წინამდებარე სიტყვის ავტორია , თანამედროვეობის გამორჩეული ღვთისმეტყველი და საეკლესიო მოღვაწე , მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი .
წმ. გრიგოლ ნისელის მცირე ზომის ნაშრომი „უასაკოდ მოწყვეტილ ჩვილთა შესახებ“, ანუ იმ ჩვილთა შესახებ, რომლებიც ისე გავიდნენ ამ სოფლიდან, რომ ვერ იგემეს სისრულე ხორციელი სიცოცხლისა (რომლისთვისაც იშვნენ), დაიწერა პასუხად კაპადოკიის მმართველ იერიოსისადმი, რომელმაც წმ. გრიგოლს ამგვარი კითხვით მიმართა: „რა უნდა ვიცოდეთ იმ ადამიანების შესახებ, რომელთა დაბადებას მყისიერი სიკვდილი მოჰყვება“?
ამ ნაშრომის წერისას, რამდენადაც ეს ამ თხზულებიდანვე ჩანს, წმინდა გრიგოლი უკვე მხცოვან ასაკშია. ის თავის თავს ბებერ ბედაურს უწოდებს, რომელიც იპოდრომის მიღმაა დარჩენილი. თუმცა იმისათვის, რომ კაპადოკიის მეთაური არ დატოვოს გაურკვევლობაში, იგი მას პირდება პასუხის გაცემას.
თავისი თხრობის დასაწყისში წმ. გრიგოლი ამაღლებული სიტყვებით ქებას ასხამს იერიოსს, უწოდებს რა „უბრძენეს მმართველს“ და „პატიოსან მეთაურს“. ამგვარი ქების შესხმა არ იყო მხოლოდ პატივისცემის გამოვლინება, არამედ, როგორც თხრობიდან ჩანს, კაპადოკიელი მეთაური ნამდვილად მრავალი კეთილი თვისებისა და ნიჭის მატარებელი ადამიანი იყო. გამომდიარე იქედან, რომ იგი იყო ღრმად სულიერი ადამიანი, სრულიად გულგრილი იყო, იმ სიმდიდრისა და პატივის მიმართ, რომელსაც თავად ფლობდა, ზრუნავდა მისდამი დაქვემდებარებულ ადამიანთა სულიერ მდგომარეობაზე, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა.
გარდა ყველა სხვა ნიჭებისა იერიოსს ქონდა მიდრეკილება ღვთაებრივ განგებულებაზე მსჯელობისა და მისი ჭვრეტისა. მას ვერ გაეგო ის, თუ რატომ არის, რომ ერთი ადამიანის სოცოცხლე გრძელდება ღრმა მოხუცებულობამდე მაშინ, როდესაც მეორე ადამიანისა მეყსეულად, დაბადებისთავანე წყდება. რაშია უასაკოდ გარდაცვალების საზრისი?
უნდა ვაღიაროთ, რომ წმ. გრიგოლ ნისელი შესანიშნავად ართმევს თავს ამ ადამიანური ყოფიერების ღრმა პარადოქსული საკითხის გადაჭრას. ამგვარად, ადამიანი დაბადებით შემოდის ამ ცხოვრებაში; იგი პირველად ჩაისუნთქავს, იწყებს ტირილს, ეს მოთქმა კი მისი ცხოვრების დასაწყისის მდგენელი ხდება და, აი, უცებ იგი კვდება. კვდება მანამ, სანამ მისი ძარღვები და სახსრები მყარდება და ძლიერდება, კვდება სრულიად ნაზი და ფაფუკი სხეულით. კვდება იმიტომ, რომ იგი, დაუცველი ჩვილი, დატოვეს ზრუნვის გარეშე, ან იმიტომ, რომ მოულოდნელად დაიხრჩო, ან კიდევ იმიტომ, რომ მასში რომელიმე დაავადებამ შეაღწია და მოუსწრაფა სიცოცხლე.
ამრიგად, უასაკოდ გარდაცვლილ ჩვილთა შესახებ ხშირად ისმის შემდეგი კითხვები: ისევე განიკითხებიან ამგვარად გარდაცვლილ ჩვილთა სულები, როგორც სხვათა, ზრდასრულ ადამიანთა? მიიღებენ თუ არა ისინი ამა თუ იმ მისაგებელს? იქნებიან ისინი ღვთაებრივი კურთხევის ნამით გაგრილებულნი, თუ განწმენდელი ცეცხლი მოედებათ მათ? ვინაიდან არსი პრობლემისა იმაშია, რომ გარდაცვლილმა ჩვილმა ჯერ კიდევ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო თავის ცხოვრებაში, ვერც სიკეთისა და ვერც ბოროტებისა. და იქ სადაც არ არის მოქმედება, იქ არც მისაგებელია. ვინაიდან ჩვილებს არ აქვთ ნებელობა, შესაბამისად, არც მოქმედება აქვთ და არც იმის საუძველი გვაქვს, რომ მივაკუთვნოთ იმას, რაზეც ჩვენ ვსასოებთ, როგორც სრულ ასაკს მიღწეულნი. თუკი, მიუხედავად ამისა, ჩვილები შევლენ ღვთის სასუფეველში, გამოდის, რომ ისინი უფრო, ე. წ., „მომგებიან“ მდგომარეობაში არიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრებისთვის ხანგრძლივი მოღვაწეობა სჭირდებათ, რაც სავსეა ტანჯვით, შრომით, ოფლით, სისხლითა და განსაცდელებით. თუ ამგვარი აზრი მართებულია, მაშინ უკეთესი იქნება, რომ არავინ ცხოვრობდეს ხანგრძლივად (და ჩვილობისასვე გარდაიცვალოს, - მ. მ).
