,, როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.4. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი" ( დაბ. 6: 1- 2) .
დაბადების ეს მუხლი, ძალიან დიდ გაუგებრობას იწვევს არამხოლოდ მკითხველებში , არამედ განმმარტებლებშიც , რის გამოც არ არსებობს ერთი საერთო აზრი ამასთან დაკავშირებით.მე შევეცდები მოკლედ და შეკუმშულად შემოგთავაზოთ ის აზრები, შეხედულებები და განმარტებები, რაც გამოთქმულა წმ.მამათა , იუდეველ რაბინთა , ქრისტიან თეოლოგთა და მისიონერთა მიერ.
ვინ არიან ეს ,,ძენი ღმრთისანი“ , რომლებიც ქორწინდებოდნენ ,,ადამიანთა ასულებზე „ და რომელთაგანაც იბადებოდნენ ბუმბერაზები ( ებრ : נפילים «დაცემულნი - ნეფილიმ») .ღვთისმეტყველთა და მეცნიერთა შეხედულებები ამ საკითხზე გაყოფილია .
ე რ თ ნ ი - ემხრობიან იმ აზრს , რომ ,, ღვთის შვილები“ არიან ე.წ უცხოპლანეტელები , რომლებიც სხვა პლანეტიდან მოფრინდნენ და დაიწყეს ჩვენი პლანეტის ქალებზე დაქორწინება (ვერსია №1).
მ ე ო რ ე ნ ი - კი , იზიარებენ თეოლოგ ხ.ს. ლეოპოლდის შეხედულებას , რომელიც ფიქრობდა , რომ ,,ღვთის შვილები“ სეითის შთამომავლები იყვნენ (დაბადება 4:25-5:32), რომლებიც ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.
ლეოპოლდი წერდა : „ვინ არიან ‘’ღვთის შვილები“ ? ეჭვგარეშეა , რომ ისინი სეითის შთამომავლები არიან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში , შორს ცხოვრობდნენ კაენის მოდგმისგან , მაგრამ მოგვიანებით მათ დაიწყეს ,,ადამიანთა ასულებზე“ დაქორწინება, რადგან ისინი შესახედავად ლამაზები იყვნენ. ხოლო ე. წ. „ნეფილიმები“ ანუ ბუმბერაზები, ამგვარი ქორწინებისგან იყვნენ წარმომდგარნი.
როგორც ცნობილია, ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის მმართველნი, ხშირად უწოდებდნენ საკუთარ თავს ,,ღვთის ძეებს“ , რათა ხაზი გაესვათ თავიანთი ძალაუფლებისა და ზეაღმატებულებისთვის ქვეშევრდომთა წინაშე. ისინი იყვნენ დიდი ადამიანები, დესპოტი მბრძანებლები, რომლებსაც მრავალი ცოლი ჰყავდათ. მათ შესახებ შემორჩა ცნობა , როგორც ,, ძველ, ძლიერ და დიდებულ ადამიანებზე“ (ვერსია№2) .
მ ე ს ა მ ე ნ ი - ჰენრი მორისის (მორწმუნე მეცნიერი) აზრს იზიარებენ და ამბობენ შემდეგს : ,, ეს გიგანტები (ბუმბერაზები) არიან დემონური ძალით შეპყრობილი კაცების და ქალების შვილები . სწორედ ამგვარი ქორწინებების შედეგად გაირყვნა მიწის მოსახლეობა იმ მასშტაბებამდე, რომ ბიბლიის თანახმად ,,უფალმა შეინანა, რომ შექმნა ადამიანი’’ (შესაქმე, 6:6).
ებრაული სიტყვა ,, נפילים- ნეფილიმ ‘’ ბუმბერაზთან ერთად ,,დაცემულსაც“ ნიშნავს , რაც ზუსტად აღწერს მათი სულიერი ,,მშობლების“ - დაცემული ანგელოზების ბუნებას’’ . (Morris, The Defender's Bible) –( ვერსია №3.)
