიწოდებდა კეთილსინდისიერი შრომისაკენ,  რომ უფლისათვის სათნონი ვყოფილიყავით. კერძოდ, ის ამბობდა: ,,მე ვიცი,  რომ ჯოჯოხეთის ღირსი ვარ, მაგრამ მე არ მინდა ჯოჯოხეთში, რათა უფალი არ გავანაწყენო".
ბერი ეფრემ კატუნაკელი ამბობდა ,  რომ მონაზონისთვის მორჩილება - ეს ყველაფერია.
ბერი პორფირი კავსოკალიველი ამბობდა, რომ ღმერთი - ეს ყველაფერია! ,,ქრისტესთან  ერთად - ყველგან და სადაც საჭიროა,  თვით ჯოჯოხეთშიც კი სიხარულით წავალო".
ამ წმინდანთა ცხოვრების გამოცდილება იყო თითქმის ერთი და იგივე. ისინი ყველანი ქრისტეთი და ქრისტეში ცხოვრობდნენ. მე მახსოვს, როდესაც ჩვენი ბერი იოსები (ვათოპედელი) მოვიდოდა, რათა ჩვენთან ერთად ესადილა, და იკითხებოდა ამ დროს რომელიმე სულიერი სწავლება,  როგორც კი სიტყვა ქრისტეს გაიგონებდა,  უმალვე ტირილს იწყებდა და აღარ შეეძლო ჭამის გაგრძელება.   

საუბარს კი დავასრულებდი ერთი მარტივი ჭეშმარიტებით: თუ ჩვენ ქრისტეს გავუთავისუფლებთ გულში ადგილს და შემოვუშვებთ მას, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა - მაშ, ყველაფერი ცუდად.


თარგმნა  : მიქაელ მთაწმინდელმა .

Комментариев нет:

Отправить комментарий