პრობლემის ამგვარი სახით წარმოჩენის შემდეგ წმ. გრიგოლ ნისელი თანმიმდევრობით მიდის პასუხამდე. იგი, რა თქმა უნდა, დასაწყისშივე აღმსარებლობს იმას, რომ ასეთი ღრმა კითხვები განეკუთვნება ღვთის გამოუკვლეველ განგებასა და ჩანაფიქრს, ამიტომაც, ხმობს მოციქულთან ერთად: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!“ (რომ. 11: 33). თუმცა იგი მაინც ცდილობს, გასცეს პასუხი ამ კითხვას, რამეთუ სწამს, რომ ღვთაებრივ მადლს შეუძლია მისი გონების განათლება. საჭიროა, ასევე, აღინიშნოს, რომ სიბნელის გარღვევის პროცესში, წმ. გრიგოლ ნოსელი თავისი აზრების გამყარებისათვის არ სარგებლობს რომელიმე მჭევრმეტყველური ხერხებით (რაც მას უხვად გააჩნდა, - მ. მ.), არამედ იგი, მხოლოდ და მხოლოდ, მიჰყვება ლოგიკურ ჯაჭვს (აღნიშნულ საკითხზე) დასკვნების გამოსატანად.
პირველი.
წმ. გრიგოლ ნისელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანური ბუნება ღვთისაგან მომდინარეობს ისევე, როგორც ყველა არსებისა; ადამიანსაც თავისი ყოფიერების მიზეზი ღმერთში აქვს და არა - საკუთარ თავში. და, თუკი ხელთუქმნელი ბუნება, რომელიც ღმერთს აქვს, ყოველგვარ დროისა და სივრცის გაგებას აღემატება, არც იზრდება, არც მცირდება და, რაღა თქმა უნდა, არც განისაზღვრება, ამის საპირისპიროდ, ადამიანის ქმნილი ბუნება არის ცვალებადი, ზრდადი და მოკლებადი, განდიდებადი და დაცემადი.
ადამიანის ბუნება რთულია, რამდენადად იგი შედგება სხვადასხვა სტიქიებისაგან - გონიერისა და გრძნობადისაგან. ადამიანის გონიერი ნაწილი ღვთის ბუნების მსგავსია. გარდა ამისა, იგი მიეკუთვნება ანგელოზურ ძალებსაც, რომლებიც ზემატერიალურ სივრცეში მყოფობენ, რომელიც მეტად შეესატყვისება მათ უსხეულო ბუნებას. შემდეგ წმ. გრიგოლ ნისელი საუბრობს ანგელოზების სხეულზე, უწოდებს რა მათ „ზეციურს, სათუთს, მსუბუქს და უსწრაფესს“.
გრძნობითი (გრძნობისმიერი) ბუნება არ არის გონიერის (გონისმიერის) მსგავსი, ურო მეტიც, გარკვეული აზრით, მისი საწინააღმდეგოც კია. ამიტომაც, ღმერთმა, ასე ვთქვათ, რათა არ განაცალკევოს მიწა და იგგი არ დატოვოს გონიერი საწყისის გარეშე, შექმნა ადამიანი, რომელშიც გაერთიანდა გონისმიერი და გრძნობისმიერი ბუნება; ანუ ადამიანი, ეს არის ყოველი ქმნილების ერთობა, რომელიც შედგება ზეციურისგან და მიწიერისგან.
მეორე
ადამიანის შექმნის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის თვისობრივი (არსობრივიც, - მ. მ.) გონიერი საწყისის მეშვეობით ყველა ქმნილებაში იდიდებოდეს ღმერთი. ხორციელი ცხოვრება, ვინაიდან არის რა მიწიერი (მატერიალური), მიწიერი საკვებითვე ინარჩუნებს არსებობას. მსგავსად ამისა, შეიძლება ითქვას ერთგვარ „გონებრივ საკვებზე“, რომლის წყალობითაც ნარჩუნდება ჩვენი სულიერი ბუნება. როგორც ხორციელი საკვები სხეულს სასიცოცხლო ძალებს სძენს, ზუსტად ასევე, გონიერ (გონისმიერ) ბუნებას სიცოცხლეს ანიჭებს ჭეშმარიტად არსებულთან (ღმერთთან) გაერთიანება. შესაბამისად, ცხოვრება, რომელიც ეძლევა გონისმიერ ბუნებას, არის - ღმერთთან ზიარება.