მ ე ო თ ხ ე ნ ი - თვლიან , რომ ,,ღვთის ძეებად “ იწოდებოდნენ მხოლოდ დაცემული ანგელოზები . იობის წიგნში ანგელოზებს ,, ღვთის ძეები“ ეწოდებათ : ,,4 შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, 5 ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? 6 რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, 7 როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ?“ (იობი 38:4-7) - ვერსია №4.
ყველა ამ შეხედულების კარგად გაცნობისას , შეიძლება შემდეგი დასკვნების გაკეთება : რამდენადაც ბიბლიის არც ერთ ადგილას არ არის თქმული იმის შესახებ , რომ ღმერთმა შექმნა უცხოპლანეტელები , ჩვენ ვალდებულნი ვართ , რომ (ობიექტურობისთვის) ვერსია №1 ( ანუ ის, რომ თითქოს ,,ღვთის ძეები“ უცხოპლანეტელები იყვნენ) გამოვრიცხოთ.
ვერსია №2-ც ასევე ვერ უძლებს კრიტიკას , რადგანაც, მიუხედავად იმისა , რომ სეითის მოდგმა ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ , ისინიც, როგორც სხვა ყველანი , ადამის მემკვიდრე ცოდვილი ადამიანები იყვნენ და ამიტომაც ,, ღვთის ძეთა“ ტიტულზე პრეტენზია ნაკლებად შეეძლოთ ჰქონოდათ. თუმცა კი , თუ ვივარაუდებთ , რომ ისინი იყვნენ იმდენად ღვთისმოშიშნი და კეთილკრძალულნი , რომ ფაქტობრივად არ სცოდავდნენ , მაშინ როგორ ავხსნათ მათი შთამომავლობის ამგვარი მორალური ხრწნა და დეგრადაცია ? ნუთუ მათ არ გადასცეს საკუთარ შთამომავლებს ცოდნა ღმერთის შესახებ და მისი სიყვარული , რომელსაც თავად ფლობდნენ ? შემდეგ ისიც უნდა აღინიშნოს , რომ, როგორც კაენის, ასევე სეითის შთამომავლებს ერთი საერთო პირველმშობელი მამა ჰყავდათ - ადამი . არსობრივად, ისინი ერთმანეთს ბიძაშვილებად ეკუთვნოდნენ . ხოლო რამდენადაც ცნობილია , ახლო ნათესავებს შორის ქორწინებებიდან, გიგანტები (ბუმბერაზები) არ იბადებიან . მუტაციებს შესაძლოა ჰქონდეთ ადგილი, მაგრამ მხოლოდ უარყოფითად და არავითარ შემთხვევაში, დადებითი სახით . და ბოლოს , ძველი ეგვიპტისა და მესოპოტამიის მმართველების შედარება , რომელიც თეოლოგმა ხ. ს. ლეოპოლდმა გააკეთა , ყოველგვარ განსჯას მოკლებულია . ერთია , თუ რას უწოდებდნენ ხსენებული მეფეები და ფარაონები თავის თავს და სრულიად სხვაა - განსაკუთრებული შთამომავლების ყოლის საკითხი . არ არსებობს არც ერთი მოწმობა და მტკიცებულება იმისა, რომ ეგვიპტელ ფარაონებს, რომლებიც ქორწინდებოდნენ თავიანთ ქვეშევრდომებზე , გიგანტები უჩნდებოდათ .
