суббота, 21 июня 2025 г.

არქიმანდრიტი ემილიან სიმონაპეტრელი ( ვაფიდისი) - სიტყვა წმ. სოფრონ სახაროვის შესახებ.

 



რამდენჯერ გამისეირნია ესექსის მონასტრის ეზოში, და ერთხელაც ვერ შემძლებია თავი ამერიდებინა ბერი სოფრონის ძმური ჩახუტებისთვის — ჩემდა პატივისცემის ნიშნად.

მგრძნობიარე ადამიანი იყო, ჭეშმარიტად წმინდანი, რომელიც მონასტერში მოსულ ნებისმიერ ადამიანს თავის მამობრივ გულს უხსნიდა.
ნეტარი ბერი მუდამ ამბობდა: იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი (მათ. 5,48). თავად სწორედ ასეთ სრულყოფილებაში და ღრმა ლოცვაში ცხოვრობდა.

გარდაიცვალა გამოცდილი ბერი, ათონელი მოღვაწე, სულიერი მამა — მარადმწვანე ყლორტი, რომელიც ნეტარი და წმინდა სილუან ათონელის მიერ იყო დანერგილი.
საოცარი სულიერი ინტუიციით გადმოსცა გერონდა (დიდბერმა) სოფრონიმ თავისი მოძღვრის — ღირსი სილუან ათონელის ბიოგრაფია, რომელმაც ის (წმ. სოფრონი) შემდეგი სიტყვებით მოიხმო: «შენი გონება ჯოჯოხეთში გქონდეს, და სასოს ნუ წარიკვეთ».
ახლა კი ბერი სოფრონის მიერ დაწერილი და გადმოცემული წმინდა სილუანის ცხოვრება ჩვენი ეკლესიის საგანძურშია დაცული.

ჩვენს ეპოქაში, რომელიც მოითხოვს ასკეტიზმს და მამების მისტიკურ გამოცდილებას, ბერი სოფრონისა და წმინდა სილუანის ავთენტურ სიტყვებს დიდი ღირებულება აქვს.
დიახ, მოხუც სილუანს კარგად ესმოდა, რომ უვნებლობა სულიერი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია, რომელიც თეოლოგიური დოგმების ცოდნითა და ყოველდღიური ლოცვითაა შეძენილი.
მისმა მოწაფემ, მოხუცმა სოფრონიმ, რომელიც წმინდა მამების მსგავსად ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად ცხოვრობდა ღვთაებრივ ნათელში, ამ გამოცდილებას უკანასკნელ დღემდე ინახავდა გულში.

კურთხეულნი არიან ისინი, რომლებიც სილუან ათონელის პატიოსანი სახელით იქნენ წოდებულნი, და ისინიც, რომელნიც მიიღებენ ამ სახელს, რამეთუ უფლის წყალობა და წმინდანთა კურთხევა აღავსებენ ქვეყანას; განწმედილთ აღამაღლებენ სიკვდილზე მძლეველი ქრისტეს მსგავსად, რომელიც ყველა მასთან მყოფს აღდგომას ანიჭებს.
კურთხეულნი არიან ისინი, ვისაც სახელად პატიოსანი მთაწმინდელი მონაზვნის — სილუანის — სახელი ეწოდა. ასევე ისინი, ვინც მის სახელს მომავალში მიიღებენ, რამეთუ მისი წყალობა და წმინდანთა კურთხევა მთელ დედამიწას აღავსებენ.
მიცვალებულებს აღადგენენ სიკვდილზე გამარჯვებული ქრისტეს მსგავსად, რომელიც მასთან მიმსვლელთ მკვდრეთით აღადგენდა.

ნუთუ არ გვინახავს, რამდენი ცოცხალი სასწაული აღასრულა სულიწმინდამ წმინდა სილუანის ცხოვრებაში?
და ის ცხოვრობდა ძველი წმინდანების მსგავსად — იყო შრომისმოყვარე, უბრალო და მამაცი სულით.
ჩვენ ვიხილეთ იგი და გავიხარეთ სულით.

თვალი მიაპყარით ჩვენს მამას — ბერ სოფრონის.
ჩვენ მთელი გულით გვიყვარდა იგი — მისი სიტყვებისა და რწმენით აღსავსე საქმეების გამო.