თითოეული საგნის აღქმისთვის არსებობს შესაბამისი ორგანო. მაგალითად, სინათლის ხილვის ორგანოა თვალი და არა თითი, ან ადამიანის სხეულის სხვა ნაწილი. ღმერთთან ზიარებისთვისაც, ასევე, საჭიროა შესაბამისი ორგანო, ხოლო ზიარება, თავის მხრივ, შემოქმედის გამოცდილებით შეცნობას ნიშნავს იმ საზომით, რა საზომითაც სულს შეუძლია ამ შემეცნების დატევნა. ხოლო, ამის საპირისპიროდ, შეუმეცნებლობა და უცნობელობა ღმერთისა ბუნებრივი ნიშანია მასთან უზიარებლობისა.
ღმერთის შეუმეცნებლობასა და მისგან განშორებაში მდგომარეობს ადამიანის დაცემა. ეს კი ნამდვილი ბოროტებაა, რომლის განკურნებაც ნებავს უფალს ჩვენში. ხოლო განკურნება, თავის მხრივ, გულისხმობს ღვთაებრივ ცხოვრებასთან დაბრუნებას (მასთან გაერთიანების გზით, - მ. მ.). ამგვარად, სიკეთედ შეიძლება ჩაითვალოს სულის გონიერი ნაწილის განკურნება. ვინც არ ისწრაფვის სახარებისეული სიტყვის საიდუმლოსკენ, ის განეშორება განკურნების შესაძლებლობას.
აქ, წმ. გრიგოლ ნისელი ხაზგასმით აღნიშნავს და, ჩემი აზრით, უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია იმას, რომ ღმერთთან ურთიერთობის შესაბამის ორგანოდ ითვლება სულის გონიერი ნაწილი (τό νοερό της ψυχής). ამის საშუალებით ადამიანი ეზიარება ღმერთს და მის ცოდნას იძენს, რაც მისთვის არის ჭეშმარიტი სიცოცხლე. მაგრამ, რამდენადაც ცოდვით დაცემამ განაპირობა ღვთაებრივი სიცოცხლისაგან განშორება, შედეგად კი, ღვთის უცნობელობა (და სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის მომწყვლელი სნეულება), იმდენადვე საჭიროა სულის გონიერი ნაწილის განკურნება, რათა მან (სულმა) კვლავ მოიპოვოს ღმერთთან ერთობა და იხილოს მისი ნათელი (ხელთუქმნელი ენერგია, მადლი, - მ. მ.).
ადამიანური ბუნება სწორედ იმიტომაც შექმნა უფალმა ასეთი, რათა ადამიანს ღვთის ცხოვრებაში თანამონაწილეობის სასოება ჰქონოდა და რათა ამისაკენ ესწრაფა. სწორედ ღმერთთან ერთობის მიღწევაა ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი. ამრიგად, ღვთაებრივი ცხოვრების დაგემოვნება, რაც ნიშნავს განღმრთობას, არის ადამიანის დანიშულების აღსრულება, მისი ბუნებრივი მდგომარეობა და არა - ღვთისმიერი ჯილდო, ან უბრალოდ მისაგებელი, ისევე, როგორც ღმერთთან უზიარებლობა არის არა სასჯელი, არამედ ადამიანის სულისა და, ზოგადად, მთელი კაცობრიობის სნეულება.
უფრო მეტი სიცხადისათვის, წმ. გრიგოლ ნისელი თვალის მაგალითს მიმართავს: თვალის თვისება შეძლოს ხედვა საგნისა არის არა ჯილდო, არამედ მისი ბუნებრივი მდგომარეობა. ასევე, სიბრმავე, ეს არის არა დასჯის (სასჯელის) შედეგი, არამედ - სნეულება. მსგავსადვე, იმ ადამიანთათვის, რომლებმაც „განიწმინდეს სულის საგრძნობელნი“, ბუნებრივი და თვისობრივია (συμφυής καί οικεία) ღვთაებრივი ცხოვრების ნეტარება. მაგრამ იმათ, რომლებსაც სულიერი თვალნი უწმინდური აქვთ და იმყოფებიან ღმერთის უცნობელობაში (ვერ იმეცნებენ, - მ. მ.), რჩებიან მასთან ზიარებისა და ერთობის გარეშე, მისი ნეტარყოფიერების მიღმა და ეს არის არა სასჯელი, არამედ სულის გონიერი ნაწილის დაავადება, სნეულება.
მესამე
მესამე მომენტი კი ზემოთქმულიდან გამომდინარეობს. და ამგვარად, მომავალი სიკეთე, რაც არის ღვთაებრივი ცხოვრებით ნეტარება, თვისობრივია და ბუნებრივი კაცთა მოდგმისათვის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიკეთე ზოგ შემთხვევაში იწოდება „მისაგებელად“, იგი მაინც არაა მართლმსაჯულების საქმე, არამედ - ჯანმრთელი სულის ბუნებრივი მდგომარეობა. მხოლოდ ამ დებულების საფუძველზეა შესაძლებელი სწორი პასუხის გაცემა იმაზე, თუ როგორი სახით განისჯება და სად იქნება გამწესებული ჩვილის სული (სასუფეველში თუ ჯოჯოხეთში), რომელსაც ამ ცხოვრებაში არც ბოროტება ჩაუდენია და არც - სიკეთე. ამავე დროს, წმ. გრიგოლ ნისელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, საკუთრივ, ეს საკითხი იმგვარად არაა წარმოჭრილი, როგორც საჭიროა, რამეთუ საქმე ეხება არა მართლმსაჯულებას, არამედ, საკუთრივ, ადამიანის ბუნების მდგომარეობას - თუ რამდენად ჯანმრთელი, ან სნეულია იგი (კონკრეტულ მოცემულობაში).
ეს ნათელი ხდება შემდეგი მაგალითის მიხედვით. დავუშვათ, რომ ორ ადამიანს ერთი და იგივე თვალი აქვს დასნეულებული. ერთი მათგანი იწყებს მკურნალობას და, მიუხედავად იმისა, რომ ამ მკურნალობის პროცესში ბევრი არასასმოვნო და მტკივნეული პროცედურის გავლა უწევს, მაინც მოთმინებით იღებს იმ ყოველივეს, რასაც მედიცინა განუწესებს. ხოლო მეორე მათგანი, არა თუ არ იღებს ექიმის რჩევას, არამედ სრული თავშეუკავებელი ცხოვრებით აგრძელებს საკუთარი თავის დასნეულებას. შედეგად პირველი მათგანი კანონზომიერად დატკბება სინათლის ხილვით განკურნებული თვალის მეშვეობით, მეორე კი შებასამისი კანონზომიერებით მოაკლდება სინათლის ხილვას.
მაგრამ თუკი ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრების წესიდან გამომდინარე საკუთარ სულიერ თვალს ან კურნავს, ან სნეულებაში ტოვებს, ან ღმერთს ეზიარება, ან განეშრება მას, არის კანონზომიერი შედეგი მისი ცოხვრების წესისა, ჩვილის შემთხვევაში სხვაგარადაა, რამდენადაც ჩვილს იმთავითვე არ მიუღია სნეულება და არ საჭიროებს მკურნალობასა და განწმენდას, იგი ცხოვრობს ბუნებასთან თანხმობაში და მას, ვითარცა გამოუცდელს ბოროტებაში, ვერანაირი სულიერი სნეულება ვერ დააბრკოლებს, ეზიაროს სინათლეს.
წმ. გრიგოლ ნისელის ეს სწავლება გვაძლევს იმის აღქმის საშუალებას, რომ ადამიანის სული დაბადებისას არ არის უწმინდური, პირიქითაც კი, ის შეუსვრელია. ადამიანი არსებობაში მოდის რა დაბადების მეშვეობით, იმყოფება განათლებული გონებით. ამიტომაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვილებსაც (ყრმებსაც) შეუძლიათ, ჰქონდეთ გონისმიერი ლოცვა, რა თქმა უნდა, მათი ასაკისა და წარმოდგენების შესაბამისად. ჩვენ ხშირად შეგვინიშნავს, რომ არიან ჩვილები (ყრმები), რომლებიც ლოცულობენ თვით სიზმარშიც კი. ერთი ათონელი მონაზონი ამბობდა, რომ როდესაც პატარა ბავშვები თავიანთ ყურადღებას მიმართავენ იქითკენ, საითაც ჩვენ ვერაფერ საინტერესოს ვერ ვამჩნევთ, და იწყებენ სიცილს, ან იღებენ გაკვირვებულ სახეს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ისინი თავიანთ მფარველ ანგელოზს ხედავენ. ის, რაც წმინდანთა ცხოვრებაში ხდება, ვგულისხმობ იმას, რომ მათთვის ბუნებრივია (ხოლმე) ანგელოზებთან ერთად ცხოვრება, იგივე ხდება პატარა ბავშვების შემთხვევაშიც.
მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება, განსხვავებით დასავლური ღვთისმეტყველებისგან (კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და ა. შ., - მ. მ.) არ ასწავლის იმას, რომ ადამიანი, თითქოს, იმემკვიდრებს პირველქმნილი ცოდვის დანაშაულს. ჩვენ გვწამს, რომ ჩვილს შობისას თან დაჰყვება შეუსვრელი გონება, რომელიც განათლებულობასა და ბუნებასთან ჰარმონიულ მდგომარეობაშ იმყოფება. პირველქმნილი ცოდვის მემკვიდრეობა მდგომარეობს იმაში, რომ სხეული განიცდის ხრწნილებასა და მოკვდავობას, ხოლო, რაც შეეხება ჩვილებს (ყრმებს), დროის გასვლასა და ზრდასთან ერთად, მათში იზრდება ვნებებიც, რომლებიც სულის გონიერ ნაწილს აბნელებენ, ასევე, გარშემორტყმულ სიბნელესაც შეუძლია, რომ ბავშებში იმთავითვე დააბნელოს სულის გონიერი ნაწილი.
რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება პრობლემა: მაშ, რაღა ხდება წმინდა ნათლისღების დროს? თუ ჩვილებს სუფთა გონება აქვთ, იმყოფებიან გონების განათლებაში და მათში გონიერი ლოცვაც აღესრულება, მაშინ რატომღა ვნათლავთ მათ?
პასუხი, როგორც ეს წმ. მამათა გარდამოცემიდან ჩანს, მდგომარეობს შემდეგში: ნათლობის შედეგად ჩვენ არ ვთავისუფლდებით პირველქმნილი ცოდვის დანაშაულისგან (რამეთუ საქმე სრულიადაც არაა ამაში), არამედ ვუერთდებით ქრისტეს სხეულს, ეკლესიას და ამგვარად გვენიჭება სიკვდილზე გამარჯვება. ამგვარად აღვიქვამთ ბავშვების ნათლობას. ჩვენ ვნათლავთ მათ, რათა ისინი გახდნენ ეკლესიის, როგორც ქრისტეს სხეულის, ნაწილნი, გადალახონ სიკვდილი და გაიმარჯვონ ხრწნილებასა და მოკვდავობაზე - „ტყავის სამოზელზე“. ჩვენ მათ ვნათლავთ, რათა, ზრდასთან ერთად დაიწყებს რა მათი გონება ვნებებით დაბინდვას, ჰქონდეთ შესაძლებლობა გადალახონ ვნებები, ახლიდან მიაღწიონ სულის გონიერი ნაწილის გაწმენდას და ქრისტეს მეშვეობით გაიმარჯვონ სიკვდილზე.
ასეთია ნათლობის მოქმედება ჩვილებში (ყრმებში). ზრდასრულებში კი, რომლებიც შესაბამისი მომზადების (კატეხიზაციის) შემდეგ ინათლებიან, ნათლობა მათ გულებს განწმენდს ვნებებისგან, მირონცხებით კი მათ მიენიჭებათ გონების განათლება. ამ ყოველივესთან ერთად, წმ. ნათლისღების მეშეობით ისინი ეკლესიის ნაწილნი ხდებიან და ამით იძენენ ქრისტესთან ერთობის შესაძლებლობას წმინდა ზიარებით, რაც თავის მხრივ, ერთადერთი საშუალებაა სიკვდილზე გამარჯვებისა და განღმრთობისა. ამრიგად, როგორც ჩვილთა, ისე ზრდასრულთა ნათლობის მთავარი მიზანი არის განღმრთობა, რაც მიიღწევა მხოლოდ ქრისტეში და მის ეკლესიაში.
რამდენადაც ჩვილთა სულის შესახებ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, დაე, მომეცეს მე უფლება, რომ თავად წმ. გრიგოლ ნისელის სიტყვა მოვიხმო ამასთან დაკავშირებით: „ჩვილი კი, რომელიც არ არის ბოროტების მცოდნე და არ აქვს რა დაზიანებული სულიერი თვალი, რომელიც (დაზიანების შემთხვევაში) ხელს შეუშლიდა სინათლესთან თანაზიარებაში, ცხოვრობს ბუნებრივი ცხოვრებით. მას არ აქვს საჭიროება იმისა, რომ განიწმინდოს ჯანმრთელობისათვის, რამდენადაც დასაწყისში (შობიდან) მას არ ჰქონია სულში სნეულებანი“. ამგვარად, ჩვილთა გონება შეუბღალავია, მას არ აქვს სნეულებანი, იგი სიჯანსაღით განსხვავდება და იმყოფება თავის ბუნებრივ მდგომარეობაში. ამიტომაც, ჩვილებს არანაირი დაბრკოლება არ აქვთ იმისათვის, რომ ღვთაებრივ ნათელს ეზიარონ.
იმის ასახსნელად, თუ რა ხდება იმ მომავალ ცხოვრებაში, რომელიც წინ გველის, წმ. გრიგოლ ნისელს მუდამ აწმყოდან მოჰყავს მაგალითები. ასე, მაგალითად: ის განიხილავს შემდეგ ანალოგიას აწმყოსა და მომავალი ცხოვრების სახეთა შორის. ჩვილები, როგორც დასაწყისში იკვებებიან ძუძუთი და იღებენ რძეს, შემდეგ კი (ზრდასთან ერთად), მათი ზრდისა და ასაკის შესაბამისად, აგემოვნებენ სხვადასხვა საკვებსაც, მსგავსადვეა სულთან მიმართებითაც. ამასთან დაკავშიებით, საუბრობს მოციქული პავლეც. იგი დასაწყისში კორინთოელებს სულიერი რძით კვებავდა (1 კორ. 3: 2) და მხოლოდ ამის შემდეგ მათ, რომლებმაც მიაღწიეს სულიერ ასაკთა სისრულეს, აძლევდა უფრო „მტკიცე“ საზრდოს.
ერთ-ერთი განსხვავება ჩვილსა და ზრდასრულს შორის არის ის, თუ რა ანიჭებს მათ სიამოვნებას. ზრდასრული სიამოვნებას განიცდის საკუთარი წარმატებებისგან, საზოგადოებრივი აღიარებისგან, საჩუქრებისგან, მიღებული პატივისგან, ოჯახური ცხოვრებისაგან, გართობისგან, სანახაობებისგან, ნადირობისგან და ა. შ. ხოლო ჩვილი კმაყოფილდება რძით, ძიძის ზრუნვით, აკვნის დარწევითა და მოგვრილი ტკბილი ძილით.
რაღაც ამგვარი ხდება სულიერი სიკეთეების შემთხვევაშიც, სულიერ ზრდასთან ერთად. სათნოებებით აღზრდილი სული ღვთაებრივ სიტკბოებას იგემებს იმის შესაბამისად, თუ სულმა რა მიდრეკილებები შეიძინა ამ ცხოვრებაში. ხოლო ის სული, რომელსაც თუმცა არ უგემია სათნოება, მაგრამ ამავე დროს, არც ბოროტებით დაავადებულა, ასევე, შემძლეა, ეზიაროს ამ სიკეთეს იმ საზომით, რა საზომითაც დაიტევს მას და იქნება არსებულის ჭვრეტით განმტკიცებული.
და მიუხედავად იმისა, რომ ჩვილნი (ყრმანი) გამოუცდელნი არიან ბოროტთან ბრძოლაში, ისინი, არიან რა განმტკიცებულნი ღვთის ჭვრეტითა და იღებენ ღვთის მადლისმიერ შემწეობას, ეზიარებიან ღვთაებრივ ნათელსა და ცოდნას. ასევე, ისინი წარემატებიან ცოდნის სისრულეში, რა თქმა უნდა - ღვთის ჭვრეტის მეშეობით. მაშასადამე, ღმერთი ეცხადება ყველას და საკუთარ თავს ამეცნებინებს იმ საზომით, რა საზომითაც შეუძლიათ შემეცნება მის მიმღებელთ.
წმ. გრიგოლ ნისელის აზრი მდგმოარეობს იმაში, რომ სული თავისი ბუებით ისწრაფვის სიკეთისკენ და ღვთაებრივ ნათელთან ზიარებისკენ. ადამიანი ღვთის მადლსა და სიმდიდრეს იღებს თავისი დამტევნელობის შესაბამისად. და ეს მიმღეობა პირდაპირ არ არის დამოკიდებული ადამიანის ხორციელ ასაკზე, ან ჩადენილი კეთილი საქმეების რაოდენობის ქონა-არქონაზე. სწორედ, ასეთი პერსპექტივით უნდა განვიხილოთ ადამიანის მომავალი მდგომარეობა და არ უნდა ამოვდიოდეთ ზრდასრული ადამიანის სათნოებითი ცხოვრებისა და ჩვილის ცხოვრების შედარებიდან. ამ სახით შემდარებელი, თავად არ არის ზრდასრული, რამეთუ ასეთი მსჯელობით იგი წარმოაჩენს, რომ ვერ აზროვნებს თეოლოგიურად და ვერ გამოაქვს შესაბამისი დასკვნები.
მეოთხე
და მაინც, რატომ უშვებს უფალი ჩვილის ასეთ ასაკში გარდაცვალებას? გაკეთდა რა წინასწარი ანალიზი ხსენებულ საკითხზე და წარმოჩნდა ის, რომ ჩვენ მიერ მიწაზე განვლილი წლები, დიდ როლს არ თამაშობენ ღვთაებრივ ნათელთან ზიარების საქმეში, წმ. გრიგოლი თემის განვითარებისას ჩერდება ერთ საკითხზე, კერძოდ იმაზე, თუ რატომ უშვებს უფალი ჩვილების ამქვეყნიდან ასე სწრაფად გაყვანას.
პასუხობს რა ამ კითხვას, იგი დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ დანაშაული, რომელსაც ქალები სჩადიან უკანონოდ ჩასახული და გაჩენილი ჩვილების მკვლელობით, არ შეიძლება ღმერთზე იქნეს მიწერილი. ხოლო ის შემთხვევები, როდესაც ჩვილები, მიუხედავად მშობელთა ზრუნვისა და ლოცვისა, მაინც ტოვებენ ამ ქვეყანას გარკვეული სნეულების მიზეზით, ჩვენ ეს უნდა დავინახოთ ღვთის განგების პრიზმიდან. რამეთუ მოქმედი განგებულება მდგომარეობს არა უბრალოდ იმაში, რომ აწ უკვე შემთხვეული ვნება იკურნება, არამედ იმაში, რომ ადამიანი დაცული ხდება, იგემოს ის ვნებები, რომლებიც შესაძლებელი იყო მათ მომავალში განეცადათ. მომავლის მცოდნე ღმერთი, ბუნებრივია არ დაუშვებდა იმ ჩვილის ზრდასრულობას, რომელიც მომავალში ბოროტებაში განმტკიცებოდა. ანუ მსგავს შემთხვევებში ღმერთი ამ მიზეზით არ აძლევს ჩვილს ამქვეყანაზე სიცოცხლის ნებას, რამეთუ ხედავს მის ბოროტ მომავლს. და ამას უფალი აკეთებს რა თავისი კაცთმოყვარეობით, იგი ჩვილს არაფერს არ ართმევს იმ მომავალი სიკეთეებიდან, რაც ჩვენ უკვე ზემოთაც აღვნიშნეთ.