ვერსია №3. არის რაღაც საინტერესო ამ ვერსიაში , მაგრამ ჰენრი მორისის მიხედვით , <<ნეფილიმები>> იყვნენ დემონით შეპყრობილი ადამიანების შერწყმის შედეგად შობილნი . თუმცა ბიბლია კაცებს , ასეთ ქორწინებებში ,, ღვთის ძეებად“ მოიხსენებს , ხოლო ქალებს ,,ადამიანთა ასულებად ’’. ასეთი ლოგიკით შესაძლებელი იქნებოდა დაგვეშვა, რომ ქალები არ იყვნენ შეპყრობილნი იმ კაცების მსგავსად , რომლებიც მათზე ქორწინდებოდნენ . ეს პირველი შენიშვნა . მეორე - უფრო სერიოზული - მდგომარეობს იმაში , რომ სხეული სხეულია და მშობელთა სულიერ შეპყრობილობას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს შვილების ფიზიკურ ბუნებაზე . ეს იგივეა , რომ ვთქვათ : ,, პეტრეს მამა ქურდი იყო , ამიტომ პეტრე გაიზარდა ორი მეტრის სიმაღლის და შეუძლია ასწიოს მძიმე გირებიო“. ხომ სასაცილოდ ჟღერს ამგვარი ლოგიკა? თუმცა, თუ ჩვენ ვიტყვით , რომ : ,, პეტრეს მამა ქურდი ჰყავდა და პეტრეც მამის კვალს გაჰყვა ‘’ , მაშინ ასეთი განცხადება არავისში გამოიწვევს გაკვირვებასა და დაცინვას . ზუსტად ამგვარადვე , მშობელთა შეპყრობილობა შეუძლებელია ასახულიყო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და შესაძლებლობებზე პირველი თაობის ბავშვებში . ასეთი რამ სულიერ და მორალურ დონეზე სრულიად შესაძლებელი იყო , მაგრამ არა ფიზიკურზე .
ვერსია №4.
იობის წიგნის ბმულიდან ფრაგმენტი , სადაც ანგელოზები იწოდებიან ,,ღვთის ძეებად’’ და მნიშვნელობა სიტყვისა ,,ნეფილიმ“ - დაცემული - ემხრობა ვერსია №4 -ს . ერთადერთი წინააღმდეგობრივი რაც არის, ესაა იესო ქრისტეს სიტყვა მათეს სახარების 22:30 დან : ,, აღდგომისას არც განქორწინდებიან და არც ქორწინდებიან , არამედ როგორც ანგელოზები იმყოფებიან ზეცაში“ . ქრისტეს ამ სიტყვიდან შეგვიძლია დავასკვნათ , რომ ანგელოზებს არ შეუძლიათ ქორწინება და სქესობრივი ურთიერთობა . თუმცა ამ ბიბლიური მუხლის მიკროსკოპულად განხილივსას ,შეგვიძლია შემდეგი დაკვირვება შემოგთავაზოთ :
1. იესო საუბრობდა ღვთის ანგელოზებზე და არა დაცემულ ანგელოზებზე (დემონებზე ) .
2. სიტყვა ეხებოდა ზეცაში( მომავალ) ცხოვრებას .
3. საუბარი არ ეხებოდა ქორწინებას ანგელოზთა მსგავს არსებებსა და ადამიანთა შორის .
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ , რომ შესაძლოა , დაცემული ანგელოზები , რომლებიც გამოძევებულნი იქნენ ზეციდან მიწაზე , ფლობდნენ უნიკალურ შესაძლებლობას , რისი მეშვეობითაც შეეძლოთ მათ მიწიერ ქალებთან ქორწინებაში შესვლა იმ მიზანდასახულობით, რომ მოეხდინათ მიწიერი ცივილიზაციის საბოლოო მორალური გახრწნა და დეგრადაცია ( რაც მათ გამოუვიდათ კიდეც , დაბადება : 6:5 -ს მიხედვით ,, და დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა’’.)
ამის გარდა , ვერსია №4 ყველაზე უკეთ გვიხსნის გიგანტების წარმოშობის პრობლემას . დიდი ალბათობით , მსგავსი ქორწინება - ,,შეჯვარებები ‘’ ორი ასეთი ურთიერთგვანსხვავებული ფიზიკური შემადგენლობის ორგანიზმის მქონე არსებებს შორის , ხდებოდა მიზეზი დაბადებულიყვნენ არაჩვეულებრივი ბავშვები - ბუმბერაზები , რომლებიც ბიბლიაში ,, იმთავითვე დიდებულ ადამიანებად ‘’ იწოდებიან .
აღნიშნულ სტატიაში განხილული და შემოთავაზებულია ოთხი პირობითი თეორია .
რომელ მათგანს მიემხრობით , არის თქვენი გადასაწყვეტი . ის თუ როგორ იყო სინამდვილეში ეს ამბავი, გვეცოვ ჩვენს უფალს იესო ქრისტეს . მანამ კი, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ და ვიმსჯელოთ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში.