ელვა, ჭექა-ქუხილი, ღრუბლები, სხვადასხვა სირთულეები და განსაკუთრებით — მისმა თანაზიარებამ ღირსი სილუანის ცხოვრებასთან მამა სოფრონისთვის გახსნა ის კარიბჭე, საიდანაც ღმერთი შემოდის ადამიანის ცხოვრებაში.
ის ტიროდა და გლოვობდა.
მისი გული და მკერდი გამოფიტული იყო საიდუმლო (ჩვენთვის მიუწვდომელი) ტანჯვით.
მისი ცხოვრება იყო მწუხარების ბილიკზე სიარული — ტანჯვითა და მოთმინებით.
როგორ? მას შეეწეოდა წმ. სილუანის ძალა და ღვთის მადლი.
ამ ყოველივეს ძალით მან «საღვთო მადლის გამოცდილება მოიპოვა» და დიდი სიყვარულით გადმოგვცა ეს ცოდნა და გამოცდილება — ღვთის ხელთუქმნელი ნათლის გამოცხადების სიდიადისა.

„აღაღე პირი შენი, და აღვავსო ეგე“ (ფსალ. 80:11) — ბერი ხშირად იმეორებდა ფსალმუნის ამ სიტყვებს.
და სწორედ ეს აღსრულდა — ის იქცა წმ. სილუანის ბაგეებად.

ბერი სოფრონი არ ზრუნავდა თავის სუსტ ჯანმრთელობაზე და მუდამ წარმოიცლებდა თავს, გასცემდა რა „სისხლს“, რათა მოეღო „სული“.
ამგვარად, ის იმედოვნებდა, რომ გადასცემდა ღვთაებრივი ნათლის ნაპერწკალს იმ მრავალრიცხოვან მორწმუნეებს, რომლებიც მასთან მოდიოდნენ შეწევნის მისაღებად.
თითოეული მათგანი ცდილობდა ჩუმად, სიმყუდროვეში ამოეხაპა ბერი სოფრონისგან მომდინარე მადლის ნაკადულებიდან.

„ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“
ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ“ (იოანე 7,39).

ბერი სოფრონი — ცოცხალი ღმერთის შეცნობით, რაც, მისი სიტყვებით, „შეუდარებელი ნიჭია“, განასხეულებდა თავის თავში ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების ხატს და შეეძლო ღვთის სიყვარული ასობით, ან თუნდაც ათასობით ადამიანში ჩაენერგა.
ისინი იცნობდნენ ბერს, ისინი მის მიერ სიცოცხლეში იყვნენ დაბრუნებულნი, რომელსაც „სულიწმინდით აღსავსე კაცს“ უწოდებდნენ.


                                                          *   *   *

ეს არის ცხოვრება, რომელიც ღირსმა ბერმა წმინდა მთიდან — ესექსში, მის მიერ დაარსებულ მონასტერში განვლო.
მე არ ვიცი ისეთი ადამიანი, რომელიც იქ ნამყოფი ყოფილიყო და არ განეცადა დიდი სიხარული,
კურთხევა წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელისა, პაისი ველიჩკოვსკისა, სერაფიმ საროველისა, სილუან ათონელისა და წმინდა, კეთილი და მშვიდი მამის — სოფრონ სახაროვისა, რომელიც ესექსის მონაზვნური ცხოვრების სული იყო.
მონაზონთა ყოველდღიური ცხოვრება მართლმადიდებლური სხივმფენობის ელვარებაში იყო ჩაფლული.

ესექსში ცხოვრება — ეს ღვთაებრივი და დაუსრულებელი სიხარულია, ზეციური მოქალაქეობა, ანგელოზებთან თანამოდასეობა, ღმერთში მყოფობაა.
ბუნებრივია, არსებობს სირთულეებიც, თუმცა კრებული ცხოვრობს და იზრდება მასში მცხოვრები მამის — სოფრონის მადლით (იგულისხმება მასში დამკვიდრებული საღვთო მადლის მოქმედება) და ძალით.
მონაზვნების ამ მრავალეროვნულ საძმოში შენ განიცდი ეკლესიის სინამდვილესა და კრებულობას, როგორც მოციქულთა დღეებში იყო.

აქ არ არის ამქვეყნიური გათვლები, ინტერესები — ერთადერთი ამოცანა, რაც დგას, ეს არის: დახმარება იმ სულებისადმი, რომლებიც ამ „მცირე ცაში“ მოდიან, რათა მარადისობა დაიმკვიდრონ.

ცნობილია, რომ ეკლესიაში ღვთის ერს უყვარს მონასტრული მსახურება და მონაზვნებთან ურთიერთობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მორწმუნეთა სულიერ აღორძინებას.
ესექსში კვირაობით და დღესასწაულებზე ბევრ მორწმუნეს სტუმართმოყვარეობით იღებენ — იღებენ როგორც მომლოცველებს, და არა როგორც ტურისტებს.
მიღება ყოველთვის გულითადი, უბრალო, თბილი და კეთილია.
ბერები, სიყვარულით, რომელიც ყველას გულს ეხება, თავს სწირავენ მონასტერში მოსული ადამიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის, ვინც ლოცვასა და დუმილს ცდილობს, ეს საკმაოდ დამღლელი საქმეა.

მონაზვნური ნათელი და სუფთა გულები მომლოცველებს სულიერ სითბოს გადასცემენ.
მონასტერში მოსული ადამიანები, თავის მხრივ, აფასებენ და ესმით, თუ როგორ მსხვერპლზე მიდიან მონაზვნები მათ გამო — ეხმარებიან მათ, როგორც შეუძლიათ.

სინამდვილეში საოცარია ბერებისა და ერისკაცების ურთიერთმხარდაჭერა, რომელშიც ნათლად ჩანს მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალფეროვნება და ერთიანობა.
ერთი აღსარებას იღებს, მეორე ქადაგებს, მესამე ასწავლის უფროსებს, მეოთხე ბავშვებთან მუშაობს, სხვა საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს და პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ყველა სიტყვითა და საქმით აშენებს იმ სულიერი გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მათმა პატივცემულმა და ღირსმა ბერმა დაუტოვა.

ძმების სიყვარულით აღძრული, არაერთხელ სტუმრობდა მათ პერგამოსის მიტროპოლიტი იოანე.
ის გულუხვად უზიარებდა მათ თავისი საღვთისმეტყველო ცოდნის საგანძურს — სერიოზულობითა და კეთილშობილებით.
მისი ვიზიტები ყოველთვის საზეიმო და სიხარულით სავსე იყო.

                                                         

                                                              *   *   *


რაღა გვეთქმის ბერის შრომებზე და თხზულებებზე, რომლისგანაც გამომავალი ნათელი სცდება ყოველგვარ ხილულ საზღვრებს?
ეს თხზულებები შესწავლილი იქნება მომავალში, როგორც სულში ღრმად დაფარული საგანძური.
აღარ არის უკვე საჭირო მოვძიოთ ძველი მამების სულიერი მემკვიდრეობა და მათ მიერ განმარტებული ტექსტები —
მე ვფიქრობ, რომ წმინდა ბერის სოფრონის შრომები ახალ „ფილოკალიად“ იქცა.

დიახ, მისი აზრი მთელი სისწორით არის გადმოცემული და როგორც სარწმუნო კომპასი, გამოცდილი მეგზური მიგვიძღვის ღმერთთან შეხვედრის გზაზე.
ცოდნისა და შემეცნების ეს საუნჯე მადლის სიტკბოებით გვავსებს და გვანიჭებს იმედს, რომელიც ჩვენს გულებს მარადისობისკენ აღამაღლებს.

ამ წმინდა წიგნების გამო, რომელთა წყალობითაც მთელმა ქვეყანამ შეძლო ღმერთთან მიახლოება,
ჩვენ ღრმად პატივს ვცემთ მამა სოფრონს, როგორც წმინდანს — ანგელოზს, რომელიც ახლა ღვთის დიდების ტახტის წინაშე დგას.

ძალიან მსურს, რომ ეკლესიამ კიდევ არაერთი მსგავსი „ღმერთის ცოცხალი გამოვლინება“ ადამიანში მოუვლინოს სამყაროს,
რისი წყალობითაც ჩვენ მადლიერებით ვხარობთ უფალში, რომელიც „არის, იყო და მოდის“ (გამოცხ. 1:8), და რომელიც იდიდება მის წმინდანთა შორის.

მას ეძებენ დასავლეთში და პოულობენ მამა სოფრონის ღვთაებრივ საძმოში, რომელიც კურთხეულია მასში მოქმედი ღვთის მადლით — და ჩვენც გვაკურთხებს.

მართლმადიდებლობა ყოველთვის იმარჯვებდა შინაგანი ცხოვრების გამოცდილების წყალობით და სულიწმინდის ძალით მოწმობდა საკუთარ თავზე,
ამოწმებდა სახარებისეულ ჭეშმარიტებას: „ჩემი ძალა სისუსტეში სრულდება“ (2 კორ. 12:9).

ამაზე მოწმობს ესექსის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ყოველდღიური ცხოვრება.
აი, გამოცდილება ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებისა, რომელიც არა იორდანიის უდაბნოში, არამედ ევროპული სამყაროს ცენტრში აღესრულება,
რომელიც მარადიულად განაცხოველებს იქაურობას ღვთივბოძებული მამობრივი გამოცდილებით (იგულისხმება წმ. სოფრონის მოღვაწეობა და მადლმოსილება).

დიახ, დიახ, დიახ! ეს დაუვიწყარი გამოცდილებაა.
დაე, ჩვენი საყრდენი იყოს იმ მთაწმინდელი მამების მიერ დადებული საფუძველი, რომელიც მართლმადიდებლობას დიდად განამდიდრებს ევროპაში.
ეს განძია მთელი სამყაროსთვის — ჭეშმარიტი შესაძლებლობა ღვთის ჭვრეტისა.

მხოლოდ საუბარიც კი ბერ სოფრონზე სიცოცხლის მომნიჭებელია.
ის არ მომკვდარა, არამედ აღდგა და ცოცხალი სულით მყოფობს ღვთის საყდრის წინაშე.
და ეს ჩვენ ზუსტად ვიცით, რადგან ვიხილეთ — ამიტომ ვაკურთხეთ და განვადიდეთ უფალი, ყოვლადწმინდა სამება მის წმინდა მოწამეებთან ერთად,
რომლებიც გაბრწყინდნენ მადლის ნათლით მოსილნი.

ჩვენი წმინდანი — ანგელოზია- „ვარსკვლავი ტკბილი“, ღვთის ნათელში დამკვიდრებული, მჭვრეტელი მამის სახისა ზეცაში,
სადაც დაუსრულებელია დიდება და ნეტარება მისი.


თარგმანის ავტორი : მ. მთაწმინდელი.






суббота, 4 января 2025 г.

უფალთან შერწყმული წმინდანის ცხოვრება

 ნეტარი  ბერის თეოკლიტე დიონისელის მონათხრობი









იშვიათად არის შესაძლებელი ვინმემ იპოვოს უმაღლესი იდეების ისეთი მასწავლებლები, რომელთაც ეს იდეები ცხოვრებაში უკვე აქვთ გამოცდილი. ჩვეულებრივ, ადამიანები იმ თეორიებს ასწავლიან, რომელიც მათ თავად არა აქვთ გამოვლილი, ამიტომაც ისინი ხალხის სარკაზმის ობიექტები ხდებიან ხოლმე. სახარების სწავლებაზე უფრო უმაღლესი სწავლება არ არსებობს. და სწორედ აქ, სახარების მასწავლებელთათვის თავს იჩენს დილემა. თუ რომელ მათგანს შესწევს ძალა, რომ უფლის სწავლება თავის ცხოვრებაში განახორციელოს? და განა შესაბრალისი ქმნილება არ არის ის, ვინც თვითონ არ განიცდის და ისე გვაუწყებს უფლის ჭეშმარიტებას, რომელიც, ბუნებრივია, სწორედ იმის გამო ისწავლება, რომ სიცოცხლეში იქნას განხორციელებული?

მხოლოდ უფლის წმინდანებს შესწევთ ძალა, რომ თეორია და საქმე სრულად შეუფარდონ ერთმანეთს. ისინი თავიანთი ქმედებებითა და სრულყოფილი საქმეების მეშვეობით ასწავლიან. და ის, რასაც ამბობენ, მათი გულის სრულყოფილი ცხოვრებიდან არის გამოსული. და მსგავსად თავიანთი უფლისა, როგორც წმინდა ლუკა წერს: „რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად“, ამგვარად მათაც: „აღიღეს ჯვარი თვისი და შეუდგნენ ქრისტესა და ქმნეს სწავლანი…“.

სული წმინდის „ნაყოფით“ უხვად დაჯილდოებულმა წმინდა ნექტარიოსმაც თავისი ცხოვრება განსაკუთრებულ მოღვაწეობაში განვლო. იგი სიყვარულით ასწავლიდა, როგორც ზეპირსიტყვიერად, ისე წერით. ჩვენ არ გაგვაჩნია მისი ზეპირსიტყვიერი, ქადაგებებითი სწავლება. თუმცა, გვაქვს მისი წერილობითი სწავლებანი. ჩვენი ღმრთიური მამის ტექსტები ცოდნის მშრალ გადმოცემას კი არ წარმოადგენენ, არამედ – მისი მთლიანობის შიგნიდან გადმოდინებულ ცოდნაა. მკითხველი გრძნობს, რომ როდესაც წმინდანი სათნოების ძალასა და თვისებებს აღწერს, იგი არაფერს გადმოსცემს და აღწერს თავისი პირადი გამოცდილების  გარდა. იგი წარმოაჩენს ცხოვრების იმ ნირს, რომლითაც თავად ცხოვრობს.

ტექსტები, რომელიც წმინდა ნექტარიოსმა შეადგინა, არ მოიცავს თეორიული სწავლების კრებულს, არამედ მისი გულის ძგერას, საკუთარ თავს ხატავს  თვითჩაღრმავებისა და თვითშემეცნების შემდეგ, როგორიც წარმოდგება  სულიერი რყევების ხმის მოსმენის შემდეგ, რაც ღმრთაებრივი სინათლის სახებით აიხსნება და რომელმაც მისი სული  წარმოდგენილი აზრითი თვალით გაანათა.

არ უნდა გამოგვრჩეს, რომ  თავისი წმინდა სულიერი ცნობიერებისა და ღრმა თავმდაბლობის მეშვეობით, რომელიც მთელ მის ფსიქო-სულიერ სამყაროს მოიცავდა, წმინდანის ცდუნება ვერ მოახერხა ვერც მისმა სულიერმა ღირებულებამ  რწმენითი სასწაულების მიმართ, ვერც იმ ეპოქისათვის მისმა უმნიშვნელოვანესმა ცოდნამ, ვერც მისმა ქმნილებებმა ან კიდევ ადამიანთა პატივისცემამ და მღვდელმთავრის წოდებამ.

ჰქონდა რა შეუცდომელი და სულიერი კრიტერიუმები, იბრძოდა, რომ სათნოებითა და სულიწმინდის მადლით მიმსგავსებოდა ღმერთს, რადგან მან თავისი სულიერი გამოცდილების მეშვეობით უწყოდა, რომ რწმენის თეოლოგიური სათნოებების, იმედისა და უმთავრესად კი სიყვარულის გარეშე, სული ჩამორჩება და უძლურდება იმისათვის, რომ ეზიაროს სიყვარულის ღმერთს. თუმცა, მხოლოდ სათნოება არ კმარა იმისათვის, რომ იყო უფლის მატარებელი პიროვნება. იგი აგრძელებდა ღმერთთან ერთობას სუფთა და მოუწყვეტელი ლოცვის საშუალებით, რაც მას ენით აღუწერელი სიხარულით ავსებდა.

სხვაგვარად, რომ ვთქვათ ეკლესიაზე, მივყვეთ წმინდა მოციქული პავლეს სწავლების საერთო აღიარებას: „ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი იხრინ, გინა წინწილანი, რომელი ხმობედ. და მაქუნდეს ღათუ წინაისწარმეტყუელებაი და უწყოდი ყოველი საიდუმლოი და ყოველი მეცნიერებაი მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაი ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე . . . და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაივე სარგებელ არს ჩემდა“ (1 კორინთელთა მიმართ, 13, 1-8). და ღმრთიური მამა არასოდეს შეცდომილა (ჩავარდნილა ხიბლში): არც თავისი მეცნიერებითა და ენების ცოდნით – ის კარგად ფლობდა ფრანგულსა და ლათინურს – არც თავისი თანდაყოლილი თუ შეძენილი ნიჭით, რომელიც მრავალზე ახდენდა შთაბეჭდილებას და არც თავისი სასწაულთმოქმედებებით, რომელიც  აღტაცებას იწვევს…. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ღმრთის დარი მასწავლებლის ენა სწორედ იმ სტილისაა, რომლითაც წერდა და საუბრობდა იმ ეპოქის განათლებული საზოგადოება და რომელსაც ბერძენი ბავშვები  სკოლებში სწავლობდნენ. მაგრამ, ბუნებრივია, რომ დღეს თეოლოგიური (საღვთისმეტყველო) პირობები არ არის გამოყენებული, და არც – ფსიქოლოგიური. თუმცა, ამის გამო არ შემცირევბულა ეკლესიის ანთროპოლოგიური, დოგმატური და სულიერი სწავლების ზუსტი, პატერიკული და გამომსახველობითი პირობები. დასასრულ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ მისი ქმნილების „შეიცან თავი შენი“ ტექსტებიც კი ხსნიან სამყაროს უდიდესი პრობლემის კვანძს: ადამიანის პრობლემას, რომელიც იტანჯება ამ დიალექტიკური სამყაროს წიაღში და რომელიც თავისი თავის გარეთ ეძებს მისი პრობლემებისაგან გათავისუფლებას, მაშინ, როდესაც პრობლემა თავად მასშია (ადამიანში),  ის ერთი და იგივეა (პიროვნება).

სატანამ მოახერხა, რომ ადამიანის ყურადღება გაეტეხა, მისი პიროვნული ზრუნვა სულიერის გასაძლიერებლად მის ფსიქიურ სნეულებებზე გადაეტანა. მოახერხა ასევე მისი ცდუნება და მისი გზის წინდაუხედავ ექსტრავერტულ მოხეტიალედ გარდაქმნა, მისი გადაქცევა გონებრივ და ემოციურ მაწანწალად, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ადამიანმა არ იცის „ვინაი მოვალს და ვიდრე ვალს“, მიათრევს თავის დაღლილსა და მერყევ ნაბიჯებს აქა და იქ, ჩრდილებზე ტრაგიკული მონადირე, „უძღები შვილი“, შორს თავისი მამისეული სახლიდან, რომელიც თავად ადამიანშივეა და რომელიც ქრისტესთანაა გაერთიანებული.

რატომაა, რომ როდესაც ქრისტე სულს რწმენის, იმედის, სიხარულის, სიყვარულის ძალით ავსებს, რომელიც ათრობს ადამიანს და მას „ყველა მშვენიერზე უფრო მშვენიერად, ყველა მდიდარზე უფრო მდიდრად და ყველა იმპერატორზე უფრო ძლევამოსილად“ აქცევს, შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანი გაებას დაუსრულებელი მეტოქეობის, პრეტენზიებისა და უფლებების სივრცეში, მომხვეჭელობის სახეობის მახეში, იმ დროს, როდესაც იგი, როგორც  ჭეშმარიტი შვილი უფლისა, იკვებება ზესიკეთით, რომელიც ჩვენ ყოვლად ტკბილმა უფალმა გვიბოძა.

რა თქმა უნდა, წმინდა ნექტარიოსი ჩვენს ეპოქაში ახალს არაფერს გვაუწყებს. აი, უკვე ოცი საუკუნეა, რაც  ძღვენი, სიკეთე (წყალობა), სიმართლე აქ განკაცებულმა სიტყვამ, ლოგოსმა, მოგვიტანა. მაგრამ მაშინ რატომ ვართ ესოდენ მადლიერნი  ჩვენი ყოვლად ტკბილი მამის მიმართ? იმიტომ, რომ ისეთ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ, როგორც ქრისტიანები, საფრთხეში ვიმყოფებით, რათა  ორიენტაციასთან ერთად ჩვენი რწმენაც არ დავკარგოთ, რადგან რწმენით არ ვცხოვრობთ, იგი მოდის, როგორც „წვიმა მატყლსა ზედა“ თავმდაბლობის უტყვი გამოხატულებით, რათა კვლავ სიხარულით გვაუწყოს თავისი გამოცდილების ქმედებისა და სულიწმინდის მადლით განათებული მოსაზრებების მეშვეობით ჩვენი ყოვლად წმინდა რწმენის სიდიადეზე. და ეს იმიტომ, რომ იგი იყო „ხორციელად მოსრული“. თუმცა „ხვედრის შემდეგ“, მის ჩვენს მნათობად მდუმარედ გარდასახვის (გარდაცვალების) შემდეგ, იგი მთელი სამყაროს მაშტაბით თავისი სასწაულებით გამაყრუებლად ხმაურობს და ღმერთამდე  მაღლდება, თავისი დანაპირების თანახმად – „რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი – ამაღლდეს“.

წყარო: წმინდა ნექტარიოს სასწაულთმოქმედი, იპაკოის გამომცემლობა.