ეს მაგალითი ვრცელდება ადამიანურ ცხოვრებაზე. ტრაპეზი - ეს არის სწორედ ადამიანური ცოხვრება, რომელიც სავსეა ნაირ-ნაირი საჭმელებით, მაგრამ ყველაფერი თაფლივით ტკბილი როდია; მასში არის თავისებური სიმწარეც, როგორც მაგალითად მარილი ან ძმარი, ანუ სხვადასხვა სახის უსიამოვნებები, რომლებიც ადამიანის არსებობას ართულებენ. ერთი სახის საჭმელი იწვევს აღგზნებულობას, მეორე - გონების დაბნელებას, მესამე - ზიზღს. ზედამხედველი კი, რომელიც არის ღმერთი, ტრაპეზიდან გაჰყავს ის, ვინც თავს ღირსეულად წარმოაჩენდა, რათა შემდგომში არ გაუთანაბრდეს მათ, რომლებიც ჭარბი გემოთმოყვარეობის გამო მიეცნენ უზომო ნაყროვანებას. ღვთაებრივი განგებულება ასე კურნავს სნეულებებს მათ წარმოქმნამდე. რამდენადაც უფალმა თავის წინასწარმცოდნეობის ძალით უწყის, რომ ახალშობილი, როდესაც გაიზრდება, ჩაეფლობა ბოროტებაში, იგი მას განაშორებს ამცხოვრებისეულ ტრაპეზს, რათა არ მიეცეს დამღუპველ გემოთმოყვარებას. და ჩვენ ამაში ღვთის ზრუნვასა და კაცთმოყვარებას ვჭვრეტთ.
იმისთვის, რომ ღვთის ეს კეთილგანგებულებითი აქტი უფრო გასაგები გახდეს, წმ. გრიგოლ ნისელი იყენებს შესანიშნავ და გასაგებ მაგალითს. დავუშვათ, რომ დგას მდიდრულად გაწყობილი მაგიდა ნაირნაირი გემრიელი საჭმელებით. დავუშვათ, ასევე, რომ იქ დგას ადამიანი, რომელმაც, ერთი მხრივ, იცის თითოეული დელიკატესის თვისება და შემადგენლობა, ანუ ის, თუ რომელია მავნე და რომელია სასარგებლო და, მეორე მხრივ - ყველა თანამეინახის ჯანმრთელობა. კვლავაც, დავუშვათ, რომ ეს ადამიანი, რომლემაც ყოველივე უწყის სუფრაზე დაგებულ საჭმლებზე, აქვს აბსოლუტური უფლება იმის განკარგვისა, თუ ვის მისცეს ამა თუ იმ საჭმლის ჭამის უფლება და ვის - არა, რათა ყოველმა თანამეინახემ იხმიოს მხოლოდ ის, რაც უფრო სასარგებლოა მისი ორგანიზმისთვის. თვალსაჩინოა, რომ ამ შემთხვევაში არც სნეული არ იქნება განაწყენებული და არც ჯანმრთელი მივა იმ მდგომარეობამდე, რომ საკვები შეზიზღდეს მისი გადამეტებული მიღებთ, რადგან თუ ზედამხედველი შეხედავს, რომ ვინმე ზედმეტად დანაყრდა ან დაითვრა, იგი ბრძანებს მათი ამ ადგილიდან გაგდებას. ხდება ხოლმე, რომ ადამიანი, რომელსაც განუტევებენ, აღდგება მისი ზედამხედველის წინააღმდეგ და მას განიკითხავს იმის გამო, რომ იგი თითქოს შურის მიზეზით იქნა ჩამოცილებული ამ სიკეთეებს. მაგრამ თუ ის ყურადღებით დააკვირდება დარჩენილ თანამეინახეებს და ნახავს იმას, თუ როგორ იტანჯებიან ისინი სიმთვრალითა და გაძღომით გამოწვეული თავის ტკივილითა და გულის რევით, მაშინ რაღა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ზედამხედველის მადლიერი იქნება იმისთვის, რომ მან იგი იმ სიმწარეს გადაარჩინა, რაც თან ახლდა თავშეუკავბლობას.
მეხუთე
მეხუთე მეოთხეს გაგრძელებაა. ეს საკითხი არის იმის შესახებ, თუ ღმერთი რატომ გამოარჩევს ერთმანეთისგან ადამიანთ, ანუ რატომ ხდება, რომ მას ერთი ადამიანი გაჰყავს დროზეადრე, მეორეს კი უფლებას რთავს იცხოვროს და ბოროტებაში ჩაეფლოს იმ დონემდე, რომ გვეთქვა - უკეთესი იქნებოდა არ დაიბადებულიყო. ჭეშმარიტად, რატომ ხდება, რომ ჩვილი განგებულებითად გადის ამ სოფლიდან მაშინ, როდესაც მისი მამა სიცოცხლის ბოლომდე ამასოფლიურ ტრაპეზზე რჩება, მის თანამეინახესთან ერთად, რათა ბოლომდე ჩაეფლოს ნაყროვანებისა და თრობის მორევში?
სანამ პასუხს გასცემდეს, წმ. გრიგოლ ნისელი შენიშნავს, რომ სიტყვა, რომლის წარმოთქმასაც ის აპირებს, უფრო მეტად მიემართება ღვთისადმი მადლიერებს და კეთილი სულისკვეთების მქონეთ. გარდა ამისა, იგი გვახსენებს იმასაც, რომ განხილული საკითხები საიდუმლოებაა, კაცობრივი ლოგიკისთვის მიუღწეველია, რამეთუ ღვთის „ლოგიკა“ განსხვავდება ადამიანურისგან.
წმინდა გრიგორი მტკიცედ დგას იმ აზრზე, რომ ღმერთი შემთხვევითა და უმიზეზოდ არაფერს არ უშვებს და არ აკეთებს. ღმერთი არის ლოგოსი (სიტყვა), სიბრძნე, სათნოება, ჭეშმარიტება და იგი არასოდეს არ იმოქმედებს იმას, რაც დაკავშირებული არაა სათნოებასა და ჭეშმარიტებასთან და, შესაბამისად, იგი უშვბს მხოლოდ იმას, რაც ამ უკანასკნელთანაა კავშირში. ამგვარად, იგი ზოგჯერ უშვებს, რომ ჩვილნი დროზეადრე გავიდნენ ამასოფლიდან, ხოლო ზოგჯერ კი, თუ უფალს სხვა მიზანი აქვს, მაშინ, შესაბამისად, სხვა რა იქნება დაშვებული.
და საკუთრივ, არსებობა ბოროტი ადამიანებისა ამ ცხოვრებაში დაშვებულია ღვთისაგან, რათა ამისაგანაც გარკვეული სარგებელი იყოს. წმ. გიროგოლს მოჰყავს რა ისრაელის მაგალითი, ამბობს, რომ ღმერთმა დაუშვა ეგვიპტელი ტირანის არსებობა, რათა დაესაჯა ისრაელიანები. შემდეგ კი, ისრაელი განაშორა ეგვიპტეს, რათა არ მიმსგავსებოდნენ ისინი ეგვიპტელებს და არ გადმოეღოთ მათი ჩვეულებები. რამეთუ ჩაქუჩის შეუჩერებელ რტყმასაც შეუძლია, რომ, თვით ყველაზე უდნობი მეტალიც, საბოლოოდ, რაიმე სასარგებლო იარაღად აქციოს.
შემდეგ წმ. გრიგოლი განიხილავს ერთ არამართებულ დასკვნას. ზოგიერთები - ამბობს იგი - ჭვრეტენ გარკვეულ უსამართლობას იმაში, რომ ამ ცხოვრებაში ყველა ბოროტი როდი იგემებს თავიანთი მზაკვარი საქმეების მწარე ნაყოფებს და რომ არც ყველა სათნოებით მოსილი ადამიანი სარგებელობს თავიანთი აღსრულებიული სიკეთეებით. ამაზე წმ. გრიგლი პასუხობს, რომ სათნოებამოსილი ადამიანები ინეტარებენ და სრულად გაიხარებენ საუკუნო სიცოცხლეში, განსაკუთრებით იმით, რომ იხილავენ როგორი ტანჯვა ახლავს ვნებებით მცხოვრებთა ხვედრს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათთვის სიხარული იქნება ვინმეს ტანჯვა, არამედ იმას, რომ, განიცდიან რა სათნოებაში მყოფობის ნეტარებას და ამას შეადარებენ ცოდვისა და ვნებების ნაყოფად მოწეულ ტანჯვას, ცხონებისთვის უფლის მადლიერნი იქნებიან.
ამგვარად, თუ ჩვილნი დროზეადრე (უასაკოდ) წარიტაცებიან, ეს ხდება ღვთის განგებულებით, რათა ისინი უარეს ბოროტებაში არ ჩაცვივდნენ. და თუ ამ სოფელში დარჩენილთაგან ზოგიერთი ხდება ბოროტი, ამისი ახსნა საჭიროა შემდეგი სხვა მიზეზებით, რომლებიც დაფარულია ღვთის სიბრძნითა და განგებულებით. რა თქმა უნდა, ამისაგანაც იქნება გარკვეული სარგებელი, რამეთუ ღმერთი არასოდეს არაფერს იქმს უმიზეზოდ და უმიზნოდ.
საერთო ჯამში, უასაკოდ მოწყვეტილ ჩვილთა საიქიო ხვედრზე უნდა დავასკვნათ შემდეგი: ერთი მხრივ, ისინი არ იმყოფებიან ტანჯულ მდგომარეობაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი არც იმათ უტოლდებიან, რომლებმაც იღვაწეს, რათა თავი განეწმინდათ სხვადასხვა საათნოებათა მოხვეჭით. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთთან მიახლება და მის ხელთუქმნელ ნათელთან ზიარება არის ადამიანის სულის ბუნებრივი მდგომარეობა. ჩვილები კი ამ სიკეთეს არ მოაკლდებიან, რამეთუ ღვთაებრივი მადლის ძალით ისინი შემძლენი იქბებიან გ ა ნ ღ მ რ თ ო ბ ი ს ა.
თარგმანი : მიქაელ მთაწმინდელი