ქვემოთ კი შემოგთავაზებთ ქრისტიანი წმ.მამების ცალკეულ გამონათქვამებს ამ კონკრეტულ პასაჟზე, ასევე იუდეველი რაბინებისა და სხვა ქრისტიანი თეოლოგების აზრებს.
წმ.კლიმენტი ალექსანდრიელი :
,, ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთმა ანგელოზთაგანმა დაკარგა კონტროლი საკუთარ სხეულებრივ გულისთქმაზე, რამაც განაპირობა მათი დაცემა მიწაზე" .
ორიგენე : ,, ღვთის ძეები" არიან ადამიანთა სულები, რომლებიც არსებობდნენ ხორციელ დაბადებამდე, ხოლო ვინაიდან მათ ინებეს ხორცში ჩასახლება, ისინი იქცნენ ,, ადამიანთა ასულებად".
როგორც ლ. უიკჰემი შენიშნავს , ამგვარ განმარტებას ეთანხმებოდა დიდიმე ბრმაც ( ალექსანდრიელი).
„ღმერთმა ადამიანებზე და ცის ქვეშეთზე ზრუნვა ანგელოზებს დაავალა, რომელნიც მათთვის (ადამიანთათვის) გაამწესა. თუმცა ანგელოზები, დაარღვიეს რა მათ ეს წესრიგი, ქალებთან აღრევით იძლიენ და შვეს შვილები (παίδας ετέκνωσαν), რომლებიც არიან, ეგრედ წოდებული, დემონები“.
[იუსტინე მარტვილი, II აპოლოგია, 5. ასევე, იხ.: ირინეოსი, სამოციქულო ქადაგების დამოწმება, 18].
„გიგანტთა სულები (Αι των γιγάντων ψυχαι), რომლებიც ქვეყნიერების (დედამიწის) სიახლოვეს დაძრწიან, არიან დემონები“.
[ათენაგორა, იგივე, 25.]
,, კითხვა 48. თუ ანგელოზები უსხეულონი არიან, მაშინ როგორ შეეძლოთ მათ ქალებთან სხეულებრივი კავშირის დამყარება,რის შედეგადაც თითქოს გიგანტები ( გოლიათები) გაჩნდნენ? და როგორ არიან ისინი წმინდანნი ადამიანთა მსგავსად, მაშინ როდესაც მათ ხორცი არ აქვთ შემოსილი? რამეთუ ღვთაებრივი წერილი ამბობს : ,, ღვთის შვილები შედიოდმემ ადამიანთა ასულებთან" ( შექმნ.6,4) და ამ კავშირია შედაგად , გარკველი სახით იშვნენ გოლიათები. პასუხი : ანგრლოზები უსხეულონი არიამ ჩვენ სხეულთან შედარებით. ვინაიდან მათი სხეული ( ანგელოზების) არის როგორც ქარი , ცეცხლი , კვამლი ჰაერი: მათი სხეული ჰაეროვანი და უხრწნელია და არ გააშნიათ სიმკვრივე .
არსებობს ზეციური და მიწიერი სხეული ( 1.კორ. 15, 40) - ბრძანა მოციქულმა. შეცდომა და დიდი სისულელეა იმის ფიქრი, რომ ანგელოზებს შეუძლიათ ქალებთან შეერთება, როგორც ფიქრობენ, რომ თითქოს ეშმაკები ქალებთან ეცემიან მრუშობის ცოდვით : მათ ( დემონებმა) დაკარგეს არა ბუნება, არამედ მდგომარეობა, მათ დაკარგეს არა დიდებულება, არამედ კადნიერება ღვთის წინაშე, იყვნემ რა( დაცემის შედეგად მ.მ) განშორებულნი და განგდებულნი ნერატი მდგომარეობიდან.
ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს ანგელოზები არიან, მაგრამ არ არის ასე.. აქ ანგელოზებზე არ საუბრობს ღვთაებრივი წერილი. ნათქვამია : ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანთა ასულებთან, ხოლო ანგელოზები არსად არ იწოდებიან ღვთის შვილებად * , მაგრამ ხსენებულ ,, ადამიანთა ასულებთან" ცოდვით ეცემოდნენ და იბილწებიდნენ სეითისა და ენოსის შვილები, რადგანაც იმ დრკს სეთი და ენოსი იწოდებოდნენ ღმერთებად, იმიტომ რომ მაშინ დაიწყეს ღვთის სახელის მოხმმობა , - ამბონს წერილი ( შესაქმ. 4, 26) . და მოსესაც უთხრა ღმერთმა : ,, მე შენ ფარაონის ღმერთად დაგაყენე ( გამოს.7,1) და ღვთაებრივ მსაჯულებზეც თქვა : 《 ნუ ეტყვი ბოროტს ნურც ღმერთებს , ნურც შენი ერის მმართველებს 》( გამოსვ.22 , 28) და ამგვარად, სეითისა და ენოსის ძენი ღმერთებად იწოდებიან.
ისინი თავშეუკავებლობით ცდუნდნენ, შევიდნენ რა კაენის ასულებთან და მათი ბილწი შეჯვარების შედეგად დაიბადნენ - გიგანტები,რომლებიც იყვნენ ძალიან ძლიერნი იმის გამო, რომ მათი ნაწილობრივი საწყისი კეთილიიყო , ხოლო ნაწილობრივ მანკიერი( კაენის გამო) .
ან როგორ შეეძლოთ ასულებს ანგელოზებთან ხორციელ კავშირში შესვლა მაშინ, როდესაც თვით დიდი მოღვაწე მამებიც კი ვერ უძლებდნენ მათი საშინელი სახეების ხილვას? წინასწარმეტყველი დანიელმა ვერ გაუძლო მთავარანგელოზ გაბრიელის სახის ხილვას და იმავ წამს დაეცა მიწაზე და იტანჯებოდა , სურდა რა შიშისაგან მომკვდარიყო.( დანიელი. 8, 17- 18) . და ზაქარიამაც იხილა რა საკურთხეველში გაბრიელ მთ.ანგელოზი შიშისაგან ხმა ჩაუვარდა და იოანე წინამორბედის შობამდე ვერ საუბრობდა, არამედ მხოლოდ მიᲜიშნებებით საუბრობდა ( ლუკ.1, 20- 22) . და როდესაც მენელსაცხებლე დედები მიიჩქროდნენ მაცხოვრის საფლავისკენ მათ იქ ანგელოზები იხილეს და შიშით ავსებულნი, ვერ მოუთხრეს მოციქულებს ის, რაც მათ ქონდათ ნაბრძანები ( ანგელოზებისგან) რადგან ისინი მოცულნი იყვნენ შიშისაგან და მათ ვერავის ვერაფერი უთხრეს ..( მარკ.16,8) . და თუ ანგელოზთა გამოცხადებას ვერ უძლებდნენ დიდი ადამიანები, მაშ როგორ შეძლებდნენ სუსტი ასულები მათი ხილვისა და შეხების გაძლებას? ხის ტოტი ვერანაირად ვერ გაძლებს ცეცხლში დაუწველად ყოფნას."
წმ.პაპ სილვესტრის კითხვა - მიგებანი წმ.ანტონი დიდთან.
პ.ს წმ.მამები , რომლებიც ზოგიერთი იუდეველი რაბინებისა და ქრისტიანი ეთიოპელი თეოლოგების თანახმად ფიქრობდნენ, რომ ,, ღვთის ძეებში" მოიაზრებოდნენ ანგელოზები , იყვნენ:
წმ.იუსტინე ფილოსოფოსი, ირინეოს ლიონელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ათენაგორა ათენელი, ამბროსი მედიოლანელი, ტერტულიანე და სხვანი.
ხოლო , მომხრენი იმ აზრისა, რომ ,, ღვთის ძეებად" იწოდებიან სეითის ( შეთის) შთამომავლები, არიან :
წმ.იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური, თეოდორიტე კვირელი, კირილე იერუსალიმელი, იერონიმე სტრიდონელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვ).